1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი: ესენია ჩემი დღესასწაულები, დღესასწაულები უფლისა, რომელთაც წმიდა შეკრება უნდა უწოდოთ:
3 . ექვსი დღე აკეთე საქმე, მეშვიდე დღე კი სრული დასვენების შაბათია, წმიდა შეკრება; არავითარი საქმე არ აკეთოთ; ეს უფლის შაბათია ყოველი თქვენგანის სადგომში.
4 . აჰა, საუფლო დღესასწაულები, წმიდა შეკრება, რომლებიც უნდა გამოაცხადოთ მათთვის დანიშნულ დროს:
5 . პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს, დაბინდებისას, უფლის პასექია.
6 . ამავე თვის მეთხუთმეტე დღეს უფუარი პურის დღესასწაულია. შვიდი დღე ჭამეთ ხმიადი.
7 . პირველ დღეს წმიდა შეკრება იყოს თქვენთვის; არავითარი საქმე არ გააკეთოთ.
8 . შვიდი დღის განმავლობაში შესწირეთ საცეცხლო შესაწირი უფალს; მეშვიდე დღეს წმიდა შეკრებაა - არავითარი საქმე არ გააკეთოთ”.
9 . უთხრა უფალმა მოსეს:
10 . "ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი: როდესაც შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ და მოიმკით სამკალს, პირველმომკილი ძნა მღვდელს მიუტანეთ.
11 . და შეარხევს იგი ძნას უფლის წინაშე, თქვენი სიკეთისთვის; შაბათის მეორე დღეს შეარხევს.
12 . შესწირეთ ძნის აღვლენის დღეს უმანკო, ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად უფლისთვის.
13 . და მასთან პურეული შესაწირი: ეფის ორი მეათედი ნაწილი წმიდა პურის ფქვილიდან, ზეთში შერეული, საცეცხლო შესაწირად უფლისთვის, საამო კეთილსურნელებად და მასთან ერთად - მეოთხედი ჰინი ღვინო, სასმლის შესაწირი.
14 . არც პური, არც გამომშრალი მარცვლეული, არც ახალი თავთავი არ ჭამოთ იმ დღემდე, ვიდრე მსხვერპლს არ შესწირავთ თქვენს ღმერთს; ეს მარადიული წესია თქვენს თაობებში ყოველი თქვენგანის სადგომში.
15 . გადაითვალეთ დღესასწაულის მეორე დღიდან, თქვენს მიერ შესარხევი ძნის შეწირვის დღიდან, შვიდი სრული შაბათი:
16 . გადაითვალეთ ორმოცდაათი დღე მეშვიდე კვირის პირველ დღემდე და შესწირეთ უფალს პურეული შესაწირი.
17 . მიიტანეთ შესარხევად ორი პური თქვენი საცხოვრებლიდან; ორი მეათედი ეფის გამტკიცული ფქვილისაგან უნდა იყოს, საფუარიანი უნდა გამოცხვეს, უფლის პირველნაყოფია ეს.
18 . შესწირეთ პურთან ერთად შვიდი ერთწლიანი უმანკო კრავი, ერთი მოზვერი და ორი ვერძი, ეს იქნება სრულადდასაწველი უფლისთვის, შესაწირი პურეულისა და საღვრელი შესაწირი, საცეცხლო შესაწირად, კეთილსურნელებად უფლისთვის.
19 . მოამზადეთ ერთი თიკანი ცოდვის შესაწირად და ორი ერთწლიანი კრავი - სამშვიდობო შესაწირად.
20 . უფლის წინაშე უნდა შეარხიოს მღვდელმა ეს ორი კრავი პირველნაყოფის პურთან ერთად - უფლისათვის ძღვნად. წმიდა შესაწირია ეს უფლისათვის; მღვდელს ეკუთვნის იგი.
21 . გამოაცხადეთ, რომ სწორედ ამ დღეს გექნებათ წმიდა შეკრება; არავითარი საქმე არ გააკეთოთ; მარადიული წესია ეს თაობიდან თაობამდე ყოველი თქვენგანის სადგომში.
