1 . ესაიას, ამოცის ძის ხილვა, რომელიც იხილა იუდასა და იერუსალიმის შესახებ, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის, ხიზკიაჰუს მეფობის დღეებში:
2 . ისმინეთ ცანო და ყური უგდე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი გავზარდე და აღვამაღლე, ისინი კი ამიჯანყდნენ.
3 . ხარი ცნობს თავის მფლობელს, ვირი - თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს; ჩემს ხალხს არა აქვს გაგება.
4 . ჰოი, ცოდვილო ერო, დანაშაულით დამძიმებულო ხალხო, ბოროტმოქმედთა თესლო, გახრწნილების ძენო; მათ მიატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, ზურგი აქციეს.
5 . როდემდე უნდა იცემებოდეთ და უმატებდეთ განდგომას? ყოველი თავი სნეულია და ყოველი გული უძლური.
6 . აღარ შეგრჩათ ჯანსაღი ადგილი ტერფიდან თხემამდე, ყველგან ჭრილობა და წყლული გაქვთ, ჩირქოვანი იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, ზეთით დაუამებელი.
7 . გაუდაბურდა თქვენი ქვეყანა, გადაიწვა თქვენი ქალაქები, უცხონი ჭამენ თქვენი მინდვრების ნაყოფს თქვენს თვალწინ, ყოველივე გაცამტვერდა, თითქოს მომხდურთ დაერბიოთ.
8 . და დარჩა სიონის ასული, როგორც სადგომი ვენახში და ქოხი ბოსტანში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.
9 . ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა გადარჩენილნი ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით.
10 . ისმინეთ უფლის სიტყვა, სოდომის მთავარნო, ყური დაუგდეთ ჩვენი ღმერთის სჯულს, გომორას ხალხო:
11 . "რად მიმრავლებთ შესაწირს? ამბობს უფალი. გამძღარი ვარ სრულადდასაწველი ვერძებითა და მსუქანი საქონლის ცხიმით; არ მახარებს მოზვერთა, ცხვართა და ვაცთა სისხლი.
12 . ჩემს წინაშე წარსადგომად რომ მოდიხართ, ვინ მოგთხოვათ ჩემი ეზოების გათელვა?
13 . აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან - ურჯულოებას და დღესასწაულს!
14 . თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა.
15 . ხელებს რომ იწვდით, მე თვალს გარიდებთ, რამდენიც უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ - ხელები სისხლით გაქვთ სავსე.
16 . განიბანეთ, განიწმიდეთ, მოიშორეთ ავი საქმენი ჩემს წინაშე, ბოროტებას ნუ სჩადიხართ.
17 . სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.
18 . მერე მოდით და ვიდავოთ, ამბობს უფალი, მეწამულივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გათეთრდება.
19 . თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ,
20 . მაგრამ თუ იუარებთ და ამიჯანყდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის პირმა თქვა ასე.
21 . როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სამართლის ნაყოფი, სიმართლის სავანე, ახლა კი მკვლელები არიან იქ!
22 . შენი ვერცხლი გაუფასურდა, შენი ღვინო გაწყალდა.
23 . შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.
24 . ამიტომ აცხადებს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ძლევამოსილი: "ჰოი, მოვისვენებ ჩემს შემავიწროებელთაგან და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.
25 . შენს წინააღმდეგ მოვაქცევ ხელს და სახმილით განვწმედ შენს ნატამალს, მოვაცილებ მთელ მინარევს.
26 . აღვადგენ შენს მსაჯულთ, როგორც უწინ, და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში! ამის შემდეგ დაგერქმევა სიმართლის სადარაჯო, სარწმუნო ქალაქი.
27 . სამართლით გამოისყიდება სიონი და სიმართლით - მისკენ მოქცეულნი.
28 . ერთად შეიმუსრებიან ბოროტმოქმედნი და ცოდვილნი; დაიღუპებიან უფლის მიმტოვებელნი.
29 . უსათუოდ შეგრცხვებათ მუხების გამო, რომელთაც ნატრობდით და ბაღნარების გამო, რომლებსაც ირჩევდით.
30 . ვინაიდან ფოთოლშემჭკნარი მუხასავით და უწყლო ბაღნარივით იქნებით.
31 . ძლიერი ძენძად იქცევა და საქმენი მისი - ნაპერწკლად; ერთად დაიწვება ორივე და არავინ იქნება ჩამქრობი”.
1 . სიტყვა, რომელიც იხილა ესაია ამოცის ძემ იუდასა და იერუსალიმზე.
