1 . თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცანი და მიწა.
2 . მიწა იყო უსახო და უდაბური, და ბნელი იწვა უფსკრულებზე, და სული ღვთისა მიმოქროდა წყლებზე.
3 . და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი.
4 . და დაინახა ღმერთმა, რომ კარგია ნათელი და გაჰყარა ღმერთმა ნათელი ბნელისაგან.
5 . უწოდა ღმერთმა ნათელს დღე, ხოლო ბნელს - ღამე. იყო საღამო და იყო დილა - დღე ერთი.
6 . თქვა ღმერთმა: "იყოს მყარი წყალთა შორის, რათა გაყოს წყალი წყლისგან”.
7 . შექმნა ღმერთმა მყარი და გაყო მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისგან. და იქმნა ასე.
8 . უწოდა ღმერთმა მყარს ცა. იყო საღამო და იყო დილა - მეორე დღე.
9 . თქვა ღმერთმა: "ერთად შეგროვდეს წყლები ცის ქვეშ და გამოჩნდეს ხმელეთი”. და იქმნა ასე.
10 . უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა, ხოლო შეგროვილ წყალს - ზღვა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
11 . შემდეგ თქვა ღმერთმა: "აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი - მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი”. და იქმნა ასე.
12 . აღმოაცენა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
13 . იყო საღამო და იყო დილა - მესამე დღე.
14 . თქვა ღმერთმა: "იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად და იყვნენ ისინი ნიშნებად, წელიწადის დროთა, დღეთა და წელთა აღსანიშნად.
15 . იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რათა მისცენ სინათლე მიწას”. და იქმნა ასე.
16 . შექმნა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი: დიდი - დღის მმართველად, ხოლო მცირე - მმართველად ღამისა; და ვარსკვლავები.
17 . დაადგინა ისინი ღმერთმა ცის მყარზე მიწის გასანათებლად,
18 . რათა განეგოთ დღე და ღამე და ერთმანეთისგან გაეყოთ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
19 . იყო საღამო და იყო დილა - მეოთხე დღე.
20 . თქვა ღმერთმა: "წარმოშვას წყლებმა ცოცხალი არსებანი და იფრინონ ფრინველებმა მიწის ზემოთ ცის მყარზე”. და იქმნა ასე.
21 . შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულნი და ყოველი სულდგმული, წყალში მცურავი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ფრთოსანი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
22 . აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვის წყლები და გამრავლდეს ფრთოსანი მიწაზე”.
23 . იყო საღამო და იყო დილა - მეხუთე დღე.
24 . თქვა ღმერთმა: "წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი თავისი ჯიშებისამებრ - პირუტყვი, ქვეწარმავალი და მიწის მხეცები”. და იქმნა ასე.
25 . შექმნა ღმერთმა მიწის მხეცები თავისი ჯიშებისამებრ, პირუტყვი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ქვეწარმავალი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
26 . თქვა ღმერთმა: "შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე”.
27 . შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
28 . აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის.
29 . თქვა ღმერთმა: "აჰა, მოგეცით საჭმელად ყოველი ბალახი თესლის მთესველი და ნაყოფიერი ხე, რაც დედამიწის ზურგზეა”.
30 . მიწის ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა ქვეწარმავალს დედამიწაზე, რასაც სიცოცხლის სუნთქვა აქვს, მცენარეები მივეცი საჭმელად”. და იქმნა ასე.
31 . იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგი იყო ფრიად. იყო საღამო და იყო დილა - მეექვსე დღე.
1 . გამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და რტო მისი ფესვისა ნაყოფს გამოიღებს.
2 . და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა.
3 . უფლის მოშიშებით აღივსება იგი, არც თავისი შეხედულებისამებრ განსჯის და არც თავისი ყურით გაგონილის მიხედვით ამხელს.
4 . სიმართლით განიკითხავს ღატაკთ და მიუკერძოებლად განიკითხავს ჩაგრულთათვის ქვეყანაზე; თავისი ბაგის კვერთხით დამწყემსავს ქვეყანას და თავისი ბაგეთა მონაბერით წარხოცავს ბოროტს.
5 . სიმართლე იქნება სარტყელი მისი წელისა და ერთგულება - სარტყელი მისი თეძოებისა.
6 . იცხოვრებს მგელი კრავთან ერთად და ჯიქი თიკანთან წამოწვება; ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ.
7 . ძროხა და დათვი ერთად იბალახებენ, ერთად წამოწვება მათი ნაშიერი და ხარივით ჩალას შეჭამს ლომი.
8 . ჩვილი ასპიტის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუს მოსხლეტილი გველგესლას ბუდეში შეყოფს ხელს.
9 . არ იბოროტებენ და არავის დაღუპავენ მთელ ჩემს წმიდა მთაზე, რადგან აივსება ქვეყანა უფლის შემეცნებით, როგორც ზღვაა წყლებით დაფარული.
10 . და იქნება იმ დღეს: ნიშნად დადგება ხალხებისთვის იესეს ფესვი და მისკენ იდენენ ერები. დიდებული იქნება სავანე მისი.
11 . იმ დღეს იქნება, რომ უფალი მეორედ გაიწვდის ხელს, რათა გამოისყიდოს თავისი ხალხის ნატამალი, რომელიც აშურსა და ეგვიპტეს, ფათროსსა და ქუშს, ელამსა და შინყარს, ხამათსა და ზღვის კუნძულელებს გადაურჩება.
12 . ნიშანს აამაღლებს ერებისთვის, შეკრებს გაძევებულთ ისრაელიდან და დაფანტულთ იუდადან - დედამიწის ოთხივე კიდიდან შეაგროვებს.
13 . გაუჩინარდება ეფრემის შური და იუდას შემჭირვებლები ამოწყდებიან; არა, აღარ შეშურდება ეფრემს იუდასი და აღარც იუდა შეაჭირვებს ეფრემს.
14 . დააცხრებიან ფილისტიმელთა კალთებს დასავლეთიდან, ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთის ძეთ, დამძიმდება მათი ხელი ედომსა და მოაბზე, დაემორჩილებიან ყამონის ძენი.
15 . უფალი ამოაშრობს ეგვიპტის ზღვის ყურეს და ხელს მოუქნევს მდინარეს თავის ძლიერ ქარში, შვიდ ტოტად განშლის მას და ფეხშემოსილთ წარუძღვება ხალხს, როგორც ხმელეთზე.
16 . გაიკვეთება გზა აშურში დარჩენილი მისი ხალხის ნატამალისთვის, როგორც გაიკვეთა ისრაელისთვის, ეგვიპტიდან მისი გამოსვლის დღეს.
1 . როცა შეიბრალებს უფალი იაკობს, ისევ აირჩევს ისრაელს და მათივე მიწაზე დაასახლებს; შეუერთდებიან მათ უცხოტომელნი და იაკობის სახლს შეემატებიან.
2 . აიყვანენ მათ ხალხები, მოიყვანენ თავიანთ ადგილზე და დაიმკვიდრებს მათ ისრაელის სახლი უფლის მიწაზე მონებად და მხევლებად, თავიანთ დამატყვევებლებს დაატყვევებენ და თავიანთ მჩაგვრელებზე გაბატონდებიან.
3 . და იქნება: იმ დღეს, როცა მოგასვენებს უფალი შენი ტკივილისგან, შფოთისა და ჯაფისაგან, რომლითაც იტანჯებოდი,
4 . მაშინ წარმოთქვამ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: "როგორ შეაჩერეს მოძალადე, როგორ აღიკვეთა ჩაგვრა.
5 . შემუსრა უფალმა ბოროტეულთა არგანი, დაამსხვრია ხელმწიფეთა კვერთხი.
6 . რისხვით რომ მუსრავდა ხალხებს უკურნებელი წყლულებით, ბრაზით იმორჩილებდა ერებს და დაუოკებლად დევნიდა მათ.
7 . დაწყნარდა და დამშვიდდა მთელი ქვეყანა, ხმამაღლა ყიჟინებს.
8 . კვიპაროსებიც შემოგხარიან და ლიბანის კედრებიც - რაც ძირს განერთხე, ხის მჭრელი აღარ მოსულა ჩვენთან.