22 . როცა მოიმკით სამკალს თქვენს მიწაზე, ნუ მომკით ყანას კიდემდე, და ნუ აკრეფთ სამკალში დაცვენილს: ღარიბს და მწირს დაუტოვეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
23 . უთხრა უფალმა მოსეს:
24 . "უთხარი ისრაელის შვილებს - მეშვიდე თვეს, თვის პირველი დღე იყოს თქვენთვის დასვენება, ბუკისცემის გახსენება, წმიდა შეკრება.
25 . არავითარი საქმე არ გააკეთოთ და შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი”.
26 . უთხრა უფალმა მოსეს:
27 . "გამოსყიდვის დღეა მეშვიდე თვის მეათე დღე, წმიდა შეკრება გქონდეთ; დაიმდაბლეთ თავი და შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი.
28 . არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეს, რადგან გამოსყიდვის დღეა, თქვენი გამოსყიდვისა უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე.
29 . ყოველ სულს, რომელიც არ დაიმდაბლებს თავს ამ დღეს, მოვკვეთ თავისი ხალხისგან.
30 . და ვინც ამ დღეს რაიმე საქმეს გააკეთებს ამ დღეს, მოვსპობ თავისი ხალხისგან.
31 . არავითარი საქმე არ გააკეთოთ; მარადიული წესია ეს თქვენს თაობებში, ყოველი თქვენგანის სადგომში.
32 . დასვენების შაბათია ეს თქვენთვის და დაიმდაბლეთ თავი თვის მეცხრე დღის საღამოს: საღამოდან საღამომდე დაიცავით შაბათი”.
33 . უთხრა უფალმა მოსეს:
34 . "უთხარი ისრაელის შვილებს: კარვობის დღესასწაულია მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან, შვიდი საუფლო დღე.
35 . წმიდა შეკრებაა პირველ დღეს: არავითარი საქმე არ გააკეთოთ.
36 . შვიდ დღეს შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი; მერვე დღეს წმიდა შეკრება იყოს თქვენთვის და შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი; საზეიმო შეკრებაა ეს - არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეს.
37 . აჰა, დღესასწაულები უფლისა, რომლებსაც წმიდა შეკრებად გამოაცხადებთ, რათა მიართვათ უფალს: სრულადდასაწველი საცეცხლო შესაწირი, პურეული ძღვენი, დასაკლავი მსხვერპლები და შესაწირი სასმელი - თითოეული თავის დღეს,
38 . გარდა უფლის შაბათებისა, თქვენი ძღვენისა, აღთქმული შესაწირისა და ნებაყოფლობითი მისატანისა, რომელთაც თქვენ მისცემთ უფალს.
39 . მაგრამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, როცა ქვეყნის მოსავალს მოაგროვებთ, იზეიმეთ უფლის დღესასწაული შვიდ დღეს: პირველ დღეს დასვენებაა და მერვე დღესაც დასვენებაა.
40 . აიღეთ პირველ დღეს მშვენიერი ხის ნაყოფი, პალმის, სქელფურცლოვანი ხისა და ნაკადულის ტირიფის რტო და იხარეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე შვიდი დღე.
41 . შვიდი დღე იზეიმეთ წელიწადში ეს დღესასწაული უფლისთვის: საუკუნო წესია ეს თქვენს თაობებში; მეშვიდე თვეში იდღესასწაულეთ იგი.
42 . კარვებში იცხოვრეთ შვიდი დღე; ისრაელის ყოველმა მკვიდრმა კარავში იცხოვროს,
43 . რათა იცოდეს თქვენმა შთამომავლობამ, რომ კარვებში დავასახლე ისრაელის ძენი, როცა გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
44 . და გამოუცხადა მოსემ უფლის დღესასწაულები ისრაელის შვილებს.
1 . მიუგო უფალმა იობს და უთხრა:
2 . „ნუთუ შეედავება შარიანი ყოვლადძლიერს? გამცეს პასუხი ღმერთის მამხილებელმა!”
3 . უპასუხა იობმა უფალს და უთხრა:
4 . „აჰა, არარაობა ვარ; რა გიპასუხო? პირზე ხელს ვიფარებ.
5 . ერთხელ ვთქვი და პასუხად აღარაფერს ვიტყვი, მეორეჯერაც და აღარაფერს დავუმატებ”.
6 . მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:
7 . „წელზე სარტყელი შემოირტყი, როგორც კაცს შეჰფერის; შეგეკითხები და მიპასუხე:
8 . ნუთუ გააუქმებ ჩემს სამართალს, მე მამტყუნებ, რომ თავად გამართლდე?
