საგალობელი უფლის საქმეებზე შეაგონებს მსმენელთა გულს

საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 15 : 1 ; მეორე რჯული 31 : 19 ; მეორე რჯული 32 : 1 ;
3.20.3. __

გამ.15,1-21 რჯ.31,[19]20.[21]22.30; 32,1-45

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 15
1. მაშინ უმღერეს მოსემ და ისრაელიანებმა ეს სიმღერა უფალს და ასე თქვეს: ვუმღერი უფალს, რადგან განდიდდა დიდად, ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედარი. 
2. ჩემი ძალი და დიდებაა უფალი, მხსნელად მყავდა იგი; ჩემი ღმერთია და მას ვაქებ; მამაჩემის ღმერთია და მას ვადიდებ.
3. მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი.
4. ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ლაშქარი, მისი რჩეული მხედართმთავრები დაიღრჩვნენ მეწამულ ზღვაში.
5. მორევმა ჩაიხვია ისინი, ქვებივით ჩაიძირნენ ღურღუმელში.
6. შენი მარჯვენა, უფალო, განთქმულია ძალით; შენი მარჯვენა, უფალო, ლეწავს შენს მტრებს.
7. შენი უსაზომო დიდებით ამხობ შენს წინააღმდგომთ, გზავნი შენს რისხვას და ჩალასავით გადაბუგავ მათ.
8. შენი ნესტოების ქარით აზვირთდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ზვირთები, შენივთდა მორევი შუაგულ ზღვაში.
9. თქვა მტერმა: დავედევნები, მივეწევი, გავიყოფ ნადავლს; ჯავრს ვიყრი მათზე, მახვილს ვიშიშვლებ და მუსრს გაავლებს მათ ჩემი ხელი.
10. სული შეუბერე და ზღვამ დაფარა ისინი; ტყვიასავით ჩაიძირნენ ბობოქარ წყლებში.
11. ვინ არს შენი მსგავსი, უფალო, ღმერთთა შორის? ვინ არის, შენს მსგავსად რომ იყოს ძლიერი სიწმიდით, ქებათა ღირსი, სასწაულმოქმედი?
12. მოიღერე მარჯვენა და მიწამ ჩაყლაპა ისინი.
13. ატარე შენი მადლით ეს ხალხი და გამოიხსენი; მიიყვანე შენი ძლიერებით შენი სიწმიდის სამკვიდრებელში. 
14. გაიგონეს ხალხებმა და შეძრწუნდნენ, აცახცახდნენ ფელაშეთის მკვიდრნი.
15. მაშინ შეშფოთდნენ ედომის მთავრები, მოაბის ბელადები შეიპყრო შიშმა; დაღონდნენ ქანაანის მკვიდრნი.
16. დაეცათ თავზარი შენი ძლიერი მკლავისაგან. ქვასავით იდუმონ ვიდრე ჩაივლიდეს, უფალო, შენი ერი, ვიდრე ჩაივლიდეს ეს ხალხი, შენ რომ დაიხსენი.
17. შეიყვანე და დააფუძნე იგი შენს სამკვიდრო მთაზე, იმ ადგილას, შენს დასავანებლად რომ შეჰქმენი, უფალო! იმ საწმიდარში, შენი ხელით რომ დაამყარე, მეუფევ!
18. იმეფებს უფალი უკუნითი უკუნისამდე!
19. როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში.
20. აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული. 
21. ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში.

მეორე რჯული 31
19. ახლა ჩაიწერეთ ეს სიმღერა და ასწავლე ისრაელიანებს, ჩაუდევი ბაგეებში, რომ მემოწმებოდეს ეს სიმღერა ისრაელიანებთან.
20. როცა მივიყვან მათი მამა-პაპისთვის აღთქმულ მიწაზე, სადაც ღვარად დის ზეთი და თაფლი, ჭამით გაძღებიან და გასუქდებიან, მაშინ უცხო ღმერთებისკენ მიბრუნდებიან და მათ დაუწყებენ სამსახურს; დამგმობენ მე და დაარღვევენ ჩემს აღთქმას.
21. მაგრამ როცა შეემთხვევათ ბევრი უბედურება და გაჭირვება, მოწმე იქნება ეს სიმღერა მათთვის, რადგან არ წაიშლება იგი მათი შთამომავლობის ბაგიდან; რადგან ვიცი, რა ზრახვები აქვთ დღეს, ვიდრე აღთქმულ ქვეყანაში შევიყვანდე.
22. ჩაწერა მოსემ ეს სიმღერა იმ დღეს და შეასწავლა ისრაელიანებს.
30. წარმოთქვა მოსემ ისრაელის მთელი საკრებულოს გასაგონად ამ სიმღერის სიტყვები თავიდან ბოლომდე: 

