1 . ისმინე იაკობის სახლო, ისრაელის სახელით წოდებულნო და იუდას წელიდან გამოსულნო, უფლის სახელის მოფიცარნო და ისრაელის ღმერთის მხსენებელნო, მაგრამ არა ჭეშმარიტებით და არა სიმართლით;
2 . რადგან წმიდა ქალაქის სახელით იწოდებით და ისრაელის ღმერთს ეყრდნობით; ცაბაოთ უფალია მისი სახელი!
3 . დიდი ხნის წინ განვაცხადე წინანდელნი, ჩემმა პირმა წარმოსთქვა და მე განვაცხადე; უცაბედად ვმოქმედებდი და სრულდებოდა.
4 . რადგან ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ, რკინის მყესები გაქვს კისერზე და სპილენძის შუბლი.
5 . ამიტომ თავიდანვე გამცნე, გამოგიცხადე, ვიდრე აღსრულდებოდა, რომ არ გეთქვა: "ჩემმა კერპმა გააკეთა ეს, ჩემმა გამოთლილმა და ჩამოსხმულმა ქანდაკმა ბრძანაო ასე!”
6 . მოგისმენია და შეგიხედავს ამ ყველაფრისთვის, ნუთუ არ აღიარებ ამას? ამიერიდან გიცხადებ ახალს, დაფარულს, რაც არ იცოდი.
7 . ახლა შეიქმნენ ისინი და არა დიდი ხნის წინათ; და დღემდე არაფერი გსმენია მათზე, რომ არ თქვა: ‘აჰა, ვიცოდი ეს!’
8 . არც გსმენია და არც იცოდი, აქამდე ყურიც არ გქონდა გახსნილი, რადგან ვიცოდი, რომ მიღალატებდი და მეამბოხე გერქვა დედის მუცლიდანვე.
9 . ჩემი სახელის გამო ვაყოვნებ ჩემს რისხვას და ჩემი ხოტბისთვის ვაკავებ მას, რომ არ მოიკვეთო.
10 . აჰა, მე გამოგადნე, მაგრამ არა ვერცხლივით; ტანჯვის ქურაში გამოგცადე.
11 . ჩემ გამო, ჩემ გამო ვაკეთებ ამას, რადგან როგორ შევალახვინო ჩემი სახელი? ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ.
12 . მისმინე, იაკობ და ისრაელ, ჩემო მოწოდებულო: ეს მე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც!
13 . დიახ, ჩემმა ხელებმა დააფუძნა დედამიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცანი; მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.
14 . შეიკრიბეთ ყველანი და ისმინეთ: ვინ გამოაცხადა მათ შორის ეს ამბები? უფალმა შეიყვარა კიროსი; იგი აღასრულებს თავის ნება-სურვილს ბაბილონზე და ქალდეველთა წინააღმდეგ იქნება მისი მკლავი.
15 . მე, მე ვილაპარაკე და, დიახ, მე მოვუწოდე მას, მოვიყვანე და მოვუმართე გზა.
16 . მომიახლოვდით, ისმინეთ ეს: არც თავიდან მილაპარაკია საიდუმლოდ; იმ დროიდან, რაც ეს მოხდა, იქ ვიყავი. ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა წარმომგზავნა.
17 . ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: "მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, გასწავლი, რათა სარგებელი ნახო, იმ გზაზე წაგიძღვები, რომელზეც უნდა იარო;
18 . ყურად რომ გეღო ჩემი მცნებები, მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე.
19 . ქვიშასავით იქნებოდა შენი თესლი და მისი მარცვლებივით - შენი შთამომავლობა; არ მოიკვეთებოდა მათი სახელი და არ განადგურდებოდა ჩემს წინაშე.
20 . გამოდით ბაბილონიდან, გაექეცით ქალდეველებს, მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე გაავრცელეთ, თქვით: "გამოისყიდა უფალმა თავისი მსახური იაკობი!”
