ქართული ბიბლიის ისტორია


საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 1 ;
1.1.58 ქართული ბიბლიის ისტორია

ქართულ ენაზე ბიბლიის წიგნების თარგმნა IV-V საუკუნეებიდან იწყება. ძველი აღთქმის წიგნები ნაწილ-ნაწილ შემოვიდა და ძირითადად, საღვთისმეტყველო დანიშნულებით გამოიყენებოდა. ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი დაბადება, წინასწარმეტყველები _ ესაია, ეზეკიელი, იერემია, ეზრა I და ფსალმუნი. ბიბლიური ტექსტების ადრეულ (VII-VIII სს.) თარგმანებს ღვთისმეტყველებისთვის განკუთვნილი ხელნაწერი კრებულები შეიცავს.
ძველი აღთქმის წიგნებიდან პირველ რიგში ფსალმუნი უნდა ეთარგმნათ. მისი არსებობა V-VIII საუკუნეების ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებით დასტურდება.
ბიბლიის სრული რედაქციის შედგენას დრო და გამოცდილება ჭირდებოდა.
ძველი აღთქმის სრული კრებული რამდენიმე წიგნიანი ხელნაწერის საფუძველზე შეიქმნა. პირველი ასეთი წიგნია ოშკის ბიბლია, რომელიც 987 წელს გადაიწერა.
მასში შედის: დაბადება, გამოსვლა, ლევიტელთა, მსაჯულთა, რუთი, იობი, ბარუქი, გოდება, ეპისტოლე იერემიასი, ეზეკიელი, დანიელი, ეზრა I, ეზრა II, ნაუმი (ნეემია), ეზრა სუთიელი, ესთერ-მარდოქე, ივდითი, ტობი, I მეფეთა, II მეფეთა, III მეფეთა, IV მეფეთა, იგავნი, ეკლესიასტე, სიბრძნე სოლომონისნი, ისო ზირაქი და მცირე წინასწარმეტყველთა 12 წიგნი. დაზიანების გამო დაკარგულია რიცხვთა, II სჯულისა და ისო ნავეს ძის წიგნები.
ქართული ბიბლიის ისტორიაში XII საუკუნე განსაკუთრებულ ეტაპს წარმოადგენს. ამ დროს გადაიწერა გელათის, ე.წ. კატენებიანი ბიბლიის სახელწოდებით ცნობილი შემდგომი სრული კრებული, რომელსაც თან განმარტებებიც ერთვის.
ბიბლიის შემდგომი სრული კრებული _ `მცხეთის ბიბლია~ _ სულხან-საბა ორბელიანმა შეადგინა. მასში შესულია 44 დასახელების წიგნი და სომხურ-ლათინური ვერსიების გამოყენებით ხასიათდება. ცალკეული წიგნების რედაქციაც განსხვავებულია. ჩანს, სულხან-საბამ მის შესადგენად ბევრი წყარო გამოიყენა.
კრებულს თან ერთვის ფსალმუნთა წიგნიც გიორგი ათონელისეული რედაქციით.
რაც შეეხება ახალი აღთქმის წიგნებს, შემონახულია ადიშის (897 წ.), ჯრუჭის (936 წ.), ქსნის (X ს.), პარხლის (973 წ), ტბეთის (995 წ.) სახარებები. ოთხთავის ტექსტი არაერთხელ გადამუშავდა. ჩვენამდე შემორჩენილია სხვადასხვა რედაქცია: ხანმეტი, საბაწმიდური, გიორგი მთაწმიდელისეული.
ახალი აღთქმის წიგნების მეორე ნაწილის _ სამოციქულოს უძველეს ხელნაწერებში მხოლოდ პავლე მოციქულის ეპისტოლეები გვხვდება. აპოკალიფსი ანუ გამოცხადება X საუკუნის ბოლომდე არც უთარგმნიათ.
ექვთიმე ათონელს ეკუთვნის სამოციქულოს თარგმანი X საუკუნის ბოლო მეოთხედში. აღსანიშნავია გიორგი მთაწმიდელის ღვაწლიც. მას უთარგმნია `პავლე სრული და საქმე მოციქულთა~.
ბაქარის ბიბლია წარმოადგენს ბიბლიის წიგნთა სრული კრებულის პირველ ბეჭდურ გამოცემას. იგი 1743 წელს მოსკოვში დაიბეჭდა ბაქარ ბატონიშვილის წინასიტყვაობით. ბიბლიის ხსენებულ ვერსიაში შესული წიგნების დიდი ნაწილი სლავურიდანაა ნათარგმნი.
ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტმა 1973 წელს განიზრახა საღვთო წერილის ახალქართულად თარგმნა. მასზე მუშაობა ისრაელში, ავსტრიასა და შვედეთში მიმდინარეობდა. 1979 წელს მიღებული თარგმანი ბერძნულ ორიგინალს შეუდარეს. 1980 წელს გამოიცა სრული ახალი აღთქმა.
2015 წ. ბიბლიის ახალი გადამუშავებულ გამოცემა გამოვიდა, მისი საფუძველი სწორედ ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის მიერ მოწოდებული 1980 წლის თარგმანი გახდა, რომელიც საფუძვლიანად გადამუშავდა. თანამედროვე ინტერნეტტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა ტექსტის მაქსიმალურად მიახლოება ძველბერძნულ და ებრაულ დედნებთან. მუშაობისას გამოყენებულ იქნა სტრონგის ამომწურავი ლექსიკონი, მასორულ ტექსტებზე შექმნილი ებრაულ-ინგლისური ბიბლია _ მეჰონ-მამრე, სეპტუაგინტა და რამდენიმე ინგლისურ და რუსულენოვანი თარგმანი.
__ბიბლია კომენტარებით 2015__