მეორე რჯული 32
1. გაიგონე, ცაო, სიტყვას ვამბობ! ისმინე, მიწავ, ჩემი სათქმელი!
2. წვიმასავით მოდის ჩემი დარიგება, ცვარივით ეპკურება ჩემი ნათქვამი, როგორც ისხარი მდელოზე, როგორც თქეში მწვანე ბალახზე.
3. რადგან ვახსენებ უფლის სახელს, დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს!
4. კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი.
5. გაერყვნენ მას, აღარ არიან მისი შვილები, რადგან შეიგინენ, ჯიუტი და გზასამცდარი მოდგმაა.
6. ამას მიუზღავთ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? ის ხომ მამაა შენი, შენი გამჩენი! ხომ მან შეგქმნა და დაგამყარა!
7. გაიხსენე ძველი დღეები, იფიქრე გარდასულ თაობებზე. ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს! შენს უხუცესებს, ისინი გეტყვიან!
8. როცა უზენაესი სამკვიდროებს ურიგებდა ხალხებს, როცა ცალ-ცალკე ასახლებდა ადამის მოდგმას, დაუდგინა საზღვრები ერებს ისრაელიანთა რიცხვისამებრ.
9. რადგან უფლის წილი მისი ერია, იაკობია მისი სამკვიდრო.
10. იპოვნა იგი უკაცრიელ მხარეში, უდაბნოში, ხრიოკ ტრამალზე; უვლიდა, მოძღვრავდა, იფარავდა თვალისჩინივით.
11. როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, ზედ ეფოფრება თავის მართვეებს, ფრთებს შლის, აიტაცებს და მიჰყავს თავისი მხრებით,
12. ასე მარტო დაატარებდა მას უფალი, გვერდით არ ჰყოლია უცხო ღმერთი.
13. დასვა იგი მაღალ ადგილზე და კვებავდა ველური ნაყოფით, პიტალოებიდან თაფლს აწოვებდა და ზეთს - სალი კლდიდან,
14. ძროხის ნაღებს და ცხვრის რძეს, აჭმევდა ნასუქალ ბატკნებს, ბაშანურ ვერძებს და ვაცებს, ნოყიერ პურს. და ღვინოს სვამდი, ყურძნის სისხლს.
15. გასუქდა იეშურუნი და მოჰყვა ტლინკვას. გასუქდი, გათქვირდი, ჩამრგვალდი. დაივიწყა ღმერთი, თავისი შემოქმედი და არად ჩააგდო თავისი გადარჩენის ბურჯი.
16. გააჯავრეს უცხო ღმერთებით და სისაძაგლეებით გააღიზიანეს.
17. მსხვერპლს სწირავდნენ ეშმაკებს, არაღმერთს, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ, ახლებს, ახალმოსულთ, რომელთა შიში არ ჰქონია თქვენს მამა-პაპას.
18. კლდე კი, შენი გამჩენი აღარ გახსოვს, დავიწყებული გგყავს ღმერთი, შენი შემქმნელი.
19. დაინახა უფალმა და უარყო ბრაზისგან თავისი ვაჟები და ასულები.
20. თქვა: დავუმალავ ჩემს სახეს, ვნახავ, რა ბოლო ექნებათ, რადგან გადაგვარდა ეს მოდგმა, არ შერჩათ სიმტკიცე შვილებს.
21. გამაჯავრეს არაღმერთით, გამაღიზიანეს თავიანთი ამაოებით; მეც გავაჯავრებ მათ არაერით, უგვანი ხალხით გავაღიზიანებ.
22. რადგან დაინთო ცეცხლი ჩემი რისხვით და გიზგიზებს ჯოჯოხეთის ქვესკნელამდე, ჭამს მიწას და მის ნაყოფს, ბუგავს მთათა საძირკვლებს.