21 . არ მოსწყურებიათ, როცა უდაბნოებში ატარებდა, კლდიდან გადმოუდინა წყალი, კლდე გააპო და გადმოხეთქა წყალმა.
22 . "არ არის მშვიდობა ბოროტეულთათვის!” ამბობს უფალი.
1 . ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე.
2 . ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს თავის მოყვასს სასიკეთოდ, ასაშენებლად.
3 . ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც წერია: "შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე”.
4 . რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი.
5 . მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა კი მოგცეთ თქვენ ერთსულოვნება ერთმანეთში ქრისტე იესოს მიერ,
6 . რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა.
7 . ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ, ღვთის სადიდებლად.
8 . ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე, ღმერთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა დაედასტურებინა მამებისადმი აღთქმული,
9 . ასევე წარმართებისთვისაც, რათა განედიდებინა ღმერთი მისი წყალობისათვის, როგორც წერია: "ამისათვის გაქებ შენ წარმართთა შორის და ვუგალობებ შენს სახელს”.
10 . და კვლავ ამბობს: "იხარებდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად”.
11 . და კიდევ: "აქებდეთ უფალს წარმართებო და, ხალხებო, ადიდებდეთ მას”.
12 . ესაიაც ამბობს: "მოვა იესეს ფესვი, რომელიც აღდგება წარმართებზე საუფლოდ და მისი იმედი ექნებათ წარმართებს”.
13 . ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ იმედში.
14 . და თვითონ მეც, ძმანო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თვითონაც სავსენი ხართ სიკეთით და ყოველგვარი ცოდნით და ძალგიძთ ერთმანეთის დარიგება.
15 . მეც მეტი გაბედულებით გწერდით აქა-იქ, როგორც თქვენდამი შეხსენებას ღვთის მიერ ჩემთვის მოცემული მადლით,
16 . რომ ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა მისაღები გახდეს წარმართთა შესაწირი, სულიწმიდის მიერ განწმედილი.
17 . ამიტომ ძალმიძს დავიქადო ქრისტე იესოში ღმერთის წინაშე.
18 . რადგან ვერ გავბედავდი, რომ მელაპარაკა ისეთი რამ, რაც არ გაუკეთებია ქრისტეს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით,
19 . ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილურიკიამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება.
20 . თანაც, ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა,
21 . არამედ როგორც წერია: "ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ - დაინახავენ, და ვისაც არ მოუსმენია - მიხვდება”.
22 . ამის გამოც იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა.
23 . ხოლო ახლა, რაკიღა ამ მხარეებში აღარა მაქვს სამოქმედო ადგილი და თანაც მრავალი წელია მსურს თქვენთან მოსვლა,
24 . ამიტომ, როგორც კი დავაპირებ ესპანეთში გამგზავრებას, გამოგივლით, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას, და თქვენ გამაცილებთ იქ, და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით.
25 . ხოლო ახლა იერუსალიმში მივდივარ წმიდათა სამსახურად.
26 . ვინაიდან მაკედონიამ და აქაიამ მოწყალების გაღება ინებეს ღარიბი წმიდანებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან.
27 . ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. ვინაიდან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელად უნდა მოემსახურონ მათ.
28 . ამრიგად, როცა დავამთავრებ ამას და ბეჭედს დავასვამ მათ ნაყოფს, თქვენთან გამოვლით წავალ ესპანეთისკენ.
29 . ხოლო ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას მოვალ ქრისტეს სრული კურთხევით.
30 . შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, რომ ჩემთან ერთად იბეჯითოთ, ჩემთვის ღმერთისადმი ლოცვებში.
31 . რათა თავი დავაღწიო ურჩებს იუდეაში და ჩემი სამსახური, რომელსაც იერუსალიმს გავუწევ, სასიამოვნო იყოს წმიდათათვის.
32 . რათა სიხარულით მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით და დავისვენო.
33 . მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ!
