შემწყნარებელნი იყავით – დაივიწყეთ წყენა


საკვანძო მუხლები:

იგავნი 12 : 16 ; მათე 6 : 12 ; მათე 18 : 22 ; მარკოზი 11 : 25 ; ლუკა 11 : 4 ; 1პეტრე 3 : 8 ; 2კორინთელთა 11 : 1 ; ეფესელთა 4 : 32 ; კოლასელთა 3 : 12 ; 1ტიმოთე 3 : 3 ; 2ტიმოთე 2 : 24 ; ტიტე 3 : 2 ; ფილიმონი 1 : 18 ;
=4.20.13 შემწყნარებელნი იყავით – დაივიწყეთ წყენა

იგავ.12,16 მათ.6,12.14.15; 18,21.22 მარ.11,25.26 ლუკ.11,4; 1პეტ.3,8; 2კორ.11,1 ეფ.4,32 კოლ.3,12.13 1ტიმ.3,3; 2ტიმ.2,24 ტიტ.3,2 ფილიმ.1,18

ბიბლიის მუხლები

იგავნი 12
16. ბრიყვი წამში ამხელს თავის გაბრაზებას, გონიერი კი მალავს წყენას.

მათე 6
12. მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი [ცოდვანი – ლუკ. 11,4] ჩვენნი, ვითარცა ჩვენ [რადგან ჩვენც] მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა.

მათე 6,14.15
ვინაიდან თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ . . . არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს, [როცა დგახართ და ლოცულობთ, მიუტევეთ, თუ რამე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რადგან თქვენმა ზეციერმა მამამაც . . მარ. 11,25.26].

მათე 18
21. მაშინ მიუახლოვდა მას პეტრე და უთხრა: უფალო, რამდენჯერ მივუტევო ჩემს ძმას, რომელიც ჩემს წინააღმდეგ სცოდავს? შვიდჯერ?
22. იესომ მიუგო: არ გეუბნები: შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.

1პეტრე 3
8. და ბოლოს: იყავით ყველანი ერთი აზრისანი, თანამგრძნობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი.

2კორინთელთა 11
1. ნეტავ ოდნავ მაინც შემწყნარებელნი იყოთ ჩემი უგუნურების მიმართ! თუმცა მიწყნარებთ კიდეც.

ეფესელთა 4
32. მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.

კოლასელთა 3
12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.
13. შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს.

1ტიმოთე 3
3. არ იყოს ლოთი, მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, მშვიდობიანი, არ იყოს ვერცხლის მოყვარე,

2ტიმოთე 2
24. მონას ღვთისას კი ჩხუბი არ მართებს, არამედ შემწყნარე უნდა იყოს ყველას მიმართ და მოთმინებით დამმოძღვრავი.

ტიტე 3
2. არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი და მუდამ თვინიერნი ყველა ადამიანის მიმართ.

ფილიმონი 1
18. ხოლო თუ რამე გაწყენინა, ან მართებს შენი, მე მომკითხე.

__თემაზე წერდნენ__
***
სულგრძელ კაცთათვის დავიწყება წამალია წყენისა.
__ კიროსი __

***
წყენა და ბოროტი დაივიწყე, მხოლოდ სიკეთეს ნუ დაივიწყებ ნურასდროს.
__ კონფუცი __

***
უკეთურთა მიტევება – ხვედრია რჩეულთა.
__ ლაო-ძი __

***
პასკალი იყო საოცრად შემწყნარებელი შეურაცხმყოფელთა მიმართ, ისე რომ, არასოდეს განუსხვავებია ეს უკანასკნელნი დანარჩენ მოყვასთაგან. მთლიანად ივიწყებდა ყოველგვარ პირად წყენასა თუ შეურაცხყოფას; ამიტომ ძალზე უჭირდათ მისთვის გაეხსენებინათ ყოველივე ეს და ხშირად იძულებულნი იყვნენ დაწვრილებით აღედგინათ საქმის ვითარება: აი, ასე და ასე იყოო. როცა ამის გამო გაკვირვებას გამოთქვამდნენ, პასუხად იტყოდა ხოლმე: ნუ გიკვირთ, ეს კაი კაცობით კი არ მომდის, არამედ მართლა დამავიწყდაო. მაგრამ, თუ სიმართლე გნებავთ, შეურაცხყოფა მის სულში მართლაც არ ტოვებდა საგრძნობ კვალს, რაკიღა ისე ადვილად ივიწყებდა წყენას. თორემ ისეთი დიდებული მეხსიერება ჰქონდა, რომ იტყოდა ხოლმე: არასოდეს დამვიწყნია ის, რისი დამახსოვრებაც მსურდაო.
__ და ჟილბერტა პასკალი __

***
რომ მოვისმენ ბოროტ სიტყვას, აღარ ვიწყებ გამოკითხვას,
იქვე ვაძლევ დავიწყებას, ვერიდები გაფიცხებას.
სიკეთის ხმა გვიჯობს რისხვას და დუმილი – ბრიყვთა კიცხვას.
__ ფ. კემპნერი __

