1 . დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას, შეიკრიბნენ აჰარონთან და უთხრეს: "ადექი, გაგვიკეთე ღმერთი, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან არ ვიცით, რა შეემთხვა იმ კაცს, მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან”.
2 . უთხრა მათ აჰარონმა: "ჩამოხსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ძეებსა და ასულებს და მოიტანეთ ჩემთან”.
3 . და ჩამოიხსნა მთელმა ხალხმა ოქროს საყურეები ყურებიდან და მიუტანეს აჰარონს.
4 . აიღო მათი ხელიდან აჰარონმა, გამოკვეთა საჭრეთელით დარიჯაგი და ხბო ჩამოასხა. თქვეს: "ესაა შენი ღმერთი, ისრაელო, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანა”.
5 . ეს რომ დაინახა აჰარონმა, სამსხვერპლო ააგო მის წინ და თქვა: "უფლის დღესასწაულია ხვალ!”
6 . ადგნენ მეორე დღეს დილაადრიანად, სრულადდასაწველი შესწირეს და სამშვიდობო მსხვერპლიც მიიტანეს; დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად, მერე ადგნენ და გამართეს ცეკვა-თამაში.
7 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩადი ძირს, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან.
8 . მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე: ხბო ჩამოასხეს, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ, ამბობენ: ეს არისო შენი ღმერთი, ისრაელ, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან”.
9 . უთხრა უფალმა მოსეს: "ვხედავ ამ ხალხს და აჰა, ქედმაგარი ხალხია.
10 . ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და მოვსპო, შენ კი დიდ ერად გაქცევ”.
11 . შეევედრა მოსე უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: "რად უნდა აინთოს შენი რისხვა შენს ხალხზე, რომელიც დიადი ძალითა და მაგარი ხელით გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან?
12 . რად უნდა ილაპარაკონ ეგვიპტელებმა: ბოროტი განზრახვით გაიყვანაო ისინი, მთებში დასახოცად და მიწის პირიდან აღსაგველად? დაიცხრე მგზნებარე რისხვა და გადაიფიქრე შენი ხალხის დაღუპვა.
13 . გაიხსენე აბრაჰამი, ისაკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შენი თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებო თქვენს შთამომავლობას და მთელ იმ ქვეყანას, რომელზეც ვთქვი, მივცემ თქვენს თესლს და დაიმკვიდრებენ სამარადისოდ”.
14 . გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება, რომლის გაკეთებასაც უპირებდა თავის ხალხს.
15 . პირი იბრუნა მოსემ და ჩავიდა მთიდან; ორივე მხრიდან ნაწერი, მოწმობის ორი ქვის დაფა ეჭირა ხელში; აქეთაც და იქითაც წარწერები ჰქონდა.
16 . ღვთის ნაკეთები იყო ეს დაფები, წარწერაც ღვთისა იყო, დაფებზე ამოკვეთილი.
17 . მოესმა იეშუას ხალხის მშფოთვარე ხმა და უთხრა მოსეს: "ბრძოლის ხმაა ბანაკში”.
18 . უთხრა მოსემ: "არც გამარჯვების ყიჟინაა ეს და არც დამარცხების გოდების ხმა: ლხინის ხმა მესმის მე”.
19 . ბანაკს რომ მიუახლოვდა, დაინახა ხბო და მოცეკვავენი, აინთო მოსე რისხვით, მოისროლა ხელიდან ქვის დაფები და დაამსხვრია მთის ძირას.
20 . აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა და ნაცარტუტად აქცია, მოაბნია წყლის ზედაპირზე და ისრაელიანებს ასვა.
21 . უთხრა მოსემ აჰარონს: "რა დაგიშავა ამ ხალხმა, ასეთი დიდი ცოდვა რომ მოაწიე მასზე?”
22 . უთხრა აჰარონმა: "ნუ აინთება ჩემი ბატონის რისხვა: შენ იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი.
23 . მითხრეს: გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, რომელიც ივლის ჩვენს წინ, რადგან არ ვიცით რა დაემართა მოსეს, კაცს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.
24 . ვუთხარი: ვისაც აქვს ოქრო, ჩამოიხსნას და მომცეს; ცეცხლში ჩავყარე და ეს ხბო გამოვიდა”
25 . იხილა მოსემ, რომ თავაშვებულია ეს ხალხი, რადგან ააშვებინა თავი აჰარონმა, მტერთაგან გასაქირდად.
26 . დადგა მოსე ბანაკის შესასვლელთან და თქვა: "ვინც უფლისაა - ჩემკენ!” და შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე.
27 . უთხრა მათ: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი და ნათესავმა ნათესავი”.
28 . მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევის ძენი: სამი ათასამდე კაცი დაეცა იმ დღეს ხალხიდან;
29 . უთხრა მათ მოსემ: "მიუძღვენით დღეს თავები უფალს, რადგან თითოეულმა თავის ძეზე და ძმაზე აღმართა ხელი, რათა კურთხევა გადმოვიდეს თქვენზე”.
30 . უთხრა ხალხს მოსემ მეორე დღეს: "დიდი ცოდვა ჩაიდინეთ; ახლა ავალ უფალთან, ეგებ გაპატიოთ მან თქვენი ცოდვა”.
31 . დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: "დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთი გაიკეთა.
32 . ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, მეც ამომშალე წიგნიდან, შენ რომ დაწერე”.
33 . უთხრა უფალმა მოსეს: "ვინც შესცოდა ჩემს წინაშე, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან.
34 . ახლა წადი, გაუძეხი ხალხს იქით, საითაც გითხარი; აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ; მონახულების დღეს მოვკითხავ მათ ცოდვებს”.
35 . და მოსრა უფალმა ხალხი ჩადენილის გამო - ხბოსათვის, რომელიც გააკეთა აჰარონმა.
1 . ჩავიდა სამსონი ღაზაში, ნახა იქ ერთი მეძავი ქალი და შევიდა მასთან.
2 . შეატყობინეს ღაზელებს: "სამსონი ჩამოსულა აქ”. და გარს უვლიდნენ და მთელი ღამე დარაჯობდნენ ქალაქის კარიბჭესთან, ჩასაფრებულნი იყვნენ და ამბობდნენ: "ინათებს თუ არა მოვკლავთ”.
3 . შუაღამემდე ეძინა სამსონს, შუაღამით ადგა, ხელი ჩაავლო ქალაქის კარიბჭის ორივე სვეტს და ურდულიანად ამოგლიჯა, გაიდო მხარზე და ხებრონის გადაღმა მთის წვერზე აიტანა.
4 . ამის შემდეგ ერთი ქალი შეიყვარა სორეკის ხეობაში, სახელად დალილა.
5 . მიადგნენ ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: "აცდუნე და ათქმევინე, საიდან აქვს ეს დიდი ძალა და რა უნდა ვიღონოთ მის შესაკრავად, რომ დავიმორჩილოთ; სამაგიეროდ თითოეული ჩვენგანი ვერცხლის ათას ას შეკელს მოგცემს”.
6 . უთხრა სამსონს დალილამ: "გთხოვ, მითხარი, საიდან გაქვს ეს დიდი ძალა და რითი უნდა შეგკრას კაცმა, რომ დაგიმორჩილოს?”
7 . უთხრა სამსონმა: "შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარით რომ შემკრან, დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
8 . მიუტანეს დალილას ფილისტიმელმა მთავრებმა შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარი და შეკრა დალილამ სამსონი.
9 . შიდა ოთახებში კი ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული. უთხრა დალილამ სამსონს: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს, სამსონ!” და ისე დაწყვიტა სამსონმა ლარები, როგორც მომწვარი ძენძის ძაფი წყდება ხოლმე. ვერ ამოიცნეს მისი ძალა.
10 . უთხრა დალილამ სამსონს: "აჰა, დამცინე და მომატყუე; ახლა მაინც მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?”
11 . სამსონმა უთხრა: "ახალთახალი, უხმარი თოკებით რომ შემკრან, დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
12 . აიღო დალილამ ახალთახალი, უხმარი თოკები, შეკრა იგი და უთხრა: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს, სამსონ!” შიდა ოთახში კი ხალხი იყო ჩასაფრებული; და ძაფივით შემოიწყვიტა თოკები მკლავებზე.
13 . უთხრა დალილამ სამსონს: "აქამდე ხომ დამცინოდი და მატყუებდი; მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?” უთხრა სამსონმა: "თუ ჩემი თმის შვიდ ნაწნავს საძახველს ჩააგრეხ, მაშინ დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
14 . ეძინა სამსონს, ადგა დალილა და მისი შვიდი ნაწნავი საძახავს ჩააგრიხა, პალოზე მიაბა და ხმამაღლა დაიძახა: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს, სამსონ!” გამოეღვიძა სამსონს და მოგლიჯა საძახავის პალოცა და ნაძახიც.
15 . უთხრა დალილამ: "როგორღა მეუბნები, მიყვარხარო, თუ შენი გული ჩემთან არ არის? აი, სამჯერ დამცინე და არ მითხარი, საიდან გაქვს ეგ დიდი ძალა”.
16 . რაკი ყოველდღე ამ სიტყვებით ჩასჩიჩინებდა და ეხვეწებოდა, სასიკვდილოდ შეუწუხა სული.
17 . გაუმხილა ყველაფერი, რაც გულში ჰქონდა. უთხრა მას: "სამართებელი არ შემხებია თავზე, დედაჩემის მუცლიდანვე ღვთის მოწმიდარი ვარ, თავი რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება, დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
18 . იხილა დალილამ, რომ გული გადაუხსნა; მოუხმო ფილისტიმელთა მთავრებს და უთხრა: "ერთხელ კიდევ ამოდით, რადგან ყველაფერი გამიმხილა, რაც გულში ჰქონდა”. ავიდნენ ფილისტიმელთა მთავრები და ვერცხლიც აუტანეს საკუთარი ხელით.
19 . კალთაში ჩააძინა სამსონი დალილამ, კაცი იხმო და მისი თმის შვიდივე ნაწნავი მოაპარსვინა; იწყო სამსონმა დაკნინება, და გამოეცალა ძალა.
20 . თქვა დალილამ: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს სამსონ!” გაიღვიძა და თქვა: "წინანდებურად გავალ და დავიხსნი თავს”. არ იცოდა, რომ განშორდა უფალი.
21 . შეიპყრეს ფილისტიმელებმა და დასთხარეს თვალები. ჩაიყვანეს ღაზაში, სპილენძის ჯაჭვებით შეკრეს და ფქვავდა იგი საპყრობილეში.
22 . ამასობაში წამოზრდა იწყო მისმა თმამ, მას შემდეგ, რაც გაპარსულ იქნა.
23 . შეიკრიბნენ ფილისტიმელთა მთავრები, რათა ემხიარულათ და დიდი მსხვერპლი შეეწირათ დაგონისთვის, თავიანთი ღმერთისთვის, ამბობდნენ: "ხელში ჩაგვიგდო ჩვენმა ღმერთმა სამსონი, ჩვენი მტერი”.
24 . და რა იხილა ხალხმა იგი, განადიდა თავისი ღმერთი და თქვა: "ხელში ჩაგვიგდო ჩვენმა ღმერთმა ჩვენი მტერი და ჩვენი ქვეყნის ამაოხრებელი, რომელმაც მრავალი ჩვენგანი მოსრა”.
25 . და როცა გუნებაზე მოვიდნენ, თქვეს: "მოუხმეთ სამსონს, რომ გაგვართოს”. და გამოიყვანეს სამსონი საპყრობილედან, სვეტებს შორის დააყენეს და ამ სანახაობით ერთობოდნენ.
26 . უთხრა სამსონმა ჭაბუკს, რომელსაც ხელჩაკიდებული დაჰყავდა: "იმ სვეტებზე დამადებინე ხელი, რომლებზედაც სახლი დგას, რომ მივეყუდო”.
27 . სახლი კაცებითა და ქალებით იყო სავსე, ფილისტიმელთა ყველა მთავარი იქ იყო თავმოყრილი, სამი ათასამდე კაცი და ქალი ერდოზე იყო გასული და სამსონის ყურებით ერთობოდნენ.
28 . მოუხმო სამსონმა უფალს და თქვა: "უფალო ღმერთო, ხელახლა გამიხსენე და ერთხელ კიდევ გამაძლიერე, ღმერთო! ერთბაშად რომ ვიძიო შური ფილისტიმელებზე ჩემი ორი თვალის გამო”.
29 . და მოეჭიდა სამსონი ორ შუათანა სვეტს, რომლებზეც სახლი იდგა, ერთს მარჯვენა ხელი მიაყრდნო, მეორეს მარცხენა.
30 . თქვა სამსონმა: "დაე, მოვკვდე ფილისტიმელებთან ერთად!” და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და შიგმყოფ ხალხს; და დახოცილები, სამსონმა რომ დახოცა თავისი სიკვდილისას, იმაზე მეტნი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დახოცილი.
31 . ჩავიდნენ მისი ძმები და მამამისის მთელი სახლეული, წამოასვენეს და დამარხეს იგი ცორყასა და ეშთაოლს შორის, მამამისის, მანოახის სამარხში. ოც წელს განსჯიდა სამსონი ისრაელს.
1 . ავიდა ბოყაზი ქალაქის კარიბჭესთან და იქ ჩამოჯდა. აჰა, უნდა ჩაიაროს იმ ახლო ნათესავმა, ვისზეც ლაპარაკობდა ბოყაზი; და უთხრა მას: "მოდი - სახელით მოუხმო - აქ ჩამოჯექი,” ისიც მივიდა და ჩამოჯდა.
2 . მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან და უთხრა მათ: "დასხედით აქ”. ისინიც დასხდნენ.
3 . უთხრა ნათესავს: "მოაბის ველიდან დაბრუნებული ნაყომი, მინდვრის ნაკვეთს ჰყიდის, რომელიც ჩვენს ძმას - ელიმელექს ეკუთვნოდა.
4 . ვიფიქრე, შემეტყობინებინა შენთვის ეს ამბავი და მეთქვა: იყიდე ეს ნაკვეთი აქ მსხდომთა და ჩემი ხალხის უხუცესთა წინაშე. თუ გამოისყიდი, გამოისყიდე და თუ არ გამოისყიდი, მითხარი, რადგან არავის არა აქვს უფლება ის ნაკვეთი შენზე წინ გამოისყიდოს, შენ შემდეგ კი მე ვარ”. უთხრა მას ნათესავმა: "თანახმა ვარ, გამოვისყიდი”.
5 . თქვა ბოყაზმა: "როცა ნაყომის ხელიდან მინდორს იყიდი, გარდაცვლილი კაცის ცოლი, მოაბელი რუთიც უნდა გამოისყიდო, რომ სახელი აღუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში”.
6 . თქვა იმ ნათესავმა: "ვერ გამოვისყიდი, ვაითუ დავაქციო ჩემი სამკვიდრო, შენს თავზე აიღე გამოსყიდვის უფლება, მე ვერ გამოვისყიდი”.
7 . იმ დღეებში ასეთი წესი იყო ისრაელში: ყიდვის, გაცვლის ან რაიმე საქმის დადასტურების დროს, ერთი მათგანი გაიძრობდა ფეხსამოსს და მეორეს მისცემდა. ეს იყო მოწმობის ნიშანი ისრაელში.
8 . უთხრა იმ ნათესავმა ბოყაზს: "შენ იყიდე”. და გაიძრო ფეხსამოსი.
9 . უთხრა ბოყაზმა უხუცესებს და მთელ ხალხს: "მოწმენი ხართ დღეს, რომ მე ვყიდულობ ნაყომის ხელიდან ელიმელექის, ქილიონისა და მახლონის მთელ საბადებელს.
10 . ხოლო მოაბელ რუთს, მახლონის ცოლს, ცოლად გამოვისყიდი, რომ სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში, რათა არ გაქრეს გარდაცვლილის სახელი თავის მოძმეთა შორის და მისი სამკვიდრებლის კარიბჭესთან. ამის მოწმენი ხართ თქვენ დღეს!
11 . უთხრეს ქალაქის კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესობამ: "მოწმენი ვართ! უფლის მიერ იყოს შენს სახლში შემომავალი ქალი, როგორც რახელი და როგორც ლეა, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი; შეგძინოს სიმდიდრე ეფრათში და სახელი გაგითქვას ბეთლემში!
12 . იყოს შენი სახლი, ფერეცის სახლივით, რომელიც თამარმა უშვა იუდას, იმ თესლიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილქალისგან”.
13 . წაიყვანა ბოყაზმა რუთი და გახდა იგი მისი ცოლი; შევიდა მასთან და მისცა მას უფალმა ორსულობა და შვა ძე.
14 . დედაკაცებმა უთხრეს ნაყომის: "კურთხეულია უფალი, რომელმაც არ დაგტოვა უმემკვიდრეოდ! სახელოვანი იყოს იგი ისრაელში!
15 . სიცოცხლეს განგიახლებს და მარჩენლად გეყოლება სიბერეში, რადგან შენმა საყვარელმა რძალმა, რომელიც შვიდ ვაჟიშვილს გირჩევნია, გიშვა იგი”.
16 . აიყვანა ნაყომიმ ბავშვი, კალთაზე დაიწვინა და გახდა მისი გამდელი.
17 . სახელი მეზობელმა ქალებმა დაარქვეს, თქვეს: "ძე შეეძინა ნაყომის”. და დაარქვეს სახელად ყობედი. ის იყო მამა იესესი, დავითის მამისა.