1 . განა თავისუფალი არა ვარ? განა მოციქული არა ვარ? განა არ მიხილავს ჩვენი უფალი იესო ქრისტე? განა თქვენ ჩემი ნამოღვაწარი არა ხართ უფალში?
2 . თუ სხვებისთვის არა, თქვენთვის ხომ მაინც ვარ მოციქული, ვინაიდან ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენ ხართ უფალში.
3 . აი, რა პასუხს გავცემ ჩემს განმკითხველებს:
4 . განა ჩვენ არა გვაქვს ჭამა-სმის უფლება?
5 . განა უფლება არა გვაქვს დავიმგზავროთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას?
6 . თუ მარტო მე და ბარნაბას არა გვაქვს უმუშევრობის უფლება?
7 . რომელ ჯარისკაცს უომია ოდესმე საკუთარი ხარჯით? ვინ რგავს ვაზს და მის ნაყოფს კი არ ჭამს? ვინ მწყემსავს სამწყსოს და სამწყსოდან რძეს არ სვამს?
8 . განა ადამიანურად ვლაპარაკობ ასე? განა რჯულიც ამასვე არ ამბობს?
9 . რადგან დაწერილია მოსეს რჯულში: პირს ნუ აუკრავ მლეწავ ხარს. განა ხარებზე ზრუნავს ღმერთი?
10 . თუ ყველა ჩვენთაგანისთვის ამბობს ამას? დიახაც, ჩვენთვის წერია, რადგან მხვნელმა იმედით უნდა ხნას და ლეწვისას, მლეწავსაც უნდა ჰქონდეს თავისი წილის მიღების იმედი.
11 . თუ სულიერი დავთესეთ თქვენში, განა დიდი ამბავია, რომ ხორციელი მოვიმკათ თქვენგან?
12 . თუ სხვებს ძალაუფლება აქვთ თქვენზე, განა ჩვენ უფრო მეტად არა? მაგრამ ჩვენ არ გამოვიყენეთ ეს ძალაუფლება, არამედ ყოველგვარ ტანჯვას ვიტანთ, რათა რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას ქრისტეს სახარებას.
13 . ნუთუ არ იცით, რომ ტაძრისგან ჭამენ მღვდელმსახურნი? ხოლო სამსხვერპლოს მსახურნი მსხვერპლიდან იღებენ წილს?
14 . ასევე დაუწესა უფალმა სახარების მქადაგებლებს სახარებით ცხოვრება.
15 . თუმცა მე არც ამათგან გამომიყენებია რაიმე; და არც იმიტომ გწერთ, რომ ახლა ვქმნა ასე; ვინაიდან სიკვდილი მირჩევნია ვინმეს მიერ ჩემი ქადილის გაბათილებას!
16 . ვინაიდან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს დასაკვეხნი, რადგან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა; და ვაი მე, თუ არ ვახარებ.
17 . რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ნების საწინააღმდეგოდ - სახლმართველობა მაქვს მონდობილი.
18 . მაშ, რა არის ჩემი საზღაური? ის, რომ როცა სახარებას ვქადაგებ, უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვიყენებ ჩემს ძალაუფლებას სახარებაში.
19 . ვინაიდან ყველასგან თავისუფალი ყველას დავემონე, რათა უფრო მეტი შემეძინა ღვთისთვის.
20 . იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი, რათა იუდეველები შემეძინა; რჯულის ქვეშ მყოფთათვის - როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, თუმცა თვითონ რჯულის ქვეშ არა ვარ, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა.
21 . ურჯულოთათვის - როგორც ურჯულო, თუმცა არა ვარ ღმერთის ურჯულო, არამედ - ქრისტეს რჯულის ქვეშ მყოფი, რათა ურჯულოები შემეძინა.
22 . უძლურებისთვის უძლური ვიყავი, რათა უძლურნი შემეძინა. ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთები.
23 . და ყოველივე ამას ვაკეთებ სახარებისთვის, რათა მეც გავხდე მისი თანამონაწილე.
24 . განა არ იცით, რომ ასპარეზზე ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ ჯილდო მოიპოვოთ.