9 . შავეთი, ქვესკნელი შეიძრა შენს შესახვედრად, შენი მოსვლისას; გამოაღვიძა შენთვის აჩრდილნი, ქვეყნის ყველა წინამძღოლი; ხალხთა მეფენი წამოაყენა თავ-თავისი ტახტებიდან.
10 . მოგიგებს ყველა და გეტყვის: შენც ჩვენსავით დაუძლურდი და ჩვენ დაგვემსგავსე.
11 . ქვესკნელს ჩაეშვა შენი ბრწყინვალება და შენი ებნების ხმა; ქვეშ მატლი გიგია და ზედ ჭიაღუა გახურავს.
12 . როგორ ჩამოვარდი ციდან, მნათობო, ძეო განთიადისა; მიწამდე ჩამოემხე, ერთა დამძაბუნებელო.
13 . გულში ამბობდი: "ცამდე ავმაღლდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ავიმაღლებ ტახტს, საკრებულო მთაზე დავჯდები, ჩრდილოეთის კიდეებზე.
14 . ღრუბლებს ზემოთ ავმაღლდები, უზენაესს დავემსგავსები!”
15 . თუმცაღა ქვესკნელში იქნები ჩაგდებული, შავეთის ჯურღმულებში.
16 . დაგაკვირდებიან შენი დამნახავნი და ჩაფიქრდებიან - ესაა ის კაცი, მიწას რომ ათრთოლებდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა,
17 . ქვეყნიერებას რომ აუდაბურებდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს არ ათავისუფლებდა ტყვეობის სახლიდან?
18 . ხალხების მეფეები დიდებაში განისვენებენ, თავ-თავიანთ სამყოფელში.
19 . შენ კი უსამაროდ ხარ დატოვებული, გადაგდებული, როგორც საძაგელი ლერწი, შემოსილი ხარ მახვილით დახოცილებით, რომლებსაც ქვის ორმოებში ყრიან; გათელილ გვამს ჰგავხარ.
20 . მათთან ერთად ვერ დაიმარხები, რადგან ააოხრე შენი ქვეყანა და გაჟლიტე შენი ხალხი; ბოროტმოქმედთა თაობა, ნუმც მოიხსენება საუკუნოდ.
21 . სასაკლაო გაამზადეთ მისი შვილებისთვის, მათი მამების ურჯულოების გამო, რათა არ აღდგნენ, არ დაიპყრონ ქვეყანა და მღელვარებით არ აავსონ მიწის ზედაპირი.
22 . "აღვდგები მათ წინააღმდეგ! - ამბობს ცაბაოთ უფალი - და მოვკვეთ ბაბილონის სახელს, მისი მონაგარისა და შთამომავლობის მონარჩენს!” - ამბობს უფალი.
23 . "მაჩვზღარბთა და ჭანჭყობთა სამკვიდროდ ვაქცევ და განადგურების ცოცხით გავხვეტ!” - ამბობს ცაბაოთ უფალი.
24 . დაიფიცა ცაბაოთ უფალმა და თქვა: "როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება, როგორც განვიზრახე, ისე აღსრულდება.
25 . ჩემს მიწაზე შევმუსრავ აშურს და ჩემს მთებზე გავთელავ მას; გადაიგდება მათგან მისი უღელი და მისი ტვირთი ჩამოეხსნებათ მხრებიდან”.
26 . ეს არის განაჩენი, მთელი ქვეყნის მიმართ გამოტანილი და, ეს არის, ხელი მოღერებული ყველა ხალხზე.
27 . რადგან გადაწყვიტა ცაბაოთ უფალმა და ვინ დაარღვევს? ხელი შემართა და ვინ შეაბრუნებს?
28 . მეფე ახაზის სიკვდილის წელს იქნა ეს წარმოთქმული.
29 . ნუ გიხარიათ, ფილისტიმელნო, თქვენი მგვემელი კვერთხის დამსხვრევა, რადგან გველის ფესვიდან გამოვა ასპიტი და მისი ნაყოფი ფრთოსანი გველი იქნება.
30 . უმწეოთა პირმშონი გამოიკვებებიან და გაჭირვებულნი უსაფრთხოდ წამოწვებიან; შიმშილით გავანადგურებ შენს ფესვს და გავჟლეტ შენს მონარჩენს.
31 . იქვითინე, კარიბჭევ! იტირე, ქალაქო! მთლიანად დადნები, ფილისტიმო, რადგან ჩრდილოეთიდან მოდის კვამლი და არავინ ჩამორჩება მის ბანაკს.
32 . რა პასუხს გასცემს ხალხთა წარგზავნილთ? რომ უფალმა დააფუძნა სიონი და მასში ჰპოვებენ თავშესაფარს მისი ხალხის ჩაგრულნი”.
1 . სიტყვა, რომელიც ისმინა იერემიამ იუდას მთელ ხალხზე იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის მეფობის მეოთხე წელს. ეს იყო პირველი წელი ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მეფობისა.
2 . ელაპარაკა წინასწარმეტყველი იერემია იუდას მთელ ხალხსა და იერუსალიმის ყველა მცხოვრებს:
3 . "იოშია ყამონის ძის, იუდას მეფის მეცამეტე წლიდან დღემდე, უკვე ოცდასამი წელია, რაც უფლის სიტყვა მოვიდა ჩემთან; ისევ და ისევ გელაპარაკებოდით, მაგრამ არ ისმენდით.
4 . გიგზავნიდათ უფალი თავის მსახურებსა და წინასწარმეტყველებს, განთიადიდანვე გიგზავნიდათ, მაგრამ თქვენ არ უსმენდით, ყურად არ იღებდით.
5 . გეუბნებოდნენ: მობრუნდეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან და თავისი ბოროტმოქმედებიდან და, დაე, მკვიდრობდეს მიწაზე, რომელიც უფალმა მოგცათ თქვენ და თქვენს მამებს უკუნითი უკუნისამდეო.
6 . ნუ გაჰყვებით სხვა ღმერთებს, არ ემსახუროთ და თაყვანი არ სცეთ მათ, ნურც თქვენი ნახელავით გამაჯავრებთ, რომ არც მე გიბოროტოთო.
7 . მაგრამ არ მომისმინეთ, ამბობს უფალი, რომ გაგეჯავრებინეთ თქვენი ნახელავით თქვენსავე საზიანოდ.
8 . ამიტომ, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "იმის გამო, რომ არ ისმინეთ ჩემი სიტყვა,
9 . აჰა, გამოვგზავნი და მივიყვან ჩრდილოეთის ყველა ტომს, ამბობს უფალი, ნაბუქოდონოსორთან, ბაბილონის მეფესთან, ჩემს მსახურთან. და ავამხედრებ მათ ამ ქვეყანასა და მის მკვიდრებზე და ყველა ხალხზე ირგვლივ, გავანადგურებ მათ, სამუდამო საფრთხობელად, დასაცინად და ნანგრევებად გადავაქცევ.
10 . ჩავაჩუმებ მათი სიხარულისა და ლხინის ხმას, ნეფისა და პატარძლის ხმას, წისქვილთა ხმაურსა და ლამპრის სინათლეს გავაქრობ.
11 . გადაიქცევა მთელი ეს ქვეყანა ნანგრევებად და უდაბნოდ, ემსახურებიან ეს ერები ბაბილონის მეფეს სამოცდაათ წელს.
12 . სამოცდაათი წლის შესრულებისას კი დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ერს, ამბობს უფალი, მათი ურჯულოების გამო და საუკუნო უდაბნოდ ვაქცევ ქალდეველთა ქვეყანას.
13 . აღსრულდება იმ ქვეყანაზე ჩემი ყველა სიტყვა, მასზე რომ წარმოვთქვი, ყოველივე, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი, იერემიამ რომ იწინასწარმეტყველა ყველა ერზე.
14 . რადგან მათაც დაიმონებენ ერნი მრავალნი და დიდი მეფენი; მივუზღავ მათ თავიანთი საქმეებისა და ნახელავის მიხედვით”.
15 . ვინაიდან ასე მითხრა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: "აიღე, ეს თასი მრისხანების ღვინით და შეასვი ყველა ერს, ვისთანაც გაგგზავნი.
16 . შესვამენ და აბობოქრდებიან, შეიშლებიან მახვილის გამო, რომელსაც მათზე დავუშვებ”.