18 . აი, ფერეცის შთამომავლობა: ფერეცმა შვა ხეცრონი,
19 . ხეცრონმა შვა რამი, რამმა შვა ყამინადაბი,
20 . ყამინადაბმა შვა ნახშონი, ნახშონმა შვა სალმონი,
21 . სალმონმა შვა ბოყაზი, ბოყაზმა შვა ყობედი,
22 . ყობედმა შვა იესე და იესემ შვა დავითი.
1 . აღრიცხა დავითმა მასთან მყოფი ხალხი და დაუდგინა ათასისთავები და ასისთავები.
2 . გაგზავნა დავითმა ხალხის მესამედი და იოაბს ჩააბარა, მესამედი - აბიშაი ცერუიას ძეს, იოაბის ძმას და მესამედი - ითაი გითელს. უთხრა მეფემ ხალხს: "მეც თქვენთან ერთად გამოვალ”.
3 . უპასუხა ხალხმა მეფეს: "არ უნდა გამოხვიდე, რადგან ჩვენ თუ გავიქცევით, ყურადღებას არავინ მოგვაქცევს, ნახევარიც რომ გავწყდეთ, არც მაშინ აღელდებიან, რადგან, შენ ერთი, ათიათას ჩვენნაირს უტოლდები. ამიტომ გვიჯობს, ქალაქიდან შეგვეწიო”.
4 . მიუგო მეფემ: "როგორც თქვენ გინდათ, ისე მოვიქცევი”. კარიბჭესთან დადგა მეფე, მთელი ხალხი კი ასეულებად და ათასეულებად დაწყობილი გავიდა.
5 . უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაისა და ითაის: "დაზოგეთ ყმაწვილი აბესალომი!” მთელმა ხალხმა გაიგონა, რაც უბრძანა მეფემ სარდლებს აბესალომის შესახებ.
6 . გავიდა ხალხი ისრაელის წინააღმდეგ ველზე და გაიმართა ბრძოლა ეფრემის ტყეში.
7 . დამარცხდა ისრაელი დავითის მსახურებთან; დიდი ჟლეტა იყო იმ დღეს, ოცი ათასი კაცი დაეცა.
8 . მთელ იმ მხარეში განივრცო ბრძოლა; ტყემ კიდევ უფრო მეტი ხალხი მოსრა, ვიდრე მახვილმა იმ დღეს.
9 . შეეჩეხა აბესალომი დავითის მსახურებს. ჯორზე იჯდა აბესალომი. დიდი მუხის ხშირი ტოტების ქვეშ გარბოდა ჯორი; წამოედო აბესალომის თმები მუხას და ჩამოეკიდა ცასა და დედამიწას შორის, ხოლო მის ქვეშ მყოფმა ჯორმა გაიარა და გაიქცა.
10 . დაინახა ეს ერთმა კაცმა და უთხრა იოაბს: "მუხაზეა აბესალომი ჩამოკიდებული”.
11 . მიუგო იოაბმა კაცს, რომელმაც ამბავი მიუტანა: "თუ დაინახე, იქვე რატომ არ მოკალი? ვერცხლის ათ შეკელსა და ერთ სარტყელს მოგცემდი”.
12 . უპასუხა იმ კაცმა იოაბს: "ვერცხლის ათასი შეკელიც რომ ჩაგეთვალა ხელში, მაინც არ აღვმართავდი ხელს მეფისწულზე, რადგან ჩვენს გასაგონად გიბრძანათ მეფემ შენ, აბიშაისა და ითაის: დაზოგეთო ყმაწვილი აბესალომი.
13 . კიდეც რომ ჩამედინა ეს უმართლობა, მაინც არ დაიფარებოდა ეს მეფისგან და შენც განზე გადგებოდი”.
14 . მიუგო იოაბმა: "ტყუილად ვკარგავ შენთან დროს!” აიღო სამი ისარი და შიგ გულში გაუყარა აბესალომს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი ეკიდა მუხაზე.
15 . გარშემოერტყა აბესალომს ათი ჭაბუკი, იოაბის საჭურველთმტვირთველები, და განგმირეს აბესალომი.
16 . ჩაჰბერა იოაბმა საყვირს და უკან გამობრუნდა ისრაელს დადევნებული ხალხი, რადგან შეიწყალა ისინი იოაბმა.
17 . აიღეს აბესალომი და ტყეში, დიდ ორმოში ჩააგდეს და ზედ ქვების დიდი გროვა აღმართეს. მერე თავ-თავის კარვებში მიმოიფანტა მთელი ისრაელი.
18 . თავის სიცოცხლეშივე დაიდგა აბესალომმა სვეტი სამეფო ველზე, რადგან ამბობდა: ძე არ მყავს, რომ ჩემი სახელი მოიხსენიოსო; და უწოდა იმ სვეტს თავისი სახელი, დღემდე აბესალომის ძეგლად იწოდება იგი.
19 . და უთხრა იოაბს ახიმაყაც ცადოკის ძემ: "გავიქცევი და ვაუწყებ მეფეს, რომ იხსნა იგი მტრის ხელიდან უფალმა”.
20 . მიუგო იოაბმა: "ვერ იქნები დღეს კეთილის მაუწყებელი, სხვა დღეს ახარე. დღეს კი ვერ მიიტან ამბავს, რადგან მოკვდა მეფისწული”.
21 . უთხრა იოაბმა ერთ ქუშელს: "წადი, უამბე მეფეს, რაც იხილე”. თაყვანისცა ქუშელმა იოაბს და გაიქცა.
22 . კვლავ მიმართა ახიმაყაც ცადოკის ძემ იოაბს: "რაც უნდა მოხდეს, მეც გავიქცევი ქუშელის უკან”. უპასუხა იოაბმა: "შვილო, რად უნდა გაიქცე, კარგ ამბავს ვერ მიიტან”.
23 . დაიჟინა ახიმაყაცმა: "რაც უნდა მოხდეს, გავიქცევი!” და დათანხმდა იოაბი: "გაიქეცი”. გაიქცა ახიმაყაცი იორდანეს დაბლობის გზით და გაუსწრო ქუშელს.
24 . იჯდა დავითი ორ კარიბჭეს შორის. ავიდა გუშაგი გალავნის კარიბჭეზე ერდოსკენ, აღაპყრო თვალები და ხედავს, კაცი მორბის მარტო.
25 . შესძახა გუშაგმა და შეატყობინა მეფეს. თქვა მეფემ: "თუ მარტოა, კარგი ამბავი ექნება”. მორბენალი სულ უფრო ახლოვდებოდა.
26 . დაინახა გუშაგმა სხვა მორბენალი კაციც და უთხრა მეკარეს: "კიდევ ერთი კაცი მორბის”. თქვა მეფემ: "მასაც კარგი ამბავი ექნება”.
27 . თქვა გუშაგმა: "სირბილით ვცნობ, პირველი ახიმაყაც ცადოკის ძე უნდა იყოს”. თქვა მეფემ: "კარგი კაცია და კარგის საუწყებლადაც უნდა მორბოდეს!”
28 . შესძახა ახიმაყაცმა მეფეს: "მშვიდობა!” თაყვანისცა მიწამდე და უთხრა: "კურთხეულია უფალი, ღმერთი შენი, ხელში რომ ჩაგიგდო ხალხი, რომელმაც ხელი აღმართა ჩემს მეფე-ბატონზე!”
29 . ჰკითხა მეფემ: "ხომ მშვიდობითაა ჭაბუკი აბესალომი?” უთხრა ახიმაყაცმა: "დიდი ჩოჩქოლი შევნიშნე, როცა იოაბი შენს მსახურს აგზავნიდა, ოღონდ არ ვიცი, რა ხდებოდა”.
30 . უთხრა მეფემ: "განზე გადი და იქ დადექი”. ისიც განზე გავიდა და დადგა.
31 . აჰა, მოვიდა ქუშელიც; თქვა: "ეუწყოს კეთილი ამბავი მეფეს, ჩემს ბატონს, რადგან უფალმა თავისი სამართლით გიხსნა დღეს ყოველი ამბოხებულის ხელიდან”.
32 . ჰკითხა მეფემ ქუშელს: "მშვიდობითაა ჭაბუკი აბესალომი?” მიუგო ქუშელმა: "ისე გახდნენ მეფის, ჩემი ბატონის მტრები და ყოველი, ვინც შენს წინააღმდეგ აღდგა, როგორც ის ჭაბუკია!”
33 . შეძრწუნდა მეფე. კარიბჭის ერდოზე ავიდა და თან მოსთქვამდა: "შვილო, აბესალომ! შვილო, აბესალომ! ნეტავ მე მოვმკვდარიყავი შენს მაგიერ! შვილო, აბესალომ! შვილო!”
1 . სამ წელს არ უომიათ ერთმანეთთან არამსა და ისრაელს.
2 . მესამე წელს ჩამოვიდა იოშაფატი, იუდას მეფე, ისრაელის მეფესთან.
3 . უთხრა ისრაელის მეფემ თავის მსახურთ: "ნუთუ არ იცით, რომ ჩვენია გილყადის რამოთი? ჩვენ კი არ ვზრუნავთ, რომ გამოვაცალოთ იგი არამელთა მეფეს ხელიდან”.
4 . ჰკითხა იოშაფატს: "წამოგვყვები გილყადის რამოთს საბრძოლველად?” უპასუხა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: "ერთი ვართ მე და შენ; ჩემი ხალხი - შენი ხალხია, ჩემი ცხენები - შენი ცხენებია,
5 . მაგრამ გთხოვ - უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს - ჯერ უფლის სიტყვას დაეკითხე”.
6 . შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი, ოთხასამდე კაცი, და ჰკითხა მათ: "წავიდე გილყადის რამოთზე საბრძოლველად, თუ დავთმო?” უთხრეს: "წადი და ხელში ჩაუგდებს მეფეს უფალი”.
7 . თქვა იოშაფატმა: "ნუთუ არაა აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხოთ?”
8 . მიუგო ისრაელის მეფემ იოშაფატს: "არის კიდევ ერთი კაცი, მიქა იმლას ძე. შეგვიძლია მას ვაკითხვინოთ უფლისთვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ ბოროტს. უთხრა იოშაფატმა: "ასე ნუ ამბობ, მეფეო”.
9 . მოუხმო ისრაელის მეფემ ერთ საჭურისს და უბრძანა: "სასწრაფოდ მომიყვანე მიქა იმლას ძე”.
10 . თავ-თავის ტახტებზე ისხდნენ ისრაელის მეფე და იუდას მეფე, იოშაფატი; სამეფო ტანსაცმელში გამოწყობილნი, კალოზე, სამარიის კარიბჭესთან; და მათ წინაშე წინასწარმეტყველებდნენ წინასწარმეტყველნი.
11 . რკინის რქები გაიკეთა ციდკია ქენაყანის ძემ და თქვა: "ასე ამბობს უფალი: ამით ურქენ არამელთ, სანამ ბოლომდე არ მოსპობ”.
12 . ყოველი წინასწარმეტყველი ასე წინასწარმეტყველებდა: "გაილაშქრე გილყადის რამოთზე, გაიმარჯვებ და ხელში ჩაუგდებს მეფეს უფალი”.
13 . მოციქულმა, რომელიც მიქას მოსახმობად წავიდა, უთხრა: "აჰა, წინასწარმეტყველნი, როგორც ერთი ისე წინასწარმეტყველებენ, ყველანი გამარჯვებას და კეთილს უქადიან მეფეს; შენი სიტყვაც მათი სიტყვისამებრ იყოს, შენც სასიკეთოდ ელაპარაკე”.
14 . მიუგო მიქამ: "ცოცხალია უფალი, რასაც მეტყვის უფალი, იმას ვილაპარაკებ!”
15 . მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: "მიქა, წავიდეთ გილყადის რამოთზე საბრძოლველად, თუ დავთმოთ?” მიუგო მიქამ: "წადი და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს მას უფალი”.
16 . უთხრა მას მეფემ: "რამდენჯერ დაგაფიცო, რომ არაფერი მითხრა უფლის სახელით, გარდა ჭეშმარიტებისა?”
17 . მიუგო მიქამ: "ფარასავით მთებზე გაბნეული ვნახე მთელი ისრაელი, რომელსაც მწყემსი არ ჰყავდა. თქვა უფალმა: პატრონი არ ჰყავთ, მშვიდობით დაუბრუნდეს თავის სახლს ყოველი”.
18 . უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: "აკი გითხარი, არ მიწინასწარმეტყველებს-მეთქი სასიკეთოს, არამედ მხოლოდ ბოროტს”.
19 . თქვა მიქამ: "ახლა, ისმინე უფლის სიტყვა! ვიხილე თავის ტახტზე მჯდომი უფალი და ცის მთელი ლაშქარი მასთან მდგომი, მის მარჯვნივ და მის მარცხნივ.
20 . თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს ახაბს, რომ წავიდეს და დაეცეს გილყადის რამოთში? ზოგმა ის თქვა, ზოგმა - ეს.
21 . გამოვიდა სული, დადგა უფლის წინაშე და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: როგორ?
22 . უპასუხა: გავალ და მაცდურ სულად ვიქცევი მისი ყოველი წინასწარმეტყველის პირში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და გამოგივა კიდეც; წადი და ასე მოიქეცი.
23 . და აჰა, სიცრუის სული ჩაუდო უფალმა ბაგეში ყველა შენს წინასწარმეტყველს. უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე”.
24 . მივიდა ციდკია ქენაყანის ძე, სახეში გაარტყა მიქას და უთხრა: "როგორ, ნუთუ ჩემგან განვიდა უფლის სული, რომ შენში ელაპარაკა?”
25 . უთხრა მიქამ: "თვითონ დაინახავ იმ დღეს, როცა სამალავს დაუწყებ ძებნას”.
26 . მაშინ ბრძანა ისრაელის მეფემ: "წაიყვანეთ მიქა და ქალაქისთავ ამონსა და უფლისწულ იოაშს მიუყვანეთ.
27 . უთხარით, ასე თქვა-თქო მეფემ: საპყრობილეში ჩასვით და ძღომამდე არ აჭამოთ პური და არ ასვათ წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე”.
28 . უთხრა მიქამ მეფეს: "თუ მშვიდობით დაბრუნდები, უფალს არ ულაპარაკია ჩემი პირით”. და კიდევ თქვა: "ხალხნო, მისმინეთ ყველამ?”
29 . წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატი, იუდას მეფე და გილყადის რამოთზე გაილაშქრეს.
30 . უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: "შევინიღბები და ისე გავალ საბრძოლველად; შენ კი შენი მოსასხამი მოიცვი”. გადაცმული ჩაება ისრაელის მეფე ბრძოლაში.
31 . ასე უბრძანა არამის მეფემ თავისი ეტლების ოცდათორმეტ მხედართმთავარს: "ნურც დიდს შეებრძოლებით და ნურც პატარას, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეუტიეთ”.
32 . როცა დაინახეს ეტლების მხედართმთავრებმა იოშაფატი, იფიქრეს, ნამდვილად ისრაელის მეფეაო და მისკენ მიბრუნდნენ საომრად; და შეჰყვირა იოშაფატმა.
33 . დაინახეს ეტლების მხედართმთავრებმა, რომ არ იყო ისრაელის მეფე და შეწყვიტეს მისი დევნა.
34 . ალალბედზე მოზიდა ერთმა კაცმა მშვილდი და აბჯრის ნაწიბურებს შორის დალახვრა ისრაელის მეფე. უთხრა ახაბმა თავის მეეტლეს: "მობრუნდი და გამიყვანე ბრძოლის ველიდან, ვინაიდან დაჭრილი ვარ”.
35 . გახურდა იმ დღეს ბრძოლა; ეტლში მოუწია მეფეს დგომა არამელთა პირისპირ და მოკვდა საღამოს, რადგან სისხლი სდიოდა ჭრილობიდან.
36 . მზის ჩასვლისას ასეთი ხმა დაირხა ბანაკში: "თითოეული თავის ქალაქს და თითოეული თავის ქვეყანას დაუბრუნდეს!”
37 . მოკვდა მეფე, გადაასვენეს სამარიაში და იქ დაკრძალეს.
38 . გარეცხეს ეტლი სამარიის აუზთან, სადაც მეძავებიც ბანაობდნენ და ძაღლები ლოკავდნენ მის სისხლს უფლის სიტყვისამებრ.
39 . ახაბის დანარჩენი საქმენი და ყოველივე, რაც გააკეთა, სპილოს ძვლის სახლი და ყველა ქალაქი, რომელიც ააშენა, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
40 . მიიძინა ახაბმა თავის მამებთან, მის ნაცვლად კი მისი ძე, ახაზია გამეფდა.
41 . იოშაფატ ასას ძე იუდაზე ისრაელის მეფის, ახაბის მეფობის მეოთხე წელს გამეფდა.
42 . ოცდათხუთმეტი წლისა იყო თავისი გამეფებისას იოშაფატი და ოცდახუთ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო ყაზუბა, შილხის ასული.
43 . მამამისის, ასას გზით დადიოდა იოშაფატი, არ განშორებია მას და მართებულად იქცეოდა უფლის თვალში. თუმცა მაღლობები არ გაუუქმებია, და ხალხი ჯერ კიდევ მაღლობებზე სწირავდა და აკმევდა.
44 . მშვიდობა დაამყარა იოშაფატმა ისრაელის მეფესთან.
45 . იოშაფატის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც აღასრულა და მისი ბრძოლები, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
46 . საკერპოთა მეძავი კაცები კი, რომლებიც მამამისის, ასას დღეებიდან შემორჩა, ამოძირკვა ქვეყნიდან.