25 . ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან; ისინი - ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი - უხრწნადისა.
26 . ამიტომ მეც გავრბივარ, მაგრამ არა უმიზნოდ, და არც ისე ვიქნევ მუშტებს, ვითომ ჰაერს ვცემდე;
27 . არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ უღირსი არ აღმოვჩნდე.
1 . არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვა.
2 . ყველანი მოსეს მიერ მოინათლნენ ღრუბელსა და ზღვაში.
3 . ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს
4 . და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ; ხოლო ის კლდე იყო ქრისტე.
5 . მაგრამ მათგან უმრავლესობა როდი მოიწონა ღმერთმა; ამიტომ უდაბნოში მიმოიფანტა მათი გვამები.
6 . და ნიმუშად მოგვეცა ეს, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს, როგორც ისინი შენატროდნენ.
7 . არც კერპთაყვანისმცემლები გახდეთ, ზოგიერთი მათგანივით, როგორც წერია: დასხდა ხალხი საჭმელ-სასმელად, და წამოდგა სათამაშოდ.
8 . ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძავობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა.
9 . ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა, და გველებისგან დაიღუპნენ.
10 . არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა, და დაიღუპნენ მომსვრელისგან.
11 . ყოველივე ეს, სანიმუშოდ დაემართათ მათ და აღწერილია ჩვენს შესაგონებლად, ვინც საუკუნეთა აღსასრულს მიაღწია.
12 . ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფხიზლოს, რომ არ წაიქცეს!
13 . არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; ხოლო, ერთგულია ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელთან ერთად გამოსავალსაც გაგიჩენთ, რომ გადატანა შეიძლოთ.
14 . ამიტომ, ჩემო საყვარლებო, განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას.
15 . გელაპარაკებით როგორც გონიერებს; თავად განსაჯეთ, რასაც ვამბობ.
16 . კურთხევის სასმისი, ჩვენ რომ ვაკურთხებთ, განა ქრისტეს სისხლთან ზიარება არ არის? პური, ჩვენ რომ ვტეხთ, განა ქრისტეს სხეულთან ზიარება არ არის?
17 . ვინაიდან პური ერთია, ჩვენ კი მრავალნი - ერთი სხეული, რადგან ყველა ერთი პურიდან ვეზიარებით.
18 . შეხედეთ ისრაელს ხორციელად: ვინც მსხვერპლიდან ჭამს, განა ისინი სამსხვერპლოს ზიარნი არ არიან?
19 . მაშ, რას ვამბობ? განა იმას, რომ კერპი რაიმეა, ან იმას, რომ კერპისთვის შენაწირი რაიმეს ნიშნავს?
20 . არამედ, რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკებს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარნი გახდეთ.
21 . არ შეგიძლიათ სვათ უფლის სასმისი და ეშმაკთა სასმისი; არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკთა სუფრასაც.
22 . ნუთუ ვბედავთ უფლის გამოწვევას? განა მასზე ძლიერები ვართ?
23 . ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია; ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს.
24 . არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი.
25 . ყველაფერი, რაც ბაზარში იყიდება, ჭამეთ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო.
26 . რადგან უფლისაა დედამიწა და სისავსე მისი.
27 . ხოლო თუ მიგიწვევთ რომელიმე ურწმუნოთაგანი და მოისურვებთ მასთან მისვლას, ყველაფერი ჭამეთ, რასაც წინ დაგიდებენ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო.
28 . მაგრამ თუ გეტყვით ვინმე: ეს კერპთშენაწირიაო, ნუ შეჭამთ მთქმელის ან სინდისის გამო.
29 . ვგულისხმობ არა შენს სინდისს, არამედ სხვისას. რადგან რატომ უნდა განიკითხოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინდისით?
30 . თუკი მადლიერებით ვჭამ, რაღად უნდა ვიგმობოდე, რისთვისაც მადლიერი ვარ?
31 . ამიტომ ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად.
