1 .
და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 .
"შენ კი, ძეო კაცისავ! გოდება გამართე ტვიროსზე.
3 .
და უთხარი ზღვის შესასვლელთან დასახლებულ ტვიროსს, მრავალ ზღვისპირა ქვეყნების ხალხებთან მოვაჭრეს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ტვიროსო, გითქვამს, სრულყოფილი ვარო მშვენებაში.
4 .
ზღვების გულშია შენი საზღვრები, მშენებლებმა სრულყვეს მშვენება შენი.
5 .
სენირის კვიპაროსებისგან დაგიმზადეს ყველა ფიცარი, ლიბანიდან კედარი ჩამოგიტანეს, რომ ანძა გაეკეთებინათ შენთვის;
6 .
ბაშანის მუხის ნიჩბები გაგიკეთეს; გემბანი ქითიმის ზღვისპირეთის სპილოს ძვლითა და ბზით მოგიპირკეთეს.
7 .
ეგვიპტის მოქარგული ქსოვილისა იყო შენი იალქნები, რომ დროშად გქონოდა. გადასახურავი ცისფერი და მეწამული ქსოვილისა იყო ელიშას ზღვისპირეთიდან;
8 .
ციდონელები და არვადელები გყავდა მენიჩბეებად; შენი ბრძენკაცები გყავდა, ტვიროსო, მესაჭეებად გყავდა ისინი;
9 .
გებალის უხუცესნი და მისი ბრძენკაცები შენთან იყვნენ ბზარების შესაკეთებლად, ზღვის ყველა გემი და მათი მეზღვაურნი იყვნენ შენში, რომ ვაჭრობა წარემართათ.
10 .
სპარსელნი, ლუდელნი და ფუტელნი იყვნენ შენს ლაშქარში, შენი ომის კაცები. ფარსა და მუზარადს შენთან ჰკიდებდნენ, ისინი გმატებდნენ ბრწყინვალებას.
11 .
არვადის ძენი და შენი ლაშქარი იდგნენ კედლებზე გუშაგებად შენს გარშემო, გამადიმელნი იყვნენ შენს კოშკებში; თავიანთ ფარებს ირგვლივ შენს კედლებზე ჰკიდებდნენ. ისინი სრულყოფდნენ შენს მშვენებას.
12 .
თარშიში ვაჭრობდა შენთან, ყოველგვარი სიმდიდრის სიუხვის გამო; ვერცხლს, რკინას, კალას და ტყვიას გაძლევდნენ შენს საქონელში.
13 .
იავანი, თუბალი და მეშექი იყვნენ შენი ვაჭრები, ცოცხალ ადამიანებს და სპილენძის ჭურჭელს გიცვლიდნენ საქონელში;
14 .
თოგარმის სახლიდან ცხენებს, მხედრებსა და ჯორებს გაძლევდნენ შენს საქონელში.
15 .
დედანის ძენი იყვნენ შენთან მოვაჭრენი და მრავალი ზღვისპირა ქვეყანა იყო შენი სავაჭრო ადგილი. სპილოს ეშვები და შავი ხე მოჰქონდათ საფასურად.
16 .
არამის ძენი ვაჭრობდნენ შენთან, შენი ნაკეთობების სიმრავლის გამო; ზურმუხტს, მეწამულსა და ნაქარგ ქსოვილს, ბისონს, მარჯანსა და ლალს იძლეოდნენ შენს საქონელში.
17 .
იუდა და ისრაელის ქვეყანა იყვნენ შენთან მოვაჭრენი, მინითის ხორბალს, პანაგს, თაფლს, ზეთსა და ბალსამონს გაძლევდნენ სანაცვლოდ.
18 .
დამასკო იყო შენთან მოვაჭრე, შენი მრავალი ნაკეთობისა და ყოველგვარი სიმდიდრის სიუხვის გამო; ხელბონის ღვინისა და თეთრი მატყლის გამო.
19 .
დანი და იავანი ნაწრთობ რკინას, დარიჩინსა და ტკბილ ლერწამს გაძლევდნენ შენი საქონლის სანაცვლოდ უზალიდან.
20 .
დედანი საუნაგირე მორთულობით გევაჭრებოდა.
21 .
არაბეთი და კედარის ყველა მთავარი ვაჭრობდა შენთან; ბატკნებით, ვერძებითა და ვაცებით გევაჭრებოდნენ.
22 .
შებასა და რაყმას მოვაჭრენიც შენთან ვაჭრობდნენ; ყველანაირ საუკეთესო ნელსაცხებელს, ყოველგვარ ძვირფას ქვასა და ოქროს გიცვლიდნენ შენს საქონელში.
23 .
ხარანი, ქანე და ყედენი, შებას მოვაჭრენი, ასევე აშური და ქილმადი შენთან ვაჭრობდნენ,
24 .
შენთან ვაჭრობდნენ ძვირფასი სამოსელით, ლურჯი ნაქარგი მოსასხამებით, სხვადასხვაფერის ქსოვილით გაწყობილი ხალიჩებითა
25 .
თარშიშის ხომალდებს მიმოჰქონდათ შენი საქონელი, აივსე და დიდად განდიდდი ზღვის შუაგულში.
26 .
დიდ წყლებში გაგიყვანეს შენმა მენიჩბეებმა, მაგრამ აღმოსავლეთის ქარმა დაგლეწა ზღვის შუაგულში.
27 .
შენი სიმდიდრე, შენი საქონელი, შენი სავაჭრებელი, შენი მეზღვაურნი და მესაჭეები, ბზარების შემკეთებელნი და შენი საქონლით მოვაჭრენი, ყველა შენი მეომარი, ვინც შენთანაა და მთელი კრებული, შენ შორის მყოფი, ზღვის შუაგულში ჩაცვივდებიან შენი დაცემის დღეს.
28 .
შენი მესაჭეების ყვირილი შეარყევს შემოგარენს.
29 .
თავ-თავიანთი ხომალდიდან ჩამოვა ყველა ნიჩბოსანი, მეზღვაური, ყველა ზღვის მესაჭე და ხმელეთზე დადგებიან.
30 .
ხმას აიმაღლებენ შენ გამო და მწარედ აქვითინდებიან, მტვერს დაიყრიან თავზე და ნაცარში გაგორდებიან.
31 .
შენ გამო თავს გადაიპარსავენ, ჯვალოს ჩაიცვამენ და სულგამწარებულნი მწარე მოთქმით დაგიტირებენ.
32 .
კვნესით დაგიტირებენ და გიგლოვებენ: "ვინ არის ტვიროსივით? მასავით ვინ დადუმებულა შუაგულ ზღვაში?”
33 .
როცა ზღვებით გადიოდა შენი საქონელი, მრავალ ხალხს აძღობდი შენი უხვი დოვლათით და შენი ვაჭრობით ამდიდრებდი ქვეყნის მეფეებს.
34 .
ახლა კი ზღვამ ჩაგლეწა წყლების სიღრმეებში, შენი საქონელი და მთელი შენი კრებული გაქრა შენთან ერთად.
35 .
შენ გამო შეძრწუნდა ყველა ზღვისპირა ქვეყანა, მათ მეფეებს შიში დაეცათ, სახე აელეწათ.
36 .
ხალხებში მოსიარულე ვაჭრები უსტვენენ შენ გამო, საშინელი აღსასრული გეწია, აღარ იქნები უკუნისამდე!”