9 . ან იქნებ ღვთის სადარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია?
10 . აბა, მოიკაზმე დიდებითა და სიდიადით, ბრწყინვალება და შარავანდედი შეიმოსე.
11 . აბა, გადმოაფრქვიე შენი რისხვის მძვინვარება, დახედე ამაყებს და დაამდაბლე.
12 . დახედე ქედმაღალს და მოდრიკე, ადგილზევე გათელე ბოროტეულნი.
13 . ერთიანად ჩამარხე მტვერში და დაფარულში დაატყვევე მათი სახე.
14 . მაშინ მეც ვაღიარებ, რომ საკუთარი მარჯვენა გიხსნის.
15 . აჰა, ბეჰემოთი, შენსავით ჩემი შექმნილია იგი, ხარივით ჭამს ბალახს.
16 . აჰა, მისი ძალა მის წელშია და მისი ღონე - მუცლის კუნთებში.
17 . კედარივით ხრის კუდს; გადაგრეხილი აქვს ბარძაყის ძარღვები.
18 . მისი ძვლები სპილენძის მილებია; სახსრები - რკინის წნელები.
19 . ის პირველია ღვთის ქმნილებათაგან, მხოლოდ მისი შემოქმედი თუ მიუახლოებს თავის მახვილს.
20 . რადგან ასაზრდოებენ მას მთები, სადაც ხარობს ყოველი ცხოველი ველისა.
21 . ლოტოსის ქვეშ წვება, ლერწმისა და ჭაობის საფარში.
22 . ლოტოსი იფარავს და ჩრდილს აძლევს მას, ღელის ტირიფებით არის გარემოცული.
23 . თუ აბობოქრდა მდინარე - არ დაფრთხება, მშვიდადაა, იორდანეც რომ მიასკდეს პირზე.
24 . სანამ თვალღიაა განა შეიპყრობს ვინმე ან კაუჭით ვინ გაუხვრეტს ცხვირს?
1 . გალობა აღსავალთა. უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე და მიპასუხა.
2 . უფალო, იხსენი ჩემი სული ცრუ ბაგეთაგან, მზაკვარი ენისაგან.
3 . რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი?
4 . მეომრის მომახულ ისარს, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად.
5 . ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან.
6 . დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მშვიდობის მოძულეებთან.
7 . მე მშვიდობა მსურს და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან.
1 . ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიგონებდით შენ, სიონო!
2 . ძეწნათა შორის ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები.
3 . რადგან იქ მოგვთხოვეს ჩვენმა დამტყვევებლებმა სიტყვანი სიმღერისა და ჩვენმა მჩაგვრელებმა სიმხიარულე: გვიმღერეთ ჩვენ სიმღერა სიონისა.
4 . როგორ ვიმღეროთ სიმღერა უფლისა უცხო მიწაზე?
5 . თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა.
6 . მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დავაყენო იერუსალიმი ჩემი მხიარულების სათავეში.
7 . გაუხსენე, უფალო, ედომის შვილებს დღე იერუსალიმისა, როცა ამბობდნენ: დაანგრიეთ, დაანგრიეთ ძირისძირამდე.
8 . ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს, რაც მოგვიზღე ჩვენ.
9 . ნეტარია, რომელმანც შეიპყროს და მიახეთქოს ჩვილნი შენნი კლდეს.
1 . განაჩენი მოაბისა: მართლაც ერთ ღამეში გაპარტახდა მოაბის ყარი და განადგურდა; მართლაც ერთ ღამეში გაპარტახდა მოაბის კირი და განადგურდა.
2 . ტაძარს ავიდნენ ისინი და დიბონს, მაღლობებზე - სატირლად; ნებოსა და მედებაზე მოსთქვამს მოაბი, ყველას თავი აქვს გადაპარსული და წვერი - გაკრეჭილი;
3 . ქუჩებში ჯვალოთი შემოსილან, ყველა ქვითინებს ბანებსა და მოედნებზე, ცრემლებად იღვრებიან.
4 . ხეშბონი და ელყალეც მოსთქვამს, იაჰაზაში ესმით მათი ხმა; ამის გამოა რომ მოაბის მებრძოლებიც დასჭყივლებენ საბრძოლოს, თრთის მისი სული.