47 . მეფე არ იყო მაშინ ედომში; იუდას მეფისნაცვალი მმართველობდა.
48 . ათი სავაჭრო ხომალდი ააგო იოშაფატმა, ოფირიდან ოქროს შემოსაზიდად, მაგრამ ვერ ჩააღწიეს, რადგან დაიმსხვრნენ ყეციონ-გებერში.
49 . მაშინ უთხრა ახაზიამ, ახაბის ძემ, იოშაფატს: ერთად ინაოსნონ ჩემმა და შენმა მსახურებმა გემებზე, მაგრამ არ ინება იოშაფატმა.
50 . მიიძინა იოშაფატმა თავის მამებთან და მათთანვე დაიკრძალა მამამისის, დავითის ქალაქში, მის ნაცვლად კი მისი ძე, იორამი გამეფდა.
51 . სამარიაში კი ახაზია, ახაბის ძე გამეფდა ისრაელზე, იოშაფატის იუდაზე გამეფების მეჩვიდმეტე წელს და ორ წელიწადს მეფობდა ისრაელზე.
52 . ბოროტს სჩადიოდა უფლის თვალში, თავისი დედ-მამისა და იერობყამ ნებატის ძის გზით დადიოდა, რომლებმაც აცდუნეს ისრაელი.
53 . ემსახურებოდა ბაყალს და თაყვანს სცემდა. და ანრისხებდა უფალს, ისრაელის ღმერთს ყველა იმ საქმით, რასაც მამამისი აკეთებდა.
1 . წაიყვანა იუდას მთელმა ხალხმა ყუზია, რომელიც თექვსმეტი წლისა იყო მაშინ და გაამეფეს მამამისის, ამაციას ნაცვლად.
2 . მან ააშენა და დაუბრუნა იუდას ელოთი, მას შემდეგ, რაც მეფემ თავის მამებთან განისვენა.
3 . თექვსმეტი წლისა იყო ყაზარია, როცა გამეფდა და ორმოცდათორმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო იექოლია, იერუსალიმელი.
4 . სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც ამაცია, მამამისი.
5 . ეძიებდა ღმერთს ზაქარიას დღეებში, რომელიც საღვთო ხილვებში იყო განბრძნობილი; ვიდრე უფალს ეძიებდა, ღმერთიც ხელს უმართავდა მას.
6 . გამოვიდა და ებრძოდა ფილისტიმელებს, გაარღვია გათის, იაბნესა და აშდოდის გალავანი. ქალაქები გააშენა აშდოდსა და ფილისტიმში.
7 . შეეწია ღმერთი ყუზიას ფილისტიმელების, გურ-ბაყალში მცხოვრები არაბებისა და მეყუნიმელების წინააღმდეგ;
8 . ხარკს უხდიდნენ ყამონელნი ყუზიას და ეგვიპტემდე განითქვა მისი სახელი, რადგან დიდად გაძლიერდა იგი.
9 . კოშკები ააშენა ყუზიამ იერუსალიმში, კუთხეთა კარიბჭეებზე, ხეობის კარიბჭესა და ყველა კიდეზე და გაამაგრა ქალაქი.
10 . ააშენა კოშკები უდაბნოში და ჭები ამოკვეთა, რადგან დიდძალი საქონელი ყავდა მას ბარსა და ვაკეზე; აგრეთვე მიწათმოქმედნი და მევენახენი - ქარმელის მთებზე, რადგან მიწის მოყვარული იყო.
11 . მებრძოლი ჯარი ჰყავდა ყუზიას; ომში რაზმებად გამოდიოდა, თვლითა და სიის მიხედვით, რომელიც იეყიელ მწერლისა და მაყასეიაჰუ ზედამხედველის ხელით იყო შედგენილი, ხანანიას, მეფის ერთ-ერთი მთავრის ხელმძღვანელობით.
12 . მთელი რიცხვი მამისსახლთა მამაცი მეთაურებისა ორი ათას ექვსასი იყო.
13 . მათ ხელთ სამასშვიდიათას ხუთასიანი ჯარი იყო, რომელიც დიდი თავგამოდებით იბრძოდა მეფის დასახმარებლად მტრების წინააღმდეგ.
14 . გაუმზადა ყუზიამ მთელ ლაშქარს ფარ-შუბი და მუზარადები, აბჯრები, მშვილდი და სატყორცნი ქვები.
15 . გააკეთა იერუსალიმში გამომგონებელთა მიერ გამოგონებული მანქანები, რათა კოშკებსა და კუთხეებზე დაედგა ისრებისა და დიდი ქვების სატყორცნად. შორს განითქვა მისი სახელი, რადგან საკვირველი შეწევნა ჰქონდა, ვიდრე არ გაძლიერდა.
16 . როცა გაძლიერდა, გაუამაყდა გული თავის დასაღუპად, უღალატა უფალს, თავის ღმერთს და სამსხვერპლოზე საკმევად შევიდა უფლის ტაძარში.
17 . უფლის ოთხმოც მამაც მღვდელთან ერთად შეჰყვა მას ყაზარია მღვდელი.
18 . გადაეღობნენ მეფე ყუზიას და უთხრეს: „შენ არ გეკუთვნის, ყუზია, უფლისთვის კმევა, არამედ მღვდლებს, აჰარონის ძეთ, რომლებიც კმევისთვის არიან დადგენილნი; გადი საწმიდრიდან, რადგან უმართლოდ მოიქეცი და არ გექნება პატივი ღვთისგან”.
19 . განრისხდა ყუზია, ხელში კანდელი ეპყრა საკმევლად; აჰა, მღვდლებზე განრისხებისას კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან.
20 . მიუბრუნდნენ მას ყაზარია მღვდელმთავარი და ყოველი მღვდელი და, აჰა, მთელი შუბლი კეთროვანი აქვს. სწრაფად გამოიყვანეს იქიდან. თვითონაც ჩქარობდა, რადგან უფალმა დალახვრა იგი.
21 . სიკვდილის დღემდე კეთროვანი იყო მეფე ყუზია და კეთროვანისთვის გამოყოფილ სახლში იჯდა, რადგან მოკვეთილ იქნა უფლის სახლიდან. მისი ძე იოთამი განაგებდა მეფის სასახლეს და განიკითხავდა ქვეყნის ხალხს.
22 . ყუზიას დანარჩენი საქმენი, პირველიც და უკანასკნელიც, წინასწარმეტყველმა ესაია ამოცის ძემ აღწერა.
23 . განისვენა ყუზიამ თავის მამებთან და საფლავების ველზე დაკრძალეს იგი, რომელიც მეფეთათვის იყო. რადგან ამბობდნენ, კეთროვანიაო. მის ნაცვლად კი იოთამი, მისი ძე გამეფდა.
1 . ერთხელ ნისანის თვეში, მეფე ართახშასთას მეფობის მეოცე წელს, მოართვეს მას ღვინო. ავიღე ეს ღვინო და დავუსხი მეფეს; რაკი სევდიანი არასოდეს ვყოფილვარ მის წინაშე,
2 . მკითხა მეფემ: "რატომ გაქვს სევდიანი სახე, ავად რომ არ ჩანხარ? ეს სხვა არაფერია, თუ არა გულის სევდა!” და ძალზე შევშინდი.
3 . ვუთხარი მეფეს: "იცოცხლოს მეფემ უკუნისამდე! როგორ არ მექნება სევდიანი სახე, როცა ქალაქი, სადაც ჩემი მამების სამარხებია, დანგრეულია და მისი კარიბჭეებიც ცეცხლშია დამწვარი?”
4 . მკითხა მეფემ: "რას ითხოვ?” და ვილოცე ცათა ღმერთის წინაშე.
5 . ვუთხარი მეფეს: "თუ ინებებს მეფე, და თუ შენმა მსახურმა მადლი ჰპოვა შენ წინაშე, მაშინ გამგზავნე იუდაში, ჩემი მამების სამარხების ქალაქში, და თავიდან ავაშენებ მას”.
6 . მითხრა მეფემ, რომელსაც დედოფალი ეჯდა გვერდით: "რამდენი ხანი მოუნდები ამას და როდის დაბრუნდები?” და ინება მეფემ ჩემი გაგზავნა და მეც დავუთქვი დრო.
7 . ვუთხარი: "თუ ინებებს მეფე, წერილები მომცენ მდინარისგაღმელ განმგებლებთან, რათა გზა მომცენ, ვიდრე იუდამდე მივიდოდე.
8 . ერთი წერილი ასაფთან გამატანონ, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე ციხე-სიმაგრის კარიბჭეებისთვის, რომელიც ღვთის სახლთანაა, ასევე ქალაქის კედლისთვის და სახლისთვის, რომელშიც შევალ”. და მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის კეთილი ხელი იყო ჩემზე.
9 . მივედი მდინარისგაღმელ განმგებლებთან და გადავეცი მეფის წერილები. მეფემ ჯარის სარდლები და მხედრები გამომაყოლა.
10 . როდესაც ეს ამბავი სანბალატ ხორონელმა და ტობიამ, ყამონელთა მსახურმა, გაიგეს, დიდად აღშფოთდნენ, რომ კაცი მოვიდა ისრაელის ძეთა საკეთილდღეოდ.
11 . მივედი იერუსალიმში და სამი დღე დავრჩი იქ.
12 . ღამით ავდექი რამდენიმე კაცთან ერთად და არავისთვის მითქვამს, რისი გაკეთება ჩამიდო ჩემმა ღმერთმა გულში იერუსალიმისთვის. არავითარი პირუტყვი არ მყოლია თან გარდა იმისა, რაზეც ვიჯექი.
13 . ღამიანად გავედი ხევის კარიბჭით და გავემართე გველეშაპის წყაროსა და სანაგვის კარიბჭისკენ, დავათვალიერე იერუსალიმის დანგრეული კედლები და ცეცხლში დამწვარი კარიბჭეები.
14 . გავიარე წყაროს კარიბჭისკენ და მეფის აუზისკენ, მაგრამ ადგილი არ აღმოჩნდა იქ, რომ იმ პირუტყვს გაევლო, რაზეც ვიჯექი.
15 . ასე ავუყევი ღამით ხევს და დავათვალიერე კედელი; ისევ უკან გამოვბრუნდი, მივედი ხევის კარიბჭესთან და შინ დავბრუნდი.
16 . ქალაქის მთავრებმა არ იცოდნენ, სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი; არც იუდაელებს, არც მღვდლებს, არც დიდებულებს, არც მთავრებს და არც დანარჩენი საქმის მკეთებელთ ვეუბნებოდი ჯერ რაიმეს.
17 . ბოლოს ვუთხარი: "თქვენ ხედავთ იმ უბედურებას, რომელშიც ვიმყოფებით, როგორ არის იერუსალიმი მოოხრებული და მისი კარიბჭეები ცეცხლით დამწვარი: წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი და ნუღარ ვიქნებით ასე შერცხვენილნი.
18 . და მოვუყევი ჩემი ღმერთის ხელის შესახებ, სასიკეთოდ რომ იდო ჩემზე, აგრეთვე მეფის სიტყვებზე, რომლებიც მითხრა. და თქვეს: "ავდგეთ და ავაშენოთ!” და განიმტკიცეს ხელი კეთილი საქმისთვის.
19 . გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა, ტობიამ, ყამონელთა მსახურმა და არაბმა გეშემმა. დაგვცინეს, აბუჩად აგვიგდეს და თქვეს: "რას სჩადიხართ? მეფეს უჯანყდებით?”
20 . ვუპასუხე მათ: "ცათა ღმერთი მოგვიმართავს ხელს და ჩვენ, მისი მსახურები, ავდგებით და ავაშენებთ! თქვენ კი არა გაქვთ წილი, უფლება და სახსენებელი იერუსალიმში!”
1 . ადგნენ მღვდელმთავარი ელიაშიბი და მისი ძმანი, მღვდლები და ააშენეს ცხვრის კარიბჭე; წმიდა ჰყვეს იგი, კარი ჩაუყენეს და წმიდა ჰყვეს მეას გოდოლამდე და ხანანელის გოდოლამდე.
2 . გვერდით იერიხოელნი აშენებდნენ. ხოლო მათ გვერდით ზაქურ იმრის ძე აშენებდა.
3 . თევზის კარიბჭეს სენაყას ძენი აშენებდნენ; გადახურეს და კარები ჩამოკიდეს თავისი ბოქლომებითა და ურდულებით.
4 . მათ გვერდით კი ურია კოცის ძის შვილი, მერემოთი ამაგრებდა კედელს. მის გვერდით ბერექიაჰუ მეშეზაბელის ძის შვილი, მეშულამი ამაგრებდა, ხოლო მის გვერდით - ცადოკი, ბაყანას ძე.
5 . მათ გვერდით თეკოაყელები ამაგრებდნენ, თუმცა მათი დიდებულები თავს არ იწუხებდნენ თავიანთი უფლის საქმის გამო.
6 . ძველ კარიბჭეს იეჰოიადა ფასეახის ძე და მეშულამ ბესოდეიას ძე ამაგრებდნენ; გადახურეს და ჩამოკიდეს კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით.
7 . მათ გვერდით მელატია გაბაონელი და იადონ მერონოთელი ამაგრებდნენ, გიბაონისა და მიცფას მკვიდრნი, რომლებიც მდინარისგაღმელი განმგებლის მფლობელობაში იყვნენ.
8 . მათ გვერდით ყუზიელ ხარჰაიას ძე, ოქრომჭედელი ამაგრებდა და მის გვერდით კი ანანია, რომელიც ერთ-ერთი მენელსაცხებლის ძე იყო; ფართო კედლამდე აღადგინეს მათ იერუსალიმი.
9 . მის გვერდით რეფაია ხურის ძე ამაგრებდა, იერუსალიმის ნახევაროლქის მთავარი.
10 . მის გვერდით საკუთარი სახლის წინ ამაგრებდა იედაია ხარუმაფის ძე, მის შემდეგ კი - ხატუშ ხაშაბნიას ძე.
11 . მეორე ნაწილი მალქია ხარიმის ძემ და ხაშუბ ფახათ-მოაბის ძემ გაამაგრეს და მათვე შეაკეთეს ღუმელის გოდოლიც.
12 . მის გვერდით იერუსალიმის ნახევაროლქის მთავარმა, შალუმ ჰალოხეშის ძემ გაამაგრა, თვითონ და მისმა ასულებმა.
13 . ხევის კარიბჭე ხანუნმა და ზანოახის მცხოვრებლებმა გაამაგრეს; ააშენეს და ჩამოკიდეს კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით. მათვე ააშენეს ასი წყრთა კედელი ნაგვის კარიბჭემდე.
14 . ნაგვის კარიბჭე ბეთ-ქარემის ოლქის მთავარმა მალქია რეხაბის ძემ გაამაგრა, მან ააშენა იგი და ჩამოკიდა კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით.
15 . წყაროსთვალის კარიბჭე კი მიცფას ოლქის მთავარმა, შალუნ ქოლხოზეს ძემ გაამაგრა; მან ააშენა, გადახურა იგი და ჩამოკიდა კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით. მანვე ააშენა შელახის აუზის კედელი, სამეფო ბაღთან, დავითის ქალაქიდან ჩამომავალ საფეხურებამდე.
16 . მის შემდეგ ბეთცურის ნახევაროლქის მთავარმა ნეემია ყაზბუკის ძემ გაამაგრა, დავითის სამარხის მოპირდაპირე მხარემდე, ხელოვნურ წყალსატევამდე და გმირთა სახლამდე.
17 . მის გვერდით ლევიანები ამაგრებდნენ, რეხუმბანის ძის ხელმძღვანელობით, ხოლო მის გვერდით, კეყილას ოლქის ნახევრის მთავარმა ხაშბაიამ გაამაგრა თავისი ოლქის სახელით.
18 . გვერდით კი მათი ძმები ამაგრებდნენ, ბავაი ხენადადის ძე, კეყილას ნახევაროლქის მთავარი.
19 . მის გვერდით მიცფას ოლქის მთავარი ყეზერ იეშუას ძე ამაგრებდა კედლის ერთ ნაწილს, იარაღის საწყობის ასასვლელამდე, რომელიც კუთხეში იყო.
20 . მის შემდეგ კი მეორე ნაწილს ბარუქ ზაბაის ძე ამაგრებდა გულანთებული, კუთხიდან ელიაშიბ მღვდელმთავრის სახლის შესასვლელამდე.
21 . შემდეგ ურია კოცის ძის შვილი, მერემოთი ამაგრებდა მეორე ნაკვეთს - ელიაშიბის სახლის შესასვლელიდან, ელიაშიბის სახლის ბოლომდე.
22 . შემდეგ შემოგარენში მცხოვრები მღვდლები ამაგრებდნენ.
23 . მათ შემდეგ ბენიამინი და ხაშუბი ამაგრებდნენ თავიანთი სახლის წინ; შემდეგ კი მაყასეია ანანიას ძის ვაჟი ყაზარია ამაგრებდა კედელს თავის სახლთან;
24 . მის შემდეგ ბინუი, ხენადადის ძე ამაგრებდა მეორე ნაკვეთს - ყაზარიას სახლიდან კუთხემდე და მოსახვევამდე.
25 . ფალალ უზაის ძე კუთხისა და გოდოლის პირდაპირ აგებდა კედელს, მეფის ზემო სახლისა და სატუსაღოს ეზოსთან. მის შემდეგ ფედაია ფარყოშის ძე იყო.
26 . ტაძრის მსახურნი, ყოფელში რომ მკვიდრობდნენ, წყლის კარიბჭისა და აღმოსავლეთით, გამოშვერილი გოდოლის წინ ამაგრებდნენ.
