4მეფეთა თავი 11

1 . დაინახა ღოთოლიამ, ახაზიას დედამ, რომ მოკვდა მისი ძე, ადგა და გაანადგურა მთელი სამეფო მოდგმა.

2 . მაგრამ იეჰოშებაყმა, მეფე იორამის ასულმა, ახაზიას დამ, მეფის ძეებიდან გამოარჩია იოაში, ახაზიას ძე და ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში დაუმალა ღოთოლიას და ვერ მოკლეს.

3 . ექვს წელიწადს იმალებოდა მასთან ერთად უფლის სახლში, ღოთოლია კი მეფობდა ქვეყანაზე.

4 . მეშვიდე წელს გაგზავნა იეჰოიადაყმა და უფლის სახლში მოაყვანინა ქერეთელი ასისთავები და მცველები, აღთქმა დადო მათთან, დააფიცა უფლის სახლში, და აჩვენა მეფის ვაჟი.

5 . უბრძანა: "აი, როგორ უნდა გააკეთოთ ეს საქმე: თქვენგან, შაბათს მომსვლელთა მესამედმა, მეფის სახლში უნდა იგუშაგოთ.

6 . მესამედი ტაძრის კარიბჭესთან წავიდეს, მესამედი კარიბჭესთან, მალემსრბოლთა უკან რომ არის. მორიგეობით იყარაულეთ სასახლეში.

7 . შაბათს გამსვლელთაგან, ორი მესამედი, უფლის სახლში იდარაჯებთ მეფისთვის.

8 . გარს შემოერტყით მეფეს თითოეული იარაღით ხელში; ვინც მწყობრში შემოვა, მოკალით. მეფესთან იყავით, მისი გამოსვლისას და შესვლისას”.

9 . ყველაფერი ისე გააკეთეს ასისთავებმა, როგორც იეჰოიადაყ მღვდელმა უბრძანა; წაიყვანა ყველამ თავ-თავისი კაცები, შაბათს მომსვლელი და შაბათს გამსვლელი და იეჰოიადაყ მღვდელთან მივიდნენ.

10 . დაურიგა მღვდელმა ასისთავებს მეფე დავითის შუბები და ფარები უფლის სახლში რომ ჰქონდა.

11 . დადგნენ მცველები, თითოეული თავისი იარაღით ხელში, სახლის მარჯვენა ფრთიდან სახლის მარცხენა ფრთამდე, სამსხვერპლოსთან და სახლთან, მეფის ირგვლივ.

12 . გამოიყვანა იეჰოიადაყმა მეფის ვაჟი, დაადგა მას სამეფო გვირგვინი და მისცა მოწმობა. გაამეფეს და სცხეს ზეთი. ტაშს უკრავდნენ და ამბობდნენ: "იცოცხლოს მეფემ!”

13 . გაიგონა ღოთოლიამ ხალხის ხმაური და მივიდა ხალხთან უფლის ტაძარში.

14 . გაიხედა და, აჰა, წესისამებრ კვარცხლბეკზე დგას მეფე, მთავრები და მებუკენი მეფის გვერდით; ხალხი მხიარულობს და საყვირებს აყვირებს. შემოიხია სამოსელი ღოთოლიამ და შესძახა: "ღალატია! ღალატი!”

15 . უბრძანა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს, ჯარის მეთაურებს და უთხრა: "მწყობრს გარეთ გაიყვანეთ ღოთოლია და ვინც უკან გაჰყვება, მახვილით მოკალით”. იფიქრა: "უფლის სახლში არ მოკლანო”.

16 . ხელი ჩაავლეს, მეფის სახლამდე ცხენთა შესასვლელი გზით წაიყვანეს და იქ მოკლეს.

17 . აღთქმა დადო იეჰოიადაყმა უფალს, მეფესა და ხალხს შორის, რათა საუფლო ხალხი ყოფილიყო; ასევე - მეფესა და ხალხს შორის.

18 . შევიდა მთელი ხალხი ბაყალის სახლში და დაანგრიეს სახლი, სამსხვერპლო და მისი გამოსახულებანი. სამსხვერპლოების წინ მოკლეს მათანი, ბაყალის ქურუმი. დააწესა იეჰოიადაყ მღვდელმა ზედამხედველობა უფლის სახლზე.

19 . წამოიყვანა ასისთავები, ქერეთელი მცველები, მთელი ქვეყნის ხალხი და გამოიყვანეს მეფე უფლის სახლიდან. მცველთა შესასვლელით სამეფო სახლში მივიდნენ და სამეფო ტახტზე დაჯდა იგი.

20 . მხიარულობდა მთელი ქვეყნის ხალხი და დამშვიდდა ქალაქი. ღოთოლია კი მახვილით მოკლეს მეფის სახლში.

21 . შვიდი წლის იყო იოაში, როდესაც გამეფდა.