1 . იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთიდან; ელკანა ერქვა, ეფრათელი იეროხამის ძე, ელიჰუს, თოხუს და ცუფის შთამომავალი.
2 . ორი ცოლი ჰყავდა: ერთს ხანა, მეორეს კი ფენინა ერქვა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო.
3 . ყოველ წელს დადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან შილოში, ცაბაოთ უფლისთვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირად; ყელის ძენი იყვნენ იქ - ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდელნი.
4 . ყოველთვის, როცა მსხვერპლს სწირავდა ელკანა, წილს აძლევდა ფენინას, თავის ცოლს და მის ძეებსა და ასულებს;
5 . ხანას კი ორმაგ წილს აძლევდა, რადგან ძალიან უყვარდა იგი, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს.
6 . და ამის გამო ხანას მისი მეტოქე ფენინა ამწარებდა და აღიზიანებდა.
7 . ასე იქცეოდა ელკანა ყოველ წელიწადს, როცა უფლის სახლში ადიოდა. მაგრამ ფენინა ამწარებდა ხანას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა.
8 . და უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: "რატომ ტირი და არაფერს ჭამ? გული რატომ გიწუხს? განა ათ ძეს არ გირჩევნივარ?”
9 . ერთხელ, შილოში პურობის შემდეგ, ადგა ხანა სუფრიდან და უფლის წინაშე წარდგა, მღვდელი ყელი კი სკამზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან.
10 . სულგამწარებული იყო ხანა, ლოცულობდა უფლის წინაშე და ცხარედ ტიროდა.
11 . აღთქმა დაუდო და უთხრა: "ცაბაოთ უფალო! თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას და თუ გამიხსენებ, არ დაივიწყებ შენს მხევალს და ძეს მომცემ, უფალს მივუძღვნი მას მსახურად და ვიდრე ცოცხალი იქნება სამართებელი არ შეეხება მის თავს”.
12 . დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ყელი კი მის ბაგეებს აკვირდებოდა.
13 . გულში ლოცულობდა ხანა, მხოლოდ მისი ბაგენი იძვროდნენ და ხმა კი არ ისმოდა; მთვრალი ეგონა იგი ყელის.
14 . უთხრა მას ყელიმ: "როდემდე უნდა იყო მთვრალი? გამოფხიზლდი ღვინისგან!”
15 . მიუგო მას ხანამ: "არა, ბატონო, სულდამწუხრებული ქალი ვარ, არც ღვინო და არც მაგარი სასმელი არ დამილევია; უფლის წინაშე ვღვრიდი ჩემს სულს.
16 . უკეთურ ქალად ნუ მიიჩნევ შენს მხევალს, რადგან დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენ ხანს”.
17 . უთხრა მას ყელიმ: "მშვიდობით წადი და შეგისრულოს ისრაელის ღმერთმა თხოვნა, რაც სთხოვე მას”.
18 . მიუგო ხანამ: "დაე, მადლი ჰპოვოს შენმა მხევალმა შენს თვალში!” მერე წავიდა თავისი გზით, საჭმელი ჭამა და აღარ ჰქონია მწუხარე სახე.
19 . ადგნენ განთიადისას, თაყვანი სცეს უფალს, გამობრუნდნენ და სახლში, რამათს დაბრუნდნენ. შეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და გაიხსენა იგი უფალმა.
20 . დაორსულდა ხანა, ეყოლა ძე და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან უფლისგან გამოვითხოვეო იგი.
21 . წავიდა ელკანა და მთელი მისი სახლეული, რომ უფლისთვის ყოველწლიური მსხვერპლი შეეწირა და აღთქმა შეესრულებინა.
22 . ხანა კი არ წასულა, უთხრა ქმარს: "როგორც კი ბავშვს ძუძუს მოვწყვეტ, წავიყვან, რათა წარდგეს უფლის წინაშე და იქ დარჩეს სამუდამოდ”.
23 . უპასუხა ელკანამ, მისმა ქმარმა: "ისე მოიქეცი, როგორც სწორად მიგაჩნია; დარჩი, სანამ ბავშვს ძუძუს მოსწყვეტ, ოღონდ აგვისრულოს უფალმა თავისი სიტყვა”. დარჩა ქალი და აწოვებდა ძუძუს თავის ძეს, სანამ ძუძუს მოსწყვეტდა.
24 . როგორც კი ძუძუს მოსწყვიტა, წაიყვანა იგი შილოში, უფლის სახლში, თან სამი მოზვერი, ერთი ეფა ფქვილი და ღვინის ტიკი გაიყოლა. ჯერ კიდევ ნორჩი იყო ყმაწვილი.
25 . დაკლეს მოზვერი და მიიყვანეს ყრმა ყელისთან.
26 . უთხრა ხანამ: "იცოცხლე, ჩემო ბატონო! მე ის ქალი ვარ, რომელიც აქ, შენს წინაშე ვიდექი და უფალს ვევედრებოდი;
27 . ამ ყრმის გამო ვლოცულობდი და აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რაც შევევედრე.
28 . ამიტომ უფალს ვაძლევ მას, რათა მას ემსახუროს მთელი მისი სიცოცხლე”. და თაყვანისცა იქ უფალს ყელიმ.
1 . ამ ამბების მერე იყო: იზრეყელელ ნაბოთს ვენახი ჰქონდა იზრეყელში, სამარიის მეფის, ახაბის სასახლის გვერდით.