5 . კვნესის მოაბზე გული ჩემი; ცოყარამდე გაურბიან უბედურებას, სამი წლის დეკეულივით; ქვითინით ადიან ლუხითის აღმართზე და კივილი ისმის ხორონაიმის გზაზე მათი უბედურების გამო.
6 . რადგან დაშრა ნიმრიმის წყლები, დიახ, გახმა ბალახი, გაქრა მოლი, აღარ დარჩა სიმწვანე.
7 . ამიტომ წაიღეს დაგროვილი სიმდიდრე და გადანახული ტირიფთა ხევის გაღმა გადააქვთ.
8 . რადგან მოთქმამ მოიცვა მოაბის საზღვრები, ყეგლაიმამდე აღწევს მისი ქვითინი და ბეერ-ყელიმამდე - მისი გოდება.
9 . სისხლით აივსო დიმონის წყლები, მაგრამ ამასაც არ ვაკმარებ დიმონს და ლომებს შევუსევ მოაბიდან გამოქცეულებს და ქვეყანაზე დარჩენილ ნატამალს.
1 . "ახლა ისმინე, იაკობ, ჩემო მსახურო და ისრაელ, ჩემო რჩეულო.
2 . ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის მუცელში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა: ნუ გეშინია, ჩემო მსახურო, იაკობ, და შენ, იეშურუნ, ჩემო რჩეულო.
3 . რადგან წყალს გადმოვღვრი მწყურვალ ქვეყანაზე და ნაკადებს - გამომშრალ მიწაზე: ჩემს სულს გადმოვღვრი შენს თესლზე და ჩემს კურთხევას - შენს შთამომავლობაზე.
4 . აღმოცენდებიან ისინი ბალახებს შორის, როგორც ტირიფები წყლის ნაკადებთან.
5 . ერთი იტყვის: უფლისა ვარ! მეორე იაკობის სახელით იწოდება, სხვა თავისივე ხელით დაიწერს: "უფალს ვეკუთვნი” და ისრაელის სახელი დაერქმევა.
6 . ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.
7 . ან ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს თანმიმდევრულად, რა მოხდა მას შემდეგ, უძველესი ხალხი რომ დავაფუძნე; ან დამდეგი და მომავალი აუწყონ.
8 . ნუ კანკალებთ და ნუ გეშინიათ. განა ძველთაგან არ გაუწყეთ და არ გამოგიცხადეთ? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? განა არის ჩემს გარდა კლდე? არავინ ვიცი”.
9 . არარაობაა კერპთა ყველა გამომსახველი, მათ საუნჯეს არავითარი სარგებელი არ მოაქვს, თავადვე რწმუნდებიან ამაში. ვერაფერს ხედავენ და ვერც ხვდებიან, ამიტომაც გაწბილდებიან.
10 . ვინ გამოსახა ღმერთი და კერპი ვინ ჩამოასხა, რომელსაც სარგებლობა არ მოაქვს?
11 . აჰა, შერცხვებიან მათი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც უბრალო ადამიანები არიან; შეიკრიბონ ყველანი, წამოდგნენ, შეძრწუნდნენ და შერცხვნენ ერთიანად.
12 . მჭედელი რკინისგან ჭედავს და ნაკვერჩხლებზე ამუშავებს, უროთი აძლევს ფორმას, თავისი ძლიერი მკლავით მუშაობს, მერე შივდება და ძალა ეცლება, წყალს არ სვამს და იქანცება.
13 . გაჭიმავს საზომს დურგალი და საჭრეთლით შემოხაზავს, წალდით ამუშავებს, ფარგლით შემოხაზავს და შექმნის მისგან კაცის მსგავსებას, ადამიანის მშვენებასავით, რათა სახლში დადგას.
14 . მოჭრის კედრებს; შეარჩევს ცაცხვს და მუხას, ტყის ხეთა შორის მოამაღლებს მათ, დარგავს ფიჭვს და წვიმა გაზრდის,
15 . შემდეგ კი დასაწვავად აქცევს, აიღებს მათგან და თბება; ღუმელს ახურებს, პურს აცხობს და მისგანვე აკეთებს ღმერთს და თაყვანს სცემს, კერპს აკეთებს და მის წინაშე ემხობა.
