სულისთვის ზრუნვა სჯობს სხეულზე ზრუნვას


საკვანძო მუხლები:

მეორე რჯული 8 : 3 ; ესაია 55 : 1 ; ამოსი 4 : 6 ; მათე 5 : 6 ; მათე 6 : 25 ; ლუკა 8 : 14 ; ლუკა 10 : 40 ; ლუკა 12 : 22 ; იოანე 6 : 33 ; 1პეტრე 5 : 7 ; 1კორინთელთა 7 : 32 ; 1ტიმოთე 4 : 8 ;
1.3.13. სულისთვის ზრუნვა სჯობს სხეულზე ზრუნვას

რჯ. 8,3; ეს. 55,1.2; ამ. 4,6-8; მათ. 5,6; 6,[25]; ლუკ. 8,14; 10,40.41; 12,22.23; ინ. 6,33-35.63; 1პეტ. 5,7; 1კორ.7,32; 1ტიმ. 4,8

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 8
3. გათვინიერებდა, გამშევდა და გაჭმევდა მანანას, რომელიც არ იცოდი არც შენ და არც შენმა მამა-პაპამ, რათა მიმხვდარიყავი, რომ მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით ცოცხლობს კაცი.

ესაია 55
1. ჰოი, მწყურვალნო, ყველანი წყალთან მიდით, და ვერცხლის უქონელნო, წადით, იყიდეთ და ჭამეთ! წადით და იყიდეთ უვერცხლოდ და უსასყიდლოდ ღვინო და რძე!
2. რისთვის ხარჯავთ ვერცხლს, თუ პურს ვერ შოულობთ? რისთვის შრომობთ, თუ ვერ ძღებით? მე მომისმინეთ და შეჭამთ საუკეთესოს, ნოყიერი საკვებით დაიტკბობთ სულს.

ამოსი 4
6. აკაწკაწებული კბილები მოგეცით ყველა თქვენს ქალაქში და უპურობა ყველა თქვენს ადგილზე, მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი.
7. წვიმაც კი შეგიწყვიტე მკამდე სამი თვით ადრე; ვაწვიმებდი ერთ ქალაქზე და მეორე ქალაქზე არ ვაწვიმებდი; ერთი ყანა წვიმით ირწყვებოდა, მეორე ყანა კი, უწვიმარი, ხმებოდა.
8. მიეხეტებოდა ორი, სამი ქალაქი ერთ ქალაქში წყლის სასმელად და ვერ იკლავდნენ წყურვილს; მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი.

მათე 5
6. ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. 

მათე 6
25. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სიცოცხლისათვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შევიმოსოთო. განა სიცოცხლე უფრო მეტი არ არის, ვიდრე საზრდელი და სხეული - უფრო მეტი, ვიდრე სამოსელი? 

ლუკა 8
14. ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, მაგრამ მიდიან და ზრუნვით, სიმდიდრისა და ამქვეყნიური განცხრომის სურვილით მომშთვარნი, უნაყოფონი რჩებიან.

ლუკა 10
40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს.
41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ;

ლუკა 12
22. და უთხრა თავის მოწაფეებს: ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ვჭამოთო; ნურც სხეულისათვის, რით შევიმოსოთო;
23. ვინაიდან სული უმეტესია, ვიდრე საჭმელი, და სხეული - ვიდრე სამოსელი.

იოანე 6
33. ვინაიდან პური ღმრთისა ის არის, რომელიც ზეცით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას.
34. მაშინ უთხრეს: უფალო, ნუ მოგვიშლი ამ პურს.
35. და უთხრა მათ იესომ: მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს.
63. სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები; სიტყვები, მე რომ გითხარით, სული არის და სიცოცხლე.

1პეტრე 5
7. მას მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგანაც ის ზრუნავს თქვენზე.

1კორინთელთა 7
32. მე მინდა, უზრუნველნი იყოთ; უცოლო უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს.

1ტიმოთე 4
8. ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.

__თემაზე წერდნენ__
*** 
დანაცრებული შინაგანი შენი სამყარო,
შენ კი ამაყობ და ალამაზებ კედლებს გარეგანს.
სხეული შენთვის დროებითი საცხოვრისია.
ნუ გენაღვლება, თუ დარჩება დაუდაფნავი,
სხეული არ ღირს ამდენ მოვლად, რადგან სხვისია.
მხოლოდ ჭიებს თუ გაალაღებს შენი საფლავი.
გალაღდი, სულო, ღვთაებრივი სხივით იდიდე,
და მიწიერი დაიმონე შენი დიდებით,
შენი იქნება წუთისოფლის მთელი სიმდიდრე,
თუ გარეგან სამკაულს არ გაჰკიდდები.
სამარადისო ძალა აღარ შემოგაკლდება
და თვით სიკვდილიც მაშინ ხელში შემოგაკვდება. 
__შექსპირი__

*** 
ძალიან გულსატკენია, რომ ამ წმიდა წიგნს ადამიანთა უმრავლესობა აღიქვამს ჩვეულებრივ წიგნად. არადა მასთან სიახლოვე ხომ მთელი სიცოცხლეა. ეს ხომ სულის საკვებია. განა შეგვიძლია ყავძლოთ რამდენიმე დღე საჭმლის გარეშე? ვფიქრობ, არა. ასევეა დაუშვებელი სულიერი საკვების გარეშე ყოფნა. ბარი, რომელიც მიწას არ ეხება საშრომად იჟანგება და ტყდება დებისგან. მუშაობაში კი უფრო პრიალდება და ილესება. ასევე საჭიროა სულის გამოყენებაც. თუკი მოკვდავ სხეულზე ვზრუნავთ, მითუმეტეს უნდა გავუფრთხილდეთ სულს, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ცოცხალი არსებები ვართ. 
__დალი ნადირაძე__

*** 
საკუთარი საყუდარი. რა გამაჩნია ასეთად, რომ არ იყოს არა საზოგადო, არამედ პირადი, ინტიმური, არავისთვის ნაცნობი ჩემს გარდა? ეს არის ჩემი სული თავისი ბინითურთ, რომელ ბინაზეც ხშირად უფრო ბევრს ვზრუნავ, ვიდრე იმაზე, რაც ასე საჭიროებს მიხედვას, რომელიც უნდა იყოს ნამდვილად საკუთარი საყუდარი და არა ხორცი, რომელზეც შეიძლება არც ვფიქრობდე - იმდენად მათხოვარია, რომ თვით მტყუებს მზრუნველობას და მიკრძალავს მივხედო ჩემს ჭეშმარიტ ბუდეს, უპრეტენზიო სულს კაცისას, რომელსაც თუ არ მოუარე, მოუწყობელი ხდება და ვეღარც პოულობ კაცი, იმდენად ვერანდება.
სულს რომ ვივიწყებდეთ ჩვენსას, მისი შემცვლელი დაგვიდგინა ჩვენმა გონებამ და გვეუბნება, რომ ეს არის ჩვენი სუნთქვა ანუ მშვინვა, ისე, რომ ქართულ მეტყველებაში ლამის გაჰქრეს ეს სიტყვა, რადგან უმეტეს წილად სულად ვუხმობთ მას. ხოდა აბა, სულს თუ ასე უბრალოდ, რამის ხილულად და ასე უმნიშვნელოდ წარმოვიდგენთ, მშვიდად ვიწყებთ თვლემას და ასე სადღა იქნება ან ჩვენი მოკრძალება მის მიმართ და რაც მთავარია, როგორ შევიძლებთ მის ჩვენს ერთადერთ საყუდრად წარმოდგენას? 
__მირზა ბადიაური__