23. ზედიზედ დავატეხ უბედურებებს, მათზე დავხარჯავ ჩემს ისრებს.
24. ილაჯს გაუწყვეტს შიმშილი, შეჭამს სიცხე და შავი ჭირი. მხეცების კბილებს, ქვეწარმავალთა შხამით სავსეს, მივუშვებ მათზე.
25. გარეთ მახვილი გაანადგურებს, შიგნით- შიშისზარი, ჭაბუკსაც და ქალწულსაც, ძუძუთა ბავშვს ჭაღარა კაცთან ერთად.
26. ვიფიქრე: გავფანტავ მათ, წავშლი-მეთქი მათ სახსენებელს კაცთა მოდგმიდან,
27. რომ არ ვუფრთხოდე მტრების გაკადნიერებას - თავს არ წავიდნენ მისი მოწინააღმდეგენი, არ თქვან, მაღალია ჩვენი ხელი, უფალს არ გაუკეთებია ეს ყველაფერი.
28. რადგან ჭკუადაკარგული ხალხია ისინი, განსჯა აღარ არის მათში.
29. სიბრძნე რომ ჰქონოდათ, მიხვდებოდნენ ამას, განჭვრეტდნენ თავიანთ ბოლოს.
30. ერთი როგორ დაედევნება ათასს, ორნი როგორ გაყრიან ათიათასს? თუ მათმა მფარველმა არ გასწირა ისინი, თუ უფალმა არ ჩაუგდო ხელში?
31. რადგან არა ჰგავს ჩვენს მფარველს მათი მფარველი, ჩვენმა მტრებმა განსაჯონ თავად.
32. რადგან სოდომის ვენახიდან არის მათი ყურძენი, გომორის ზვრებიდან არის მათი ნაყოფი, შხამიანი ნაყოფი, მწარეა მისი მტევნები.
33. გველეშაპის შხამია მათი ღვინო და ასპიტის დამღუპველი გესლი.
34. ეს ხომ ჩემთან არის დამარხული, ჩემს საგანძურებშია დაბეჭდილი?
35. მე მივაგებ შურს, მე მივუზღავ, როცა წაიფორხილებენ, რადგან ახლოა მათი დაღუპვის დღე, ისწრაფვის მათი ბედისწერა.
36. როცა თავისი ერის განკითხვას დააპირებს უფალი, შეიწყალებს თავის მორჩილთ, რადგან დაინახავს, რომ მიხდილი აქვთ ღონე, რომ აღარ დარჩა არც ყმა, არც აზატი.
37. იტყვის: სად არიან მათი ღმერთები? კლდე, მათი საესავი?
38. რომლებიც ჭამდნენ მათი მსხვერპლის ლურთებს და სვამდნენ მათ ზედაშეს? აბა, ადგნენ და მოგეშველონ, საფარველად გაგიხდნენ!
39. ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს მე ვარ, მე! და არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან.=2.2.7б.7) 
40. რადგან მე აღვმართავ ხელს ცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე!
41. თუ გავლესე ჩემი ელვარე მახვილი და ხელი მივყავი განკითხვას, შურს მივაგებ ჩემს მტრებს და ვუზღავ ჩემს მოძულეებს.
42. სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს, გაძღება ხორცით ჩემი მახვილი, დახოცილთა და ტყვეთა სისხლით, მტრის ქოჩორა თავებით.
43. ადიდეთ, ხალხებო, მისი ერი, რადგან აიღებს თავის მორჩილთა სისხლს; შურს მიაგებს თავის მტრებს და გასწმედს თავის მიწას და თავის ერს.
44. მივიდა მოსე და წარმოთქვა ამ სიმღერის ყოველი სიტყვა ხალხის გასაგონად, მასთან იყო იესო ნავეს ძეც.
45. დაასრულა მოსემ ამ სიტყვების წარმოთქმა მთელი ისრაელის მიმართ.