27 . მათ შემდეგ თეკოაყელნი ამაგრებდნენ მეორე ნაკვეთს დიდი გამოშვერილი გოდოლის პირდაპირ და ყოფელის კედლამდე.
28 . ცხენთა კარიბჭის ზემოთ მღვდლები ამაგრებდნენ, თითოეული თავისი სახლის წინ.
29 . მათ შემდეგ ცადოკ იმერის ძე ამაგრებდა თავისი სახლის წინ; მის შემდეგ კი შემაყია შექანიას ძე ამაგრებდა, აღმოსავლეთის კარიბჭის გუშაგი.
30 . მის შემდეგ ხანანია შელემიას ძე და ხანუნ ცალაფის მეექვსე ძე ამაგრებდნენ მეორე ნაწილს; მათ შემდეგ მეშულამ ბერექიას ძე ამაგრებდა თავისი საცხოვრებლის წინ.
31 . მის შემდეგ ამაგრებდა მალაქია, ერთ-ერთი ოქრომჭედლის ძე, ნეთინელთა და ვაჭართა სახლამდე, რომელიც სათვალთვალო კარიბჭის პირდაპირ, ზემო მოსახვევთან იყო.
32 . ზემო მოსახვევსა და ცხვართა კარიბჭეს შორის მჭედლები და ვაჭრები ამაგრებდნენ.
1 . და ერთი კაცივით შეიკრიბა მთელი ხალხი იმ მოედანზე, წყლის კარიბჭის წინ რომ იყო, და უთხრეს ეზრა მწიგნობარს, მოეტანა მოსეს რჯულის წიგნი, რომელიც უფალმა მისცა ისრაელს.
2 . მეშვიდე თვის პირველ დღეს გამოიტანა ეზრა მღვდელმა წიგნი კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა: მამაკაცებისგან, დედაკაცებისგან და ყველა იმათგან, ვისაც მოსმენისა და გაგების უნარი შესწევდა.
3 . განთიადიდან შუადღემდე კითხულობდა მოედანზე, რომელიც წყლის კარიბჭის წინ იყო, მამაკაცთა, დედაკაცთა და გამგებთა წინაშე; მთელი ხალხის ყურადღება რჯულის წიგნზე იყო მიპყრობილი.
4 . იდგა ეზრა მწიგნობარი ხის კვარცხლბეკზე, რომელიც ამ ამბის გამო გააკეთეს. გვერდში ედგნენ: მათითია, შემა, ყანაია, ურია, ხილკია და ზაქარია - მარჯვნივ, მარცხნივ კი - ფედაია, მიშაელი, მალქია, ხაშუმი, ხაშბადანა, ზაქარია და მეშულამი.
5 . გახსნა ეზრამ წიგნი მთელი ხალხის თვალწინ, რადგან მთელ ხალხზე მაღლა იდგა იგი; და როდესაც გახსნა, მთელი ხალხი წამოდგა ფეხზე.
6 . და აკურთხა ეზრამ უფალი, დიდებული ღმერთი. მთელი ხალხი კი ხელაპყრობილი პასუხობდა "ამინ! ამინ!” და თაყვანს სცემდა უფალს პირქვე დამხობილი.
7 . იეშუა, ბანი, შერებია, იამინი, ყაკუბი, შაბთაი, ჰოდია, მაყასეია, კელიტა, ყაზარია, იოზაბადი, ხანანი, ფელაია და ლევიანები განუმარტავდნენ ხალხს რჯულს, ხალხი კი იდგა თავის ადგილზე.
8 . გარკვევით კითხულობდნენ ისინი წიგნს, ღმერთის რჯულს, განმარტავდნენ და ხალხიც იგებდა წაკითხულს.
9 . ნეემია განმგებელმა, ეზრა მღვდელმა და მწიგნობარმა და ლევიანებმა, ხალხს რომ მოძღვრავდნენ, უთხრეს მთელ ხალხს: "ეს დღე წმიდაა უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის - ნუ გლოვობთ და ნუ ტირით!” რადგან მთელი ხალხი ტიროდა, რჯულის სიტყვების მოსმენისას.
10 . უთხრა: "წადით, ჭამეთ ცხიმიანი და დალიეთ ტკბილი, ნაწილი კი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არაფერი მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისთვის; ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარული თქვენი ძალაა”.
11 . ლევიანებიც ამშვიდებდნენ მთელ ხალხს ამ სიტყვებით: "დაწყნარდით, რადგან წმიდაა ეს დღე და ნუ ნაღვლობთ”.
12 . წავიდა მთელი ხალხი საჭმელად და სასმელად, წილობების გასაგზავნად და დიდი ზეიმის აღსანიშნავად, ვინაიდან გაიგეს ის სიტყვები, რომლებიც განუცხადეს მათ.
13 . მეორე დღეს ეზრა მწიგნობართან შეიკრიბნენ მთელი ხალხის მამისსახლთა თავკაცები, მღვდლები და ლევიანები, რათა ჩასწვდომოდნენ რჯულის სიტყვებს.
14 . აღმოაჩინეს რჯულში დაწერილი, როგორ ამცნო უფალმა თავის ხალხს მოსეს მეშვეობით, რომ ისრაელის ძეებს კარვებში უნდა ეცხოვრათ მეშვიდე თვის დღესასწაულზე.
15 . ისინიც ადგნენ, გამოაცხადეს და ხმა გაავრცელეს ყველა ქალაქსა და იერუსალიმში: "გადით მთაზე და მოიტანეთ ზეთისხილის რტოები, ნაძვის ხის რტოები, პალმისა და სხვა ხეების რტოები კარვების გასაკეთებლად, დაწერილის მიხედვით”.
16 . გავიდა ხალხი, მოიტანეს და გაიკეთეს კარვები, თითოეულმა თავის ბანზე, თავის ეზოში, ღვთის სახლის ეზოებში, წყლის კარიბჭის მოედანზე და ეფრემის კარიბჭის მოედანზე.
17 . კარვები გაიკეთა ტყვეობიდან დაბრუნებულმა მთელმა კრებულმა და ცხოვრობდნენ მათში, რადგან იეშუა ნავეს ძის დღეებიდან ამ დღემდე არ გაუკეთებიათ ასე ისრაელის ძეთ. და იყო ფრიად დიდი სიხარული.
18 . კითხულობდა ეზრა ღმერთის რჯულის წიგნს ყოველდღე, პირველი დღიდან უკანასკნელ დღემდე. შვიდი დღე იზეიმეს დღესასწაული, მერვე დღეს კი შეკრება ჰქონდათ წესისამებრ.
1 . ესენი არიან ის მღვდლები და ლევიანები, ზერუბაბელ შეალთიელის ძესთან და იეშუასთან ერთად რომ ამოვიდნენ იერუსალიმს: შერაია, იერემია, ეზრა,
2 . ამარია, მალუქი, ხატუში,
3 . შექანია, რეხუმი, მერემოთი,
4 . ყიდო, გინთოი, აბია,
5 . მიამინი, მაყადია, ბილგა,
6 . შემაყია, იოარიბი, იედაყია,
7 . სალუ, ყამოკი, ხილკია, იედაყია - ესენი იყვნენ მღვდლების თავკაცები და მათი ძმები იეშუას დღეებში.
8 . ლევიანები: იეშუა, ბინუი, კადმიელი, შერებია, იუდა. მათანი თავის ძმებთან ერთად სამადლობელ საგალობლებს ხელმძღვანელობდა.
9 . ბაკბუკია და ყუნი თავის ძმებთან ერთად მათ მოპირდაპირე მხარეზე გუშაგობდნენ.
10 . იეშუამ შვა იოაკიმი, იოაკიმმა შვა ელიაშიბი და ელიაშიბმა შვა იოიადაყი,
11 . იოიადაყმა შვა იონათანი და იონათანმა - იადუაყი.
12 . იოაკიმის დღეებში მამისსახლთა თავკაცები იყვნენ მღვდლები: სერაიასთან - მერაია, იერემიასთან - ხანანია,
13 . ეზრასთან - მეშულამი, ამარიასთან - იეჰოხანანი,
14 . მელიქუსთან - იონათანი, შებანიასთან - იოსები,
15 . ხარიმთან - ყადნა, მერაიოთთან - ხელკაი,
16 . ყიდოსთან - ზაქარია, გინეთონთან - მეშულამი,
17 . აბიასთან - ზიქრი, მინიამინის ძე და მოადიასთან - ფილტაი,
18 . ბილგასთან - შამუაყი, შემაყიასთან - იეჰონათანი,
19 . და იოარიბთან - მათენაი, იეადაყიასთან - ყუზი,
20 . სალაისთან - კალაი, ყამოკთან - ყებერი,
21 . ხილკიასთან - ხაშაბია, იედაყიასთან - ნეთანელი.
22 . ლევიანები: ელიაშიბის, იოიადაყის, იოხანანის და იადუაყის დღეებში მამისსახლთა თავკაცებად იქნენ ჩაწერილნი, ხოლო მღვდლები დარიოს სპარსელის მეფობისას.
23 . ლევის ძენი, მამისსახლთა თავკაცები ჩაწერილნი იქნენ მატიანეთა წიგნში იოხანან ელიაშიბის ძის დღეებამდე.
24 . ლევიანთა თავკაცები: ხაშაბია, შერებია, იეშუა კადმიელის ძე და მათი ძმები მათ მოპირდაპირე მხარეზე იდგნენ, რათა რიგრიგობით ექოთ და მადლიერება აღევლინათ დავითის, ღვთისკაცის ბრძანებისამებრ.
25 . მათანია, ბაკბუკია, ყობადია, მეშულამი, ტალმონი და ყაკუბი კარისმცველები იყვნენ და კარიბჭეთა საკუჭნაოებს დარაჯობდნენ.
26 . ესენი იყვნენ იოაკიმ იეშუას ძის, იოცადაკის ძის, ნეემია განმგებლის, ეზრა მღვდლისა და მწიგნობრის დღეებში.
27 . იერუსალიმის კედლის კურთხევისას, დაძებნეს ლევიანები მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით იერუსალიმში მოსაყვანად, რათა სიხარულით, სამადლობელით, გალობითა და წინწილებით, ჩანგებითა და ქნარებით ეზეიმათ კედლის კურთხევა.
28 . და შეიკრიბნენ მგალობელთა ძენი იერუსალიმის სანახებიდან და ნეტოფათის სოფლებიდან.
29 . ბეთ-გილგადიდან, გებაყისა და ყაზმავეთის ველებიდან, რადგან სოფლები ჰქონდათ გაშენებული მგალობლებს იერუსალიმის სანახებში.
30 . განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები და განწმიდეს ხალხი, კარიბჭეები და კედელი.
31 . კედელზე ავიყვანე იუდას მთავრები და დავაყენე ორი დიდი გუნდი, რომლებიც მადლობას სწირავდნენ და მარჯვენა მხარეს მიუყვებოდნენ სანაგვის კარიბჭისკენ.
32 . მათ უკან მიჰყვებოდნენ ჰოშაყია და იუდას მთავართა ნახევარი,
33 . ყაზარია, ეზრა და მეშულამი,
34 . იუდა, ბენიამინი, შემაყია და იერემია,
35 . და მღვდლების ძეთაგან საყვირებით: ზაქარია ძე იონათანისა, შემაყიასი, მათანიასი, მიქაიასი, ზაქურისა, ასაფისა.
36 . და მისი ძმები: შემაყია, ყაზარელი, მილალაი, გილალაი, მაყაი, ნეთანელი, იუდა და ხანანი, ღვთისკაცის, დავითის სამუსიკო საკრავებით; წინ ეზრა მწიგნობარი მიუძღოდათ.
37 . წყაროსთვალის კარიბჭიდან პირდაპირ მიუყვებოდნენ დავითის ქალაქის კიბეებს, კედელზე ამავალი კიბეებით, დავითის სახლის ზემოთ რომ გადადიოდა წყლის კარიბჭემდე, აღმოსავლეთით.
38 . მეორე მგალობელთა გუნდმა, მარცხენა მხრიდან დაიწყო მსვლელობა; მე და ხალხის ნახევარი მას მივყვებოდით კედელზე: ღუმელთა გოდოლიდან განიერ კედლამდე.
39 . ეფრემის კარიბჭეზე, ძველ კარიბჭეზე და თევზის კარიბჭეზე, ხანანელის გოდოლისა და ასეულის გოდოლზე გავლით ცხვრის კარიბჭემდე; და დადგნენ საპყრობილეს კარიბჭესთან.
40 . ღმერთის სახლთან დადგა ორივე მგალობელი გუნდი, მეც იქ ვიდექი და მთავრების ნახევარი ჩემთან ერთად.
41 . იქ იყვნენ მღვდლები - ელიაკიმი, მაყასეია, მინიამინი, მიქაია, ელიოყენაი, ზაქარია, ხანანია საყვირებით.
42 . აგრეთვე მაყასეია, შემაყია, ელეაზარი, ყუზი, იოხანანი, მალქია, ყელამი და ყეზერი. მგალობლები ხმამაღლა გალობდნენ იზრახიას წინამძღოლობით.
43 . დიდძალი მსხვერპლი შესწირეს იმ დღეს, ხარობდნენ, რადგან ღმერთმა დიდი სიხარულით გაახარა ისინი; ხარობდნენ ქალები და ბავშვები. შორს ისმოდა იერუსალიმის სიხარულის ხმა.
44 . იმავე დღეს განაწესეს კაცები საუნჯის ოთახებზე, შესაწირისთვის, პირველნაყოფთათვის და მეათედისთვის, რათა იქ შეეგროვებინათ ქალაქების ყანებიდან მოტანილი წილი, რჯულით დაწესებული მღვდლებისა და ლევიანებისთვის, რადგან ხარობდა იუდა, როდესაც ხედავდა მომსახურე მღვდლებსა და ლევიანებს,
45 . რომლებიც თავისი ღმერთის თაყვანისცემასა და განწმედის მსახურებას ასრულებდნენ. ასევე იქცეოდნენ მგალობლები და კარისმცველები დავითისა და მისი ძის, სოლომონის, ბრძანების მიხედვით.
46 . უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ დავითისა და ასაფის დღეებში დადგინდნენ მგალობელთა წინამძღოლნი და ღმერთის მიმართ ქებისა და მადლიერების საგალობელნი.
47 . მთელი ისრაელი აძლევდა ყოველდღიურ წილს მგალობლებსა და კარისმცველებს ზერუბაბელისა და ნეემიას დღეებში; ისინი ლევიანებს აძლევდნენ წილს, ლევიანები კი წილს აჰარონის ძეებს აძლევდნენ.
1 . საგალობელი დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.
2 . რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე მოაწყო იგი.
3 . ვინ ავა უფლის მთაზე ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე?
4 . ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია,
5 . ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან.
6 . ეს არის თაობა მაძიებელთა, ვინც მოიძიებს სახებას შენსას, ღმერთო იაკობისა! სელა.
7 . მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.
8 . ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი - ომში ძლევამოსილი.
9 . მაღლა ასწიეთ კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.
10 . ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი ძალთა. ის არის მეფე დიდებისა. სელა.
1 . ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
2 . იტყვიან დახსნილნი უფლის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი მტრის ხელიდან.
3 . და ქვეყნებიდან გამოკრიბა ისინი - აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და ზღვიდან.
4 . აებნათ უკაცრიელ უდაბნოში გზა, დაბა ვერ ჰპოვეს სამკვიდრებელი.
5 . შიოდათ, სწყუროდათ კიდეც, მათი სული იბინდებოდა.
6 . შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
7 . და დააყენა ისინი სწორ გზაზე, რომ წასულიყვნენ სამკვიდრებელი ქალაქისაკენ.
8 . დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
9 . რადგან გააძღო სული მწყურვალი და სული მშიერი აავსო სიკეთით.
10 . მსხდომარენი ბნელში და წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და ბორკილისა.
11 . რადგან ეურჩებოდნენ ღმერთის სიტყვებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ.
12 . მოდრიკა ჯაფით მათი გული, ეცემოდნენ და შემწე არ ჰყავდათ.
13 . შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
14 . გამოიყვანა ბნელიდან და წყვდიადიდან, და მათი ბორკილები დაწყვიტა.
15 . დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
16 . რადგან დაამსხვრია ბჭენი სპილენძისა და ურდულნი რკინისა დაფშვნა.
17 . ბრიყვები თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისათვის იტანჯებოდნენ.
18 . ყოველგვარი საჭმელი შეიზიზღა მათმა სულმა და სიკვდილის ბჭეს მიუახლოვდნენ.
19 . შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
20 . მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა მოსპობისაგან.
21 . დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
22 . შესწირონ შესაწირავები ქებისა და ილაპარაკონ მის საქმეებზე გალობით.
23 . ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულებმა, დიდ წყლებზე საქმის მკეთებლებმა -
24 . მათ ნახეს საქმენი უფლისა და საოცრებანი სიღრმეებში.
25 . ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი და ზეაიმართებიან ზვირთები.
26 . ავლენ ცამდე, შთავლენ უფსკრულში, სული მათი განსაცდელში დადნება.
27 . წრიალებენ და ირყევიან, ვათარცა მთვრალი, და მთელი მათი სიბრძნე დაინთქა.
28 . და შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან გამოიყვანა.
29 . გადააქცევს ზღვის ღელვას სიწყნარედ და დადუმდებიან მისი ტალღები.
30 . გამხიარულდებიან, რადგან მიწყნარდნენ და წაუძღვება ნანატრ ადგილას.