2 . ელაპარაკა ახაბი ნაბოთს და უთხრა: "მომეცი შენი ვენახი, ბაღ-ბოსტნად მექნება, რადგან ჩემი სახლის გვერდითაა; სანაცვლოდ უკეთეს ვენახს მოგცემ, ან თუ გინდა, საფასურს ფულად გადაგიხდი”.
3 . უთხრა ნაბოთმა: "უფალმა დამიფაროს, რომ ჩემი მამების სამკვიდრო მოგცე!”
4 . მივიდა ახაბი სახლში დაღვრემილი და შეწუხებული იმ სიტყვების გამო, რაც უთხრა ნაბოთ იზრეყელელმა: "არ მოგცემო ჩემი მამების სამკვიდროს”. ჩაწვა საწოლში და კედლისკენ იბრუნა პირი; პურიც არ უჭამია.
5 . შევიდა მასთან მისი ცოლი იეზებელი და უთხრა: "ასე რამ დაგინაღვლიანა სული, პურსაც რომ არა ჭამ?”
6 . უთხრა: "ველაპარაკე ნაბოთ იზრეყელელს, ვუთხარი: მომეცი შენი ვენახი ფულის ფასად, ანდა, თუ გინდა, სანაცვლოდ სხვა ვენახს მოგცემ-მეთქი, მან კი უარი მითხრა: არ მოგცემო ჩემს ვენახს!
7 . უთხრა მას იეზებელმა, მისმა ცოლმა: "განა ისრაელის მეფე არა ხარ? ადექი, პური ჭამე და იმხიარულე; მე მოგცემ ნაბოთ იზრეყელელის ვენახს”.
8 . წერილები დაწერა იეზებელმა ახაბის სახელით, მისი ბეჭდით დაბეჭდა და დაუგზავნა უხუცესებს და წარჩინებულთ, ნაბოთთან რომ ცხოვრობდნენ მის ქალაქში.
9 . ასე ჩაწერა წერილებში: "გამოაცხადეთ მარხვა და ნაბოთი ხალხის თავში დასვით.
10 . წინ ორი უღირსი კაცი დაუსვით, რომ ცილი დასწამონ და უთხრან: ‘შენ იყავი, რომ სწყევლიდი ღმერთსა და მეფესო; მერე გაიყვანეთ და ჩაქოლეთ, რომ მოკვდეს”.
11 . ისე მოიქცნენ იმ ქალაქის კაცები, უხუცესები და წარჩინებულები, იმ ქალაქის მკვიდრნი, როგორც შეუთვალა იეზებელმა, როგორც ეწერა წერილებში, მათთვის რომ ჰქონდა დაგზავნილი.
12 . გამოაცხადეს მარხვა და დასვეს ნაბოთი ხალხის თავში.
13 . მოვიდა ორი უღირსი კაცი და წინ დაუჯდა. ცილი დასწამეს ამ უღირსებმა ნაბოთს ხალხის წინაშე, ამბობდნენ: "დასწყევლა ნაბოთმა ღმერთი და მეფეო”. გაიყვანეს ქალაქის გარეთ, ქვებით ჩაქოლეს და მოკვდა.
14 . გაგზავნეს იეზებელთან და შეუთვალეს: "ჩაიქოლა ნაბოთი და მოკვდა”.
15 . როცა გაიგო იეზებელმა რომ ჩაიქოლა ნაბოთი და მოკვდა, უთხრა ახაბს: "ადექი და დაეპატრონე ნაბოთ იზრეყელელის ვენახს, რომელმაც უარი გითხრა დათმობაზე, რადგან აღარ არის ცოცხალი, მკვდარია”.
16 . როცა გაიგო ახაბმა, რომ მოკვდა ნაბოთი, ადგა, რომ ჩასულიყო ნაბოთ იზრეყელელის ვენახში და დაპატრონებოდა.
17 . უფლის სიტყვა გამოეცხადა ელია თიშბელს, უთხრა:
18 . "ადექი, წადი და შეხვდი ახაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაში რომ არის; აჰა, ნაბოთის ვენახშია ჩასული მის დასაპატრონებლად.
19 . ელაპარაკე, ასე ამბობს-თქო უფალი: კაცი მოკალი და მის ქონებას ეპატრონები. კიდევ ელაპარაკე და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ”.
20 . უთხრა ახაბმა ელიას: "მიპოვე ჩემო მტერო?!” უთხრა ელიამ: "გიპოვე, რადგან უფლის თვალში ბოროტის საკეთებლად გაყიდე თავი.
21 . აჰა, ბოროტებას დაგათევ თავზე, მოვკვეთ შენს შემდგომს, ყველას, ვინც კი ჰყავს ახაბს კედელთან მიმშარდავი, როგორც მონას, ისე თავისუფალს, ისრაელში!
22 . ისე მოვექცევი შენს სახლს, როგორც იერობყამ ნებატის ძის სახლს და ბაყაშა ახიას ძის სახლს მოვექეცი, იმის გამო, რომ განმარისხე, რომ ცოდვაში შეიყვანე ისრაელი”.
23 . იეზებელზეც ილაპარაკა უფალმა, თქვა: "ძაღლები შეჭამენ იეზებელს იზრეყელის გალავანთან.
24 . ვინც ქალაქში მოუკვდება ახაბს, იმას ძაღლები შეჭამენ, ვინც მინდორში მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან”.
