1 .
გაიარეს ამფიპოლი და აპოლონია და თესალონიკეს მიადგნენ, სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო.
2 .
პავლე, როგორც სჩვეოდა, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან;
3 .
უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო, და ეს ქრისტე სწორედ იესოა, მე რომ გახარებთო.
4 .
ზოგმა ირწმუნა და პავლესა და სილას შეუერთდა, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი, რომელთა შორისაც წარჩინებული ქალებიც არ იყვნენ ცოტანი.
5 .
იუდევლებს შეშურდათ, ვიღაც უკეთური კაცები მოიყვანეს ბაზრიდან, შეყარეს ბრბო და აშფოთებდნენ ქალაქს; მიადგნენ იასონის სახლს და შეეცადნენ ხალხის წინაშე გამოეყვანათ ისინი.
6 .
რომ ვერ მიაგნეს, ქალაქის მთავრებთან წაათრიეს იასონი და ზოგიერთი ძმა და ყვიროდნენ: "აქაც მოვიდნენო ქვეყნიერების ამრევ-დამრევნი,
7 .
იასონმა შეიფარა ისინი, თუმცა ყველანი ეურჩებიან კეისრის ბრძანებებს და სხვას აღიარებენ მეფედ, იესოს!”
8 .
აღაშფოთეს ხალხი და ამის მომსმენი ქალაქის თავნი.
9 .
მაგრამ მიიღეს სათავდებო იასონისგან და სხვათაგან, და გაუშვეს ისინი.
10 .
ძმებმა იმავე ღამით გაისტუმრეს პავლე და სილა ბერეაში, სადაც ჩავიდნენ თუ არა, იუდეველთა სინაგოგაში შევიდნენ.
11 .
ესენი უფრო კეთილშობილნი აღმოჩნდნენ, ვიდრე თესალონიკელნი, მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე წერილებს არჩევდნენ, ნამდვილად ასე თუ არისო.
12 .
ბევრმა ირწმუნა მათგან, წარჩინებულმა ბერძენმა ქალებმაც და კაცებმაც, არამცირედმა.
13 .
მაგრამ, როცა თესალონიკელმა იუდევლებმა შეიტყვეს, პავლე ბერეაშიც ქადაგებსო ღვთის სიტყვას, იქაც მივიდნენ და ააღელვეს და ააშფოთეს ხალხი.
14 .
ძმებმაც მყისვე გაგზავნეს პავლე ზღვისკენ; სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ.
15 .
გამცილებლებმა ათენამდე მიიყვანეს პავლე; მიიღეს ბრძანება სილას და ტიმოთეს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მისულიყვნენ მასთან, და გამობრუნდნენ.
16 .
სანამ პავლე ათენში ელოდა მათ, მისი სული აღაშფოთა ამ კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ.
17 .
ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდევლებს და მომსახურეთ და იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე.
18 .
ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი დაუწყო მას; ზოგი კითხულობდა, მაინც რისი თქმა სურსო ამ მოლაყბეს; სხვები ამბობდნენ, ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებსო, რაკი იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.
19 .
მიიყვანეს არეოპაგში და უთხრეს: "შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რა არის ეს ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ?
20 .
რაღაც უცნაურს ასმენ ჩვენს ყურებს. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს?”
21 .
ყველა ათენელს, ისევე როგორც სტუმრადმყოფ უცხოელს, ისე არაფერი ეხალისებოდა, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა.
22 .
პავლე დადგა არეოპაგის შუაში და თქვა: "კაცნო ათენელნო, ყველაფერში გატყობთ, რომ ძალიან მორწმუნენი ხართ;
23 .
რადგან, როცა გავიარე და თქვენი სათაყვანო ადგილები დავათვალიერე, ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: "უცნობ ღმერთს!” მეც მას გიქადაგებთ, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით.
24 .
ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა, უფალი ცისა და მიწისა, ხელით აგებულ ტაძარში არ მკვიდრობს,
25 .
არც ადამიანთა სამსახურს მოითხოვს, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს; იგი თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
26 .
ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ; წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები,
27 .
რათა ეძიათ ღმერთი. ეგებ ეგრძნოთ იგი და ეპოვათ, თუმცა შორს როდია თითოეული ჩვენგანისგან.
28 .
რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ. როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა, ჩვენ მისი მოდგმა ვართო!
29 .
და რაკი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ან ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოქანდაკებულს.
30 .
ამგვარად, ღმერთმა უგულებელჰყო უმეცრების ჟამი და ახლა მოუწოდებს ადამიანებს, ყველას, ყველგან, რომ მოინანიონ.
31 .
რადგან მან დაადგინა დღე, როცა განიკითხავს ქვეყნიერებას სიმართლით, წინასწარ დადგენილი კაცის მეშვეობით; და ყველას მისცა მოწმობა, მკვდრეთით აღადგინა რა იგი”.
32 .
მკვდართა აღდგომაზე რომ გაიგონეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ, ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთო.
33 .
ასე გამოვიდა პავლე მათგან.
34 .
ხოლო ზოგიერთნი შეუერთდნენ და ირწმუნეს; მათ შორის დიონისე არეოპაგელი და დედაკაცი, სახელად დამარისი, და სხვებიც მათთან ერთად.