31 . დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
32 . დაე, აღამაღლონ ხალხის კრებულში და მოხუცებულთა სადგომში ხოტბა შეასხან.
33 . გადააქცევს მდინარეებს უდაბნოდ, წყაროს წყლებს - ურწყულად.
34 . ნაყოფიერ მიწას - ბიცად მის მკვიდრთა უკეთურობის გამო.
35 . გადააქცევს უდაბნოს წყალუხვ ტბად და გამოფიტულ მიწას - წყაროს წყლად.
36 . დაასახლებს იქ მშიერთ და წამომართავს ქალაქს სცხოვრებლად.
37 . დათესავენ მინდვრებს და გააშენებენ ვენახს, და უხვ ნაყოფს მოიწევენ.
38 . აკურთხებს მათ და გამრავლდებიან ფრიად, და მათ პირუტყვს არ შეამცირებს.
39 . დაცოტავდებიან და დამცირდებიან ჩაგვრის, უბედურებისა და წუხილისაგან.
40 . სირცხვილს დაატეხს მთავრებს და ახეტიალებს უგზო-უკვლოდ.
41 . გამოიყვანს ღარიბს სიღატაკიდან და მოაშენებს ცხვრის ფარასავით მის შთამომავალს.
42 . ნახავენ წმიდანები და გაიხარებენ და ყოველგვარ სიმრუდეს პირი აეკვრება.
43 . ვინც ბრძენია, დაიცვას ისინი და გულისხმა-ჰყოს წყალობანი უფლისა.
1 . ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
2 . იტყვის ახლა ისრაელი: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.
3 . იტყვის ახლა სახლი აარონისა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.
4 . იტყვიან ახლა მოშიშნი უფლისა: მართლაც უკუნასამდეა წყალობა მისი.
5 . სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა.
6 . უფალი ჩემთან არის - არ მეშინია, რას მიზამს კაცი?
7 . უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს.
8 . უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.
9 . უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე.
10 . ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
11 . გარს შემომერტყნენ და გარემომიცვეს - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
12 . გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; ჩაქრნენ, ვითარცა ცეცხლი ძეძვისა - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
13 . დაძგერებით მკრეს ხელი ძირს დასაცემად და უფალი შემეწია მე.
14 . ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი და ის იქნება ჩემი მშველელი.
15 . ხმა სიმღერისა და შეწევნისა წმიდათა კარვებში: უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის.
16 . უფლის მარჯვენა მომაღლებულია, უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის.
17 . არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე.
18 . დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა.
19 . გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათ წიაღ, ვადიდებ უფალს,
20 . ეს არის კარიბჭე უფლისა, წმიდანები შევლენ შიგ.
21 . გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი მშველელი.
22 . ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გხდა.
23 . უფლისაგან მოხდა ეს, საოცარია ის ჩვენს თვალში.
24 . ეს არის დღე, რომელიც ჰქმნა უფალმა, ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში.
25 . გევედრებით, უფალო, გვიშველე! გევედრებით, უფალო, გაგვიმარჯვე!
26 . კურთხეულია უფლის სახელით მომავალი; გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან.
27 . ღმერთია უფალი და გაგვინათებს ჩვენ; მიაბით მსხვერპლი საბელით სამსხვერპლოს რქებზე.
28 . ჩემი ღმერთი ხარ შენ და გადიდებ; ღმერთო ჩემო, ხოტბას შეგასხამ შენ.
29 . ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
1 . იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია ამოცის ძე და უთხრა, ასე ამბობს უფალი: "ანდერძი დაწერე შენი სახლისთვის, რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ!”
2 . კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიაჰუმ და შეევედრა უფალს;
3 . ამბობდა: "გევედრები, გაიხსენე უფალო, ჭეშმარიტებით და მთელი გულით რომ დავდიოდი შენ წინაშე და კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში”. მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ.
4 . და იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ. ეთქვა:
5 . "წადი და უთხარი ხიზკიაჰუს, ასე ამბობს-თქო უფალი, მამაშენის, დავითის ღმერთი: "შევისმინე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და აჰა, კიდევ თხუთმეტ წელს შევმატებ შენს დღეებს.
6 . დაგიხსნით აშურის მეფის ხელიდან შენ და ამ ქალაქს და დავიცავ ამ ქალაქს”.
7 . ეს იყოს შენთვის ნიშნად უფლისგან, რომ შეასრულებს უფალი სიტყვას, რომელიც წარმოსთქვა:
8 . "აჰა, უკან დავაბრუნებ მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია ახაზიას საფეხურებზე, ათი საფეხურით უკან დავაბრუნებ”. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით, უკვე ჩავლილი რომ ჰქონდა.
9 . ხიზკიაჰუს, იუდას მეფის წერილი, როცა სნეული იყო და განიკურნა სნეულებისგან.
10 . ვთქვი: "ჩემი ცხოვრების შუაძალს შავეთის კარიბჭეში შევდივარ; წამერთვა დარჩენილი წლები”.
11 . ვთქვი: "ვეღარ ვიხილავ უფალს, უფალს ცოცხალთა ქვეყანაში, ვეღარ დავინახავ ადამიანს ქვეყნიერების მცხოვრებთა შორის.
12 . მწყემსის კარავივით ამოიძირკვა ჩემი სამკვიდრო და გამეცალა; მქსოველივით ვახვევდი ჩემი ცხოვრების ძაფს, სართავის ძირშივე მოვიკვეთე; დღედაღამ ველოდი, რომ ბოლოს მომიღებდი.
13 . დილამდე ველოდი, ლომივით შემიმუსრა ყველა ძვალი, დღედაღამ ველოდი, რომ ბოლოს მომიღებდი;
14 . როგორც მერცხალი, როგორც წერო, ისე ვჭყიოდი; მტრედივით ვკვნესოდი და ცისკენ მქონდა თვალები აპყრობილი; უფალო, მიჭირს, მიშველე;
15 . რა ვთქვა? მითხრა და თვითონვე აღასრულა; ვიხეტიალებ მთელი წლები სულის სიმწარეში.
16 . უფალო! ამით ცოცხლობენ ადამიანები და ყოველივე ამაშია ჩემი სულის სიცოცხლე; გამაჯანსაღე და გამაცოცხლე.
17 . აჰა, ჩემი სიმრთელისთვის ვიწვნიე სიმწარე, შენ დაიცავი სული ჩემი არარაობის ორმოსგან და შენს ზურგს უკან მოისროლე ჩემი ყველა ცოდვა.
18 . რადგან საფლავი ვერ შეგაქებს, სიკვდილი ვერ შეგასხამს ხოტბას და საფლავში ჩამავალნი ვერ დაიმედდებიან შენს ერთგულებაზე.
19 . ცოცხალი! მხოლოდ ცოცხალი შეგაქებს, როგორც მე გაქებ დღეს. მამა აუწყებს შვილებს შენს ერთგულებას.
20 . უსათუოდ გადამარჩენს უფალი და ჩვენც ავაჟღერებთ ჩემს საკრავებს მთელი სიცოცხლე უფლის სახლში”.
21 . თქვა ესაიამ: "მოუტანეთ ლეღვის კვერი, დაადეთ წყლულზე და იცოცხლებს”.
22 . თქვა ხიზკიაჰუმ: "რა იქნება იმის ნიშნად, რომ შევძლებ უფლის სახლში ასვლას?”
1 . რკინის კალმითაა დაწერილი იუდას ცოდვები, ალმასის წვერითაა ამოტვიფრული მათი გულის ფიცარზე და მათი სამსხვერპლოების რქებზე.
2 . მათ შვილებსაც ახსოვთ სამსხვერპლოები, ფოთლოვანი ხეები და აშერები მაღალ გორაკებზე.
3 . შენს მთებს, შენს სიმდიდრესა და მთელ შენს საუნჯეს საძარცვად მივცემ, შენს მაღლობებს - მთელ შენს მხარეში ჩადენილი ცოდვების გამო.
4 . შენივე მეშვეობით დაკარგავ მემკვიდრეობას, რომელიც მე მოგეცი. მოემსახურები შენს მტრებს იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ, რადგან ჩემი მრისხანების ცეცხლი გააღვივეთ, მუდამ იგიზგიზებს იგი”.
5 . ასე ამბობს უფალი: "წყეულია კაცი, რომელიც ადამიანზე ამყარებს იმედს და ხორციელის მკლავს ენდობა, და რომლის გულიც უფალს შორდება.
6 . უდაბურ ველზე ამოსული ბუჩქივით იქნება, სიკეთეს ვერ ეღირსება; იცხოვრებს გადაბუგულ ველზე, მარილოვან და დაუსახლებელ მიწაზე.
7 . კურთხეულია კაცი, რომელსაც უფლის იმედი აქვს; უფალი იქნება მისი დასაყრდენი.
8 . წყლის პირას დარგული ხესავით იქნება, წყაროსკენ გაიდგამს ფესვებს და გვალვის დადგომა არ შეაშინებს; ფოთლები ამწვანებული ექნება,
9 . ყველაფერზე ცბიერია გული და გაუკუღმართებული; ვინ ჩასწვდება მას?
10 . მე, უფალი, ვიკვლევ გულს და ვცდი თირკმელებს, რათა თითოეულს თავის საქმეთა მიხედვით მივაგო”.
11 . კაკაბი იმ კვერცხებს რომ ჩეკს, რომლებიც თვითონ არ დაუდია, უმართლო გზით ქონების მომხვეჭელივითაა; მისი დღეების შუაძალზე დაკარგავს, დღეთა დასასრულს კი გაბრიყვებული დარჩება.
12 . დიდების ტახტი, დასაბამიდანვე ამაღლებული, არის ჩვენი საწმიდრის ადგილი.
13 . ო, უფალო, ისრაელის იმედო, ვინც მიგატოვებს, ყველა შერცხვება; შენგან განდგომილნი მიწის მტვერში ჩაიწერებიან, რადგან მიატოვეს უფალი, ცოცხალი წყლის წყარო.
14 . განმკურნე, უფალო, და განკურნებული ვიქნები, მიხსენი და დახსნილი ვიქნები, რადგან შენა ხარ ჩემი ქების სიმღერა.
15 . აჰა, ასე მეუბნებიან ისინი: "სადაა უფლის სიტყვა? აბა, შესრულდეს!”
16 . არ მიმიტოვებია მწყემსობა, არც უბედურების დღე მწყუროდა, შენ იცი ეს. ჩემი ბაგეებიდან გამოსული სიტყვები შენს თვალწინ იყო.
17 . ნუ შემაძრწუნებ, შენა ხარ ჩემი თავშესაფარი უბედურების დღეს.
18 . დაე, შერცხვნენ ჩემი მდევნელნი, მე ნუ შევრცხვები! დაე შეიმუსრნონ ისინი, მე ნუ შევიმუსრები! ავი დღე მოაწიე მათზე და მძიმე მუსვრით დალეწე ისინი.
19 . მითხრა უფალმა: "წადი და დადექი ძეთა კარიბჭესთან, რომლითაც იუდას მეფეები შემოდიან და გადიან; ასევე - იერუსალიმის ყველა სხვა კარიბჭესთან.
20 . უთხარი: შეისმინეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფენო, იუდეველნო და იერუსალიმის მცხოვრებნო, ამ კარიბჭეებში შემომსვლელნო.
21 . ასე ამბობს-თქო უფალი: თუ გიყვართ სიცოცხლე, ფრთხილად იყავით, შაბათ დღეს ტვირთი არ ზიდოთ და იერუსალიმის კარიბჭეებში არ შემოიტანოთ.
22 . შაბათ დღეს არც სახლებიდან გამოიტანოთ ტვირთი და არც არავითარი სამუშაო არ შეასრულოთ. წმიდა ჰყავით შაბათი დღე, როგორც თქვენს მამებს ვუბრძანე.
23 . მაგრამ, არ შეისმინეს, ყური არ დამიგდეს; ქედები გაიფიცხეს, რომ არ მოესმინათ და დარიგება არ მიეღოთ.
24 . მაგრამ თუ ყურადღებით მომისმენთ, ამბობს უფალი, და შაბათ დღეს ტვირთს არ შემოიტანთ ამ ქალაქის კარიბჭეებში, წმიდად ჰყოფთ შაბათ დღეს და არც რაიმე საქმეს გააკეთებთ ამ დღეს,
25 . მაშინ შემოვლენ ქალაქის კარიბჭეებში დავითის ტახტზე მსხდომი მეფეები და უფლისწულები, ეტლებზე და ცხენებზე ამხედრებულნი, თვითონაც და მათი დიდებულნიც, იუდას კაცები და იერუსალიმის მცხოვრებნი, და დასახლდება ეს ქალაქი საუკუნოდ.
26 . და მოვლენ იუდას ქალაქებიდან და იერუსალიმის შემოგარენიდან, ასევე ბენიამინის ქვეყნიდან, ბარიდან, მთიდან და სამხრეთიდან, მოიტანენ ყოვლადდასაწველსა და მსხვერპლს, ძღვენს და გუნდრუკს, მადლიერების მსხვერპლს უფლის სახლში.
27 . ხოლო, თუ არ შეისმენთ, რათა წმიდა ჰყოთ შაბათი დღე და ტვირთით შემოხვალთ შაბათ დღეს იერუსალიმის კარიბჭეებში, მაშინ ცეცხლს შევუნთებ მის კარიბჭეებს და შთანთქავს იერუსალიმის სასახლეებს და არ ჩაქრება”.
1 . მოისმინა ფაშხურმა, მღვდელ იმერის ძემ, უფლის სახლის ზედამხედველმა, ეს სიტყვები, იერემიამ რომ იწინასწარმეტყველა.
2 . აცემინა ფაშხურმა იერემია წინასწარმეტყველი და დილეგში ჩააგდო, ბენიამინის ზემო კარიბჭესთან რომ იყო, უფლის სახლთან.
3 . მეორე დღეს, როცა ფაშხურმა იერემია გამოუშვა დილეგიდან, უთხრა მას იერემიამ: "ფაშხურს კი აღარ გიწოდებს უფალი, არამედ მაგორ-მისსაბიბს (შიშის ზარი ყოველი მხრიდან).
4 . რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, შიშის ზარს დაგცემ შენ და ყველა შენს მეგობარს, თავიანთი მტრების მახვილით დაეცემიან ისინი და შენი თვალით ნახავ ამას; ბაბილონის მეფეს მივცემ ხელში მთელ იუდას, ბაბილონში გადაასახლებს მათ და მახვილით მოსრავს.
5 . ამ ქალაქის მთელ სიმდიდრეს, მის ნაჯაფარსა და მთელ მის ძვირფასეულობას, იუდას მეფეების მთელ საგანძურს ხელში ჩავუგდებ მათ მტრებს. გაძარცვავენ, წაიღებენ და ბაბილონში მიიტანენ.
6 . შენც, ფაშხურ, და ყველას, ვინც შენს სახლში ცხოვრობს, ტყვედ წაასხამენ, ბაბილონში წახვალ, იქ მოკვდები. იქ დაიმარხებით შენ და ყველა შენი მეგობარი, რომლებსაც სიცრუეს უწინასწარმეტყველებდი”.
7 . შენ დამიყოლიე, უფალო, და დაგყევი; შენ ძლიერი ხარ და მძლიე; მთელი დღე დამცინიან, ყველა მე დამცინის.
8 . რადგან, როგორც კი ავლაპარაკდები, ხმამაღლა ვღაღადებ: ძალადობა და ნგრევაა-მეთქი! ამის გამოა, რომ უფლის სიტყვა დამცირებად და დაცინვად გადამექცა ყოველდღე.
9 . ვთქვი: "აღარ გავიხსენებ უფალს და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით”, მაგრამ სიტყვა ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლები გამიხურდა; ვეცადე დამეოკებინა, მაგრამ ვერ შევძელი.
10 . ბევრისგან ცუდი მესმოდა, შიში იყო ირგვლივ, ამბობენ: ბრალი დასდეთ და ჩვენც დავდებთო. ყველა მეგობარი, ვისაც ვენდობოდი, ჩემს წაბორძიკებას დარაჯობს; ამბობენ: "იქნებ შეცდეს, მაშინ ვძლევთ და შურს ვიძიებთო”.
11 . უფალი კი ჩემთან არის, როგორც ძლიერი მებრძოლი; ამიტომ თვითონვე წაიბორძიკებენ ჩემი მდევრები, ვერ მძლევენ და ფრიად შერცხვებიან სამარადისო სირცხვილით, რომელიც დავიწყებული არ იქნება, რადგან წარმატებას ვერ მიაღწიეს.
12 . ცაბაოთ უფალო, რომელიც მართალს ცდი და რომელიც გონებასა და გულს ხედავ, მახილვინე შენი შურისგება მათზე, რადგან შენთვის მომინდია ჩემი საქმე.
13 . უმღერეთ უფალს, აქეთ უფალი! რადგან მან იხსნა გლახაკის სული ბოროტმოქმედთა ხელიდან.
14 . წყეული იყოს ის დღე, როცა დავიბადე! დაე, ის დღე, როცა დედაჩემმა მშობა, არ იყოს კურთხეული!
15 . წყეული იყოს კაცი, რომელმაც ამცნო მამაჩემს: "ძე შეგეძინაო!” და გაახარა იგი.
16 . იმ ქალაქებივით იყოს ის კაცი, უფალმა რომ დაამხო შეუბრალებლად. დაე, კივილი ესმოდეს დილაობით და საბრძოლო განგაშის ხმა შუადღისას,
17 . იმის გამო, რომ საშოში არ მომკლა, რათა დედაჩემი გამხდარიყო ჩემი სამარე, მისი საშო კი - მარად ორსული.