17 . ავიღე თასი უფლის ხელიდან და შევასვი ყველა ერს, ვისთანაც უფალმა გამგზავნა.
18 . იერუსალიმსა და იუდას ქალაქებს, მის მეფეებსა და მთავრებს, რათა გადამეცა ისინი ნგრევისთვის, თავზარდაცემისთვის, დაცინვისა და წყევლისთვის, როგორც ეს დღესაა.
19 . ფარაონს - ეგვიპტის მეფეს, მის მსახურებს, მთავრებს და მთელ მის ხალხს,
20 . ყველა აღრეულ ტომსა და ყუცის ქვეყნის ყველა მეფეს, ფილისტიმელთა ქვეყნის ყველა მეფეს, აშკელონს, ღაზასა და ყეკრონს, აშდოდის ნარჩენს,
21 . ედომს და მოაბს, ყამონის ძეთ,
22 . ტვიროსისა და სიდონის ყველა მეფეს, იმ კუნძულების მეფეებს, ზღვის გაღმა რომ იყვნენ;
23 . დედანს, თემას და ბუზს, ყველა გვერდებზე თმაშეკრეჭილს;
24 . არაბეთის ყველა მეფეს და უდაბნოში დასახლებული ყველა შერეული ტომის მეფეს;
25 . ზიმრის, ყელამისა და მადაის ყველა მეფეს;
26 . ჩრდილოეთის ყველა მეფეს, ახლობელსა და შორეულს; მსოფლიოს ყველა სამეფოს, რაც მიწის ზედაპირზეა; შეშაქის მეფე კი მათ შემდეგ შესვამს.
27 . და უთხარი მათ: "ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, დალევთ და დათვრებით, ამოარწყევთ და დაეცემით, ვერ ადგებით მახვილის გამო, რომელსაც თქვენზე დავუშვებ.
28 . და თუ უარს იტყვიან შენი ხელიდან თასის აღებასა და შესმაზე, მაშინ უთხარი: ასე ბრძანა ყოვლადძლიერმა უფალმა: შესვამთ!
29 . რადგან, აჰა, ჩემი სახელით წოდებული ქალაქის განადგურებით ვიწყებ და ნუთუ თქვენ დაუძვრებით სასჯელს? რადგან მახვილს ვუშვებ მიწის ყველა მცხოვრებზე!” ამბობს ცაბაოთ უფალი.
30 . "იწინასწარმეტყველებ მათზე ყველა ამ სიტყვას და ეტყვი: მაღლიდან იგრგვინებს უფალი, თავისი წმიდა სამყოფელიდან გამოსცემს ხმას; ძლევამოსილად იგრგვინებს თავის სამკვიდროზე, საწნახელში ყურძნის მწურავივით დასძახებს დედამიწის ყველა მცხოვრების წინააღმდეგ.
31 . ქვეყნის კიდემდე მიაღწევს გრგვინვა, ვინაიდან დავა აქვს უფალს ერებთან, განიკითხავს ყველა ხორციელს, ბოროტმოქმედთ კი მახვილს გადასცემს” - ამბობს უფალი.
32 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აჰა, ერიდან ერში გადავა უბედურება და დიდი ქარიშხალი აღდგება ქვეყნის კიდიდან.
33 . და შეიმუსრებიან იმ დღეს უფლის მიერ ქვეყნის კიდიდან კიდემდე, არავინ დაიტირებს მათ, არ აკრეფენ და არ დამარხავენ, განავალივით ეყრებიან დედამიწის ზედაპირზე.
34 . იქვითინეთ, მწყემსებო! იკივლეთ, ნაცარში ჩაწექით, ფარის წინამძღოლნო! რადგან მოაწია თქვენი დაკვლისა და მიმოფანტვის დღემ; დაიმსხვრევით ძვირფასი ჭურჭელივით.
35 . აღარ ექნებათ მწყემსებს თავშესაფარი და ხსნა - ფარის წინამძღოლებს.
36 . მწყემსების ქვითინისა და ფარის წინამძღოლთა გლოვის ხმა ისმის, ვინაიდან უფალი აჩანაგებს მათ საძოვრებს.
37 . იღუპებიან მშვიდობიანი სამკვიდრებლები უფლის მძვინვარების გამო.
38 . ლომივით გამოვიდა იგი თავისი სადგომიდან, და გაუდაბურდა მათი ქვეყანა სასტიკი მახვილისა და მისი მრისხანების გამო”.
1 . დიდი ნადიმი გაუმართა მეფე ბელშაცარმა თავის ათას დიდებულს და იმ ათასთან ერთად სვამდა ღვინოს.
2 . იგემა რა ღვინო, ბელშაცარმა მისთვის ოქროსა და ვერცხლის იმ ჭურჭლის მოტანა ბრძანა, მამამისმა, ნაბუქოდონოსორმა რომ გამოიტანა იერუსალიმის ტაძრიდან, რათა იქიდან ესვათ მეფეს, მის დიდებულებს, მის ცოლებსა და ხარჭებს.
3 . და მოიტანეს ოქროს ის ჭურჭელი, რომელიც იერუსალიმის ტაძრიდან, ღვთის სახლიდან იყო გამოტანილი; და იქიდან სვამდნენ მეფე, მისი დიდებულები, მისი ცოლები და მისი ხარჭები.
4 . ღვინოს სვამდნენ, თან ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს აქებდნენ.
5 . სწორედ ამ დროს გამოჩნდა ადამიანის ხელის თითები და სალამპრეს წინ, სამეფო სასახლის კირით შელესილ კედელზე წერა დაიწყეს; და ხედავდა მეფე ხელის მტევანს, რომელიც წერდა.
6 . გაფითრდა მეფე, ფიქრები აერია, წელის სახსრები მოუდუნდა და მუხლები აუკანკალდა.
7 . ხმამაღლა იყვირა მეფემ, რომ მოგვები, ქალდეველები და მკითხავები მოეყვანათ. მიუგო მეფემ და უთხრა ბაბილონელ ბრძენკაცებს: "კაცი, რომელიც ამ წარწერას წაიკითხავს და მის მნიშვნელობას მაუწყებს, მეწამულით შეიმოსება, კისერზე ოქროს შიბს ჩამოიკიდებს და ჩემს სამეფოში მესამე მთავარი გახდება”.
8 . და მოვიდა მეფის ყველა ბრძენკაცი, მაგრამ წარწერის წაკითხვა და მეფისთვის მისი მნიშვნელობის განმარტება ვერავინ შეძლო.
9 . ფრიად შეშფოთდა მეფე ბელშაცარი და უფრო მეტად გაფითრდა; აფორიაქდნენ მისი დიდებულნი.
10 . დედოფალი კი, მეფისა და დიდებულების ლაპარაკის ხმაზე სანადიმო სახლში შევიდა. თქვა დედოფალმა: "მეფევ, იცოცხლე უკუნისამდე! ნუ შეგაშინებს ეგ შენი ფიქრები და ნუ გეცვლება ფერი სახეზე.
11 . არის შენს სამეფოში ერთი კაცი, რომელშიც წმიდა ღმერთის სულია; მამაშენის დღეებში მასში აღმოჩნდა ნათელი, გონიერება და სიბრძნე, ღმერთის სიბრძნის მსგავსი; მეფე ნაბუქოდონოსორმა, მამაშენმა, მოგვების, ჯადოქრების, ქალდეველებისა და მკითხავების თავკაცად დააყენა.
12 . რადგან დანიელში, რომელსაც მეფე ბელტეშაცარს ეძახდა, საკვირველი სული აღმოჩნდა, ასევე ცოდნა და გონიერება, სიზმრის ახსნის, იგავთა განმარტებისა და კვანძების გახსნის უნარი. ახლა დაუძახეთ დანიელს და ის განგვიცხადებს მნიშვნელობას”.
13 . და მოიყვანეს დანიელი მეფის წინაშე. ჰკითხა მეფემ დანიელს: "შენ ხარ ის დანიელი, იუდადან გადმოსახლებულთაგანი, რომელიც მამაჩემმა, მეფემ, იუდადან წამოიყვანა?
14 . გაგონილი მაქვს, რომ ღმერთის სულია შენში და ნათელი გონება და საოცარი სიბრძნე გქონია.
15 . ახლახან ბრძენკაცები და ჯადოქრები მოვაყვანინე წარწერის წასაკითხად და მისი მნიშვნელობის ასახსნელად, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს.