25 . ჯერ არავინ ყოფილა, რომ ახაბივით გაეყიდოს თავი უფლის თვალში ბოროტების საკეთებლად, რაზეც იეზებელი, მისი ცოლი აქეზებდა.
26 . დიდი სიბილწე იყო, რომ გაჰყვა კერპების კვალს და მიბაძა ამორელთ, რომლებიც ისრაელის თვალწინ განდევნა უფალმა”.
27 . როცა მოისმინა ახაბმა ეს სიტყვები, შემოიხია სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი. მარხულობდა, ჯვალოში ეძინა და დამწუხრებული დადიოდა.
28 . გამოეცხადა უფლის სიტყვა ელია თიშბიელს, უთხრა:
29 . "ხედავ, როგორ დაიმდაბლა ახაბმა თავი ჩემ წინაშე? იმის გამო, რომ ასე დაიმდაბლა თავი ჩემ წინაშე, არ დავათევ ბოროტებას მის სიცოცხლეში, მისი შვილის სიცოცხლეში დავათევ ბოროტებას მის სახლს”.
1 . ამ ყოველივეს დასასრულს, მომეახლნენ მთავარნი და მითხრეს: „ისრაელის ხალხი, მღვდლები და ლევიანნი არ გამოეყვნენ სხვა ქვეყნების - ქანაანის, ხეთის, ფერიზის, იებუსის, ყამონის, მოაბის, ეგვიპტისა და ამორის ხალხებსა და მათ სისაძაგლეებს,
2 . ვინაიდან მათი ასულნი ჰყავთ ცოლებად თავისთვის და თავისი ძეებისთვისაც, წმიდა თესლი ამ ქვეყნების ხალხებში აღრიეს; უფრო მეტად მთავრებისა და მმართველების ხელი ურევია ამ ორგულობაში”.
3 . ეს სიტყვები რომ მოვისმინე, შემოვიხიე სამოსი და მოსასხამი, თმას და წვერს ვიგლეჯდი და ვიჯექი გაოგნებული.
4 . შემოიკრიბა ყველა, ვინც თრთოდა ისრაელის ღმერთის სიტყვაზე განდევნილობიდან დაბრუნებულთა შორის მომხდარ ამ უმართლობის გამო; მე კი საღამოს მსხვერპლშეწირვის დაწყებამდე გაოგნებული ვიჯექი.
5 . საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს, ავდექი მარხული და სამოსელშემოგლეჯილი, მუხლებზე დავემხე და ხელები უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ აღვაპყრე.
6 . ვთქვი: „ღმერთო ჩემო! შერცხვენილი ვარ და ვერ ვბედავ სახე მოგაპყრო, ღმერთო ჩემო, რადგან დანაშაული ჩვენი გამრავლდა და ბრალი ჩვენი ცას მისწვდა.
7 . ჩვენი მამების დღეთაგან დღემდე ბევრს ვაშავებთ; ჩვენი ცოდვების გამო ჩავუვარდით ჩვენ, ჩვენი მეფენი და მღვდელნი უცხო ქვეყნების მეფეთა ხელს - მახვილის ქვეშ, ტყვეობაში, ძარცვასა და სირცხვილში, როგორც დღეს ვართ.
8 . ახლა მცირე ხნით გვაჩვენა თავისი წყალობა ჩვენმა ღმერთმა, რომ ეხსნა ნატამალი და დავფუძნებულიყავით ჩვენი ღმერთის წმიდა ადგილზე, რათა გაენათებინა ჩვენი თვალები და ცოტათი მაინც გამოვეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში,
9 . რადგან მონები ვართ, თუმცა მონობაშიც არ მივუტოვებივართ ჩვენს ღმერთს და წყალობა გაგვიმრავლა სპარსეთის მეფეთა წინაშე, რათა გამოვეცოცხლებინეთ, ჩვენი ღვთის სახლის ასაშენებლად და მისი ნანგრევების აღსადგენად, რომ ზღუდე მოგვცემოდა იუდასა და იერუსალიმში.
10 . ახლა კი რაღა ვთქვათ, ღმერთო ჩვენო, როცა მივატოვეთ შენი მცნებანი,
11 . რომლებიც გვამცნე შენი წინასწარმეტყველებისა და მსახურთა მეშვეობით: ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ, უწმიდურია იმ მიწაზე მცხოვრები ხალხების საზიზღრობათა გამო, რადგან კიდეებამდე აღავსეს თავისი უწმიდურებით.
12 . აჰა, ნუ მიათხოვებთ მათ ძეებს თქვენს ასულებს და ნურც მათ ასულებს შერთავთ თქვენს ძეთ. უკუნისამდე ნუ გექნებათ მათთან მშვიდობა და სიკეთე, რათა შეძლოთ განმტკიცება და ამ ქვეყნის დოვლათის ჭამა, თქვენ შემდეგ კი, თქვენი ძეებისთვის დატოვება საუკუნოდ!
13 . ყოველივეს შემდეგ, რაც ჩვენი ბოროტი საქმეებისა და დიდი დანაშაულის გამო შეგვემთხვა, რადგან შენ, ღმერთო ჩვენო, იმაზე ნაკლებად დაგვსაჯე, ვიდრე ჩვენი უკეთურების გამო გვეკუთვნოდა და ასეთი ხსნა მოგვივლინე,
15 . უფალო, ისრაელის ღმერთო, მართალი ხარ, რადგან გადარჩენილი ნატამალი ვართ დღემდე. აჰა, შენ წინაშე ვართ ჩვენს დანაშაულში, თუმცა არავის ძალუძს შენ წინაშე დგომა ამის გამო”.