18 . რისთვის გამოვედი საშოდან? რომ სატანჯველი და მწუხარება მენახა და სირცხვილში გამეტარებინა ჩემი დღეები?
1 . "იმ დროს, ამბობს უფალი, მე ვიქნები ისრაელის ყველა ტომის ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი!
2 . ასე ამბობს უფალი: უდაბნოში ჰპოვა წყალობა მახვილს გადარჩენილმა ხალხმა. მოვდივარ, რათა ისრაელი დავამშვიდო”.
3 . შორიდან მეჩვენა უფალი, მითხრა: "სამუდამო სიყვარულით შეგიყვარე, ისრაელ, ამის გამო მიგიახლოვე წყალობით.
4 . კვლავ აგაშენებ და აშენდები, ქალწულო ისრაელისა; ისევ მოირთვები შენი ბობღნით და გამოხვალ მოზეიმე მოცეკვავეებში.
5 . ისევ გააშენებ ვენახებს სამარიის მთებში, დარგავენ დამრგველნი და მოიმკიან.
6 . ვინაიდან დადგება დღე და დაიძახებენ გუშაგნი ეფრემის მთაზე: ადექით და ავიდეთ სიონზე უფალთან, ჩვენს ღმერთთან.
7 . ასე ამბობს უფალი: "სიხარულით უმღერეთ იაკობს და შემოსძახეთ ხალხთა წინამძღოლს; გამოაცხადეთ, შეაქეთ და უთხარით: შენ იხსენი, უფალო, შენი ხალხი, ნარჩენი ისრაელისა!
8 . აჰა, მომყავს ისინი ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დედამიწის კიდეებიდან შევკრებ მათ; ბრმა და კოჭლი, ფეხმძიმე და მშობიარე მათთან ერთად იქნებიან, დიდი კრებული დაბრუნდება.
9 . ქვითინით მოვლენ და წყალობას შემევედრებიან. წარვუძღვები სწორი ბილიკით წყლის ნაკადულებისკენ; არ წაიბორძიკებენ, რადგან მამა ვარ ისრაელისთვის, ეფრემი კი პირმშოა ჩემი”.
10 . ისმინეთ ამბობს უფალი, ხალხებო. აუწყეთ შორეულ კუნძულებს და უთხარით: გამფანტველი ისრაელისა ისევ შეაგროვებს მას და ისე დაიფარავს, როგორც მწყემსი თავის ფარას!
11 . რადგან უფალი გამოისყიდის იაკობს, იხსნის მასზე ძლიერის ხელიდან.
12 . მოვლენ და ხმამაღლა შესძახებენ სიონის სიმაღლეებზე; უფლის სიკეთეზე იყიჟინებენ: მარცვლეულზე და მაჭარზე, ზეთზე და ცხვარ-ძროხის მონაგებზე, და იქნება მათი სული მორწყული ბაღივით და აღარასოდეს დანაღვლიანდებიან.
13 . მაშინ მოილხენს ქალწული მოცეკვავეთა დასში, ჭაბუკნი და მოხუცნი ერთად გაიხარებენ, სიხარულად ვუქცევ გლოვას და ვანუგეშებ, გავამხიარულებ, მწუხარებას დავავიწყებ.
14 . მღვდელთა სულებს ცხიმით დავანაყრებ და ჩემი ხალხი ჩემი სიკეთით გაძღება! ამბობს უფალი.
15 . ასე ამბობს უფალი: "ხმა გაისმა რამაში, გოდება და მწარე ქვითინი, რახელი დასტირის თავის შვილებს; უარს ამბობს ნუგეშზე, ვინაიდან აღარ არიან მისი შვილები”.
16 . ასე ამბობს უფალი: "თავი შეიკავე ტირილისგან, ნუღარ გდის ცრემლი, რადგან საზღაური აქვს შენს ნაშრომს, ამბობს უფალი, დაბრუნდებიან მტრის ქვეყნიდან.
17 . არის იმედი შენი მომავლისა, ამბობს უფალი, დაგიბრუნდებიან შენი ძენი ტყვეობიდან!”
18 . ნამდვილად გავიგონე ეფრემის წუხილი: "შენ დამსაჯე და დასჯილი ვარ, როგორც მოურჯულებელი მოზვერი; დამაბრუნე და დავბრუნდები, რადგან შენა ხარ უფალი, ჩემი ღმერთი.
19 . მოვბრუნდი და მოვინანიე მას შემდეგ, რაც მივხვდი და მკერდზე ვიცემდი ხელს; შემრცხვა და დავმცირდი, რადგან ჩემი სიყმაწვილის სირცხვილი მიტარებია!”
20 . "განა ჩემი ძვირფასი ძე არ არის ეფრემი? საყვარელი შვილი? რამდენჯერაც გამახსენდება, სიყვარულით თვალწინ მიდგება. ამიტომაც შფოთავს ჩემი შინაგანი მასზე და შევიწყალებ!” - ამბობს უფალი.
21 . "აღმართე ბოძები, განალაგე გზის მაჩვენებლები, გული დაუდე და დაუკვირდი გზას, რომლითაც დადიხარ. დაბრუნდი, ქალწულო ისრაელისა, დაუბრუნდი შენს ქალაქებს.
22 . როდემდე იხეტიალებ, განდგომილო ასულო? უფალმა ახალი რამ მოიტანა ქვეყანაზე - დიაცი დაუწყებს დევნას მამაკაცს!”
23 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "კვლავ იტყვიან ამ სიტყვებს იუდას ქვეყანასა და მის ქალაქებში, როცა ტყვეობიდან მობრუნდებიან: უფალმა გაკურთხოს, სამკვიდრებელო სიმართლისა, წმიდა მთაო!
24 . კვლავ ერთად დასახლდებიან იუდასა და ყველა მის ქალაქში მიწათმოქმედნი და მესაქონლენი.
25 . რადგან დავარწყულებ გადაღლილებს და განვაახლებ ყველა დამწუხრებულ სულს”.
26 . ამაზე გამომეღვიძა და გავახილე თვალი; სასიამოვნო იყო ჩემი ძილი.
27 . "აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, დავთესავ ისრაელისა და იუდას სახლებში ადამიანისა და საქონლის თესლს.
28 . და როგორც ვფხიზლობდი მათზე, რომ აღმომეფხვრა, შემემუსრა, დამენგრია, მომესპო და გამეუბედურებინა, ისევე ვიფხიზლებ, რომ ავაშენო და დავრგო” - ამბობს უფალი.
29 . იმ დღეებში აღარ იტყვიან: "მამებმა ჭამეს მკვახე ყურძენი და შვილებს კბილები მოეკვეთათო!”
30 . რადგან თითოეული თავისი ურჯულოებით მოკვდება. ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება.
31 . "აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელისა და იუდას სახლებს.
32 . არა ისეთ აღთქმას, რომელიც მათ მამებს დავუდე იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად; აღთქმა, რომელიც დაარღვიეს, თუმცა ქმრობას ვუწევდი მათ!” - ამბობს უფალი.
33 . "რადგან ასეთ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ! - აცხადებს უფალი, - შინაგანში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულებზე დავუწერ; მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან;
34 . და აღარ ასწავლის თითოეული თავის მოყვასს და თითოეული თავის ძმას - შეიცანი უფალიო! რადგან დიდიდან პატარამდე ყველა შემიცნობს, ამბობს უფალი, რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს”.
35 . ასე ამბობს უფალი, რომელიც მზეს იძლევა დღის გასანათებლად და მთვარესა და ვარსკვლავებს უბრძანებს, ღამე გაანათონ; რომელიც ისე აღელვებს ზღვას, რომ ღრიალებენ მისი ტალღები; ძალთა უფალია მისი სახელი.
36 . "თუ გაუქმდება ეს წესი ჩემ წინაშე, ამბობს უფალი, მაშინ ისრაელის შთამომავლობაც სამუდამოდ შეწყვეტს ხალხად ყოფნას ჩემ წინაშე”.
37 . ასე ამბობს უფალი: "თუ გაიზომება ზემოთ ცა და გამოიკვლევა ქვემოთ დედამიწის საფუძვლები, მაშინ მეც შევიძულებ ისრაელის მთელ შთამომავლობას ყოველივე იმის გამო, რაც მათ ჩაიდინეს” - ამბობს უფალი.
38 . "აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, და კვლავ აუშენდება უფალს ქალაქი ხანანელის კოშკიდან კუთხის კარიბჭემდე.
39 . ზღვარი მისი შორს, პირდაპირ გიბყათის ღარებამდე გადავა და გოყათისკენ მობრუნდება.
40 . გვამებისა და ფერფლის მთელი ხეობა, მთელი მინდორი კედრონის ნაკადულამდე, ცხენების კარიბჭის კუთხემდე აღმოსავლეთით - წმიდაა უფლისთვის, არ აღმოიფხვრება და აღარასოდეს დაინგრევა”.
1 . მომაბრუნა საწმიდრის გარეთ მიმართული აღმოსავლეთ კარიბჭის გზით; დახშული იყო იგი.
2 . და მითხრა უფალმა: "დახშული იქნება ეს კარიბჭე, არ გაიხსნება და არავინ შევა მასში, ვინაიდან უფალი, ისრაელის ღმერთი შევიდა მასში; იქნება იგი დახშული.
3 . თუმცა დაჯდება იქ ამაღლებული მთავარი, რომ უფლის* წინაშე ჭამოს პური; დერეფნის კარიბჭით შემოვა და იმავე გზით გავა.
4 . მიმიყვანა ტაძრის წინ, ჩრდილოეთის კარიბჭით და, აჰა, უფლის დიდებამ აავსო უფლის სახლი; პირქვე დავემხე.
5 . და მითხრა უფალმა: "ძეო კაცისავ! გულში ჩაიდე, რასაც შენი თვალები ხედავს და ყურები ისმენს, ყოველივე, რასაც ვამბობ: ყველა დადგენილება უფლის ტაძრისა და წესი. გულში ჩაიდე ტაძრის შესასვლელი და საწმიდრის ყველა გასასვლელი.
6 . ეტყვი ისრაელის მეამბოხე სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: საკმარისია თქვენი სისაძაგლენი, ისრაელის სახლო!
7 . უცხოტომელნი რომ მოგყავდათ, გულით და ხორცით წინადაუცვეთელნი, რათა ჩემს საწმიდარში ყოფილიყვნენ და შეებღალათ იგი; როცა აძლევდით ჩემს პურს, ქონსა და სისხლს და ჩემს აღთქმას არღვევდით, რომ მიგემატებინათ მთელი თქვენი სისაძაგლეებისთვის.
8 . არ ფხიზლობდით ჩემს სიწმიდეებზე, მათ აყენებდით მსახურად ჩემს საწმიდარში”.
9 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: "ყოველი უცხოელის შვილი, რომელიც ისრაელის ძეთა შორის ცხოვრობს - წინადაუცვეთელი გულით და წინადაუცვეთელი ხორცით - არ უნდა შემოვიდეს ჩემს საწმიდარში.
10 . აკი გამშორდნენ ლევიანნი, რომლებიც გაჰყვნენ განმდგარ ისრაელს, უკან რომ აედევნა თავის კერპებს; იტვირთავენ კიდეც თავიანთ სასჯელს.
11 . ისინი გახდებიან მსახურნი ჩემს საწმიდარში, ტაძრის კარიბჭეთა მცველნი და მსახურნი; ისინი დაკლავენ სრულადდასაწველთ და მსხვერპლად შეწირულებს ხალხისთვის და დადგებიან მათ წინაშე, რათა ემსახურონ მათ.
12 . რადგან ემსახურებოდნენ მათ ისინი მათი კერპების წინ, რაც დამაბრკოლებელ ურჯულოებად იქცა ისრაელის ტაძრისთვის; ამის გამო აღვმართე ხელი მათზე! ამბობს უფალი ღმერთი, და იტვირთავენ თავიანთ სასჯელს!
13 . ვერ მომიახლოვდებიან სამსახურად ვერც მე და ვერც ჩემს რომელიმე სიწმიდეს წმიდათა წმიდაში. იტვირთავენ თავიანთ სირცხვილს და სისაძაგლეს, რაც ჩაიდინეს.
14 . და დავაყენებ მათ, რომ იზრუნონ ჩემს ტაძარზე ყველა საქმეში და ყველაფერში, რაც აქ კეთდება ყოველდღიურად.
15 . ხოლო ლევიანი ღვთისმსახურნი, ძენი ცადოკისა, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურს ჩემს საწმიდარში, როცა ისრაელის ძენი განმიდგნენ, მომიახლოვდებიან, რათა მემსახურონ და ახლოს იდგნენ ჩემ წინაშე, ქონისა და სისხლის შემოსაწირად! - ამბობს უფალი ღმერთი.
16 . ისინი შემოვლენ ჩემს საწმიდარში, ისინი მოუახლოვდებიან ჩემს სუფრას, რათა მემსახურონ და აღასრულონ თავიანთი მოვალეობა.
17 . კარიბჭით რომ შემოვლენ შიდა ეზოში, სელის სამოსლით იქნებიან შემოსილნი; მატყლის არაფერი ეცმებათ, როცა შიდა ეზოს კარიბჭესა და სახლში იმსახურებენ.
18 . სელის საბურავი ექნებათ თავებზე, სელის საცვლებით შეიმოსებიან თეძოებზე; ოფლის დამდენი არაფერი შეიმოსონ.
19 . გარე ეზოში რომ გამოვლენ, გარე ეზოში - ხალხთან, გაიხადონ სამოსელი, რომლითაც მსახურებდნენ და დააწყონ წმიდა სენაკებში; შეიმოსონ სხვა სამოსლით, რათა არ განიწმიდოს ხალხი მათი სამოსლით.
20 . თავები არ გადაიპარსონ, თმა არ დაიგრძელონ, მხოლოდ შეიკრიჭონ თავები.
21 . არც ერთმა ღვთისმსახურმა ღვინო არ დალიოს შიდა ეზოში შემოსვლისას.
22 . ქვრივსა და ქმარგანაშვებს ნუ შეირთავენ ცოლად, არამედ მხოლოდ ქალწულნი შეირთონ ისრაელის ტაძრის თესლიდან; ღვთისმსახურის ქვრივიც შეირთონ.
23 . ასწავლონ ჩემს ხალხს წმიდისა და შებილწულის გარჩევა; უწმიდურსა და სუფთას შორის განსხვავება გააგებინონ.
24 . დავისას ისინი დადგებიან მოსამართლეებად, ჩემი სამართლით განიკითხავენ; ჩემს რჯულსა და დადგენილებებს დაიცავენ ყველა ჩემს დღესასწაულზე და წმიდად ჰყოფენ ჩემს შაბათებს.
25 . მკვდართან არ მივლენ, რათა არ შეიბილწონ. მხოლოდ მამასთან და დედასთან, ძესთან და ასულთან, ძმასთან და იმ დასთან, რომელსაც კაცი არ ჰყოლია - ამათთან შეიძლება შეიბილწონ.
26 . როცა განიწმიდება, შვიდ დღეს დაუთვლიან.
27 . და იმ დღეს, როცა საწმიდრის შიდა ეზოში შევა, რათა იმსახუროს საწმიდარში, შესწიროს მსხვერპლი თავისი ცოდვის გამოსასყიდად! - ამბობს უფალი ღმერთი.
28 . და ექნებათ მათ მემკვიდრეობა - მე ვიქნები მათი მემკვიდრეობა. სამკვიდრებელს ნუ მისცემთ მათ ისრაელში, რადგან მე ვარ მათი სამკვიდრებელი.
29 . ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდად შემონაწირს ისინი შეჭამენ და ყოველი ძღვენი მათი იქნება ისრაელში.
30 . საუკეთესო ყოველი პირველნაყოფისა და შეწირულებისა, ყველა თქვენი შემონაწირისა ღვთისმსახურთათვის იქნება; პირველს თქვენი ცომეულისგან ღვთისმსახურთ მისცემთ, რათა მოვიდეს კურთხევა თქვენს სახლზე.
31 . არავითარი მძორი და მხეცის მიერ დაგლეჯილი, ფრინველი იქნება ის თუ საქონელი, არ ჭამონ ღვთისმსახურებმა.
1 . უფლის სიტყვა, რომელიც გამოეცხადა სოფონია ქუშის ძეს, გედელიაჰუს ძეს, ამარიას ძეს, ხიზკიაჰუს შთამომავალს, იუდას მეფის, იოშია ყამონის ძის დღეებში.
2 . ყველაფერს აღვგვი მიწის პირიდან! - ამბობს უფალი.
3 . აღვგვი კაცსა და პირუტყვს, ცის ფრინველსა და ზღვის თევზებს, მაცდურს ბოროტეულებთან ერთად; აღვგვი ადამიანს მიწის პირიდან! - ამბობს უფალი.
4 . ხელს მოვუღერებ იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთ; მოვსპობ ამ ადგილიდან ბაყალის ნატამალს და ქურუმთა სახსენებელს, მღვდლებთან ერთად.
5 . მათ, ბანებზე რომ სცემენ თაყვანს ციურ ლაშქარს და უფალსა და მილქომს რომ იფიცებენ.
6 . მათ, ვინც განუდგნენ უფალს, აღარ ეძებდნენ და აღარაფერს ეკითხებოდნენ.
7 . დადუმდი უფლის, ღმერთის წინაშე, რადგან ახლოსაა უფლის დღე; რადგან გამზადებული აქვს უფალს მსხვერპლი, ამორჩეული ჰყავს სტუმრები.