2 . უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთა უფლის სახლისა, მთათა სათავეში განმტკიცდება, ბორცვებზე ამაღლდება და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დინებას.
3 . მრავალი ხალხი მოვა და იტყვის "მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა”.
4 . ერებს შორის სამართალს განსჯის და ამხელს მრავალ ხალხს; თავისი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედენ ისინი და შუბებისგან - ნამგლებს; ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარავინ ისწავლის.
5 . იაკობის სახლო! მოდით, ვიაროთ უფლის სინათლეში!
6 . მიტოვებული გყავს შენი ხალხი, სახლი იაკობისა, რადგან მისნობენ აღმოსავლეთის მსგავსად და მკითხაობენ ფილისტიმელთა მსგავსად; და მიეწებნენ უცხოტომელთა შვილებს.
7 . ოქრო-ვერცხლით გაივსო მათი ქვეყანა და ბოლო არ უჩანს მათ საგანძურებს; ცხენებით გაივსო მათი ქვეყანა და ბოლო არ უჩანს მათ ეტლებს.
8 . კერპებით გაივსო მათი ქვეყანა და საკუთარ ნახელავს სცემენ თაყვანს - იმას, რაც მათმა თითებმა გამოძერწა;
9 . მოიდრიკა ადამიანი და დამდაბლდა კაცი; არ შეუნდობ მათ.
10 . შედით კლდეში და მტვერში ჩაიმალეთ უფლის შიშისა და მისი სიდიადის ბრწყინვალების გამო.
11 . კაცის ქედმაღლური მზერა დამცირდება და ადამიანთა ამპარტავნება დამდაბლდება; მხოლოდ უფალი ამაღლდება იმ დღეს.
12 . რადგან ცაბაოთ უფლის დღე დაუდგება ყოველ ქედმაღალს, ამპარტავანსა და მედიდურს; დამცირდებიან ისინი;
13 . ის გამოვა ლიბანის ყველა მაღალი და ამაღლებული კედარისა და ბაშანის ყველა მუხის წინააღმდეგ;
14 . ყველა მაღალი მთისა და ყველა ამაღლებული ბორცვის წინააღმდეგ;
15 . ყველა მაღალი კოშკისა და ყველა გამაგრებული გალავნის წინააღმდეგ;
16 . თარშიშის ყველა ხომალდისა და მათი ყველა სასურველი მოკაზმულობის წინააღმდეგ.
17 . დამდაბლდება ადამიანის ქედმაღლობა და დამცირდება კაცთა ამპარტავნება; მხოლოდ უფალი ამაღლდება იმ დღეს,
18 . და მთლიანად გაქრებიან კერპები.
19 . კლდის გამოქვაბულებში შევლენ და მიწის ხვრელებში დაემალებიან უფლის შიშსა და მისი სიდიადის ბრწყინვალებას, როცა აღდგება იგი ქვეყნის შესარყევად.
20 . იმ დღეს ადამიანები თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრიან თავის ვერცხლისა და ოქროს კერპებს, თაყვანსაცემად რომ გაიკეთეს.
21 . მთის გამოქვაბულებსა და კლდის ბზარებში დაემალებიან უფლის შიშსა და მისი სიდიადის ბრწყინვალებას, როცა აღდგება იგი ქვეყნის შესარყევად.
22 . განშორდით ადამიანს, რომელსაც სუნთქვა აქვს ნესტოებში, ვინაიდან ძალიან მცირეა იგი, მასზე რომ იფიქრო!
1 . მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი და მისი სამოსლის კალთები ავსებდა ტაძარს.
2 . სერაფიმნი იდგნენ მის ზემოთ: თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა, ორით სახეს იფარავდნენ, ორით - ფეხებს და ორით დაფრინავდნენ.
3 . გასძახოდნენ ერთიმეორეს და ამბობდნენ: "წმიდაა, წმიდაა, წმიდაა ცაბაოთ უფალი! სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა!”
4 . და შეირყა წირთხლთა საძირკვლები ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი.
5 . ვთქვი: "ვაი! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეფე, ცაბაოთ უფალი იხილეს”.
6 . და მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი, რომელსაც ხელში სამსხვერპლოდან აღებული მოგიზგიზე მუგუზალი ეჭირა მაშით.
7 . ბაგეზე შემახო და თქვა: "აჰა, შეეხო მუგუზალი შენს ბაგეს და მოგცილდა ურჯულოება, მიგეტევა შენი ცოდვა”.
8 . და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: "ვინ წარვგზავნო და ვინ გაგვეგზავნება?” ვთქვი: "აქ ვარ, მე წარმგზავნე!”