16 . ნაწილს ცეცხლში წვავს, ნაწილით ხორცს ხარშავს, შეწვავს და ძღება შემწვარით, თბება კიდეც და ამბობს: "ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო!”
17 . ხის მონარჩენისგან კი ღმერთი, გამოთლილი კერპი გაიკეთა, მის წინაშე ემხობა და თაყვანს სცემს, მის წინაშე ლოცულობს და ეუბნება: "მიხსენი, რადგან ღმერთი ხარ ჩემი!”
18 . არ იციან და არ გაეგებათ, რადგან თვალები აქვთ ამოლესილი, რომ ვერ დაინახონ და გულები - რომ ვერ მიხვდნენ.
19 . ვერავინ ხვდება, არც ცოდნა აქვთ და არც გონიერება, რომ თქვან: "ნაწილი ცეცხლში დავწვი, ნაკვერჩხლებზე პური გამოვაცხვე, ხორცი შევწვი და შევჭამე; მის მონარჩენს კი სიბილწედ ვაქცევ, ხის ნაჭერს როგორ ვეთაყვანები?”
20 . ფერფლით იკვებება, მოტყუებულმა გულმა გზას ააცდინა; თავს ვერ გადაირჩენს და ვერ იტყვის: "განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში?”
21 . გახსოვდეს ეს, იაკობ და ისრაელ, რადგან ჩემი მსახური ხარ. მე გამოგსახე, ჩემი მსახური ხარ, ისრაელ, არ დაგივიწყებ!
22 . ღრუბელივით წარვხოცე შენი დანაშაული და ნისლივით - შენი ცოდვები; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.
23 . სიხარულით შემოსძახეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს; იყიჟინეთ, ქვეყნის დაბლობებო; სიხარულით დასჭექეთ, მთებო, ტყევ და ყველა ხევ მასში, რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი და თავისი დიდება გამოაჩინა ისრაელში.
24 . ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის მუცელში: "მე ვარ უფალი, ყოველივეს შემოქმედი, მე თვითონ გადავჭიმე ცანი და მარტომ განვავრცე მიწა”.
25 . იგი აცამტვერებს ამაოთა ნიშნებს და აუგუნურებს მკითხავებს, უკუაქცევს ბრძენთ და სიბრიყვედ აქცევს მათ ცოდნას;
26 . ადასტურებს თავის მსახურთა სიტყვას და თავის მოციქულთა თათბირს აღასრულებს; ეუბნება იერუსალიმს: "დასახლდები!” იუდას ქალაქებს: "აშენდებით და მის ნანგრევებს მე აღვადგენ!”
27 . ეტყვის ზღვის უფსკრულს: "ამოშრი და მე დავაშრობ შენს მდინარეებს”.
28 . კიროსზე ამბობს: "ჩემი მწყემსია და ჩემს ყველა სურვილს შეასრულებს!” იერუსალიმს ეუბნება: "აშენდები!” და ტაძარს: "ჩაიყრება შენი საძირკველი!”
1 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! გადაეცი გამოცანა და ელაპარაკე იგავი ისრაელის სახლს.
3 . უთხარი: ასე ამბობს-თქო ისრაელის ღმერთი: დიდი არწივი, დიდფრთიანი, გრძელნაკრტენიანი და ხშირ და ჭრელბუმბულიანი, მოვიდა ლიბანში და კედარის კენწერო წაიღო.
4 . ზემო ყლორტები მოტეხა, ქანაანის ქვეყანაში მოიტანა და ვაჭრების ქალაქში დადო.
5 . აიღო იმ ქვეყნის თესლი და ნაყოფიერ მიწაში ჩათესა, უხვ წყლებთან ჩადო და ტირიფივით დარგო.
6 . აღმოცენდა და განიტოტა დაბალი ტანის ვაზი, ლერწები არწივისკენ იყო მიმართული, ფესვებიც მის ქვეშ იყო; და გახდა ვაზი, რქა გამოიღო და ლერწები გაუშვა.
7 . და იყო კიდევ ერთი დიდი არწივი, დიდფრთიანი და ხშირბუმბულიანი; და, აჰა, ვაზმა თავისი კვალიდან ფესვები მისკენ მიმართა და ლერწები მისკენ გაიშვირა დასარწყულებლად.
