იესო ნავეს ძე თავი 21

1 . მივიდნენ ლევის ტომის მამისსახლთა მთავარნი ელეაზარ მღვდელთან, იეშუა ნავეს ძესთან და ისრაელიანთა ტომების მთავრებთან,

2 . და ასე უთხრეს მათ ქანაანის შილოში: "ბრძანა უფალმა მოსეს მეშვეობით, რომ მოგვცემოდა საცხოვრებლად ქალაქები და მათი საძოვრები - ჩვენი საქონლისთვის”.

3 . და მისცეს ისრაელის ძეებმა უფლის ბრძანებისამებრ ლევიანებს საკუთარი სამკვიდრებლიდან ეს ქალაქები თავისი საძოვრებით.

4 . და ერგოთ წილი კეჰათის საგვარეულოებს; სულ ცამეტი ქალაქი შეხვდათ აჰარონის, ლევიანი მღვდლის ძეებს - იუდას, სიმონისა და ბენიამინის ტომიდან წილისყრით.

5 . კეჰათის დანარჩენ ძეებს კი ათი ქალაქი ერგოთ წილისყრით - ეფრემის, დანისა და მენაშეს ნახევარი ტომის საგვარეულოებიდან.

6 . გერშონის ძეებს ბაშანში: ისაქარისა და აშერის, ნაფთალისა და მენაშეს ნახევარი ტომის საგვარეულოებიდან წილისყრით - ცამეტი ქალაქი.

7 . მერარის ძეებს - თორმეტი ქალაქი, რეუბენის, გადისა და ზებულონის ტომიდან მათი საგვარეულოებისამებრ.

8 . ეს ქალაქები მისცეს თავის საძოვრებიანად ისრაელის ძეებმა ლევიანებს წილისყრით, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსეს მეშვეობით.

9 . და მისცეს იუდასა და სიმონის ძეთა ტომებმა ეს ქალაქები, რომლებიც სახელდებით არიან აქ ჩამოთვლილი:

10 . აჰარონის ძეებს, კეჰათიანთა საგვარეულოში, ლევიანთაგან - რამდენადაც პირველად იყარეს წილი,

11 . მისცეს კირიათ-არბაყი იგივე ხებრონი, ყენაკის მამისეული არბა ყენაკის წინაპარი იყო, თავისი საძოვრებით მის გარშემო, იუდას მთაზე.

12 . ხოლო ამ ქალაქის მინდვრები და სოფლები ხალებ იეფუნეს ძეს მისცეს.

13 . მისცეს აჰარონის ძეებს ხებრონი - მკვლელებისთვის თავშესაფარი ქალაქი თავისი საძოვრებით და ლიბნა თავისი საძოვრებით;

14 . იათირი თავისი საძოვრებით, ეშთემოაყი თავისი საძოვრებით;

15 . ხოლონი თავისი საძოვრებით, დებირი თავისი საძოვრებით;

16 . ყაინი თავისი საძოვრებით, იუტა თავისი საძოვრებით და ბეთ-შემეში თავისი საძოვრებით - ცხრა ქალაქი ამ ორი ტომიდან.

17 . ბენიამინის ტომიდან: გაბაონი და გება თავ-თავისი საძოვრებით;

18 . ყანათოთი და ალმონი თავ-თავისი საძოვრებით - სულ ოთხი ქალაქი.

19 . აჰარონის ძეების, მღვდლების ყველა ქალაქი ცამეტი იყო, თავ-თავისი საძოვრებით.

20 . დანარჩენებს კეჰათიანთა საგვარეულოებიდან, ლევიანებს კეჰათის ძეთაგან, წილისყრით ეფრემის ტომიდან ერგოთ ქალაქები.

21 . მისცეს მათ შექემი ეფრემის მთაზე - მკვლელებისთვის თავშესაფარი ქალაქი თავისი საძოვრებით, და გეზერი თავისი საძოვრებით;

22 . კიბცაიმი და ბეთხორონი თავ-თავისი საძოვრებით, სულ ოთხი ქალაქი.