1 . დავითისა. ედავე, უფალო, ჩემს მოდავეებს, ებრძოლე ჩემს წინააღმდეგ მებრძოლთ.
2 . მოიმარჯვე ფარი და ჯავშანი და აღსდექ ჩემდა შესაწევნელად.
3 . იშიშვლე მახვილი და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს: უთხარი ჩემს სულს: „შენი მხსნელი ვარ“.
4 . შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი, უკუიქცნენ და სირცხვილნაჭამნი დარჩნენ ჩემზე სიავის მოფიქრალნი.
5 . შეიქნენ ვითარცა ჩელხი ქარის წინაშე და უფლის ანგელოზმა უკუაგდოს ისინი.
6 . იყოს მათი გზები ბნელი და მოლიპული და უფლის ანგელოზი სდევნიდეს მათ.
7 . რადგან უმიზეზოდ მომიმზადეს ორმო თავიანთი ხაფანგით, უმიზეზოდ არცხვენდნენ ჩემს სულს.
8 . და ეწიოს მას უბედურება მოულოდნელად და მახეში, რომელიც მოამზადა, თვითონ გაებას, დასაღუპავად ჩავარდეს შიგ;
9 . ჩემი სული კი იხარებდეს უფლით, ილხენდეს მისი შემწეობით.
10 . ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს - მისი მძარცველისაგან.
11 . აღდგებიან ჩემს მიმართ ბოროტი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი, იმას მკითხავენ.
12 . სიკეთის წილ ბოროტით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ.
13 . ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა.
14 . როგორც მეგობრის, როგორც ჩემი ძმის მიმართ, ისე ვიქცეოდი; მგლოვიარე დედასავით თავჩაღუნული ვიარებოდი.
15 . ხოლო ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ და იკრიბებოდნენ; იკრიბებოდნენ ჩემს წინააღმდეგ სულმდაბალნი და არ ვიცოდი - რატომ; სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ.
16 . პირფერული მანჭვა-დაცინვით აღრჭენდნენ კბილებს ჩემს წინააღმდეგ.
17 . უფალო, რამდენს უყურებ? დამიბრუნე ჩემი სული მათი გაპარტახებისგან, ლომის ბოკვერებისგან - მხოლოდშობილი ჩემი.
18 . მადლობას გეტყვი დიდ კრებულში, მირიად ხალხში შეგასხამ ხოტბას.
19 . არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს.
20 . რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნიერების მორჩილთა მიმართ მზაკვრობას ფიქრობენ.
21 . ფართოდ გააღეს პირი ჩემზე, თქვეს: ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა ჩვენმა.
22 . შენ ხომ ნახე, უფალო, ნუ დადუმდები, ღმერთო, ნუ განმერიდები მე;
23 . გამოიღვიძე, გამოიღვიძე ჩემდა განსაკითხად, ღმერთო და უფალო ჩემო, ჩემი დავის გასარჩევად.
24 . გამასამართლე შენი სიმართლით და ნურავინ გაიხარებს ჩემზე.
25 . ნუ იტყვიან თავიანთ გულში: ოჰო! ასე გვენება. ნუ იტყვიან: ჩავყლაპეთ იგი.
26 . შერცხვნენ და გაწბილდნენ ყველანი, ვისაც ჩემი ცუდი უხარია, სირცხვილით შეიმოსონ, ვინც ჩემთან მედიდურად იქცევა.
27 . იგალობონ და იმხიარულონ ჩემი სიმართლის მსურველებმა და თქვან მარადჟამს: განდიდდეს უფალი, მისი მორჩილისთვის მშვიდობის მსურველი.
28 . და ჩემი ენა იღაღადებს სიმართლეს შენსას და ქებას შენსას დღენიადაგ.
1 . სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის მესამე წელს სიტყვა გამოეცხადა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს; ჭეშმარიტი იყო ეს სიტყვა და დიდ ომს შეეხებოდა; ჩაწვდა იგი ამ სიტყვას და მიხვდა ამ ჩვენებას.
2 . იმ დღეებში მე, დანიელი, მგლოვიარედ ვიყავი სამი კვირა:
3 . გემრიელ საჭმელს არ ვჭამდი, ხორცი და ღვინო არ მიჰკარებია ჩემს პირს და არც რაიმე მიცხია თავზე სამი კვირის შესრულებამდე.
4 . პირველი თვის ოცდამეოთხე დღე იყო; დიდი მდინარის, ტიგროსის პირას ვიყავი.
5 . აღვაპყარ თვალები, გავიხედე და, აჰა, კაცი, სელის ტანსაცმლით შემოსილი, წელზე კი უფაზის ოქრო ჰქონდა შემორტყმული.
6 . ტანი იასპივით ჰქონდა, სახე - ელვასავით, თვალები - ცეცხლოვანი ლამპრებივით, მკლავები და ფეხები - მოელვარე სპილენძივით, ხოლო ლაპარაკი - როგორც მრავალი ხალხის ხმა.
7 . მხოლოდ მე, დანიელმა, ვნახე ეს ხილვა; იმ ხალხმა კი ჩემთან ერთად რომ იყო, ვერაფერი დაინახა, მაგრამ დიდმა შიშმა შეიპყრო ყველანი და დასამალად გაიქცნენ.