16 . მსმენია, რომ განმარტება და კვანძების გახსნა შეგიძლია. თუ ამ წარწერას წაიკითხავ და მის მნიშვნელობას ამიხსნი, მეწამულით შეგმოსავ, კისერზე ოქროს შიბს ჩამოგკიდებ და ჩემს სამეფოში მესამე მთავრად გაგხდი!”
17 . უპასუხა დანიელმა და თქვა მეფის წინაშე: "შენი ძღვენი შენვე გქონდეს, საჩუქრებიც სხვას მიეცი. წარწერას მე წავუკითხავ მეფეს და მის მნიშვნელობასაც ვაუწყებ.
18 . მეფევ, უზენაესმა ღმერთმა სამეფო, სიდიადე, დიდება და პატივი უბოძა ნაბუქოდონოსორს, მამაშენს;
19 . იმ სიდიადის გამო, ღმერთმა რომ მისცა, ყველა ხალხი, ტომი და ენა კანკალებდა და შიშობდა მის წინაშე. ვისაც უნდოდა ჰკლავდა და ვისაც უნდოდა ცოცხალს უშვებდა, ვისაც უნდოდა აღამაღლებდა და ვისაც უნდოდა ამცირებდა.
20 . მაგრამ, როდესაც მისი გული აღზევდა და სული ისე გაუკადნიერდა, რომ ამპარტავნულად იწყო მოქმედება, ჩამოგდებული იქნა სამეფო ტახტიდან და პატივაყრილი.
21 . განიდევნა კაცთა ძეთაგან; გულით მხეცს დაემსგავსა და ველურ ვირებთან ცხოვრობდა; ხარივით ბალახს აჭმევდნენ და სხეული ციური ნამით უსველდებოდა, ვიდრე არ მიხვდა, რომ უზენაესი ღმერთი განაგებს ადამიანთა სამეფოს და ვისაც უნდა, იმას აყენებს მასზე.
22 . შენ, მისმა ძემ, ბელშაცარმა, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს ყველაფერი;
23 . პირიქით, ზეციური უფლის წინააღმდეგ აღიმაღლე თავი, მისი სახლის ჭურჭელი მოატანინე შენ წინაშე, რომ შენ, შენს დიდებულებს, შენს ცოლებსა და შენს ხარჭებს ამ ჭურჭლით გესვათ ღვინო. თან ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს ადიდებდით, რომლებიც ვერც ხედავენ, არც ესმით და ვერც აზროვნებენ; ხოლო ის ღმერთი, რომლის ხელშიც არის შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალი, არ განადიდე.
24 . ამიტომ გამოგზავნა ხელი და დაწერა ეს სიტყვები:
25 . აჰა, წარწერაც, რომელიც დაიწერა: "მენე, მენე, თეკელ, უფარსინ”.
26 . აი, ამ სიტყვების განმარტება: მენე - აღრიცხა ღმერთმა შენი სამეფო და ბოლო მოუღო;
27 . თეკელ - აიწონე სასწორზე და მსუბუქი აღმოჩნდი;
28 . ფერეს - დანაწევრდა შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცა იგი”.
29 . მაშინ ბრძანა ბელშაცარმა და შემოსეს დანიელი მეწამულით, ოქროს შიბი ჩამოჰკიდეს კისერზე და გამოაცხადეს, რომ სამეფოში მესამე მთავარი იქნებოდა.
30 . იმ ღამეს მოკლეს ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე.
31 . და სამოცდაორი წლის დარიოს მიდიელმა მიიღო სამეფო.
1 . ვინაიდან ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენ შორის მომხდარი ამბების აღწერას,
2 . როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა,
3 . მეც საჭიროდ მივიჩნიე, გულდასმით გამოკვლევის შემდეგ, ყოველივე თანმიმდევრულად აღგიწერო, ღირსეულო თეოფილე,
4 . რათა შეიცნო იმ მოძღვრების საიმედოობა, რომლითაც განისწავლე.
5 . იუდეის მეფის, ჰეროდეს დღეებში, იყო ვინმე მღვდელი, სახელად ზაქარია, აბიას წყებიდან; ცოლად ჰყავდა ელისაბედი, აჰარონის ასულთაგანი.
6 . ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე და უბიწოდ იცავდნენ უფლის ყოველ მცნებასა და წესდებას.
7 . შვილი კი არ ჰყავდათ, რადგან უნაყოფო იყო ელისაბედი; თანაც უკვე ხანდაზმულნი იყვნენ ორივენი.
8 . ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ მსახურობდა ღმერთის წინაშე,
9 . მღვდელთა სამსახურის წესის მიხედვით კმევა ხვდა წილად; და შევიდა უფლის ტაძარში.
10 . კმევის დროს მთელი ხალხი გარეთ ლოცულობდა.
11 . და ეჩვენა მას უფლის ანგელოზი - საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგომი.
12 . მისი მხილველი ზაქარია შეკრთა და შიშმა შეიპყრო.
13 . უთხრა ანგელოზმა: "ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შესმენილია შენი ლოცვა; და ცოლი შენი, ელისაბედი ძეს გიშობს, რომელსაც სახელად იოანეს დაარქმევ.
14 . გექნება სიხარული და ლხენა; და მრავალი გაიხარებს მისი შობით.
15 . ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და მაგარ სასმელს არ დალევს და სულიწმიდით აღივსება დედის მუცლიდანვე.
16 . მრავალ ისრაელიანს მოაქცევს უფლისკენ - მათი ღმერთისკენ.
17 . და ივლის მის წინაშე ელიას სულითა და ძალით, რათა მოაქციოს მამათა გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალთა გზაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი”.
18 . ზაქარიამ უთხრა ანგელოზს: "რითი გავიგებ ამას? მე ხომ მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლიც უკვე ხანგადასულია”.
19 . უთხრა ანგელოზმა პასუხად: "მე ვარ გაბრიელი, ღმერთის წინაშე მდგომი და წარმოგზავნილი ვარ, რათა გელაპარაკო და გახარო ეს.
20 . და აჰა, დადუმდები, და ვეღარ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს არ ახდება, რაკი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც თავის დროზე აღსრულდება”.
21 . ხალხი კი იდგა და ელოდებოდა ზაქარიას; უკვირდა მისი ტაძარში დაყოვნება.
22 . გამოსულმა ვერ შეძლო მათთვის ხმის გაცემა და მიხვდნენ, რომ ჩვენება იხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნებდა მათ, ხმას ვერ იღებდა.
23 . მისი მსახურების დღენი რომ დასრულდა, შინ დაბრუნდა.
24 . იმ დღეების შემდეგ დაორსულდა ელისაბედი, მისი ცოლი; ხუთ თვეს იმალებოდა და ამბობდა:
25 . "ასე მიყო უფალმა ამ დღეებში, როცა მომხედა, რათა მოეშორებინა ჩემთვის სირცხვილი ხალხში”.
26 . მეექვსე თვეს კი ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი გალილეაში, ნაზარეთად წოდებულ ქალაქში წარმოგზავნა,
27 . ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო იოსებზე, დავითის სახლიდან; ქალწულს სახელად მარიამი ერქვა.
28 . შევიდა მასთან და უთხრა: "გიხაროდეს! მადლით მოსილო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის!”
29 . ის კი შეაკრთო ამ ნათქვამმა; და ფიქრობდა, რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება.
30 . უთხრა მას ანგელოზმა: "ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან.
31 . აჰა, დაორსულდები და გაგიჩნდება ძე, რომელსაც სახელად იესოს დაარქმევ!
32 . დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება; და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს.
33 . უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და არ ექნება დასასრული მის მეფობას”.
34 . ჰკითხა მარიამმა ანგელოზს: "როგორ მოხდება ეს, როცა მამაკაცი არ ვიცი?”
35 . მიუგო ანგელოზმა პასუხად: "სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი.
36 . აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც ჩაესახა ძე სიბერეში, მეექვსე თვეშია უკვე, ბერწად შერაცხული.
37 . ვინაიდან ღმერთთან არცერთი მისი ნათქვამი არ იქნება შეუძლებელი”.
38 . მაშინ თქვა მარიამმა: "აჰა, უფლის მხევალი ვარ; დაე, მეყოს შენი სიტყვისამებრ”. და გაშორდა მას ანგელოზი.