9 . თქვა: "წადი და უთხარი ხალხს, სმენით მოისმენთ, ოღონდ ვერ გაიგებთ; ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით!
10 . დაასუქე ამ ხალხის გულები, ყურები დაუმძიმე და თვალები დაუბნელე, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს და გულით ვერ გებულობდეს, რათა არ მოექცეს და არ განიკურნოს”.
11 . ვთქვი: "როდემდე, უფალო?” თქვა: "სანამ არ გაუკაცრიელდება ქალაქები მცხოვრებთა გარეშე, სახლები - ადამიანთა გარეშე; სანამ მიწა არ გავერანდება და გაუდაბურდება.
12 . შორს განაგდებს უფალი ადამიანებს და დიდად მომრავლდება უდაბური ადგილები შუაგულ ქვეყანაში.
13 . თუმცა კვლავ დარჩება მისი მეათედი და ისიც დასაწვავი შეიქნება. მაგრამ როგორც მოჭრილ ბელეკონსა და მუხას რჩება კუნძი, ასევე წმიდა თესლი იქნება მათი კუნძი”.
1 . განაჩენი ბაბილონისა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ:
2 . ციცაბო მთაზე აამაღლეთ ნიშანი, ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ, რომ შემოვიდნენ წარჩინებულთა ჭიშკრებით.
3 . მე ვუბრძანე ჩემთვის განკუთვნილთ, მოვუხმე კიდეც ჩემს მამაცთ, ჩემი სიდიადით მოზეიმეთ, ჩემი რისხვის აღსასრულებლად.
4 . ჩოჩქოლის ხმაა მთებში, თითქოს მრავალრიცხოვანი ხალხისგან, ერთად შეკრებილ სამეფოთა ერების ხმაური; ცაბაოთ უფალი საბრძოლო ლაშქარს ათვალიერებს.
5 . შორი ქვეყნიდან მოდიან ისინი, ცის კიდეებიდან, უფალი და ჭურჭელი მისი მრისხანებისა - მთელი ქვეყნის გასანადგურებლად.
6 . იტირეთ, რადგან ახლოსაა უფლის დღე; მოვა, როგორც განადგურება ყოვლისშემძლისგან.
7 . ამიტომაც მოდუნდება ყველა მკლავი და ყველა ადამიანის გული შედრკება.
8 . შეძრწუნდებიან, ტკივილები და ტანჯვა შეიპყრობთ მშობიარესავით, გაოგნებულნი მიუტრიალდებიან ერთიმეორეს, ცეცხლის ალივით აენთებათ სახეები.
9 . აჰა, მოდის უფლის დღე, სასტიკი მძვინვარებისა და მგზნებარე რისხვისა, რათა უდაბნოდ აქციოს ქვეყანა და ცოდვილნი წარხოცოს მისგან.
10 . რადგან ცის ვარსკვლავნი და თანავარსკვლავედნი აღარ გამოაბრწყინებენ თავიანთ სინათლეს, წყვდიადი იქნება მზის ამოსვლისას, მთვარე აღარ მოაფენს თავის სინათლეს.
11 . მოვინახულებ ქვეყნიერებას ბოროტების გამო და ბოროტეულთ - მათი უმართლობის გამო; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა სიამაყეს და მტარვალთა ქედმაღლობას დავამცირებ.
12 . კაცს ბაჯაღლოზე ძვირფასად ვაქცევ და ადამიანს - ოფირის ოქროზე.
13 . ამის გამო ცა ათრთოლდება და დედამიწა შეირყევა თავისი ადგილიდან ცაბაოთ უფლის წყრომის გამო, მისი მძვინვარე რისხვის დღეს.
14 . თითოეული დევნილი ქურციკივით იქნება და შემგროვებლის გარეშე დარჩენილი დაფანტული ცხვარივით; თავ-თავიანთ ხალხებს მიუბრუნდებიან და ყველა თავის ქვეყანაში გაიქცევა.
15 . ვისაც იპოვიან - განიგმირება, ვისაც დაიჭერენ - მახვილისგან დაეცემა.
16 . მათი შვილები მათივე თვალწინ აიკუწებიან, მათი სახლები გაიძარცვება, ცოლებს პატივს აჰყრიან.
17 . აჰა, აღვძრავ მათზე მიდიელთ, რომლებიც ვერცხლს არად აგდებენ და ოქრო არ ეამებათ.
18 . მათი მშვილდები ყმაწვილებს გააპობენ; მუცლის ნაყოფსაც არ შეიბრალებენ და ბავშვებს არ დაზოგავს მათი თვალი.
19 . და იქნება ბაბილონი, სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა სიამაყის შარავანდედი - ღვთის მიერ დამხობილი სოდომსა და გომორასავით.