8 . ნოყიერ ნიადაგზე, უხვ წყლებთან იყო დარგული, რომ ლერწები გაეკეთებინა და ნაყოფი გამოეღო. დიდებული ვაზი რომ გამხდარიყო.
9 . უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გაიხარებს თუ არა? განა არ ამოძირკვავენ მის ფესვებს და არ მოგლეჯენ მის ნაყოფს, რომ ყველა მისი გამოღებული ფოთოლი გახმეს? ძლიერი მკლავი და ბევრი ხალხი არ იქნება საჭირო, რომ ფესვიდან მოგლიჯონ.
10 . თუნდაც დარგონ, განა იხარებს და გაიზრდება? ვითომ არ გახმება, აღმოსავლეთის ქარი რომ დაუბერავს? განა იმ კვალშივე არ გახმება, სადაც გაიზარდა?”
11 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
12 . "უთხარი მეამბოხე სახლს: ვითომ ვერ ხვდებით, რას ნიშნავს ეს? უთხარი: აჰა, მოვიდა ბაბილონის მეფე იერუსალიმში, წაიყვანა მისი მეფე და მთავრები და მიიყვანა თავისთან ბაბილონში.
13 . შემდეგ აიყვანა სამეფო მოდგმიდან სხვა ვინმე, აღთქმა დადო მასთან და ფიცში შეიყვანა; ქვეყნის ძლიერნიც წაიყვანა,
14 . რათა სამეფო მასზე დამოკიდებული ყოფილიყო და არ გაამპარტავნებულიყო, რომ აღთქმა დაეცვა და გაეძლო.
15 . ის კი აუჯანყდა მას და მოციქულები გაგზავნა ეგვიპტეში, რომ ცხენები და ბევრი ხალხი მიეცათ მისთვის. განა მიაღწევს წარმატებას? განა გადარჩება ამის ჩამდენი? აღთქმას დაარღვევს და გადარჩება?
16 . ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ მისი გამამეფებელი მეფის ქვეყანაში, ბაბილონში არ მოკვდეს ის, ვინც ფიცი მოიძულა და აღთქმა გატეხა.
17 . ფარაონი და მისი დიდი ლაშქარი თავისი დიდძალი ამალით ვერ უშველის მას ომში, როცა მრავალი სულის დასაღუპავად აღიმართება მიწაყრილები და აიგება გოდოლები.
18 . აღთქმის დარღვევით ფიცი შეიძულა; აჰა, ხელი მისცა და მაინც ჩაიდინა ეს ყველაფერი: ვერ გადარჩება.
19 . ამიტომ ამბობს უფალი ღმერთი: ცოცხალი ვარ, თუ არ ვაზღვევინე ფიცი, რომელიც შეიძულა და აღთქმა, რომელიც დაარღვია.
20 . ჩემს ბადეს მოვისვრი მასზე და ჩემს ხაფანგში გაებმევა, ბაბილონში მივიყვან და იქ გავასამართლებ მისი ორგულობის გამო, ჩემს წინააღმდეგ რომ იორგულა.
21 . რაზმიდან გაქცეული ყველა მისი მეომარი მახვილით დაეცემა; დარჩენილნი კი ყველა ქარის მიმართულებით გაიფანტებიან. მაშინ გაიგებთ, რომ მე, უფალმა ვილაპარაკე.
22 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: მაღალი კედრის კენწეროდან ტოტს ავიღებ და დავრგავ; ზემოთა ყლორტებიდან მოვწყვეტ ნედლ და ნაზს და მაღალ, ამაღლებულ მთაზე დავრგავ.
23 . ისრაელის მაღალ მთაზე დავრგავ, ტოტებს გაუშვებს, ნაყოფს გამოიღებს და დიდებულ კედრად იქცევა; მის ქვეშ დაბინავდება სხვადასხვაგვარი ფრინველი და მისი რტოების ჩრდილში დაიბუდებს ყოველი ფრთოსანი.
24 . გაიგებს მინდვრის ყველა ხე, რომ მე ვარ უფალი: მე ვამდაბლებ აღზევებულ ხეს და აღვაზევებ დამდაბლებულ ხეს; ვახმობ ნედლ ხეს და ვაყვავებ გამხმარ ხეს. მე, უფალმა ვთქვი და აღვასრულებ!”