***
[ილია ჭავჭავაძის ქვრივმა, როდესაც ილიას მკვლელების შეწყალება ითხოვა, მას გამოხმაურება მოჰყვა რუსულ პრესაში].
როდესაც მთელს რუსეთში გამეფებულია ზნეობრივი სიბნელე და უკუნეთი, ყოველი ფეხის ნაბიჯზე გაისმის – მოჰკალ, ჩამოახრჩვე, დახვრიტე! – ამ დროს საქართველოს საუკეთესო შვილის ქვრივი, რომელსაც უსაყვარლესი მეუღლე ბარბაროსულად მოუკლეს და თვითონაც მხეცურად დაჭრეს, ევედრება მთავრობას, სიკვდილით ნუ დასჯით მკვლელებსო. აქამდე ვიცოდით, რომ ფიზიკური მზე აღმოსავლეთიდან ამოდის. ახლა უნდა ვთქვათ: ზნეობრივმა მზემ აღმოსავლეთიდან ამოაშუქა.
__ გორბუნოვ-პოსადოვი __

***
შემწყნარებლობა ხშირად რწმენის ღალატია.
__ მაჰატმა განდი __

***
როდესაც ვინმე ახველებს და ღიზიანდებით, ამ გაღიზიანებას ბევრად ღრმა ფესვები აქვს, ვინემ ის, რომ თქვენი მეზობელი გულზე არ გახატიათ. მე მაღიზიანებს ის, ვინც ჩემი მტერია. იესოს კი ბოლომდე უყვარს იუდა! თქვენ უნდა წარმოიდგინოთ მაცხოვრის ამბავი, კაცისა, რომელსაც ვერავინ ვერ აუშალა ნერვები!
__ ვილჰელმ ბუში __

***
შენ მაპატიებ – სამაგიეროდ:
არც დაივიწყებ არასოდეს მაგ სულგრძელობას,
მე, რა თქმა უნდა, არ გაპატიებ,
სამაგიეროდ არც დაგიხსომებ.
__ შოთა ნიშნიანიძე __

***
არა მინდა რა, მილხინს თუ მიჭირს, არაფერს არ ვთხოვ ბედს ჩაციებით,
ოღონდაც მომცეს მოთმენის ნიჭი, მონანიების და პატიების.
ოღონდ შემეძლოს კვლავ გაოცება და სიყვარული ღვთით ბოძებული . . .
__ შოთა ნიშნიანიძე __

***
რა საჭიროა მიტევება ან შეურაცხმყოფელი რატომ უნდა გაათავისუფლოთ სინდისის ქენჯნისგან? ამ კითხვებზე ფსიქოლოგები ერთსულოვნად გვპასუხობენ – მეტისმეტად დამცირებულისა და შეურაცხყოფილის როლში ყოფნით. პირველ რიგში, საკუთარ თავს გამოუსწორებელ ზიანს აყენებთ. ფსიქიკისათვის მნიშვნელოვანია ემოციების ხასიათი და არა ის, ვისი მისამართითაც მიმართულია ისინი. გულში ჩადებული წყენის გამო დაუსრულებელი შინაგანი დიალოგი გაქვთ შეურაცხმყოფელთან, აგებთ შურისძიების გეგმებს, მათი მეშვეობით ნერგავთ, უვლით და ელოლიავებით სხვადასხვა უარყოფით ემოციებს, რომლებიც ადრე თუ გვიან გარეთ გადმოიღვრება, გარშემომყოფ ადამიანებზე აირეკლება და მრავალგზის გაძლიერებული უკანვე დაგიბრუნდებათ. შემდეგ კი გიკვირთ, საიდან გაჩნდა პრობლემები. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან მშვიდობიანი თანაარსებობის საწინდარი პატიების უნარია.
უფროსებს არ აწყენდათ ბავშვებისგან მიტევების ხელოვნება ესწავლათ. წაიჩხუბებენ, ერთმანეთს სცემენ და მერე გვერდიგვერდ მშვიდად თამაშობენ. ასე იმიტომ ხდება, რომ ბავშვის რწმენით, სამყარო მშვენიერია, ადამიანები – კეთილები - გულწრფელი, პოზიტიური შეხედულებები სამყაროზე აიძულებთ, წყენა დაივიწყონ. მიბაძეთ მათ, წყენას გულში ნუ ჩაიდენთ, ცხოვრება ასე უფრო გაგიადვილდებათ.
__ აზა გაგოშიძე __


4.20.13 Будем смиренномудрими - забудем обид
Пр.12,16 Матф.6,12.14.15; 18,21.22 Мар.11,25.26 Лук.11,4; 1Пет.3,8; 2Кор.11,1 Еф.4,32 Кол.3,12.13 1Тим.3,3; 2Тим.2,24 Тит.3,2 Филим.1,18