20 . აღარასოდეს აშენდება იგი და აღარ იცხოვრებენ მასში თაობიდან თაობამდე; არც არაბი გაიშლის იქ კარავს და აღარც მწყემსები წამოაწვენენ იქ თავის ფარას.
21 . წამოწვებიან იქ უდაბნოს ნადირნი, მათი სახლები ჭოტებით გაივსება, სირაქლემები დასახლდებიან და ველური თხები იხტუნებენ იქ.
22 . აფთარნი იღმუვლებენ დაქცეულ სასახლეებში და ტურები დაიწყებენ კივილს საზეიმო დარბაზებში; მალე დადგება მისი ჟამი და მისი დღეები არ გაგრძელდება.
1 . უფლის სიტყვა, რომელიც იყო ოსია ბეერის ძის მიმართ, იუდას მეფეების: ყუზიას, იოთამის, ახაზის, იეხიზკიას დღეებში და ისრაელის მეფის, იერობოამ იოაშის ძის დღეებში.
2 . როცა იწყო უფალმა ოსიას პირით ლაპარაკი, უთხრა ოსიას: "წადი, მოიყვანე ცოლად გარყვნილი ქალი და იყოლიე გარყვნილების შვილები; რადგან საშინელი მრუშობით გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს”.
3 . წავიდა და მოიყვანა გომერი, დიბლაიმის ასული; დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი.
4 . უთხრა მას უფალმა: "იზრეყელი დაარქვი სახელად, რადგან ცოტაც და მოვკითხავ იზრეყელის სისხლს იეჰუს სახლს და ბოლოს მოვუღებ ისრაელის სახლის მეფობას.
5 . იმ დღეს გადავტეხ ისრაელის მშვილდს იზრეყელის ველზე”.
6 . კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა მას უფალმა: "ლორუხამა დაარქვი სახელად, რადგან აღარ შევიბრალებ ისრაელის სახლს და აღარასოდეს მივუტევებ.
7 . იუდას სახლს კი შევიბრალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღვთის ხელით; არც მშვილდით, არც მახვილით, არც ბრძოლით, არც ცხენებითა და არც მხედრებით არ ვიხსნი მათ.
8 . როცა მოწყვიტა ძუძუს ლორუხამა, კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი.
9 . თქვა უფალმა: "ლოყამი დაარქვი სახელად, რადგან აღარ ხართ ჩემი ხალხი და აღარც მე ვარ თქვენი ღმერთი!”
10 . მაგრამ ზღვის ქვიშასავით გახდება ისრაელის ძეთა რიცხვი, არც გაიზომება და არც აღირიცხება; იმის ნაცვლად, რომ უთხრან ლოყამი ხართო, ეტყვიან: "ცოცხალი ღმერთის ძენი ხართო”.
11 . ერთად შეიყრებიან იუდას ძენი და ისრაელის ძენი, ერთ მთავარს დაისვამენ თავიანთთვის და გამოვლენ ქვეყნიდან, რადგან დიდი იქნება იზრეყელის დღე.
1 . ამოსის, თეკოაყელი მწყემსის სიტყვები, რომლებიც ხილვაში გაუცხადდა ისრაელზე იუდას მეფის ყუზიას დღეებში და ისრაელის მეფის იერობყამ იოაშის ძის დღეებში, მიწისძვრამდე ორი წლით ადრე.
2 . თქვა: უფალი დაიგრგვინებს სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; მწყემსთა საძოვრები გახმება და ქარმელის მწვერვალი გამოშრება.
3 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ დამასკოს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან რკინის უროებით ნაყავდნენ გილყადს.
4 . ცეცხლს დავცემ ხაზაელის სახლს და ცეცხლი შეჭამს ბენ-ჰადადის ციხე-დარბაზებს.
5 . დავლეწ დამასკოს ურდულს, მოვკვეთ ავენის ხეობის მკვიდრთ და ყედენის სახლის კვერთხის მპყრობელს; გადაიხვეწება არამის ხალხი კირში! - ამბობს უფალი.
6 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ღაზას სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან მთელი ხალხი გადახვეწეს, რომ ედომისთვის გადაეცათ ისინი.
7 . ცეცხლს დავცემ ღაზას გალავანს და ცეცხლი შეჭამს მის ციხე-დარბაზებს.
8 . მოვკვეთ აშდოდის მკვიდრთ და აშკელონელ კვერთხისმპყრობელს; ყეკრონზეც შევმართავ ხელს და გაწყდება ფილისტიმელთა ნატამალი! - ამბობს უფალი.