8 . მარტოდ დავრჩი და ვიხილე ეს დიადი ხილვა, თუმცა ძალა აღარ შემრჩა, სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ძალა ვეღარ მოვიკრიბე.
9 . მისი ხმა შემომესმა და გავიგონე თუ არა მისი სიტყვები, ძილქუში დამეცა მიწაზე პირქვედამხობილს.
10 . და, აჰა, ხელი შემეხო და წამომაყენა აცახცახებული მუხლებსა და ხელის გულებზე.
11 . მითხრა: "დანიელ, პატივდებულო კაცო! ჩაუკვირდი სიტყვებს, რომლებსაც გეტყვი და დადექი შენს ადგილზე, რადგან წარმოგზავნილი ვარ ახლა შენთან”. ეს სიტყვები რომ მითხრა, კანკალით წამოვდექი.
12 . კვლავ მითხრა: "ნუ გეშინია, დანიელ, რადგან პირველივე დღიდან, როცა შენი გული გონიერებას დაუთმე და თავი დაიმდაბლე შენი ღმერთის წინაშე, შესმენილ იქნა შენი ლოცვები და მოვედი შენი სიტყვის საპასუხოდ.
13 . მაგრამ სპარსეთის სამეფოს მთავარი მეწინააღმდეგებოდა ოცდაერთი დღე. და აჰა, მიქაელი, ერთ-ერთი პირველი მთავართაგან, მოვიდა ჩემს დასახმარებლად და იქ დავტოვე იგი სპარსეთის მეფესთან.
14 . მოვედი რომ გაგაგებინო, რა შეემთხვევა შენს ხალხს უკანასკნელ დღეებში, რადგან შორეული მომავლის დღეებს ეხება ეს ხილვა”.
15 . ამ სიტყვებს რომ მეუბნებოდა, პირქვე დავემხე მიწაზე და დავმუნჯდი.
16 . და, აჰა, შემეხო ბაგეებზე კაცის ძის მსგავსი, გავხსენი პირი, ავლაპარაკდი და ვუთხარი ჩემს წინ მდგომს: "ბატონო! ამ ხილვის გამო შიგნეული ამემღვრა და ძალა ვეღარ მოვიკრიბე.
17 . როგორ შეუძლია ჩემი ბატონის მსახურს ილაპარაკოს ჩემს ბატონთან, როცა აღარც ძალა მაქვს და აღარც სუნთქვა დარჩა ჩემში?”
18 . კვლავ შემეხო ადამიანის მსგავსება და გამამაგრა.
19 . მითხრა: "ნუ გეშინია, სათნო კაცო! მშვიდობა შენდა! განმტკიცდი და გამხნევდი!” როცა მელაპარაკებოდა, განვმტკიცდი და ვუთხარი: "ილაპარაკე ჩემო ბატონო, ვინაიდან გამამაგრე”.
20 . მითხრა: "თუ იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა კი სპარსეთის მთავართან საბრძოლველად ვბრუნდები და, აჰა, საბერძნეთის მთავარიც მოვა.
21 . თუმცა გაგიმხელ ჭეშმარიტების წერილში ჩაწერილს: არავინაა, ვინც ამ საქმეში შემეწევა, გარდა მიქაელისა, თქვენი მთავრისა”.
1 . მეფე დარიოსის მეფობის მეოთხე წელს, მეცხრე თვის მეოთხე დღეს, უფლის სიტყვა იყო ზაქარიას მიმართ.
2 . გაგზავნა ბეთელის ხალხმა შარეცერი და რეგემ-მელექი მათი კაცებითურთ უფლის წინაშე სალოცად.
3 . რომ ეკითხათ ცაბაოთ უფლის სახლის მღვდლებისა და წინასწარმეტყველთათვის: ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, როგორც მრავალი წლის მანძილზე ვიქცეოდიო?
4 . და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემდამი:
5 . უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: ამ სამოცდაათი წლის მანძილზე რომ მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში, განა ჩემთვის მარხულობდით?
6 . როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და თქვენთვის არა სვამთ?
7 . განა ეს სიტყვები არ არის, უფალმა რომ ილაპარაკა წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით, როცა დასახლებული და დამშვიდებული იყო იერუსალიმი, მის გარშემო არსებულ ქალაქებთან, ნეგებთან და დაბლობთან ერთად?
8 . და იყო უფლის სიტყვა ზაქარიასადმი:
9 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს.
10 . ქვრივს, ობოლს, უცხოტომელსა და ღარიბს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტებას ნუ განიზრახავთ ერთმანეთის მიმართ თქვენს გულებში.
11 . მაგრამ მათ არ მოისურვეს ყურის დაგდება, ურჩი მხრები აიჩეჩეს და ყურები დაიმძიმეს, რომ არ შეესმინათ.
12 . გულები გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, ცაბაოთ უფალმა რომ მოავლინა თავისი სულით წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით; ამიტომ იყო მათზე დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.
13 . და როგორც ვუხმობდი და არ მისმინეს, ასევე არ ვუსმინე მათ, როცა მიხმობდნენ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
14 . ძლიერი ქარით გავფანტე ისინი ხალხებში, რომელსაც არ იცნობდნენ და აოხრდა ქვეყანა მათ შემდეგ; არავინ იყო მიმსვლელ-მომსვლელი და გააუდაბურეს საამური ქვეყანა.
