1 .
ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს, უგუნური კი საკუთარი ხელით ანგრევს.
2 .
სწორი გზით მავალს უფლის შიში აქვს, გზამრუდეს კი სძულს იგი.
3 .
სულელის პირში სიამაყის წკეპლაა, ბრძენთ კი თავისი ბაგენი იცავენ.
4 .
სადაც ხარები არ არის, იქ ბაგაც ცარიელია; დიდი მოსავალი ხარის ძალით მოდის.
5 .
სარწმუნო მოწმე არ იცრუებს, ცრუ მოწმე კი ტყუილებს აღმოისუნთქავს.
6 .
დამცინავი სიბრძნეს ეძებს და ვერ პოულობს, გონიერს კი უადვილდება ცოდნა.
7 .
ბრიყვ კაცს განერიდე, რადგან ვერ ჰპოვებ ცოდნას მის ბაგეზე.
8 .
წინდახედულის სიბრძნე თავისი გზის შეცნობაშია, ბრიყვთა სიბრიყვე კი - საკუთარი თავების მოტყუებაში.
9 .
ბრიყვნი იცინიან ცოდვაზე, წრფელთა შორის კი უფლის სიკეთეა.
10 .
მხოლოდ გულმა იცის თავისი სიმწარე, უცხო მის სიხარულს ვერ იზიარებს.
11 .
ბოროტეულთა სახლი განადგურდება, წრფელთა კარავი კი აყვავდება.
12 .
არის გზა, რომელიც სწორი ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილის გზაა.
13 .
სიცილის დროსაც კი წუხს გული და შესაძლოა, მხიარულება წუხილით დაბოლოვდეს.
14 .
გულმრუდი კაცი თავისი გზებით გაძღება, კეთილი კი - თავისი გზებით.
15 .
გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯებს.
16 .
ბრძენი შიშობს და ერიდება ბოროტებას, ბრიყვი კი თავგასული და თავდაჯერებულია.
17 .
გულფიცხი უგუნურად მოქმედებს, ავისმზრახველი კაცი შეძულებულია.
18 .
გულუბრყვილო სიბრიყვეს დაიმკვიდრებს, საზრიანი კი ცოდნით არის დაგვირგვინებული.
19 .
ბოროტეულნი კეთილთა წინაშე მოიდრიკებიან, უკეთურნი კი მართლის კარიბჭეებთან.
20 .
ღარიბი თავისი მოყვასისთვისაც კი საძულველია, მდიდრის მოყვარული კი მრავალია.
21 .
თავისი მოყვასის მოძულე სცოდავს, ღარიბთა მწყალობელი კი ნეტარია.
22 .
განა გზააბნეულნი არ არიან სიავის მზრახველნი? კეთილგამზრახველთ კი სიკეთე და ჭეშმარიტება მოსავთ.
23 .
ყოველგვარ შრომას მოგება მოაქვს, ფუჭ სიტყვებს კი მხოლოდ - სიღარიბე.
24 .
ბრძენკაცთა გვირგვინი მათი სიმდიდრეა, ბრიყვთა სამკაული კი უგუნურებაა.
25 .
ჭეშმარიტი მოწმე სიცოცხლეს იხსნის, ტყუილის მოლაპარაკე კი მოღალატეა.
26 .
უფლის შიში მტკიცე სიმაგრეა; თავშესაფარია იგი შენთვის და შენი შვილებისთვის.
27 .
უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახეთაგან გამომხსნელი.
28 .
ხალხის სიმრავლე მეფის დიდებაა, მათი სიმცირე კი მთავრის დაქცევაა.
29 .
რისხვაში ნელი დიდად გონიერია, ფიცხი კი სიბრიყვეს ავლენს.
30 .
მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობა.
31 .
ღარიბის მჩაგვრელი გმობს თავის შემოქმედს, ღატაკის მწყალობელი კი მისი პატივისმცემელია.
32 .
უკეთური თავისი ბოროტების გამო დაემხობა, მართალი კი სიკვდილშიც თავშესაფარს ჰპოვებს.
33 .
გონიერი კაცის გულში სიბრძნეა დავანებული, ბრიყვთა შორისაც კი საცნაურია იგი.
34 .
სიმართლე აღაზევებს ერს; ცოდვა კი ხალხთა სირცხვილია.
35 .
გონიერ მონას მეფის კეთილგანწყობა აქვს, მის შემარცხვენელს კი რისხვა ეწევა.