9 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ცორს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს და ძმური აღთქმა დაივიწყეს.
10 . ცეცხლს დავცემ ცორის გალავანს და ცეცხლი შეჭამს მის ციხე-დარბაზებს.
11 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ედომს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო - რადგან მახვილით დევნა თავისი ძმა, ჩაიხშო სიბრალული, რისხვით ბრდღვინავს გამუდმებით და გულში ბრაზს ინახავს.
12 . ცეცხლს დავცემ თემანს და ცეცხლი შეჭამს ბოცრას ციხე-დარბაზებს.
13 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ყამონს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან ორსულ ქალებს ფატრავდნენ გილყადში, თავიანთი საზღვრები რომ გაეფართოებინათ.
14 . ცეცხლს დავცემ რაბას გალავანს და ცეცხლი შეჭამს მის ციხე-დარბაზებს: საომარი ყიჟინით - ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი - ქარიშხლიან დღეს;
15 . ტყვედ ჩავარდება მათი მეფე თავის მთავრებთან ერთად! - ამბობს უფალი.
1 . უფლის სიტყვა, რომელიც მორეშეთელ მიქას მიმართ იყო იუდას მეფეების - იოთამისა და ახაზის დღეებში, სამარიასა და იერუსალიმზე რომ იხილა.
2 . ისმინე, ყველა ერო! გაიგონოს დედამიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან.
3 . რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოვა და ფეხქვეშ გათელავს დედამიწის სიმაღლეებს.
4 . მთები დადნებიან მის ქვეშ და ველები გაიპობიან, როგორც ცვილი ცეცხლში, როგორც ციცაბოდან ვარდნილი წყალი.
5 . იაკობის დაუმორჩილებლობისა და ისრაელის სახლის ცოდვის გამოა ეს ყველაფერი. რა არის იაკობის დაუმორჩილებლობა? განა სამარია არ არის? რა არის იუდას მაღლობი? განა იერუსალიმი არ არის?
6 . ქვის გროვად ვაქცევ ველზე სამარიას, ვენახის გასაშენებელ ადგილად; ტრამალზე გადავყრი მის ქვებს და მის საძირკვლებს გავაშიშვლებ.
7 . მისი ყველა კერპი დაიმსხვრევა, მისი ყველა შესაწირი ცეცხლში დაიწვება; გავანადგურებ მის ყველა ქანდაკს, რადგან მეძავობის გასამრჯელოთი აგროვებდა და მეძავობის გასამრჯელოთივე დაუბრუნდება მათ.
8 . ამაზე ვიგლოვებ და მოვყვები მოთქმას, ფეხშიშველი და ტიტველი ვივლი, ტურასავით ვიკივლებ და სირაქლემასავით ვიკვნესებ.
9 . რადგან განუკურნებელია მისი ჭრილობები, რადგან იუდას მიადგა და ჩემი ხალხის კარიბჭესაც, თვით იერუსალიმსაც უწია.
10 . ნუ ილაპარაკებთ გათში, ნუ იტირებთ ბეთ-ლეყაფრაში; მტვერში გაგორდით.
11 . წადი შენს გზაზე, შაფირის მკვიდრო, შიშველი და შერცხვენილი. ვერსად გაიქცევა ცაანანის მკვიდრი; გლოვაა ბეთ-ეცელში; არ არის შემწეობა.
12 . სიკეთის მოლოდინში დაუძლურდა მაროთის მკვიდრი, მაგრამ უბედურება ჩამოვიდა უფლისგან იერუსალიმის კარიბჭეზე.
13 . ეტლში შეაბა ბედაურები ლაქიშის მკვიდრმა; ის არის ცოდვის დასაბამი სიონის მკვიდრისთვის, რადგან მასში აღმოჩნდა ისრაელის დანაშაულებანი.
14 . ამიტომ მორეშეთ-გათს გაუგზავნი განშორების ძღვენს. არ არიან სანდონი აქზიბის სახლები, სიცრუედ ექცევიან ისინი ისრაელის მეფეებს.
15 . ახალ პატრონს მოგიყვან, მარეშას მკვიდრო, ყადულამამდე მიაღწევს ისრაელის დიდება.
16 . თავი მოიტიტვლე, თმა შეიჭერი შენი სანუკვარი შვილების გამო; არწივივით გაქაჩლდი, რადგან განდევნილნი იქნებიან ისინი შენგან.
1 . ნინევეს განაჩენი; ელკოშელი ნაუმის ხილვის წიგნი.