1 . 1. მოესმა ეს ამბები იმხანად ივდითს, ასულს მერარისა, ძისა ოქსისა, ძისა იოსებისა, ძისა ყუზიელისა, ძისა ხილკიასი, ძისა ხანანიასი, ძისა გედეონისა, ძისა რაფაიმისა, ძისა ახიტობისა, ძისა ელიასი, ძისა ელიაბისა, ძისა ნათანაელისა, ძისა შელამიაჰუსი, ძისა შარაშადაისა, ისრაელიანისა. 2. მისი ქმარი მენაშე მისივე გვარისა და ტომისა იყო. პურის მკის ჟამს მოკვდა იგი. 3. მინდორში ძნების მკონავებს ადგა თავს, დაისიცხა, ჩავარდა ლოგინად და აღესრულა ბეთულიაში, თავის ქალაქში. დაკრძალეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით, ველზე, რომელიც მდებარეობს დოთანსა და ბალამონს შორის. 4. სამი წელი და ოთხი თვე ქვრივობდა ივდითი თავის სახლში. 5. გაიკეთა თავისთვის კარავი საცხოვრებელ სახლთან, წელზე ძაძა შემოირტყა და სამგლოვიარო ტანისამოსი ჩაიცვა. 6. მარხულობდა თავისი ქვრივობის ყოველ დღეს, პარასკევისა და შაბათის გარდა, ახალმთვარობის წინა დღისა და ახალმთვარობა დღის გარდა, ისრაელის სახლის დღესასწაულებისა და სამხიარულო დღეების გარდა. 7. მშვენიერი იყო გარეგნობით და ძალზე ლამაზი შესახედავი. დაუტოვა მისმა ქმარმა მენაშემ ოქრო და ვერცხლი, ყმები და მხევლები, საქონელი და მინდვრები და ისიც პატრონობდა ამას ყველაფერს. 8. აუგს ვერავინ იტყოდა მასზე, ძალზე ღვთისმოშიში იყო. 9. როცა მოისმინა მან ხალხის ბოროტი ნათქვამი მთავრის მიმართ, რადგან სულმოკლენი გახდნენ ისინი წყლის უკმარისობის გამო, მოისმინა ყოველი სიტყვა, რომელიც წარმოთქვა მათ წინაშე ყუზიამ, როგორც შეჰფიცა, რომ ხუთი დღის შემდეგ ჩააბარებდა აშურელებს ქალაქს, 10. გაგზავნა თავისი მოახლე, მთელი თავისი ქონების ზედამხედველი, ხაბრისისა და ხარმისის, თავისი ქალაქის უხუცესების დასაძახებლად. 11. რომ მოვიდნენ მასთან, უთხრა: მისმინეთ ბეთულიას მკვიდრთა მთავარნო! უსამართლოა თქვენი სიტყვები, ხალხის წინაშე რომ წარმოთქვით იმ დღეს და ფიცით დაამტკიცეთ ის, რაც თქვით ღმერთსა და ჩვენს შორის, რომ ჩააბარებთ ქალაქს ჩვენს მტრებს, თუ უფალი არ მოგვივლენს წყალობას. 12. ვინ ხართ თქვენ, ღმერთს რომ გამოსცდით დღევანდელ დღეს და ღმერთზე მაღლა დამდგარხართ ადამიანთა შორის. 13. ყოვლისმპყრობელ უფალს გამოსცდით, მაგრამ ვერაფერს მიხვდებით უკუნისამდე. 14. თუკი ადამიანის გულის სიღრმეს ვერ ჩაწვდით და მისი გონების სიტყვები ვერ გაიგეთ, როგორღა შეიცნობთ ღმერთს, რომელმაც შექმნა ეს ყოველივე? მის აზრს როგორღა მისწვდებით? მის განსჯას როგორ გაიგებთ? ნუ ძმებო, ნუ განარისხებთ ჩვენს უფალ ღმერთს! 15. თუ არ ისურვებს ხუთ დღეში ჩვენს შეწევნას, მისი ნებაა. როცა მოიწადინებს, მაშინ მოგვხედავს ან გაგვანადგურებს ჩვენი მტრების თვალწინ. 16. თქვენ კი წინასწარ ნუ განსჯით უფლის, ღმერთის განგებას, რადგან ღმერთი კაცი არაა, რომ დავემუქროთ, ადამის ძე არაა, რომ განვსაჯოთ. 17. ამიტომაც ველოდით მისგან ხსნას, ვუხმოთ შემწედ და გაიგებს ჩვენს ხმას, თუკი ინებებს. 18. რადგან არავინაა დღესდღეობით ჩვენს თაობაში, არც ტომი, არც გვარი, არც ხალხი, არც ჩვენი რომელიმე ქალაქი, ხელთქმნილ კერპებს რომ ემსახურებოდეს, როგორც ეს ხდებოდა უწინ. 19. რისთვისაც მიეცა ჩვენი მამა-პაპა მახვილსა და განადგურებას და დიდ განსაცდელში ჩაცვივდნენ ჩვენი მტრების თვალწინ. 20. ჩვენ კი სხვა ღმერთს არ ვიცნობთ მის გარდა, ამიტომაც გვეიმედება, რომ არ მოგვიძულებს ჩვენ და ჩვენს მოდგმას. 21. რადგან ჩვენი დაპყრობით დაპყრობილ იქნება მთელი იუდა, შეიბღალება ჩვენი სიწმიდენი და ჩვენს სისხლს მოჰკითხავს უფალი მათ უწმიდურებას. 22. ჩვენ თანამოძმეთა გაწყვეტას, ქვეყნის წარტყვევნას და ჩვენი სამკვიდრებლის გაუდაბურებას ჩვენზევე მოაქცევს იმ ხალხთა შორის, რომელთა მონები გავხდებით აქ. საკიცხველნი და საგინებელნი შევიქნებით ჩვენ დამმონებელთა წინაშე. 23. რადგან მონობა ვერ მიგვამთხვევს მადლს, პირიქით, უპატიობად გადააქცევს მას უფალი, ღმერთი ჩვენი. 24. ახლა კი, მოძმეებო, ვუჩვენოთ მაგალითი ჩვენ მოძმეებს, რადგან ჩვენზეა დამოკიდებული მათი სიცოცხლე, ჩვენზე დგას სიწმიდენი, ტაძარი და სამსხვერპლო. 25. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მადლობა მივაგოთ უფალს, ღმერთს, რომელიც გვცდის ჩვენ, როგორც ჩვენს მამა-პაპას ცდიდა. 26. გაიხსენეთ, რა უყო მან აბრაამს, როგორ გამოსცადა ისაკი, რა არ გადახდა თავს იაკობს შუამდინარეთში, დედის ძმის, ლაბანის ცხვრებს რომ მწყემსავდა. 