8 . დადგება საუფლო მსხვერპლის დღე და დავსჯი მთავრებს, უფლისწულებს და ყველას, უცხო სამოსელით შემოსილს.
9 . დავსჯი იმ დღეს ყველას, ტაძრის ზღურბლის გადამლახველს, თავიანთი უფლის სახლს ძალადობითა და სიცრუით რომ ავსებდნენ.
10 . იმ დღეს გაისმება - ამბობს უფალი - გოდების ხმა თევზთა კარიბჭიდან, მოთქმა საპირისპირო მხრიდან და დიდი ნგრევის ხმა მაღლობებიდან.
11 . იბღავლეთ, ხეობის მკვიდრნო, რადგან ყველა მოვაჭრე განადგურდება და ვერცხლის ყველა მიმწონი ამოწყდება.
12 . მაშინ იქნება, რომ ლამპრით გამოვჩხრეკ იერუსალიმს და დავსჯი საკუთარ დოვლათზე მინდობილ კაცებს, გულში რომ ამბობენ: არც სიკეთეს მოიმოქმედებს უფალი და არც სიავესო!
13 . გაიძარცვება მათი ქონება და გაუკაცრიელდება მათი სახლები; სახლებს ააშენებენ და ვერ იცხოვრებენ მათში, ვენახებს გააშენებენ და ვერ დალევენ მათგან ღვინოს.
14 . ახლოა უფლის დიადი დღე, ახლოა და მალე მოვა; ისმინეთ ხმა უფლის დღისა! მწარედ ატირდება იმ დღეს ყველაზე მამაციც კი!
15 . რისხვის დღეა ეს დღე! უბედურებისა და გაჭირვების დღე, ნგრევისა და გაუდაბურების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ღრუბლებისა და ბურუსის დღე,
16 . ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ საყვირისა და საბრძოლო შეძახილების დღე!
17 . შევაჭირვებ ადამიანებს და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს; მტვერივით გაიბნევა მათი სისხლი და ნეხვივით - მათი ხორცი.
18 . ვერც მათი ვერცხლი იხსნის მათ და ვერც - მათი ოქრო, უფლის რისხვის დღეს; და შთანთქავს მთელს ქვეყანას თავისი ეჭვიანობის ცეცხლით, რადგან, უცაბედად მოუღებს ბოლოს ქვეყნის ყველა მკვიდრს.
1 . "ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ.
2 . რადგან როგორც თქვენ განიკითხავთ, იმგვარადვე განიკითხებით, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.
3 . რატომ უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?
4 . ან როგორ ეუბნები შენს ძმას - მიმიშვი, თვალიდან ბეწვი ამოგიღოო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა!
5 . თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან.
6 . ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხით არ გათელონ და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ.
7 . ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ.
8 . ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს - ღებულობს, ვინც ეძიებს - პოულობს და ვინც აკაკუნებს - გაეღება.
9 . არის კი თქვენ შორის ისეთი კაცი, შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს?
10 . ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს?
11 . მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.
12 . როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოექეცით მათ, რადგან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.
13 . შედით ვიწრო კარიბჭით, რადგან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავს, და მრავალნი არიან მასზე მოსიარულენი.
14 . რადგან ვიწროა კარიბჭე და რთულია გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს და ცოტანი ჰპოვებენ მას.
15 . უფრთხილდით ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსელით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან.
16 . მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან კრეფენ ყურძენს ან ლეღვს ბირკავადან?
17 . ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო უვარგისი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა.
18 . არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც უვარგის ხეს კარგი ნაყოფის გამოღება.
19 . ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.
20 . ასე რომ, მათი ნაყოფით იცნობთ მათ.
21 . ყველა, ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! როდი შევა ცათა სამეფოში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს.
22 . ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?
23 . მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა.
24 . ამიტომ ყველა, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და აღასრულებს მათ, იმ კეთილგონიერ კაცს ჰგავს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა.
25 . და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს; ის კი არ დაეცა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული.
26 . ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ აღასრულებს, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.
27 . და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს, და დაეცა იგი - და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა.
28 . როცა დაასრულა ეს სიტყვები იესომ, განცვიფრებული იყო ხალხი მისი მოძღვრებით.
29 . რადგან იგი ასწავლიდა მათ როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობრები.
1 . მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ზეციდან.
2 . უთხრა მათ: "საღამოხანს ამბობთ: ხვალ მოწმედილი იქნება, რადგან ცა წითელიაო;
3 . დილით კი: დღეს გაავდრდება, რადგან ცა მოქუფრულიაო. ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი - არა.
4 . ბოროტი და მრუში თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა”. მიატოვა ისინი და წავიდა.
5 . გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ.
6 . იესომ უთხრა მათ: "გაფრთხილდით, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს”.
7 . ისინი კი მსჯელობდნენ ერთმანეთში: იმიტომ გვეუბნება პური რომ არ წამოგვიღიაო.
8 . მიხვდა იესო და უთხრა მათ: "რას მსჯელობთ ერთმანეთში, მცირედ მორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ?
9 . ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და აღარ გახსოვთ იმ ხუთი ათასის ხუთი პურით გაძღომა და რამდენი გოდორი ნარჩენი აიღეთ?
10 . აღარც ოთხი ათასის შვიდი პურით გაძღომა გახსოვთ და რამდენი კალათი ნარჩენი აიღეთ?
11 . რატომ ვერ ხვდებით, რომ პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს?”
12 . მაშინღა მიხვდნენ, რომ იგი აფრთხილებდა მათ, მორიდებოდნენ არა საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.
13 . ფილიპეს კესარიის მხარეს რომ მივიდნენ, ჰკითხა იესომ თავის მოწაფეებს: "რას ამბობს ხალხი, ვინ არისო ძე კაცისა?”
14 . უპასუხეს: "ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი - ელიააო, ზოგიც - იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიაო”.
15 . ჰკითხა მათ: "თქვენ რას ამბობთ, ვინა ვარ?”
16 . სიმონ-პეტრემ მიუგო: "შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა”.
17 . იესომ პასუხად უთხრა: "ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია.
18 . და მე გეუბნები შენ, რომ შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას.
19 . მოგცემ ცათა სამეფოს გასაღებებს და, რასაც შეკრავ დედამიწაზე, შეკრული იქნება ზეცაშიც, ხოლო რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც”.
20 . მაშინ გააფრთხილა მოწაფეები, არავისთვის გაემხილათ, რომ ის არის ქრისტე.
21 . ამის შემდეგ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დიდად დატანჯულიყო უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო.
22 . პეტრემ გაიხმო იგი, უკრძალავდა და ეუბნებოდა: "შეიწყალე შენი თავი უფალო, ნურც შეგემთხვევა ასეთი რამ!”
23 . ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: "გამშორდი, სატანავ! საცდური ხარ ჩემთვის, რადგან იმაზე კი არ ფიქრობ, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია”.
24 . მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს იესომ: "ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
25 . რადგან ვისაც თავისი სულის გადარჩენა სურს, დაღუპავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაიღუპავს სულს, იგი მოიპოვებს მას.
26 . რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, სულს კი დაკარგავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?
27 . რადგან მოვა ძე კაცისა თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით.
28 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ძე კაცისას, თავისი მეფობით მომავალს”.
1 . გათენებისას ყველა მღვდელმთავარმა და ხალხის უხუცესმა ბჭობა გამართა იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი.
2 . შებოჭეს, წაიყვანეს და გადასცეს გამგებელ პილატეს.
3 . როცა დაინახა იუდამ, იესოს გამცემმა, რომ მსჯავრი დაადეს, ინანა და მღვდელმთავრებსა და უხუცესებს ოცდაათი ვერცხლი უკან მიუბრუნა.
4 . უთხრა: "შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი”. მათ კი უთხრეს: "ჩვენ რა? შენ იცი!”
5 . ვერცხლი ტაძარში დაყარა, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.
6 . მღვდელმთავრებმა აიღეს ვერცხლი და თქვეს: "არ შეიძლება ამის საგანძურში დადება, რადგან სისხლის საფასურია”.
7 . მოითათბირეს და იყიდეს იმით მეთუნის მინდორი უცხოთა სასაფლაოდ.
8 . ამის გამო იმ მინდორს დღემდე სისხლის მინდორი ეწოდება.
9 . მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა: "აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასი შეფასებულისა, ისრაელის ძეთა მიერ!
10 . და მისცეს იგი მეთუნის მინდორში, როგორც მიბრძანა მე უფალმა”.
11 . იესო კი გამგებლის წინაშე წარსდგა; ჰკითხა მას გამგებელმა: "შენა ხარ იუდეველთა მეფე?” იესომ უპასუხა: "შენ ამბობ”.
12 . როცა მას მღვდელმთავარნი და უხუცესნი ბრალს სდებდნენ, ის არაფერს პასუხობდა.
13 . მაშინ უთხრა მას პილატემ: "არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?”
14 . არცერთ სიტყვაზე არ გაუცია პასუხი, რამაც ძალიან გააკვირვა გამგებელი.
15 . დღესასწაულზე ჩვეულებად ჰქონდა გამგებელს - ხალხს უთავისუფლებდა ხოლმე ერთ პატიმარს, რომელსაც მოისურვებდნენ.
16 . სწორედ მაშინ, ბარაბად წოდებული, ცნობილი ტუსაღი ჰყავდათ.
17 . თავი რომ მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: "ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ, ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?”
18 . ვინაიდან იცოდა, რომ შურით გადასცეს იგი.
19 . სამსჯავროს ტახტზე რომ იჯდა, ცოლმა შეუთვალა: "არაფერი დაუშავო მაგ მართალს, ვინაიდან ბევრი ვიტანჯე დღეს სიზმრად მაგის გამო”.
20 . მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა კი დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, ხოლო იესო დაეღუპათ.
21 . ამიტომ, როცა იკითხა გამგებელმა, ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთო, უპასუხეს, ბარაბაო.
22 . უთხრა მათ პილატემ: "იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?” ყველამ თქვა: "ჯვარცმულ იქნეს!”
23 . ხოლო მან თქვა: "რა ბოროტება ჩაუდენია?” მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად აყვირდნენ: "ჯვარცმულ იქნეს!”
24 . როცა დაინახა პილატემ, რომ ვერაფერს შველოდა, შფოთი კი მატულობდა, წყალი მოატანინა, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: "უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისგან. თქვენ იცით”.
25 . და მთელმა ხალხმა მიუგო პასუხად: "ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი”.
26 . მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარცმულიყო.
27 . გამგებლის ჯარისკაცებმა სამსჯავროში წაიყვანეს იესო; გარს მთელი რაზმი შემოეხვია.
28 . ტანთ გახადეს და მეწამული მოსასხამი მოასხეს.
29 . ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში ლერწამი დააჭერინეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინ
30 . აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავში ურტყამდნენ.
31 . დაცინვით რომ გული იჯერეს, მოსასხამი მოხადეს, თავისივე სამოსელი ჩააცვეს და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.
32 . როცა გამოდიოდნენ, ნახეს კვირინელი კაცი, სახელად სიმონი; და აიძულეს, მისი ჯვარი ეზიდა.
33 . და მივიდნენ იმ ადგილზე, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც თხემის ადგილს ნიშნავს.
34 . მისცეს მას ნაღველნარევი ღვინო სასმელად; რომ იგემა, არ ინდომა დალევა.
35 . ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვეს მისი სამოსელი.
36 . ისხდნენ იქ და დარაჯობდნენ მას.
37 . თავს ზემოთ კი დაწერილი ბრალდება მოათავსეს: "ეს არის იესო, იუდეველთა მეფე”.
38 . მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი მარჯვნივ და ერთიც - მარცხნივ.
39 . გამვლელები კი თავებს აქნევდნენ და გმობდნენ მას.
40 . ამბობდნენ: "ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი; თუ ღმერთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან”.
41 . მღვდელმთავარნიც დასცინოდნენ მწიგნობრებსა და უხუცესებთან ერთად და ამბობდნენ:
42 . "სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას.
43 . ღმერთს იყო მინდობილი და ახლა იხსნას იგი, თუ ნებავს; ხომ ამბობდა, ძე ღმერთისა ვარო”.
44 . მასთან ერთად ჯვარცმული ავაზაკებიც ლანძღავდნენ მას.
45 . მეექვსე საათიდან მეცხრე საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა.
46 . მეცხრე საათი იქნებოდა რომ დიდი ხმით შესძახა იესომ: "ელი, ელი! ლამა საბაქთანი?” რაც ნიშნავს: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?”
47 . იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა გაიგონეს ეს და თქვეს, ელიას უხმობსო.
48 . უცბად გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და სასმელად მიაწოდა.
49 . სხვები კი ამბობდნენ, მოიცათ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის გამოსახსნელადო.
50 . ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და სული განუტევა.
51 . და აჰა, მაღლიდან დაბლამდე, ორად გაიხა ტაძრის კრეტსაბმელი, შეიძრა დედამიწა და დასკდა კლდეები.
52 . სამარხები გაიხსნა და მრავალი მიძინებული წმიდანის სხეული აღდგა.
53 . გამოვიდნენ სამარხთაგან მისი აღდგომის შემდეგ, შევიდნენ წმიდა ქალაქში და მრავალს ეჩვენნენ.
54 . ასისთავმა და მასთან ერთად იესოს მოდარაჯეებმა, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეშინდნენ და თქვეს: "ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო იგი!”
55 . იყო იქ შორიდან მომზირალი მრავალი დედაკაცი, რომლებიც გალილეიდან გამოჰყვნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას.
56 . მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობისა და იოსების დედა და ზებედეს ძეთა დედა.
57 . როცა მოსაღამოვდა, მოვიდა მდიდარი კაცი არიმათიიდან, სახელად იოსები, რომელიც იესოს მოწაფე იყო.
58 . მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. და ბრძანა პილატემ, რომ მიეცათ.
59 . აიღო იოსებმა გვამი და შეახვია იგი სუფთა ტილოში.
60 . დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი; სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა.
61 . იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელ
62 . პარასკევის შემდგომ დღეს მღვდელმთავარნი და ფარისეველნი შეიკრიბნენ პილატესთან.
63 . თქვეს: "ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მაცდურმა, სანამ ცოცხალი იყო თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო.
64 . ამიტომ უბრძანე, მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რომ არ მივიდნენ მისი მოწაფენი, არ მოიპარონ იგი და არ უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი საცდური პირველზე უარესი იქნება”.
65 . უთხრა მათ პილატემ: "თქვენ გყავთ მცველები, წადით და უდარაჯეთ, როგორც იცით”.
66 . წავიდნენ, უსაფრთხოდ ჰყვეს სამარხი, დაბეჭდეს და მცველებიც დააყენეს.
1 . იმ დღეებში, მეფე ჰეროდემ საბოროტოდ აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე.
2 . მან მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა;
3 . და როცა დაინახა, რომ ამით იუდევლებს აამა, პეტრეც დააპატიმრა. უფუარობის დღეები იყო.
4 . შეიპყრო თუ არა, სატუსაღოში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს უბრძანა მისი დაცვა. განზრახული ჰქონდა, პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე.
5 . ასე რომ, პეტრეს საპყრობილეში დარაჯობდნენ, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის.
6 . იმ ღამეს, ჰეროდემ მისი გამოყვანა რომ განიზრახა, ორმაგი ბორკილებით შეკრულ პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ.
7 . და აჰა, უფლის ანგელოზი წარდგა და სინათლე გაბრწყინდა საკანში. პეტრეს ფერდში წაჰკრა, გააღვიძა და უთხრა: "ჩქარა ადექი!” და ხელებიდან ბორკილები დასცვივდა.
8 . უთხრა ანგელოზმა: "სარტყელი შემოირტყი და სანდლები ჩაიცვი”. ასეც მოიქცა. უთხრა: "მოსასხამი მოისხი და გამომყევი”.
9 . პეტრეც გამოვიდა და გაჰყვა. არ იცოდა, რომ ის, რასაც ანგელოზი აკეთებდა, ცხადში ხდებოდა; ფიქრობდა, ჩვენებას ვხედავო.
10 . გასცდნენ პირველსა და მეორე საგუშაგოს და ქალაქში შესასვლელ შერკინულ კარიბჭეს მიადგნენ, რომელიც თავისით გაიღო მათ წინაშე. შევიდნენ, ერთი ქუჩა გაიარეს და მაშინვე გაშორდა მას ანგელოზი.
11 . გონს მოეგო პეტრე და თქვა: "ახლა ნამდვილად ვიცი, რომ უფალმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი და დამიხსნა როგორც ჰეროდეს ხელიდან, ისე ყოველივე იმისგანაც, რასაც იუდეველი ხალხი ელოდა”.
12 . გონსმოსული, მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს დედის, მარიამის სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.
13 . პეტრემ ჭიშკარზე რომ დააკაკუნა, ერთი მოახლე, სახელად როდი, კარის გასაღებად გამოვიდა.
14 . როგორც კი პეტრეს ხმა იცნო, ისე გაუხარდა, რომ ჭიშკრის გაღება დაავიწყდა, შინ შევარდა და იქ მყოფთ შეატყობინა, კართან პეტრე დგასო.
15 . უთხრეს: "ჭკუიდან გადახვედი?” ის კი თავისას ამტკიცებდა. და ამბობდნენ: "ეს მისი ანგელოზი იქნება”.
16 . პეტრე კაკუნს განაგრძობდა. კარი რომ გაუღეს, დაინახეს და გაოცდნენ.