39 . ადგა მარიამი და საჩქაროდ წავიდა იმ დღეებში მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში.
40 . მივიდა ზაქარიას სახლში და ელისაბედს მიესალმა.
41 . მარიამის მისალმების გაგონებისთანავე ელისაბედს ყრმა შეუთამაშდა მუცელში და აღივსო სულიწმიდით ელისაბედი.
42 . შესძახა ხმამაღლა და თქვა: "კურთხეული ხარ დედაკაცთა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი.
43 . როგორ მოხდა, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან?
44 . რადგან შენი მისალმების ხმა მოსწვდა თუ არა ჩემს ყურს, სიხარულით შეთამაშდა ყრმა ჩემს მუცელში.
45 . ნეტარია, ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ”.
46 . თქვა მარიამმა: "ადიდებს სული ჩემი უფალს,
47 . და იზეიმა ჩემმა სულმა ღმერთში, ჩემს მაცხოვარში.
48 . რადგან მოხედა თავისი მხევლის თავმდაბლობას და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის ყოველი თაობა.
49 . ვინაიდან დიდი საქმე მიყო ყოვლადძლიერმა, წმიდაა მისი სახელი;
50 . წყალობა მისი თაობიდან თაობამდეა მის მოშიშთათვის.
51 . გვიჩვენა თავისი მკლავის ძლიერება; გაფანტა ამპარტავანნი თავიანთ გულის ზრახვებთან ერთად;
52 . ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და აამაღლა თავმდაბალნი;
53 . მშივრები სიკეთით აღავსო და მდიდრები ხელცარიელი გაუშვა;
54 . შეეწია თავის მსახურს, ისრაელს, გაიხსენა წყალობა,
55 . როგორც ეუბნებოდა ჩვენს მამებს, აბრაჰამს და მის თესლს საუკუნოდ”.
56 . და დარჩა მარიამი მასთან სამიოდე თვეს, შემდეგ კი დაბრუნდა თავის სახლში.
57 . დაუდგა ელისაბედს მშობიარობის ჟამი და შვა ვაჟი.
58 . და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ გაამრავლა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და გაიხარეს მასთან ერთად.
59 . მერვე დღეს მოვიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამამისის სახელი, ზაქარია დაერქმიათ მისთვის,
60 . მაგრამ დედამისმა თქვა: "არა, იოანე ერქმევა მას”.
61 . უთხრეს: "შენს სანათესაოში არავინაა მაგ სახელის მქონე”.
62 . მაშინ ნიშნებით ჰკითხეს მამამისს, რისი დარქმევა სურდა.
63 . მან დაფა მოითხოვა და დაწერა: "მისი სახელია იოანე”. და ყველას გაუკვირდა.
64 . უცებ გაეხსნა მას ბაგე და ენა, ალაპარაკდა და აკურთხებდა ღმერთს.
65 . შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა; და დიდი მითქმა-მოთქმა იყო ამის თაობაზე იუდეის მთიანეთში.
66 . ყველა, ვინც გაიგებდა, გულში ინახავდა ამას და ამბობდა: "ვინ დადგება ამ ყრმისგან?” და უფლის ხელი იყო მასთან.
67 . და აღივსო სულიწმიდით მამამისი ზაქარია, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:
68 . "კურთხეულ არს უფალი, ისრაელის ღმერთი, რადგან მოხედა თავის ხალხს და გამოსყიდვა მოუმზადა.
69 . და აგვიმაღლა ხსნის რქა თავისი მსახურის, დავითის სახლში;
70 . როგორც ამბობდა დასაბამიდან თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით,
71 . რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;
72 . წყალობას უჩვენებდა ჩვენს მამებს და თავის წმიდა აღთქმას გაიხსენებდა;
73 . როგორც შეჰფიცა ჩვენს მამას, აბრაჰამს, რომ მოგვანიჭებდა ჩვენ,
74 . რათა ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილთ, უშიშრად გვემსახურა მისთვის,
75 . სიწმიდესა და სიმართლეში მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში.
76 . და შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველი დაგერქმევა, ვინაიდან ივლი უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად,
77 . რათა მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა, მათი ცოდვების მიტევების მეშვეობით,
78 . ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა მზის აღმოსავლის სიმაღლიდან,
79 . სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა სამშვიდობო გზაზე წარსამართად”.
80 . ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა; და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.
1 . დაბრუნდა იორდანედან სულიწმიდით აღვსილი იესო და სულის მერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.
2 . ორმოც დღეს იცდებოდა ეშმაკისგან და არაფერი უჭამია იმ დღეებში; მათი დასრულების შემდეგ მოშივდა.
3 . უთხრა მას ეშმაკმა: "თუ ღმერთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს”.
4 . მიუგო მას იესომ: "დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურით უნდა ცოცხლობდეს კაცი, არამედ ღმერთის ნათქვამი ყოველი სიტყვით”.
5 . აიყვანა იგი მაღალ მთაზე და ერთ წამში უჩვენა ქვეყნიერების ყველა სამეფო.
6 . უთხრა მას ეშმაკმა: "შენ მოგცემ მთელ ამ ხელმწიფებას და მის დიდებას, რადგან მე მაქვს მოცემული და, ვისაც მინდა, იმას ვაძლევ.
7 . თუ თაყვანს მცემ, შენი იქნება ყოველივე!”
8 . მიუგო იესომ პასუხად: "დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე”.
9 . წაიყვანა იგი იერუსალიმში, ტაძრის ფრთაზე დააყენა და უთხრა: "თუ ღმერთის ძე ხარ, აქედან ძირს გადაიგდე თავი,
10 . რადგან დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს, რომ დაგიცვან,
11 . და ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა”.
12 . მიუგო იესომ და უთხრა მას: "ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი”.
13 . როცა ყველა გამოცდა დაასრულა, დრომდე გაშორდა მას ეშმაკი.
14 . სულის ძალაში დაბრუნდა იესო გალილეაში; და მისი ამბავი მთელ იმ არე-მარეს მოედო.
15 . ასწავლიდა მათ სინაგოგებში და განდიდებული იყო ყველას მიერ.
16 . მივიდა ნაზარეთს, სადაც აღიზარდა და ჩვეულებისამებრ, შაბათ დღეს შევიდა სინაგოგაში და დადგა წასაკითხად.
17 . და მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი. გაშალა წიგნი და ნახა ადგილი, სადაც ეწერა:
18 . "უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,
19 . უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად”.
20 . დახურა წიგნი, მსახურს გადასცა და დაჯდა; სინაგოგაში ყველა მას მისჩერებოდა.
21 . და დაუწყო მათ ლაპარაკი: "დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ”.
22 . ყველამ დაუმოწმა; გაოცებულნი იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლის სიტყვებით. თან ამბობდნენ: "ეს იოსების ვაჟი არ არის?”
23 . უთხრა მათ: "თქვენ, უეჭველია, ასეთ ანდაზას მეტყვით: მკურნალო, განიკურნე თავი შენი. აქაც, შენს მშობლიურ ქალაქშიც მოახდინე ის, რაც კაპერნაუმში მოგიხდენია, როგორც გავიგეთ”.
24 . უთხრა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ არც ერთი წინასწარმეტყველი არ არის მიღებული თავის სამშობლოში.
25 . ჭეშმარიტებით გეუბნებით თქვენ, მრავალი ქვრივი იყო ისრაელში ელიას დროს, როცა დაიხშო ცა სამ წელიწადსა და ექვს თვეს ისე, რომ დიდი შიმშილობა იყო მთელ ქვეყანაზე.
26 . და არც ერთ მათგანთან არ იქნა მივლენილი ელია, გარდა ქვრივი დედაკაცისა სიდონის ცარფათში.
27 . კეთროვანიც მრავალი იყო ისრაელში ელისე წინასწარმეტყველის დროს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაწმედილა, გარდა ნაყამან სირიელისა”.
28 . ეს რომ სინაგოგაში მყოფებმა მოისმინეს, ყველანი მძვინვარებით აღივსნენ.
29 . წამოდგნენ და გააძევეს იგი ქალაქიდან; იმ მთის თხემამდე მიიყვანეს, რომელზეც მათი ქალაქი იყო გაშენებული, რათა გადაეგდოთ იგი.