2 . ეჭვიანი და შურისმგებელი ღმერთია უფალი. შურისმგებელი და მრისხანეა უფალი. შურს იძიებს უფალი თავის მოწინააღმდეგეებზე; რისხვას უნახავს თავის მტრებს.
3 . სულგრძელია და ძლევამოსილია უფალი, დამნაშავეს დაუსჯელად არ დატოვებს; გრიგალშია უფალი და ქარიშხალშია მისი სავალი, მის ფერხთა მტვერია ღრუბელი.
4 . გაკიცხავს ზღვას და ამოაშრობს, დაშრეტს ყველა მდინარეს. გახმება ბაშანი და ქარმელი, დაჭკნება ლიბანის ყვავილი.
5 . მთები ირყევიან მის ქვეშ და ბორცვები დნებიან. თრთის მის წინაშე დედამიწა, სამყარო და მისი ყოველი მკვიდრი.
6 . ვინ გაუძლებს მის მრისხანებას? ვინ აიტანს მისი რისხვის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი გულისწყრომა და კლდეები იმსხვრევიან მისგან.
7 . კეთილია უფალი, თავშესაფარია გაჭირვების დღეს, ცნობს მასზე მინდობილებს.
8 . მაგრამ მოვარდნილი ღვარცოფივით წალეკავს მოწინააღმდეგის ადგილს და ბნელეთამდე სდევნის თავის მტრებს
9 . რა განიზრახეთ უფლის წინააღმდეგ? ბოლოს მოუღებს ყველაფერს და ვეღარ აღდგება მტერი.
10 . ეკალ-ბარდებივით გადახლართულნი, ლოთებივით გალეშილნი, ერთიანად გადაიბუგებიან ხმელი ჩალასავით.
11 . შენგან გამოვიდა უფლის წინააღმდეგ ავისმზრახველი, უკანონობის მრჩეველი.
12 . ასე ამბობს უფალი: "თუმცა ძალით არიან სავსენი და მრავალნიც არიან, მაინც მოიკვეთებიან და გაქრებიან; შენ კი გაგტანჯე იუდავ, მაგრამ მეტად აღარ გაგტანჯავ.
13 . ახლა კი დავლეწავ უღელს, ქედზე რომ გადგას და დავწყვეტ შენს აპეურებს.
14 . ასე ბრძანა შენზე უფალმა, ქალაქო: "არ დარჩება შენი სახელი საუკუნოდ; გავაქრობ კერპსა და ქანდაკს შენი ღმერთის სახლებიდან; საფლავს გაგითხრი, რადგან საძაგელი ხარ”.
15 . აჰა, მახარობლის ფეხები მოიჩქარის მთებზე, რათა გვაუწყოს მშვიდობა. იზეიმე შენი დღესასწაულები, იუდავ, შეასრულე აღთქმები, რადგან აღარ გაივლის შენში ავკაცი, საბოლოოდ განადგურდა.
1 . კრავი გაუგზავნეთ ქვეყნის მთავარს, სელაყიდან უდაბნოს გავლით, სიონის ასულის მთაზე.
2 . ბუდემოშლილი, გზააბნეული ფრინველის მსგავსად იქნებიან მოაბის ასულნი არნონის ფონებზე.
3 . მოგვეცი რჩევა, აღასრულე სამართალი, მწუხრივით გადმოაფარე შენი ჩრდილი შუადღისას, შეიფარე განდევნილები, გაქცეულს ნუ გასცემ.
4 . შეიფარე განდევნილი მოაბელნი გამტიალებლის სახისგან, სანამ არ გაქრება მწვალებელი, სანამ არ შეწყდება ძარცვა და არ მოისპობა ქვეყნიდან მჩაგვრელი.
5 . წყალობით განმტკიცდება ტახტი და ჭეშმარიტებით დაჯდება მასზე დავითის კარვის მსაჯული; სამართალს მოიძიებს და სიმართლეს აღასრულებს.
6 . გაგონილი გვაქვს მოაბის ამპარტავნება, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა და მედიდური წყრომა - ფუჭია მისი ტრაბახი.
7 . ამიტომ იგლოვებს მოაბი, ყველანი იგლოვებენ მოაბში. კირ-ხერესის საძირკვლებზე იკვნესებენ სასოწარკვეთილნი, რადგან შეიმუსრნენ.
8 . ვინაიდან გადაჭკნა ხეშბონის მინდვრები, სიბმას ვენახები, ხალხთა ბატონებმა გათელეს მისი რჩეული ვაზები, იაყზერს რომ სწვდებოდა, უდაბნოში რომ იშლებოდა, იფურჩქნებოდა და ზღვაზე რომ გადადიოდა.
