ლევიანნი თავი 5

1 . "თუ შესცოდა ვინმემ იმით, რომ გაიგონა ფიცის ხმა ან მოწმე იყო, ან იხილა, ან იცოდა და არ განაცხადა, იტვირთებს ცოდვას.

2 . ან ვინმე, რომ შეეხოს რაიმე უწმინდურ საგანს, არაწმიდა ცხოველის მძორს ან არაწმიდა საქონლის მძორს, ან არაწმიდა ქვეწარმავლის მძორს, რომც არ იცოდეს ეს, იგი მაინც არაწმიდა და დამნაშავეა.

3 . ან რომ შეეხოს ადამიანის უსუფთაობას, რა უსუფთაობანიც არ უნდა იყოს, რითაც უწმიდურდება კაცი და ეს არ იცოდეს მან, როდესაც გაიგებს ამას - დამნაშავეა.

4 . ან ვინმემ რომ მოუფიქრებლად დაიფიცოს საბოროტოდ ან სასიკეთოდ, ყველაფერს, რასაც მოუფიქრებლად გამოთქვამს ადამიანი ფიცით და ეს დაფარული იყო მისგან და მერე გაიგებს, დამნაშავეა იგი ერთ-ერთ მათგანში.

5 . და თუ დამნაშავეა ერთ-ერთ მათგანში, უნდა აღიაროს, რა შესცოდა.

6 . და მიუყვანოს უფალს დანაშაულის მსხვერპლი ჩადენილი ცოდვის გამო, დედალი ცხვარი ან თიკანი ცოდვის მსხვერპლად და შესწირავს მღვდელი ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად.

7 . და თუ ხელი არ მიუწვდება ცხვარზე, მიიტანოს უფლისთვის მსხვერპლად, თავისი ცოდვის გამოსასყიდად, ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი; ერთი ცოდვის მსხვერპლად, მეორე - სრულადდასაწველად.

8 . მიიტანოს ისინი მღვდელთან; და ჯერ ცოდვისთვის შესაწირი შესწიროს მღვდელმა; კისერი გადაუგრიხოს, მაგრამ თავი არ მოაცალოს;

9 . მიასხუროს სამსხვერპლოს კედელს ცოდვისთვის შესაწირის სისხლი, დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს საძირკველზე დაწრიტოს: ეს ცოდვისთვის შესაწირია.

10 . მეორე კი წესისამებრ უნდა გაამზადოს სრულადდასაწველად და გამოისყიდის მღვდელი მის ცოდვას, რომლითაც შესცოდა და ეპატიება.

11 . და თუ ხელი არ მიუწვდება ორ გვრიტზე ან მტრედის ორ ხუნდზე, მიიტანოს შესაწირად, რადგან შესცოდა, გამტკიცული პურის ფქვილის ეფის მეათედი ნაწილი; არ დაასხას მასზე ზეთი და ნუ დაადებს გუნდრუკს, რადგან ეს ცოდვისგან განსაწმედი შესაწირია.

12 . მიიტანოს იგი მღვდელთან; აიღოს მისგან მღვდელმა სავსე პეშვი, როგორც მოსაგონარი ნაწილი და დააკმიოს სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო შესაწირად: ეს ცოდვისთვის შესაწირია.

13 . და გამოისყიდის მღვდელი ცოდვიდან, რითაც შესცოდა და ეპატიება; რაც დარჩება მღვდელს ეკუთვნის, როგორც ძღვენი”.

14 . ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

15 . "თუ ვინმე დააშავებს და უნებლიეთ შესცოდავს უფლისთვის მიძღვნილის წინააღმდეგ, შესწიროს უფალს ფარიდან გამოყვანილი საღი ვერძი დანაშაულის გამოსასყიდად. შენი შეფასებით, ვერცხლის შეკელებით, საწმიდრის შეკელით, დანაშაულისთვის შესაწირად.

16 . და რომელი სიწმიდის მიმართაც შესცოდა, გადაიხადოს და მეხუთედიც დაუმატოს და მისცეს მღვდელს; და გამოისყიდის მღვდელი მის დანაშაულს ვერძით - გამოსასყიდი შესაწირით, და მიეტევება.

17 . და თუ ვინმე შესცოდავს და ჩაიდენს რამეს უფლის რომელიმე მცნების წინააღმდეგ, რაც არ უნდა ჩადენილიყო და არ იცოდა, დამნაშავეა იგი და თავის ცოდვას ატარებს.

18 . მიიტანოს მღვდელთან უნაკლო ვერძი წვრილფეხა საქონლიდან, შენი შეფასებით, დანაშაულის შესაწირად; და გამოისყიდის მღვდელი მის შეცდომას, რითაც შეცდა და არ იცოდა და ეპატიება.

19 . დანაშაულის შესაწირია ეს უფლის წინაშე, რა დანაშაულიც ჩაიდინა”.