30 . მაგრამ მან გაიარა მათ შორის და წავიდა.
31 . ჩავიდა გალილეის ქალაქ კაპერნაუმში და იქ ასწავლიდა მათ შაბათობით.
32 . გაოცებულნი იყვნენ იესოს მოძღვრებით, რადგან ძალაუფლებიანი იყო სიტყვა მისი.
33 . იყო სინაგოგაში არაწმიდა, ეშმაკის სულით შეპყრობილი კაცი და ხმამაღლა აყვირდა იგი:
34 . "რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდავ”.
35 . იესომ შერისხა იგი და უთხრა: "გაჩუმდი და გადი მაგისგან!” ეშმაკმა სინაგოგის შუა დასცა იგი და გამოვიდა მისგან; კაცისთვის კი არაფერი უვნია.
36 . ყველანი განცვიფრდნენ და ამბობდნენ ერთმანეთში: "ეს რა სიტყვაა, რომ ხელმწიფებითა და ძალით უბრძანებს არაწმიდა სულებს და ისინიც გამოდიან?”
37 . და გავრცელდა ხმა მის შესახებ მთელ იმ არე-მარეში.
38 . სინაგოგიდან გამოვიდა და სიმონის სახლში შევიდა; ხოლო სიმონის სიდედრი დიდ სიცხეს შეეპყრო; და სთხოვეს მისთვის.
38 . სინაგოგიდან გამოვიდა და სიმონის სახლში შევიდა; ხოლო სიმონის სიდედრი დიდ სიცხეს შეეპყრო; და სთხოვეს მისთვის.
39 . დაადგა თავზე და შერისხა სიცხე; მანაც მიატოვა იგი. და მაშინვე წამოდგა და მოემსახურა მათ.
40 . მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც ჰყავდა სხვადასხვა სენით დაავადებული, მასთან მიიყვანა; მან ყოველ მათგანს ხელები დაასხა და განკურნა.
41 . ბევრისგან ეშმაკებიც გამოდიოდნენ, ყვიროდნენ და ამბობდნენ: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა!” ის კი რისხავდა და უკრძალავდა ლაპარაკს, რადგან იცოდნენ მათ, რომ ქრისტეა იგი.
42 . როცა გათენდა, გამოვიდა იქიდან და წავიდა უდაბურ ადგილას. ხალხმა მოძებნა; მივიდნენ მასთან და აკავებდნენ, რომ არ წასულიყო მათგან.
43 . მან თქვა: "სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღმერთის სამეფო, რადგან ამისთვის ვარ მოვლენილი”.
44 . და ქადაგებდა გალილეის სინაგოგებში.
1 . ორმოცდამეათე დღის ზეიმმა რომ მოაწია, ყველანი ერთად იყვნენ.
2 . მოულოდნელად ხმაური გაისმა ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისხდნენ.
3 . და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, როგორც ცეცხლოვანნი და სათითაოდ დაივანა თითოეულ მათგანზე.
4 . ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.
5 . და იმყოფებოდნენ მაშინ იერუსალიმში იუდეველნი, ღვთისმოშიში კაცები, ცისქვეშეთში მყოფი ყველა ერიდან.
6 . როცა ეს ხმაური გაისმა, ბევრმა მოიყარა თავი და შეშფოთდა, რადგან თითოეულს ესმოდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე.
7 . ყველანი გაოცდნენ და გაკვირვებულნი ამბობდნენ: "განა ეს ყველანი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან?
8 . როგორღა გვესმის თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით?
9 . პართელები და მიდიელები, ელამელები და შუამდინარეთის, იუდეის, კაბადოკიის, პონტოსა და აზიის მკვიდრნი,
10 . ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კვირინეის მხარეს მდებარე ლიბიის ოლქების, და რომიდან ამოსულნი,
11 . როგორც იუდევლები ისე პროზელიტები, კრეტელები და არაბები ვუსმენთ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიდ საქმეებზე”.
12 . ყველა გაოცებული იყო, საგონებელში ჩავარდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: "ნეტა, რას ნიშნავს ეს?”
13 . სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით არიანო მთვრალები.
14 . ხოლო პეტრე თერთმეტთან ერთად წამოდგა, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: "იუდეველნო და იერუსალიმის ყველა მკვიდრო! დაე ცნობილი იყოს ეს თქვენთვის. ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს.
15 . ვინაიდან მთვრალები არ არიან ისინი, თქვენ რომ გგონიათ, რამეთუ დღის მესამე საათია ახლა.
16 . არამედ, ეს ითქვა წინასწარმეტყველ იოელის მეშვეობით:
17 . იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, რომ ჩემი სულისგან გადმოვღვრი ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი; თქვენი ჭაბუკნი ჩვენებებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ.
18 . ჩემს მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემი სულისგან და იწინასწარმეტყველებენ.
19 . ვუჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს - დაბლა დედამიწაზე, სისხლს, ცეცხლსა და კვამლის ბოლქვებს.
20 . მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და ბრწყინვალე.
21 . და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.
22 . ისრაელის კაცნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი ღვთისგან თქვენთვის დამოწმებული, ძალით, სასწაულებით და ნიშნებით, ღმერთმა რომ მოახდინა მისი მეშვეობით თქვენ შორის, როგორც თვითონვე იცით,
23 . იგი, ღვთის ჩანაფიქრით და წინასწარცოდნით გადმოგეცათ, თქვენ კი ურჯულოთა ხელით ჯვარს აცვით და მოკალით.
24 . მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და შეხსნა სიკვდილის ბორკილები, რადგან შეუძლებელი იყო სიკვდილს დაეკავებინა იგი.
25 . ვინაიდან დავითიც ამბობს მასზე: ყოველთვის ჩემს წინაშე ვხედავდი უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რომ არ შევდრკე.
26 . ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ამღერდა ჩემი ენა, ჩემი სხეულიც კი იმედში განისვენებს.
27 . რადგან არ მიმატოვებ მკვდართა სამყოფელში და ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას.
28 . შენ შემაცნობინე სიცოცხლის გზა და სიხარულით მავსებ შენს თანდასწრებაში.
29 . კაცნო, ძმანო, პირდაპირ უნდა გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ ის გარდაიცვალა და დაიკრძალა, და მისი სამარხი ჩვენს შორისაა ამ დღემდე.
30 . მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა შეჰფიცა, მისი საზარდულის ნაყოფი დაესვა მის ტახტზე.
31 . მან წინასწარხედვით თქვა ქრისტეს აღდგომაზე, რომ არ იქნებოდა მიტოვებული მკვდართა სამყოფელში და მისი ხორცი არ იხილავდა ხრწნილებას.
32 . ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ვართ ჩვენ ყველანი.
33 . ამგვარად ამაღლდა იგი ღმერთის მარჯვნივ, მამისგან სულიწმიდის აღთქმა მიიღო და მოჰფინა იგი, რასაც თქვენც ხედავთ და ისმენთ.
34 . რადგან დავითი არ ამაღლებულა ზეცად; თვითონვე ამბობს: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
35 . ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად.
36 . მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით”.
37 . ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და ჰკითხეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: "როგორ მოვიქცეთ, კაცნო, ძმანო?”
38 . ხოლო პეტრემ უთხრა მათ: "მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.
39 . რადგან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს, და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი, ჩვენი ღმერთი”.
40 . და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: გადაირჩინეთ თავი ამ გახრწნილი თაობისგანო.
41 . ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა და სამი ათასამდე სული შეემატათ იმ დღეს.
42 . და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი.
43 . ყოველი სული შიშმა მოიცვა, რამეთუ მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ.
44 . ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
45 . მამულებსა და ქონებას ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, თითოეულს საჭიროების მიხედვით.
46 . ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებითა და გულუბრალოებით ღებულობდნენ საზრდოს.
47 . აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის წინაშე იხვეჭდნენ კეთილგანწყობას, ხოლო უფალი ყოველდღე მატებდა ეკლესიას გადარჩენილებს.
1 . ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რომ მის შვილებად ვიწოდებით. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს, რომ ქვეყნიერებამ ვერ შეიცნო იგი.
2 . საყვარელნო! ახლა ღვთის შვილები ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა, რანი ვიქნებით. მაგრამ ვიცით, რომ, როცა გამოჩნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის.