32 . და ნუ გახდებით ცდუნება ნურც იუდეველთათვის, ნურც წარმართებისთვის და ნურც ღვთის ეკლესიისთვის.
33 . ისევე, როგორც მეც ვაამებ ყველას ყველაფერში და სარგებლობას ვეძებ არა ჩემთვის, არამედ მრავალთათვის, რათა გადარჩნენ.
1 . იესო კვლავ იგავებით ელაპარაკობდა მათ და ეუბნებოდა:
2 . "ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გაუმართა.
3 . გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ არ ისურვეს მოსვლა.
4 . კვლავ გაგზავნა სხვა მონები და დააბარა: უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ნადიმი, ხბორები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!
5 . მაგრამ მათ ყურად არ იღეს შემოთვლილი და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგიც თავის სავაჭრო საქმეზე.
6 . სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.
7 . ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა.
8 . მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ქორწილის სუფრა მზად არის, მაგრამ მოწვეულები უღირსნი აღმოჩნდნენ.
9 . ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა შემხვედრი მოიწვიეთ ქორწილში.
10 . გავიდნენ მონები გზებზე და ყველა შეკრიბეს, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი; და სტუმრებით აივსო საქორწინო დარბაზი.
11 . შევიდა მეფე სტუმრების სანახავად და ნახა იქ კაცი, რომელსაც საქორწინო სამოსელი არ ეცვა.
12 . უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ საქორწინო სამოსელის გარეშე? ის კი დუმდა.
13 . მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: გაუკარით მაგას ხელფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.
14 . რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი - ცოტა”.
15 . მაშინ წავიდნენ ფარისევლები და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ იგი მისსავე სიტყვაზე.
16 . ჰეროდიანებთან ერთად მიუგზავნეს მას თავიანთი მოწაფენი და ჰკითხეს: "მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას; არავის ერიდები და კაცთა გარეგნობას არ უყურებ.
17 . ჰოდა, გვითხარი: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?”
18 . იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: "რატომ მცდით, თვალთმაქცნო?
19 . მაჩვენეთ ხარკის მონეტა”. და მიუტანეს დინარი.
20 . ჰკითხა მათ: "ვისია ეს სახე და წარწერა?”
21 . თქვეს: "კეისრისა!” მაშინ უთხრა მათ: "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს - ღმრთისა!”
22 . ეს რომ მოისმინეს, გაუკვირდათ, მიატოვეს იგი და წავიდნენ
23 . იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:
24 . "მოძღვარო! მოსემ თქვა: თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და თავის ძმას შთამომავლობა აღუდგინოსო.
25 . ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა, შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა.
26 . ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე.
27 . ბოლოს ქალიც მოკვდა.
28 . ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა”.
29 . მიუგო იესომ მათ პასუხად: "ცდებით, რადგან არც წერილები იცით და არც ღმერთის ძალა.
30 . ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ღმერთის ანგელოზები ცაში.
31 . ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღმერთისგან თქვენთვის თქმული:
32 . მე ვარ ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა? ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა”.
33 . ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება.
34 . ფარისევლებმა რომ გაიგეს, სადუკეველები გააჩუმაო, ერთად შეიკრიბნენ.
35 . ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა იესოს:
36 . "მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება რჯულში?”
37 . უპასუხა: "გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.
38 . ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.
39 . ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.
40 . ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი”.
41 . ფარისევლები რომ შეიკრიბნენ, ჰკითხა მათ იესომ:
42 . "რას ფიქრობთ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?” მათ უთხრეს: "დავითისა”.
43 . უთხრა მათ: "მაშ როგორღა უწოდებს სულით დავითი მას უფალს, როცა ამბობს:
44 . უთხრა უფალმა* ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობდე მტრებს.
45 . თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა არის მისი ძე?”
46 . და ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის შებრუნება; იმ დღიდან მოყოლებული ვერც კითხვის დასმას უბედავდა ვინმე.