2მეფეთა თავი 4

1 . როცა შეიტყო საულის ძემ, რომ მოკვდა აბნერი ხებრონში, მხნეობა წაერთვა და შეშფოთდა მთელი ისრაელიც.

2 . ორი კაცი ჰყავდა საულის ძეს ლაშქრის წინამძღოლებად. ერთს ბაყანა ერქვა, მეორეს - რეხაბი, ბეეროთელი რიმონის ძენი, ბენიამინის ძეთაგან, რადგან ბეეროთიც ბენიამინში ირიცხებოდა.

3 . გაიქცნენ ბეეროთელნი გითაიმს და იქ დამკვიდრდნენ საცხოვრებლად.

4 . კოჭლი ძე ჰყავდა იონათანს, საულის შვილს. ხუთი წლის იყო, როცა საულისა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეყელიდან; აიყვანა იგი მისმა ძიძამ და გაიქცა; სიჩქარეში დაუვარდა ბავშვი და დაკოჭლდა. მეფიბოშეთი ერქვა სახელად.

5 . წავიდნენ ბეეროთელი რიმონის ძენი, რეხაბი და ბაყანა, მივიდნენ შუადღის ხვატში იშბოშეთის სახლთან; ის კი შუადღის ძილით ისვენებდა.

6 . და აჰა, სახლში შევიდნენ, ვითომდა ხორბლის საყიდლად, ჩასცეს მახვილი მუცელში და გაიქცნენ რეხაბი და ბაყანა.

7 . როცა შევიდნენ სახლში, ტახტზე იწვა იგი, თავის საწოლ ოთახში; მახვილი უგმირეს, მოკლეს და თავი მოკვეთეს; შემდეგ აიღეს მისი თავი და ყარაბას გზით იარეს მთელი ღამე.

8 . და მიუტანეს იშბოშეთის თავი დავითს ხებრონში და უთხრეს: "აჰა, იშბოშეთის, საულის ძის, შენი მტრის თავი, რომელსაც შენი მოკვლა უნდოდა; შური უძია დღეს უფალმა ჩვენს ბატონ მეფეს საულზე და მის შთამომავლობაზე”.

9 . მიუგო დავითმა ბეეროთელი რიმონის ძეებს, რეხაბსა და მის ძმას ბაყანას: "ცოცხალია უფალი, რომელმაც მიხსნა ყოველი გასაჭირისგან!

10 . თუ ამბის მომტანი, რომელმაც საულის სიკვდილი შემატყობინა და მახარებელი ეგონა თავი, შევიპყარი ციკლაგში და მოვკალი, სამახარებლოს მიცემის ნაცვლად,

11 . რაღას ვუზამ ბოროტმოქმედებს, რომელთაც მართალი კაცი თავის სახლში, თავის სარეცელზე მოკლეს?! განა არ უნდა მოვიკითხო მისი სისხლი თქვენი ხელიდან და არ უნდა აღმოგფხვრათ ამ ქვეყნიდან?”

12 . უბრძანა დავითმა მსახურებს და მოკლეს ძმები; ხელფეხი მოჰკვეთეს და ხებრონის წყალსატევზე გამოკიდეს. იშბოშეთის თავი კი აიღეს და ხებრონს დაკრძალეს, აბნერის აკლდამაში.