3 . ყოველმა, ვისაც ეს იმედი აქვს მასში, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა.
4 . ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის; ცოდვა - ურჯულოებაა.
5 . ხოლო თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და მასში არ არის ცოდვა.
6 . ყოველი, ვინც რჩება მასში, არ სცოდავს; ყოველ შემცოდეს არ უხილავს და არ იცნობს მას.
7 . შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ. სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი.
8 . ცოდვის ჩამდენი ეშმაკისგანაა, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესცოდა. ამიტომაც გამოჩნდა ძე ღვთისა, რომ დაენგრია ეშმაკის საქმენი.
9 . ყოველი, ვინც ღვთისგან არის შობილი, არ სცოდავს, რადგან მისი თესლი იმყოფება მასში, და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისგან არის შობილი.
10 . ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც სიმართლით არ იქცევა და ისიც, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს, ღვთისგან არ არის.
11 . რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ: უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი,
12 . მაგრამ არა ისე, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისგან იყო და მოკლა თავისი ძმა. რისთვის მოკლა? იმისთვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა - მართალი.
13 . ნუ გაგიკვირდებათ, ძმებო, თუ სძულხართ წუთისოფელს.
14 . ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.
15 . ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მასში მკვიდრობს.
16 . იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი თავი გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ თავები ძმებისთვის.
17 . ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, მაგრამ ძმას გაჭირვებაში ხედავს და გულს იკეტავს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული?
18 . შვილებო! გვიყვარდეს არა სიტყვით და არა ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.
19 . ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისგან ვართ და დავიმშვიდებთ გულს მის წინაშე.
20 . რადგან თუ გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის.
21 . საყვარელნო! თუ გული არ გვდებს მსჯავრს, გაბედულება გვაქვს უფალთან.
22 . და რასაც კი ვთხოვთ, მივიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და მოსაწონს ვიქმთ მის წინაშე.
23 . ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც გვამცნო.
24 . მისი მცნებების შემნახველნი, მასში რჩებიან, ის კი მათში. ის რომ ჩვენში რჩება, იმ სულით ვიცით, რომელიც მან მოგვცა.
1 . გაუწყებთ თქვენ ძმებო, სახარებას, რომელიც მე გიქადაგეთ, რომელიც მიიღეთ და რომელზეც დგახართ.
2 . რომლითაც ხსნას ღებულობთ, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გიქადაგეთ, თუ არა - ფუჭად გირწმუნიათ.
3 . რადგან, პირველ რიგში, გადმოგეცით ის, რაც თვითონ მივიღე, რომ ქრისტე წერილების თანახმად მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის,
4 . დაიკრძალა და, წერილებისავე თანახმად, აღდგა მესამე დღეს.
5 . გამოეცხადა კეფას და შემდეგ - თორმეტს;
6 . მერე ერთდროულად გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას, რომელთა უმრავლესობა დღემდეა ცოცხალი, ზოგმა კი განისვენა;
7 . შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე - ყველა მოციქულს;
8 . ყველაზე ბოლოს მეც გამომეცხადა, როგორც უდღეურს.
9 . ვინაიდან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღმერთის ეკლესიას.
10 . მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაცა ვარ; და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტი ვიშრომე; თუმცა არა მე, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც ჩემთანაა.
11 . და აი, მე ვარ თუ ისინი, ასე ვქადაგებთ და თქვენც ასე ირწმუნეთ.
12 . ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღსდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არისო მკვდრეთით აღდგომა?
13 . თუ არ არის მკვდრეთით აღდგომა, ქრისტეც არ აღმდგარა.
14 . ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგება ფუჭი ყოფილა და ფუჭი ყოფილა თქვენი რწმენაც.
15 . ღმერთის ცრუმოწმენიც გამოვდექით, რადგან ვამოწმებდით, რომ ღმერთმა აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია და მაშასადამე, არც მკვდრები აღდგებიან;
16 . რადგან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, ქრისტეც არ აღმდგარა.
17 . ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, თქვენი რწმენა ფუჭი ყოფილა და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ.
18 . მაშინ ისინიც დაღუპულან, რომლებმაც ქრისტეში განისვენეს.
19 . და თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავები ვყოფილვართ.
20 . მაგრამ მკვდრეთით აღსდგა ქრისტე, განსვენებულთაგან პირველნაყოფი.
21 . რადგან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომა.
22 . რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.
23 . თითოეული თავისი წესით: თავდაპირველად პირმშო - ქრისტე, ხოლო შემდეგ - ქრისტესნი, მისი მოსვლისას.
24 . მერე დადგება აღსასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას - მას შემდეგ, როცა გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას.
25 . ვინაიდან მან უნდა იმეფოს, სანამ ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის ყველა მტერს.
26 . ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია.
27 . იმიტომ, რომ ყოველივე მის ფეხქვეშ დაამხო და დაუმორჩილა. ხოლო როცა ვამბობ, ყოველივე მას დაუმორჩილა-მეთქი, ცხადია, იმის გარდა, ვინც მას დაუმორჩილა ყოველივე.
28 . და როცა ყოველივეს დაუმორჩილებს მას, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში.
29 . თორემ რას აკეთებენ მკვდართათვის მონათლულნი? თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რაღატომ ინათლებიან მკვდართათვის?
30 . და ჩვენც ყოველჟამს რატომ ვართ საფრთხეში?
31 . ვამოწმებ იმ სიქადულით, რომელიც მაქვს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში, რომ ყოველდღე ვკვდები ძმებო.
32 . თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!
33 . ნუ მოტყუვდებით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვეულებებს.
34 . ფხიზელი გონება იქონიეთ, როგორც გმართებთ კიდეც და ნუ სცოდავთ, რადგან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს.
35 . მაგრამ იკითხავს ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენ?
36 . უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა.
37 . და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც აღმოცენდება, არამედ შიშველ მარცვალს - სულერთია ხორბლისა იქნება თუ რომელიმე სხვა.
38 . ხოლო ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორც ნებავს; თითოეულ თესლს - თავის სხეულს.
39 . ყოველი სხეული ერთნაირი როდია, არამედ ადამიანის სხეული სხვანაირია, ცხოველის სხეული - სხვანაირი, ფრინველის სხეული - სხვანაირი, თევზისა - სხვანაირი.
40 . არის ციური სხეული და არის მიწიერი სხეული; ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა - სხვა.
41 . სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისგან დიდებით.
42 . ასევეა მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელობით.
43 . ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით; ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებით;
44 . ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მშვინვიერი სხეული და არის სულიერი სხეული.
45 . ასეც წერია: პირველი კაცი, ადამი გახდა ცოცხალ მშვინვად, ხოლო უკანასკნელი ადამი - მაცოცხლებელ სულად.
46 . მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მშვინვიერი, შემდეგ - სულიერი.
47 . პირველი კაცი მიწის მტვრისგანაა; ხოლო მეორე კაცი - ზეცისგან.
48 . და როგორიცაა მტვრისგან შექმნილი, ასეთივენი არიან მიწიერნი; და როგორიცაა ზეციერი, ასეთივენი არიან ზეციერნი.
49 . და როგორც მტვრისგან შექმნილის ხატებას ვატარებდით, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატებასაც.
50 . ამას კი გეტყვით, ძმებო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღმერთის სამეფოს დამკვიდრება, ხრწნილება ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას.
51 . აი, საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით;
52 . ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას; ახმიანდება საყვირი და უხრწნელად აღდგებიან მკვდრები, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
53 . ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს.
54 . ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი - უკვდავებით, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: "სიკვდილი შთაინთქა გამარჯვებით”.
55 . სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?
56 . სიკვდილის ნესტარია ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია.
57 . მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს გამარჯვებას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
58 . ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში.
1 . ჰოდა, გთხოვთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო,
2 . რათა ნაჩქარევად არ შეიძრას თქვენი გონება და არ აფორიაქდეთ არც სულით, არც სიტყვით და არც ვითომდა ჩვენგან გამოგზავნილი წერილით, თითქოს უკვე დადგაო უფლის დღე.