23 . დანის ტომიდან - ელთეკე და გიბეთონი თავ-თავისი საძოვრებით;

24 . აიალონი და გათ-რიმონი თავ-თავისი საძოვრებით, სულ ოთხი ქალაქი.

25 . მენაშეს ნახევარტომიდან - თაყანაქი და გათ-რიმონი, თავ-თავისი საძოვრებით - ორი ქალაქი.

26 . სულ ათი ქალაქი ერგოთ თავ-თავისი საძოვრებით კეჰათის ძეთა დანარჩენ საგვარეულოებს.

27 . მენაშეს ნახევარ ტომიდან ქალაქი გოლანი ერგოთ გერშონის ძეებს, ლევიანთა საგვარეულოებში - მკვლელებისთვის თავშესაფარი ბაშანში, თავისი საძოვრებით და ბეყეშთერა თავისი საძოვრებით, სულ ორი ქალაქი.

28 . ისაქარის ტომიდან - კიშიონი და ბერათი თავ-თავისი საძოვრებით;

29 . იარმუთი და ყენ-განიმი თავ-თავისი საძოვრებით - ოთხი ქალაქი.

30 . აშერის ტომიდან - მიშალი და ყაბდონი თავ-თავისი საძოვრებით;

31 . ხელკათი და რეჰობი თავ-თავისი საძოვრებით, სულ ოთხი ქალაქი.

32 . ნაფთალის ტომიდან კედეში - მკვლელისთვის თავშესაფარი ქალაქი გალილეაში, თავისი საძოვრებით, ხამოთ-დორი და კართანი თავ-თავისი საძოვრებით, სულ სამი ქალაქი.

33 . სულ ცამეტი ქალაქი იყო თავ-თავისი საძოვრებით, გერშონელებ-ისთვის, მათი საგვარეულოების მიხედვით.

34 . მერარის ძეთა დანარჩენი საგვარეულოებისთვის ლევიანთაგან, ზებულონის ტომიდან - იოკნეყამი და კართა თავ-თავისი საძოვრებით;

35 . დიმნა და ნაჰალალი თავ-თავისი საძოვრებით, სულ ოთხი ქალაქი.

36 . რეუბენის ტომიდან: ბეცერი და იაჰცა თავ-თავისი საძოვრებით;

37 . კედემოთი და მეფაყათი თავ-თავისი საძოვრებით, სულ ოთხი ქალაქი.

38 . გადის ტომიდან რამოთი - მკვლელისთვის თავშესაფარი ქალაქი გილყადში, თავისი საძოვრებით და მახანაიმი თავისი საძოვრებით;

39 . ხეშბონი და იაყზერი თავ-თავისი საძოვრებით, სულ ოთხი ქალაქი.

40 . ლევიანთა დანარჩენი გვარებიდან, მერარის ძეთა საგვარეულოებისთვის სულ თორმეტი ქალაქი იყო მიკუთვნებული წილისყრით.

41 . სულ ორმოცდარვა ქალაქი ერგოთ თავ-თავისი საძოვრებით ლევიანებს, ისრაელის ძეთა სამფლობელოებში.

42 . ყველა ამ ქალაქს საძოვრები ჰქონდა გარშემო: ასე იყო ყველა ამ ქალაქის ირგვლივ.

43 . ასე მისცა უფალმა ისრაელს მთელი მიწა, რომლის მიცემაც შეჰფიცა მათ მამებს, დაიმკვიდრეს იგი და დასახლდნენ მასზე.

44 . ყოველი მხრიდან მოასვენა ისინი უფალმა, როგორც შეჰფიცა მათ მამებს; მტერთაგან ვერავინ აღუდგა წინ: ხელში ჩაუგდო ყველა მათი მტერი უფალმა.

45 . ერთი სიტყვაც კი არ გამტყუვნებულა იმ კეთილი დანაპირებიდან, რომელიც უფალს ჰქონდა ნათქვამი ისრაელის სახლეულისთვის - ყოველივე ახდა.