ისმაელი -ხორციელი ძე მტრობს ისააკს - აღთქმის ძეს


საკვანძო მუხლები:

დაბადება 16 : 3 ; დაბადება 21 : 9 ; დაბადება 25 : 12 ; ნეემია 4 : 1 ; ფსალმუნები 82 : 6 ; გოდება იერემიასი 1 : 7 ; გალატელთა 4 : 29 ;
1.9.17. ისმაელი -ხორციელი ძე მტრობს ისააკს - აღთქმის ძეს

დაბ.16,3-6,, 21,[9]-14; 25,12-18 ნეემ.4,1-3 ფს.82,6.7 გოდ.1,7 გალ.4,29.30 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 16
3. ადგა სარაი, აბრამის ცოლი, და მისცა ეგვიპტელი აგარი, თავისი მხევალი, ცოლად აბრამს, თავის ქმარს, ქანაანის ქვეყნად მისი დამკვიდრების ათი წლის თავზე.
4. შევიდა აბრამი აგართან და დაორსულდა აგარი. როცა შეიტყო, რომ ორსულად იყო, დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი.
5. მაშინ უთხრა სარაიმ აბრამს: შენზეა ჩემი შეურაცხყოფა. მოგიწვინე ჩემი მხევალი და, როცა შეატყო, რომ ორსულადაა, დავმცირდი მის თვალში. ახლა უფალმა განგვსაჯოს.
6. უთხრა აბრამმა სარაის: აჰა, შენს ხელთაა შენი მხევალი. როგორც გენებოს, ისე მოექეცი. მაშინ დაუწყო სარაიმ ჩაგვრა და გაექცა მას აგარი.

დაბადება 21
9. დაინახა სარამ, რომ დასცინოდა მის შვილს შვილი ეგვიპტელი აგარისა, რომელმაც უშვა იგი აბრაამს.
10. უთხრა სარამ აბრაამს: გააგდე ეს ყმაქალი და მისი შვილი, რადგან ვერ უნდა დაიდოს წილი ამ ყმაქალის შვილმა ჩემს შვილთან, ისაკთან ერთად. 
11. მეტისმეტად შეაწუხა აბრაამი ამ ამბავმა თავისი შვილის, ისმაელის გამო.
12. უთხრა ღმერთმა აბრაამს: ნუ სწუხარ ყმაწვილზე და შენს ყმა ქალზე; ყველაფერი გაუგონე სარას, რასაც გეტყვის; რადგან ისაკით დაგეწყება შთამომავლობა.
13. ყმაქალის ძესაც ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი.
14. ადგა დილაადრიანად აბრაამი, აიღო პური, ერთი მათარა წყალი და მისცა აგარს, ზურგზე შეუსვა ბავშვი და გაუშვა. წავიდა ქალი და ხეტიალობდა ბერშებას უდაბნოში.

დაბადება 25
12. ეს არის მოდგმა აბრაამის ძის, ისმაელისა, რომელიც უშვა აბრაამს აგარმა, სარას ყმაქალმა.
13. ეს არის ისმაელის ძეთა სახელები, სახელდებით მათი მოდგმისდა მიხედვით: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, მერე კედარი, ადბეელი და მიბსამი,
14. მიშმაყი, დუმა და მასსა,
15. ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედმა.
16. ესენი არიან ისმაელის ძენი, ეს არის მათი სახელები მათ დაბებსა და ბანაკებში, თორმეტი ბელადია თავ-თავისი ტომისა.
17. ისმაელის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი. აღესრულა იგი და მოკვდა და შეერთო თავის ხალხს.
18. სახლობდნენ ხავილადან მოყოლებული შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ, აშურისკენ თუ მიდიხარ. ყველანი ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ.

ნეემია 4
1. როცა სანბალატმა, ტობიამ, არაბებმა, ყამონელებმა და აშდოდელებმა შეიტყეს, რომ შენდება იერუსალიმის კედლები და მისი ბზარები მთელდება, ძალიან გაცხარდნენ.
2. ყველა ერთად შეითქვა იერუსალიმზე გასალაშქრებლად და ზიანის მისაყენებლად.
3. მაგრამ ჩვენ ვევედრებოდით ჩვენ ღმერთს და მათ წინააღმდეგ დაცვა გვეყენა დღედაღამ მათგან თავის დასაცავად.

ფსალმუნი 82
6. მოითათბირეს ერთსულოვნად, შენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა;
7. ედომელთა ბანაკებმა და ისმაელიანებმა, მოაბმა და აგარის ნაშიერმა;

გოდება იერემიასი 1
7. გაიხსენა იერუსალიმმა თავისი ტანჯვისა და დევნილობის დღეებში თავისი განძი, ძველად ნაქონი; რომ დაეცა მისი ხალხი მცტრის ხელით და არავინ არის მისი მშველელი; შეჰყურებენ მას მტრები და საცინლად იგდებენ მის შაბათებს.

გალატელთა 4
29. და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულიერს, ასევე ახლაც.
30. მაგრამ რას ამბობს წერილი? „განდევნე მხევალი თავისი ძითურთ, ვინაიდან ძე მხევლისა ვერ იქნება თავისუფლის ძის თანამემკვიდრე“.