27. და როგორც ისინი არ გამოუტარებია ცეცხლში მათი გულების გამოსაცდელად, არც ჩვენ დაგვსჯის, არამედ ჭკუის სასწავლად გვტანჯავს უფალი თავისიანებს. 28. უთხრა მას ყუზიამ: ყველაფერი, რაც თქვი, კეთილი გულით იყო ნათქვამი, და არც წინააღმდეგია ვინმე შენი სიტყვებისა, 29. რადგან მხოლოდ დღეს არ გამხდარა ნათელი შენი სიბრძნე, არამედ შენი დღეების დასაბამითგან შეიცნო მთელმა ხალხმა შენი გამჭრიახობა, თუ რაოდენ სათნოა შენი გულისპასუხი. 30. მაგრამ ხალხი დაშვრა წყურვილისგან და გვაიძულა მოვქცეულიყავით ისე, როგორც მათ ველაპარაკეთ და დაგვადებინა ფიცი, რომელსაც ვერ გადავალთ. 31. ახლა კი, ევედრე ჩვენთვის, რადგან ღვთისნიერი ქალი ხარ და მოგვივლენს უფალი წვიმას ჩვენი წყალსაცავების ასავსებად, რომ არ დავიხოცოთ. 32. უთხრა მათ ივდითმა: ისმინეთ ჩემი და ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას ჩვენ მოდგმაში. 33. დადექით ამ ღამეს კარიბჭესთან, მე კი ჩემს მოახლესთან ერთად გავალ და იმ ხანში, რომლის მერე ჩვენი მტრებისთვის ქალაქის გადაცემა განგიზრახავთ, ჩემი ხელით შეეწევა უფალი ისრაელს. 34. ნუ გამოიძიებთ ჩემს საქმეს, მაინც არაფერს გეტყვით, ვიდრე არ აღსრულდება ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ. 35. მიუგეს მას ყუზიამ და მთავრებმა: მშვიდობით იარე, უფალი ღმერთი იყოს შენი მფარველი ჩვენს მტრებზე შურისსაძიებლად. 36. გამოვიდნენ ისინი კარვიდან და მიაშურეს თავთავიანთ ადგილებს.
1 . 1. ეს არის სიტყვები წიგნისა, რომელიც ბარუქმა, ძემ ნერეიასი, ძისა მაყასეიასი, ძისა ციდკიასი, ძისა ხასადიასი, ძისა ხილკიასი, დაწერა ბაბილონში 2. მეხუთე წელს, თვის მეშვიდე დღეს, იმ დროს, როცა ქალდეველებმა იერუსალიმი აიღეს და ცეცხლში დაწვეს. 3. წაიკითხა ბარუქმა ამ წიგნის სიტყვები იექონიას, იუდას მეფის იეჰოაკიმის ძის, გასაგონად, და მთელი ხალხის გასაგონად, რომელიც მოვიდა წიგნის მოსასმენად. 4. ძალმოსილთა, უფლისწულთა, უხუცესთა გასაგონად და მთელი ხალხის, პატარიდან დიდამდე, ყველას გასაგონად, ვინც კი ბაბილონში, მდინარე სუდის ნაპირას ცხოვრობს. 5. ტიროდნენ, მარხულობდნენ და ლოცულობდნენ ღვთის წინაშე; 6. შეკრიბეს ვერცხლი, ვის რამდენი შეეძლო, 7. და გაუგზავნეს იერუსალიმში იეჰოაკიმს, ძეს ხილკიასი, ძისა შალუმისა, მღვდელმთავარს, მღვდლებს და მთელ ხალხს, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა იერუსალიმში. 8. მიიღო ბარუქმა ტაძრიდან გამოტანილი უფლის სახლის ჭურჭელი იუდას ქვეყანაში დასაბრუნებლად სივანის მეათე დღეს, ჭურჭელი ვერცხლისა, რომელიც გააკეთა ციდკიამ, იუდას მეფის, იოშიას ძემ, 9. მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, გადაასახლა იექონია, მთავრები და ტყვეები, ძალმოსილნი და ქვეყნის ერი იერუსალიმიდან და ბაბილონში წაიყვანა. 10. თქვეს: აჰა, გიგზავნით ვერცხლს და იყიდეთ ვერცხლით საკლავი აღსავლენისთვის და ცოდვებისთვის, და საკმეველი, გაამზადეთ საძღვნო შესაწირავი და მიიტანეთ ჩვენი უფლის სამსხვერპლოზე. 11. ილოცეთ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის სიცოცხლისათვის და ბალთასარისა, მისი ძის სიცოცხლისათვის, რათა იყოს მათი დღეები, როგორც ცის დღეები დედამიწაზე; 12. და უფალი მოგვცემს ჩვენ ძალას და გაგვინათლებს თვალებს და ვიცხოვრებთ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ჩრდილქვეშ და ბალთასარის, მისი ძის ჩრდილქვეშ და დავემორჩილებით მათ მრავალ დღეს და ვპოვებთ სიხარულს მათ წინაშე. 13. ილოცეთ ჩვენთვისაც უფლის, ჩვენი ღვთის წინაშე, რადგან შევცოდეთ უფალს, ჩვენს ღმერთს და დღემდე არ უკუქცეულა უფლის გულისწყრომა და მისი რისხვა ჩვენგან. 14. წაიკითხეთ ეს წიგნი, რომელსაც გიგზავნით უფლის სახლში გამოსაცხადებლად დღესასწაულის დღეს და დაწესებულ დღეებში. 15. თქვით: უფალთან, ჩვენს ღმერთთან, სიმართლეა, ჩვენ კი პირზე სირცხვილი გვაქვს, როგორც დღეს იუდაელებს და იერუსალიმის მკვიდრებს, 16. ჩვენს მეფეებს და ჩვენს მთავრებს, ჩვენს მღვდლებს და ჩვენს წინასწარმეტყველებს, და ჩვენს მამა-პაპას, 17. რადგან შევცოდეთ უფლის წინაშე 18. და არ დავემორჩილეთ მას და არ შევისმინეთ უფლის, ჩვენი ღვთის ხმა, რომ გვევლო უფლის მცნებებით, რომლებიც გამოაცხადა ჩვენს წინაშე. 19. იმ დღიდან, როცა უფალმა ჩვენი მამა-პაპა გამოიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, ამ დღემდე ურჩნი ვიყავით უფლის, ჩვენი ღვთის წინაშე და არ გვაწუხებდა, რომ არ ვისმენდით მის ხმას. 20. აგვეწება ჩვენ, ისევე როგორც დღეს, უბედურებანი და წყევლა, რომელიც გამოუცხადა უფალმა მოსეს, თავის მორჩილს, იმ დღეს, როცა გამოიყვანა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტის ქვეყნადან, რათა მოეცა ჩვენთვის ქვეყანა, სადაც რძე და თაფლი მოედინება. 21. არ შევისმინეთ უფლის, ჩვენი ღვთის, ხმა იმ წინასწარმეტყველთა სიტყვებში, რომელნიც ჩვენთან გამოგზავნა. 22. დავდიოდით თითოეული საკუთარი უკეთური გულის კარნახით უცხო ღმერთების სამსახურში და ბოროტებას ჩავდიოდით უფლის, ჩვენი ღვთის თვალში.