3 . არც რაიმე ხერხით გაცდუნოთ ვინმემ, ვინაიდან ის დღე მანამდე არ დადგება, სანამ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, - ძე გატიალებისა,
4 . წინააღმდგომი და აღზევებული ყველაფერზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სათაყვანებლად; ისე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს.
5 . განა არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას?
6 . ახლა იცით, რა აკავებს მას, რომ გამოცხადდეს თავის დროზე.
7 . ვინაიდან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, ოღონდ ახლა არის შემკავებელი, სანამ გაყვანილ იქნება შუაგულიდან.
8 . მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა მონაბერით და თავისი მოსვლის გამოცხადებით განაქარვებს
9 . მას, ვისი მოსვლაც სატანის მოქმედებით იქნება, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით,
10 . და უსამართლობის ყოველგვარი საცდურით დაღუპულთათვის, იმის გამო, რომ არ მიიღეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად.
11 . ამიტომაც უგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებას, რათა ყალბი იწამონ,
12 . რომ განკითხულ იქნას ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, მაგრამ მოიწონა უსამართლობა.
13 . ჩვენ კი ყოველ ჟამს გვმართებს მადლიერება ღვთისადმი თქვენი გულისთვის, უფლის მიერ საყვარელო ძმებო, ვინაიდან დასაბამიდან ამოგირჩიათ ღმერთმა ხსნისთვის, სულით განწმედასა და ჭეშმარიტების რწმენაში,
14 . რისთვისაც მოგიწოდათ თქვენ, ჩვენი სახარებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდების სამსახურად.
15 . მაშ ასე, ძმებო, მტკიცედ იდექით და გეპყრათ გადმოცემები, რაშიც განისწავლეთ ჩვენი სიტყვით თუ წერილებით.
16 . ხოლო თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვცა მარადიული ნუგეში და კეთილი იმედი მადლით,
17 . ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ კეთილ საქმესა და სიტყვაში.
1 . გამოცხადება იესო ქრისტესი, ღმერთმა რომ მისცა მას, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რა უნდა მოხდეს მალე, და აუწყა თავის მსახურ იოანეს წარმოგზავნილი ანგელოზის მეშვეობით.
2 . რომელმაც დაამოწმა ღვთის სიტყვა, იესო ქრისტეს მოწმობა და ყოველივე, რაც იხილა.
3 . ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ წინასწარმეტყველების სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა დრო.
4 . იოანე აზიაში შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და მოდის; და შვიდი სულისგან, მისი ტახტის წინაშე რომ არიან;
5 . და იესო ქრისტესგან, რომელიც ერთგული მოწმეა, პირმშო მკვდართაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი; მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისგან;
6 . და გვქმნა ჩვენ სამეფოდ, და მღვდლებად ღმერთისა და თავისი მამისთვის, მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
7 . აჰა, მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი; და აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ!
8 . "მე ვარ ანი და ჰაე - ამბობს უფალი ღმერთი - ის, ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი”.
9 . მე ვარ იოანე, თქვენი ძმა და მოზიარე იესო ქრისტეს ჭირში, მეფობასა და მოთმინებაში; ვიყავი კუნძულზე, პატმოსი რომ ჰქვია, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისთვის.
10 . სულში ვიყავი უფლის დღეს და უკნიდან შემომესმა დიდი ხმა, მსგავსი საყვირის ხმისა.
11 . მითხრა: "მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას: ეფესოში, სმირნაში, პერგამოში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში”.
12 . მივბრუნდი, რომ დამენახა ხმა, რომელიც მელაპარაკებოდა, და მიბრუნებისას ვიხილე ოქროს შვიდი სალამპრე.
13 . ხოლო შვიდ სალამპრეს შორის ვიხილე მსგავსი კაცის ძისა, რომელსაც მოსასხამი ემოსა და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა.
14 . მისი თავი და თმები თეთრი იყო, როგორც თეთრი მატყლი, როგორც თოვლი; თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი.
15 . მისი ფეხები, როგორც ქურაში გავარვარებული სპილენძი, ხოლო მისი ხმა, როგორც ბევრი წყლის ხმაური.
16 . მარჯვენა ხელში ეჭირა შვიდი ვარსკვლავი, მისი პირიდან გამოდიოდა ორლესული მახვილი; და მისი სახე იყო როგორც მზე, თავისი ძლიერებით მბრწყინავი.
17 . ვიხილე და მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: "ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი,
18 . და ცოცხალი; მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე; მე მაქვს სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღები.
19 . დაწერე, რაც იხილე, რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ.
20 . რაც შეეხება შვიდი ვარსკვლავის საიდუმლოს, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და ოქროს შვიდ სალამპრეს: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სალამპრე შვიდი ეკლესიაა”.
1 . ეს არის ისრაელის ძეთა სახელები, რომლებიც, თითოეული თავისი სახლეულით, იაკობთან ერთად შევიდნენ ეგვიპტეში.
2 . რეუბენი, სიმონი, ლევი და იუდა,
3 . ისაქარი, ზებულონი და ბენიამინი,
4 . დანი და ნაფთალი, გადი და აშერი.
5 . ყოველი მათგანი იაკობის საზარდულიდან იყო გამოსული, სულ სამოცდაათი სული, ხოლო იოსები უკვე ეგვიპტეში იყო.
6 . და გარდაიცვალა იოსები, ყველა მისი ძმა და მთელი მათი თაობა;
7 . ისრაელის ძენი კი მომრავლდნენ, მრავალრიცხოვანი შეიქნენ, მეტისმეტად გაძლიერდნენ და აღივსო ის ქვეყანა მათით.
8 . და დადგა ეგვიპტეში ახალი მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.
9 . უთხრა თავის ხალხს: "ჩვენზე ბევრნი და ძლიერნი არიან ისრაელის ძეთა ხალხი.
10 . ბრძნულად მოვექცეთ, თორემ უფრო გამრავლდებიან; და ოდესმე თუ ომი დაიწყო, შეუერთდებიან ჩვენს მტრებს, იომებენ ჩვენს წინააღმდეგ და გავლენ ქვეყნიდან”.
11 . და დაუნიშნეს მათ სამუშაოს უფროსნი, რომ მძიმე შრომით დაეუძლურებინათ ისინი. აუშენეს მათ ფარაონს სამარაგო ქალაქები - ფითომი და რაყმესესი.
12 . მაგრამ, რაც უფრო ჩაგრავდნენ, მით უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა და ვრცელდებოდა ხალხი. შიშმა მოიცვა ეგვიპტელები ისრაელის ძეთა წინაშე.
13 . უმოწყალოდ ამუშავებდნენ ისრაელის ძეებს ეგვიპტელნი.
14 . სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: თიხაზე, აგურზე და მინდვრებში. ყველა საქმეში, რომლითაც ამუშავებდნენ, დაუნდობლად ექცეოდნენ მათ.
15 . უბრძანა ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს, რომელთაგან ერთს შიფრა, ხოლო მეორეს ფუყა ერქვა.
16 . უთხრა: "ებრაელ ქალებს, რომ მოამშობიარებთ, შეხედეთ, თუ ვაჟი იქნება, მოკალით, ხოლო თუ ქალი იქნა - იცოცხლოს”.
17 . მაგრამ ღვთის მოშიშნი იყვნენ ბებიაქალები და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას - ცოცხლად ტოვებდნენ ახალშობილ ვაჟებს.
18 . იხმო ეგვიპტის მეფემ ბებიაქალები და ჰკითხა: "რატომ იქცევით ასე, ცოცხლად რად ტოვებთ ვაჟებს?”
19 . უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს: "ებრაელი ქალები ეგვიპტელ ქალებს არ ჰგვანან, უფრო ჯანსაღნი არიან და ბებიაქალის მისვლამდე მშობიარობენ”.
20 . სიკეთე უყო ღმერთმა ბებიაქალებს. ხალხი კი მრავლდებოდა და ძლიერდებოდა.
21 . და რაკი ღვთის მოშიშნი იყვნენ ბებიაქალები, ღმერთმაც ააშენა მათი სახლეული.
22 . და ასე უბრძანა ფარაონმა მთელ თავის ხალხს: "ყოველი ახალშობილი ვაჟი მდინარეში ჩააგდეთ, ქალი კი ცოცხალი დატოვეთ!”