***
საქართველო ბიბლიის თარგმნის ძველი და მდიდარი ტრადიციების ქვეყანაა. მე-5 საუკუნიდან დაედო დასაბამი ბიბლიის, ძველი და ახალი აღთქმის წიგნების, თარგმნას ქართულ ენაზე. ერთხელ თარგმნილი ტექსტი დროთა ვითარებაში, ენის განვითარების კვალობაზე, ორი თვალსაზრისით იხვეწებოდა: სტილისტურად და რედაქციულად. რათა ძველი ტექსტი მომდევნო თაობებისთვის ყოფილიყო გასაგები. ქვეყნის ძნელბედობამ ბიბლიის ენობრივად გადამუშავების პროცესი საგრძნობლად შეაფერხა. მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ქართული კულტურა ახალ საფუძველზე მყარდება, რაც ენის რეფორმას უწყობს ხელს: იქმნება სამეტყველო ენასთან დაახლოებული სამწერლობო ენა. ამან კი ბიბლიის თანამედროვე ენაზე გადმოცემის საკითხი დღის წესრიგში ბუნებრივად დააყენა. უკვე მე-19 საუკუნეში ყოფილა ამის პირველი ცდები. მე-20 საუკუნეში ათესტურმა ეპოქამ ამ მისწრაფებებსაც შეაკვეცა ფრთები.
1974 წელს ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი შეუდგა ახალი აღთქმის თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოღების საქმეს. 1980 წელს გამოქვეყნდა საცდელი გამოცემა, რომელსაც მოჰყვა ტექსტის რამდენადმე გასწორებული სამი გამოცემა. მოგვიანებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხსენებული თარგმანი საფუძვლიანად გადამუშავდა. ეს სამუშაო განხორციელდა თბილისში ზურაბ კიკნაძისა და მალხაზ სონღულაშვილის მიერ.
__საქართველოს ბიბლიური საზოგადოება__

__წარმართული აზროვნებისა და გამოთქმების პრობლემა ბიბლიის თარგმნისას__
ეხება რა ძველი ქართული ლიტერატურის მთარგმნელობით მეთოდს კ. კეკელიძე მრავალ საგულისხმო დაკვირვებას და მოსაზრებას გვიზიარებს. (კ. კეკელიძე. ეტიუდები. ტ.1)
მისი აზრით: „ქართველებმა ახალი რელიგიური სისტემა ძველ წარმართულ სარწმუნოებაზე დაამყნეს... ბიბლიური წიგნების მთარგმნელნი იძულებული ხდებოდნენ შეეგუებიათ თავიანთი თარგმანი წარმართული აზროვნებისთვის, რამდენადაც კი ეს მოსახერხებელი იყო, და გამოეყენებინათ მარაგი წარმართული საკრალური ენისა.“
ამის გამო, „ახალი იდეები, ახალი აზრები, ახალი ფილოსოფიურ-რელიგიური და მორალური შეხედულებანი ხშირად გადმოიცემიან ამ თარგმანში ისეთი სიტყვებითა და ტერმინებით, რომელნიც უშუალოდ წარმართული წყაროდან მოდიანო.“

***
შემდგომი დროის რედაქციების მიზანი იყო ძველი თარგმანები განეტვირთათ წარმართული აზროვნებისა და გამოთქმების გადმონაშთებისგან: „პროცესი ბიბლიური წიგნების სწორებისა, რომელსაც ადგილი აქვს საუკუნეთა განმავლობაში, მიზნად ისახავდა ქართული ტექსტის ბერძნულ დედანთან დაახლოებას, პირველყოვლისა იმ მიზნით, რათა ქართული თარგმანიდან განდევნილი ყოფილიყო წარმართული ელემენტები.“
მაგრამ ეს გიორგი მთაწმინდელსა და ეფრემ მცირესაც კი ვერ მოუხერხებიათ. ეფრემ მცირეს უთქვამს: ზეპირად ვიცოდი ძველი თარგმანები და ძალაუნებურად მეპარებოდა ჩემს თარგმანებში ძველი სიტყვები და წინადადებებიო.
__გიორგი შატბერაშვილი__