1 . "ერიდეთ წყალობის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.
2 . როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენ წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა განდიდდნენ ხალხის მიერ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
3 . შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა.
4 . რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს შენ.
5 . როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, ხალხის დასანახად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
6 . შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.
7 . ლოცვის დროს კი ნუ მოჰყვებით ამაო სიტყვების გამეორებას, როგორც წარმართები იქცევიან, რადგან ჰგონიათ, რომ მრავალსიტყვაობის გამო იქნებიან შესმენილნი.
8 . ნუ იქნებით მათი მსგავსები, რადგან თქვენმა მამამ მანამდე იცის, რა გჭირდებათ, ვიდრე თხოვდეთ.
9 . თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი;
10 . მოვიდეს მეფობა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა;
11 . პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს;
12 . და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა;
13 . და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან. რადგან შენია მეფობა, ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ!
14 . ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.
15 . ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
16 . როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი, დამწუხრებულ სახეებს რომ ღებულობენ, რათა ადამიანებს მარხულად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
17 . ხოლო შენ, მარხვისას ზეთი იცხე თავზე და პირი დაიბანე,
18 . რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ შენს მამას დაფარულში; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგაგებს შენ ცხადად.
19 . ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.
20 . დაიუნჯეთ ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს, და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.
21 . რადგან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.
22 . სხეულის ლამპარი თვალია; ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც განათებული იქნება.
23 . ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. ამრიგად, თუკი სინათლე, რომელიც შენშია, სიბნელეა, რამდენად დიდი იქნება სიბნელე?
24 . არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.
25 . ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ წუხხართ თქვენთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისთვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე?
26 . შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესები არა ხართ?
27 . ანდა, რომელ თქვენგანს შეუძლია დარდით ერთი წყრთა მაინც შემატოს თავის სიმაღლეს?
28 . სამოსელზე რაღად დარდობთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ.
29 . მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი მთელ თავის დიდებაში არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.
30 . თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არა, მცირედ მორწმუნენო?
31 . მაშ, ნუ დარდობთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ, ან რა ვსვათ, ან რით შევიმოსოთო?
32 . რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან იცის თქვენმა ზეციერმა მამამ, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე.
33 . თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ.
34 . მაშ, ნუ დარდობთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი”.