9 . ამიტომ მწარედ მოვთქვამ იაყზერზე, სიბმას ვაზზე; ჩემი ცრემლებით მოვრწყავ ხეშბონს და ელყალეს, რადგან შეწყდა მოძახილი შენი ზაფხულის ნაყოფსა და მოსავალზე.
10 . წართმეული აქვს მხიარულება და სიხარული ნაყოფიერ მინდვრებს, აღარ იქნება ვენახებში სიმღერა და მხიარული მოძახილი, აღარ დაწურავს საწნახელში ღვინოს დამწურველი, შეწყდა ჟრიამული.
11 . ამიტომაც ქნარივით კვნესის ჩემი გული მოაბზე და ჩემი შინაგანი - კირ-ხერესზე.
12 . და იქნება: როცა წარსდგება მოაბი, რადგან მოიქანცება თავის მაღლობებზე და შევა თავის საწმიდარში სალოცად, ეს ვეღარ უშველის.
13 . ეს არის სიტყვა, რომელიც იმ დროს თქვა უფალმა მოაბზე.
14 . ახლა ასე ლაპარაკობს უფალი და ამბობს: "სამი წლის შემდეგ, ქირავნობის წლების მიხედვით, დამცირდება მოაბის დიდება და მისი ხალხის დიდი სიმრავლე; ფრიად მცირე და უძლური იქნება მისი ნატამალი”.
1 . აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და სამართლით იმთავრებენ მთავრები.
2 . ისე იქნება ყოველი მათგანი, როგორც თავშესაფარი ქარში და სამალავი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები გამომშრალ ქვეყანაში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი გამოფიტულ მიწაზე.
3 . არ დაიბინდება მხედველთა თვალები და მათგან მსმენელთა ყურები გაიგონებენ.
4 . თავქარიანთა გული ჭეშმარიტებას ჩაწვდება და ენაბორძიკთა ენა სწრაფად და გარკვევით იმეტყველებს.
5 . უგუნურზე აღარ იტყვიან ღირსეულიაო და თაღლითზე აღარ იტყვიან პატიოსანიაო,
6 . რადგან უაზროდ ლაპარაკობს უგუნური, მისი გული ბოროტს იზრახავს, რათა უღმერთოდ მოიქცეს და მრუდედ ილაპარაკოს უფალზე, უქონელი მშიერი დატოვოს და მწყურვალს სასმელი დაუკავოს.
7 . თაღლითს ბოროტება აქვს იარაღად, მზაკვრობას განიზრახავს, რათა ღატაკი და გაჭირვებული გაანადგუროს, თუნდაც ის სიმართლეს ლაპარაკობდეს.
8 . ღირსეული კი ღირსეულს განიზრახავს და ღირსეულ ზრახვებზე დგას.
9 . უზრუნველო ქალებო, წამოდექით, შეისმინეთ ჩემი ხმა! უდარდელო ასულნო, ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს!
10 . ერთი წლის და რამდენიმე დღის შემდეგ შეშფოთდებით, უდარდელნო, რადგან აღარ იქნება რთველი, აღარ დადგება მოსავლის აღების ჟამი.
11 . თრთოდეთ უზრუნველნო, შეშფოთდით უდარდელნო, გაიხადეთ, გაშიშვლდით და ძაძა შემოირტყით წელზე.
12 . მკერდს იცემდეთ საამური მინდვრებისა და ნაყოფიერი ვენახების გამო,
13 . ჩემი ხალხის მიწის გამო, სადაც ნარი და ეკალი ამოვა; ყველა მხიარული სახლისა და მოზეიმე ქალაქის გამო.
14 . რადგან დაცარიელებულია სასახლე, მიტოვებულია ხმაურიანი ქალაქი, მაღლობი და საგუშაგო გოდოლი სამუდამოდ გამოქვაბულებად იქცნენ, ველური ვირების სალაღობოდ და ფარათა საძოვრად.
15 . სანამ მაღლიდან არ გადმოიღვრება ჩვენზე სული და უდაბნო ნაყოფიერ მინდვრად არ გადაიქცევა და ნაყოფიერი მინდორი ტყედ არ შეირაცხება;
16 . აჰა, მაშინ დამკვიდრდება სამართალი უდაბნოში და სიმართლე ნაყოფიერ მინდორში დასახლდება,
17 . სამართალი შექმნის მშვიდობას და იქნება სიმშვიდე და უსაფრთხოება უკუნისამდე.
18 . დასახლდება ჩემი ხალხი მშვიდობის სავანეში, უსაფრთხო სამკვიდრებელსა და უზრუნველ სადგომში.
19 . და იქნება სეტყვა - ტყე მოიკვეთება და ქალაქი დადაბლდება.