17 . მან ხელით ანიშნა, გაჩუმდითო და უამბო, როგორ გამოიყვანა საპყრობილედან უფალმა. ბოლოს თქვა: "შეატყობინეთ ეს ამბავი იაკობსა და ძმებს”. მერე გავიდა და სხვაგან წავიდა.
18 . გამთენიისას ჯარისკაცებს შორის დიდი განგაში ატყდა, პეტრე რა იქნაო?
19 . ჰეროდემ ეძება და ვერ მიაგნო. ბოლოს მცველები დაჰკითხა და ბრძანა, ყველანი დაეხოცათ. მერე იუდეიდან კესარიაში წავიდა და იქ დარჩა.
20 . ჰეროდე გაბრაზებული იყო ტვიროსელებსა და სიდონელებზე. ისინი ერთსულოვნად მივიდნენ მასთან, მიიმხრეს მეფის მესაწოლე ბლასტონი და მშვიდობა ითხოვეს, რადგან ჰეროდეს სამეფოდან საზრდოობდა მათი ქვეყანა.
21 . დაწესებულ დღეს ჰეროდემ სამეფო სამოსი ჩაიცვა, ტახტზე დაჯდა და მათ მიმართა.
22 . ხალხი კი ღაღადებდა: "ღმერთის ხმაა და არა კაცისა”.
23 . მაგრამ მოულოდნელად უფლის ანგელოზმა დასცა იგი, ვინაიდან დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულს, სული ამოხდა.
24 . უფლის სიტყვა კი იზრდებოდა და ვრცელდებოდა.
25 . ბარნაბამ და სავლემ გაასრულეს თავიანთი მსახურება, იერუსალიმიდან უკან გაბრუნდნენ და თან წაიყვანეს იოანეც, მარკოზად წოდებული.
1 . და ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა, ვინაიდან პირველმა ცამ და პირველმა დედამიწამ გადაიარეს, და ზღვა აღარ იყო.
2 . და ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისგან რომ ეშვებოდა ციდან, გამზადებული, როგორც თავისი საქმროსთვის მორთული საპატარძლო.
3 . და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: "აჰა, ღმერთის კარავი კაცთა შორისაა, ის დამკვიდრდება მათ შორის; იქნებიან ისინი მისი ხალხები და თვით ღმერთი იქნება მათთან.
4 . მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”.
5 . და თქვა ტახტზე მჯდომმა: "აჰა, ვქმნი ყოველივე ახალს”. მითხრა: "დაწერე, რადგან სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”.
6 . და მითხრა: "აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაწყისი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის სათავიდან.
7 . გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის - ძე.
8 . ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შემბილწველთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით. ეს არის მეორე სიკვდილი”.
9 . და მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, უკანასკნელი წყლულებით სავსე შვიდი თასი რომ ჰქონდათ, და მითხრა: "მოდი და გაჩვენებ საპატარძლოს, კრავის ცოლს”.
10 . წამიყვანა სულში დიდსა და მაღალ მთაზე, და მაჩვენა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, ციდან რომ ეშვებოდა ღმერთისგან;
11 . ღვთის დიდების მქონე, მისი შუქი პატიოსან თვალს ჰგავს, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას.
12 . დიდი და მაღალი გალავანი აქვს, თორმეტი კარიბჭე და კარიბჭეებში - თორმეტი ანგელოზი; და ზედ დაწერილი სახელები, რომლებიც ისრაელიანთა თორმეტ ტომს ეკუთვნის.
13 . სამი კარიბჭე - აღმოსავლეთიდან, სამი კარიბჭე - ჩრდილოეთიდან, სამი - სამხრეთიდან და სამიც - დასავლეთიდან.
14 . ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი აქვს და მათზეა კრავის თორმეტი მოციქულის სახელები.
15 . ჩემთან მოლაპარაკეს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა, ქალაქის, მისი კარიბჭეებისა და გალავნის გასაზომად.
16 . ქალაქი ოთხკუთხედია. მისი სიგრძე იგივეა, რაც სიგანე; და გადაზომა ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას სტადიონზე; მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანაბარია.
17 . გაზომა მისი გალავანი და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, რომელიც ანგელოზისაა.
18 . გალავანი იასპით არის ნაგები, ხოლო ქალაქი - წმიდა მინის მსგავსი სუფთა ოქროთი.
19 . ქალაქის გალავნის საძირკვლები ყოველგვარი ძვირფასი ქვით არის მოპირკეთებული; პირველი საძირკველი იასპია, მეორე - საფირონი, მესამე - ქალკედონი, მეოთხე - ზურმუხტი;
20 . მეხუთე - სარდონიქსი, მეექვსე - სარდიონი, მეშვიდე - ქრიზოლითი, მერვე - ბივრილი, მეცხრე - ტოპაზი, მეათე - ქრისოპრასი, მეთერთმეტე - იაკინთი, მეთორმეტე - ამეთვისტო.
21 . თორმეტი კარიბჭე თორმეტი მარგალიტია: ყოველი კარიბჭე - თითო მარგალიტი, ხოლო ქალაქის ქუჩა სუფთა ოქროა, გამჭვირვალე მინის მსგავსი.
22 . ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, ვინაიდან მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი უფალი ღმერთია და კრავი.
23 . ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი ლამპარი.
24 . ერები ივლიან მის ნათელზე, მიწიერი მეფეები მიიტანენ იქ თავიანთ დიდებას და პატივს.
25 . არ დაიკეტება დღისით მისი კარიბჭენი, რადგან ღამე აღარ იქნება იქ.
26 . და მიიტანენ მასში ერების დიდებასა და პატივს.
27 . ვერ შევა მასში ვერაფერი უწმინდური, ვერავინ ცრუ და სიბილწის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი.
1 . გამოვიდა დინა, ლეას ასული, რომელიც მან იაკობს უშვა, იქაურ ასულთა სანახავად.
2 . დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ, მოიტაცა, ძალით დაწვა მასთან და აჰყარა პატივი.
3 . და მიეწება მისი გული დინას, იაკობის ასულს, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და გულიანად ელაპარაკა მას.
4 . უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: "ცოლად შემრთე ეს ყმაწვილი ქალი!”
5 . გაიგო იაკობმა, რომ წაბილწა ხამორის ძემ დინა, მისი ასული; მაგრამ რაკი მისი ძენი ველად იყვნენ პირუტყვთან, დადუმდა მათ მოსვლამდე.
6 . და მოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ.
7 . იაკობის ძენიც დაბრუნდნენ მინდვრიდან და ეს ამბავი რომ გაიგეს, შეწუხდნენ და ძალიან გაბრაზდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დამართა ისრაელს, იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.
8 . ელაპარაკა ხამორი მათ და უთხრა: "მთელი გულით შეიყვარა შექემმა, ჩემმა ძემ თქვენი ასული; მიათხოვეთ ცოლად.
9 . დაგვიმოყვრდით: მოგვეცით თქვენი ასულნი, ჩვენები კი თქვენ წაიყვანეთ.
10 . ჩვენთან დამკვიდრდით, ეს ქვეყანა თქვენს წინაშეა, იცხოვრეთ, ივაჭრეთ და შეიძინეთ ქონება”.
11 . უთხრა შექემმა დინას მამასა და ძმებს: "ოღონდ კი მადლი ვპოვო თქვენს თვალში და რასაც მთხოვთ, მოგცემთ.
12 . დიდძალი საქორწინო ურვადი და ძღვენი დამაკისრეთ. მოგცემთ, რასაც მომთხოვთ, ოღონდ ეს ყმაწვილი ქალი მომეცით ცოლად”.
13 . მიუგეს იაკობის ძეებმა შექემს და მამამისს და მზაკვრულად ელაპარაკნენ, ვინაიდან შებილწული იყო დინა, მათი და.
14 . უთხრეს: "არ შეგვიძლია, წინადაუცვეთელ კაცს ვერ მივცემთ ჩვენს დას, რადგან ეს ჩვენი შერცხვენა იქნება.
15 . მხოლოდ მაშინ ვიქნებით თანახმა, თუ თქვენი ყოველი მამაკაცი ჩვენსავით წინადაიცვეთს.
16 . მაშინ მოგათხოვებთ ჩვენს ასულებს და ჩვენც შევირთავთ თქვენს ასულებს, თქვენთან დავმკვიდრდებით და ერთ ხალხად ვიქცევით.
17 . წინადაცვეთას თუ არ ისურვებთ, წავიყვანთ ჩვენს ასულს და წავალთ”.
18 . და მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს.
19 . აღარ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან უყვარდა იაკობის ასული. ყველაზე პატივდებული იყო იგი მამამისის სახლში.
20 . მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, ქალაქის კარიბჭესთან და ასე ელაპარაკნენ ქალაქის მკვიდრთ:
21 . "ეს კაცები ჩვენ მიმართ მშვიდობიანად არიან განწყობილნი: დამკვიდრდნენ და ივაჭრონ; ეს ქვეყანაც ხელგაშლილი იქნება მათ წინაშე. ჩვენ მათი ასულნი შევირთოთ ცოლებად და ჩვენი ასულნი მათ მივათხოვოთ.
22 . მაგრამ ეს კაცები მხოლოდ ამ პირობით დაგვთანხმდებიან ჩვენთან დამკვიდრებაზე და ერთ ხალხად გადაქცევაზე, თუ ჩვენში ყოველი მამაკაცი წინადაიცვეთს, როგორც თავად არიან წინადაცვეთილნი.
23 . მათი სამწყსო, მთელი მათი ქონება და მთელი მათი პირუტყვი განა ჩვენი არ გახდება? ოღონდ დავეთანხმოთ და ჩვენთან დამკვიდრდებიან”.
24 . დაუჯერა ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭიდან ყოველმა გამომავალმა და წინადაიცვითა ქალაქის კარიბჭიდან გამომავალმა ყოველმა მამაკაცმა.
25 . მესამე დღეს, როცა ჭრილობა სტკიოდათ, იაკობის ორმა ძემ, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, აიღეს მახვილი ხელში, თამამად შევიდნენ ქალაქში და ამოხოცეს ყოველი მამაკაცი.
26 . და მახვილით მოკლეს ხამორი და შექემი, მისი ძე, წაიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წავიდნენ.
27 . მივიდნენ იაკობის ძენი მოკლულებთან და გაძარცვეს ქალაქი, რადგან წაბილწეს მათი და, დინა.
28 . წამოასხეს მათი საქონელი და სახედრები, ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად იყო,
29 . მთელი მათი სიმდიდრე; და დაატყვევეს მათი ბავშვები და ცოლები; ხელთ იგდეს ყოველივე, რაც სახლებში ჰქონდათ.
30 . უთხრა იაკობმა სიმონსა და ლევის: "დამღუპეთ, რადგან შეაძულეთ ჩემი თავი ქანაანელებსა და ფერიზელებს, ამ ქვეყნის მცხოვრებლებს. ხალხი ცოტა მყავს, ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდებიან და მომსპობენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც”.
31 . მაგრამ მათ უპასუხეს: "განა ჩვენს დას ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც მეძავს?”
1 . გაძლიერდა შიმშილი ქვეყანაზე.
2 . როცა ეგვიპტიდან ჩამოტანილი პური გაუთავდათ, უთხრა მათ მამამ: "წადით და იყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო”.
3 . უთხრა იუდამ: "მკაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა: თუ თან არ გეყოლებათ თქვენი ძმა, ჩემს სახეს ვერ იხილავთო.
4 . თუ გაგვაყოლებ ჩვენს ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს.
5 . თუ არ გამოუშვებ, ვერ წავალთ, რადგან გვითხრა იმ კაცმა, რომ არ დავენახოთ თვალით, თუ თან არ გვეყოლება ძმა”.
6 . თქვა ისრაელმა: "რად მიბოროტეთ, რატომ უთხარით იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?”
7 . უთხრეს: "გამოგვკითხა იმ კაცმა ჩვენი და ჩვენი მოდგმის ამბავი; აინტერესებდა, მამათქვენი ცოცხალიაო თუ არა, კიდევ თუ გყავთო ძმა. ყველაფერი ვუამბეთ. საიდან უნდა გვცოდნოდა, რომ ძმის ჩაყვანას მოგვთხოვდა?”
8 . უთხრა იუდამ მამამისს: "გამოუშვი ყმაწვილი; ავდგებით, წავალთ და აღარ დავიხოცებით შიმშილით, არც შენ და არც ჩვენი შვილები!
9 . მე ვიქნები მისი თავდები, ჩემგან მოითხოვე იგი. თუ არ დავაბრუნებ და არ წარმოვადგენ შენს წინაშე, შემცოდე ვიყო შენთან მთელი სიცოცხლე!
10 . რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ დავბრუნდებოდით”.
11 . თქვა ისრაელმა, მათმა მამამ: "სხვა გზა თუ არ არის, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ამ ქვეყნის დოვლათით ჭურჭლები; ჩაუტანეთ იმ კაცს საჩუქრად მცირეოდენი ბალსამონი და მცირეოდენი თაფლი, საკმეველი და მური, ფუსტუღი და ნუში.
12 . ორჯერ მეტი ვერცხლი წაიყოლეთ და უკან დააბრუნეთ თქვენს ტომრებში აღმოჩენილი ფული, ეგებ რაღაც შეცდომა იყო.
13 . წაიყვანეთ თქვენი ძმაც და დაბრუნდით იმ კაცთან.
14 . ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაპოვნინოთ წყალობა იმ კაცის თვალში, იქნებ მეორე ძმაც გამოუშვას და ბენიამინიც. შვილების გარეშე თუ უნდა დავრჩე, დაე, ასე იყოს”.
15 . წაიღეს კაცებმა საჩუქარი, ორჯერ მეტი ფული და ბენიამინიც თან წაიყვანეს. ჩავიდნენ ეგვიპტეში და წარსდგნენ იოსების წინაშე.
16 . დაინახა იოსებმა მათთან ერთად ბენიამინი და უთხრა თავისი სახლის მოურავს: "ეს ხალხი ჩემს სახლში მიიყვანე, საკლავი დაკალი და მოამზადე, რადგან ჩემთან ერთად უნდა ჭამონ პური შუადღისას”.
17 . ისე მოიქცა მოურავი, როგორც იოსებმა უთხრა და მიიყვანა ისინი იოსების სახლში.
18 . როცა იოსების სახლში მიიყვანეს, შეშინდნენ ძმები. თქვეს: "აქ, ალბათ, ჩვენს ტომრებში ნაპოვნი ფულის გამო მოგვიყვანეს, რათა ცილი დაგვწამონ, თავს დაგვესხან და დაგვატყვევონ ჩვენ და ჩვენი სახედრები”.
19 . მივიდნენ იოსების სახლის მოურავთან და ელაპარაკნენ ჭიშკართან.
20 . "გთხოვთ ჩვენო ბატონო! აქ უწინაც ჩამოვსულვართ საზრდოს საყიდლად!
21 . ღამის გასათევში რომ შევჩერდით, ტომრები გავხსენით და, აჰა, თითოეულის ფული მისივე ტომარაშია! ჩვენივე ხელით უკან გიბრუნებთ.
22 . კიდევ წამოვიღეთ ფული, ჩვენი ხელით საზრდოს საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ის ვერცხლი ტომრებში!”
23 . უთხრა მათ: "მშვიდად იყავით! ნუ გეშინიათ: თქვენმა ღმერთმა და თქვენი მამების ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ტომრებში. მე მქონდა თქვენი ვერცხლი”. და გამოუყვანა სიმონი.
24 . შეიყვანა იმ კაცმა ეს ხალხი იოსების სახლში, მისცა წყალი ფეხების დასაბანად და საკვები სახედრებისთვის.
25 . და მოამზადეს საჩუქარი შუადღისას იოსების მოსვლამდე, რადგან გაიგეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური.
26 . დაბრუნდა იოსები სახლში და მიართვეს საჩუქარი თავის ხელით, თან მიწამდე სცეს თაყვანი.
27 . გამოიკითხა იოსებმა მათი ჯანმრთელობის ამბავი და უთხრა: "ხომ მშვიდობითაა თქვენი მოხუცი მამა, ვისზეც მელაპარაკეთ? ხომ ჯერაც ცოცხალია?”
28 . უთხრეს: "ჯანმრთელადაა შენი მსახური მამაჩვენი, ჯერაც ცოცხალია”. დაიჩოქეს და თაყვანი სცეს.
29 . აღაპყრო თვალი იოსებმა და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, ძე თავისი დედისა. თქვა: "ესაა თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მიამბობდით?” და დაამატა: "ღმერთი გწყალობდეს, შვილო!”
30 . და ისწრაფა იოსებმა გასვლა, რადგან გაღვივდა მისი გრძნობები თავისი ძმისადმი, და ტირილი მოუნდა; შევიდა თავის ოთახში და ატირდა.
31 . პირი დაიბანა, გული გაიმაგრა, გამოვიდა და თქვა: "პური მოგვიტანეთ”.
32 . ცალკე მიართვეს მას, იმათაც - ცალკე და მასთან ერთად მეინახე ეგვიპტელებსაც - ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან პურის ჭამა - სისაძაგლე იყო ეს ეგვიპტელთათვის
33 . და დასხეს ძმები მის წინაშე უფროს-უმცროსობის მიხედვით. და გაოგნებულნი უყურებდნენ ერთმანეთს კაცები.
34 . უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს; მაგრამ ხუთჯერ მეტი იყო ბენიამინის კერძი სხვების კერძზე. სვეს და შეთვრნენ მასთან ერთად.