20 . ნეტარნი ხართ მთესველნი ყველა წყალთან და ხარისა და სახედრის ნებაზე მიმშვებნი.
1 . დარიოსის მეფობის მეორე წლის მერვე თვეს უფლის სიტყვა იყო ზაქარია ბერექიას ძის, ყიდოს ძის, წინასწარმეტყველის მიმართ:
2 . ფრიად განურისხდა უფალი თქვენს მამებს.
3 . მაშ, უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, მობრუნდით ჩემსკენ და მეც მოვბრუნდები თქვენსკენ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
4 . თქვენი მამებივით ნუ იქნებით, რომ უცხადებდნენ და ეუბნებოდნენ წინანდელი წინასწარმეტყველები, ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: დატოვეთ თქვენი ბოროტი გზები და თქვენი ბოროტი საქმეები! მაგრამ არ შეისმინეს და არ გამიგონეს - ამბობს უფალი.
5 . სადღა არიან თქვენი მამები? ან განა საუკუნოდ ცოცხლობენ წინასწარმეტყველები?
6 . მაგრამ ჩემი სიტყვები და დადგენილებები, ჩემს მსახურ წინასწარმეტყველებს რომ ვუბრძანე, განა არ მოეწია თქვენს მამებს? ამიტომ მოექცნენ ისინი და თქვეს: განიზრახა ცაბაოთ უფალმა, რომ ჩვენი გზებისა და საქმეების მიხედვით მოეზღო, და მოგვიზღა კიდეც.
7 . მეთერთმეტე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეფობის მეორე წელს უფლის სიტყვა იყო ზაქარია ბერექიას ძის, ყიდოს ძის, წინასწარმეტყველის მიმართ:
8 . ღამით ვიხილე, აჰა, კაცი იყო წითელ ცხენზე ამხედრებული. ის მურტის ხეებს შორის იდგა, ხეობაში. მის უკან წითელი, ალისფერი და თეთრი ცხენები იდგნენ.
9 . ვკითხე: რა არიან-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო? მიპასუხა ანგელოზმა, მე რომ მელაპარაკებოდა: გაჩვენებ, რა არიან ესენი.
10 . მურტის ხეთა შორის მდგარმა კაცმა მითხრა: უფალმა ქვეყნის შემოსავლელად მოავლინა ესენი.
11 . და მიუგეს მურტის ხეთა შორის მდგარ უფლის ანგელოზს: შემოვიარეთ ქვეყანა და აჰა, მშვიდია და წყნარი მთელი ქვეყანა.
12 . შემდეგ თქვა უფლის ანგელოზმა: ცაბაოთ უფალო! როდემდე არ შეიბრალებ იერუსალიმს და იუდას ქალაქებს, რომლებზეც განრისხებული ხარ აგერ უკვე სამოცდაათი წელია?
13 . მიუგო უფალმა ჩემთან მოლაპარაკე ანგელოზს კეთილი და ნუგეშისმცემელი სიტყვები.
14 . და მითხრა ანგელოზმა, მე რომ მელაპარაკებოდა: განაცხადე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: დიდი შურით ვარ აღძრული იერუსალიმისა და სიონის მიმართ.
15 . დიდად ვმრისხანებ უდარდელ ხალხზე; მცირედ რომ ვმრისხანებდი, ბოროტებას უმატეს.
16 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: სიბრალულით მოვბრუნდები იერუსალიმისკენ და აშენდება მასში ჩემი სახლი - ამბობს ცაბაოთ უფალი - საზომი ლარი გაიჭიმება იერუსალიმზე.
17 . კიდევ განაცხადე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: კვლავ აივსება ჩემი ქალაქები დოვლათით, კვლავ ანუგეშებს უფალი სიონს და კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს.
18 . აღვაპყარი თვალები და აჰა, ოთხი რქა იყო.
19 . ვკითხე ანგელოზს, მე რომ მელაპარაკებოდა: რა არის-მეთქი ესენი? მიპასუხა: ეს ის რქებია, იუდა, ისრაელი და იერუსალიმი რომ გაფანტა.
20 . შემდეგ ოთხი მჭედელი დამანახა უფალმა.
21 . ვკითხე: ამათ რა უნდა გააკეთონ-მეთქი? მიპასუხა: ეს ის რქებია, იუდა რომ გაფანტა ისე, რომ ვერავინ შეძლო თავის აწევა; ხოლო ეს მჭედლები იმ ხალხთა დასაშინებლად და რქების დასახრელად მოვიდნენ, რქა რომ აღუმართავთ იუდას ქვეყნის წინააღმდეგ მის გასაფანტად.