1 .
ხუთი დღის შემდეგ მოვიდა მღვდელმთავარი ანანია. თან მოიყოლა უხუცესები და ვინმე მჭევრმეტყველი ტერტულუსი, რომლებმაც გამგებელთან უჩივლეს პავლეს.
2 .
როდესაც უხმეს, ტერტულუსმა მისთვის ბრალის დადება დაიწყო და თქვა:
3 .
"აღმატებულო ფელიქს, ყველგან და ყოველთვის მადლიერებით ვაღიარებთ, რომ შენი წყალობით სრული მშვიდობა გვაქვს და შენს მზრუნველობას ვუმადლით ამ ხალხის კეთილდღეობას.
4 .
მაგრამ, ზედმეტად რომ არ შეგაწუხოთ, გთხოვთ, მოკლედ მოგვისმინო შენთვის ჩვეული მოთმინებით.
5 .
ჩვენ ეს კაცი მავნებლად, მთელ მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის ამტეხად და ნაზარეველთა სექტის წინამძღოლად ვცანით,
6 .
რომელმაც ტაძრის შებღალვაც კი სცადა; ჩვენც შევიპყარით იგი და გვინდოდა ჩვენი რჯულის მიხედვით გაგვესამართლებინა,
7 .
მაგრამ მოვიდა ათასისთავი ლისია და დიდი ძალმომრეობით გამოგვტაცა ხელიდან,
8 .
და მის ბრალმდებლებსაც გვიბრძანა შენთან მოსვლა, რომ შენ თავად შეგძლებოდა გაგეგო, რაში ვდებთ ბრალს”.
9 .
იუდევლებმაც დაადასტურეს; თქვეს, ასეაო.
10 .
გამგებელმა რომ ანიშნა, ილაპარაკეო, მიუგო პავლემ: "ვიცი, რომ მრავალი წელია ამ ხალხის სამართლიანი მსაჯული ხარ, ამიტომ თამამად დავიცავ თავს.
11 .
თვითონვე შეგიძლია შეიტყო, რომ თორმეტ დღეზე მეტი არ არის, რაც იერუსალიმში ავედი თაყვანის საცემად.
12 .
არც ტაძარში ვუნახივარ ვინმეს, რომ ვინმესთან მედავოს ან ხალხი ამეშფოთებინოს, არც სინაგოგაში და არც ქალაქში.
13 .
შენს წინაშე ვერც იმას დაამტკიცებენ, რაშიც ახლა მდებენ ბრალს.
14 .
იმას კი ვაღიარებ შენთან, რომ იმ გზით, ესენი მწვალებლობას რომ უწოდებენ, მე ნამდვილად ვემსახურები მამების ღმერთს, და მწამს ყოველივე, რაც ეთანხმება რჯულს და რაც წინასწარმეტყველებმა დაწერეს.
15 .
და მაქვს ღმერთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თავად ესენიც მოელიან.
16 .
ამიტომ ვცდილობ ყოველთვის, ყველაფერში უმწიკვლო სინდისით ვიყო ღვთისა და კაცთა წინაშე.
17 .
მრავალი წლის შემდეგ მოვედი ჩემი ერისთვის მოწყალებისა და შესაწირის მოსატანად.
18 .
ამგვარად, განწმედილი, ხალხისა და შფოთის გარეშე მნახეს ტაძარში აზიელმა იუდევლებმა;
19 .
ისინი უნდა გამოცხადებულიყვნენ შენს წინაშე და დაედოთ ბრალი, თუკი რაიმე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ.
20 .
ანდა, თვითონ ამათ თქვან, რა ბრალი ნახეს ჩემში, როცა სინედრიონის წინაშე ვიდექი.
21 .
გარდა იმ ერთი სიტყვისა, მათ შორის მდგომმა რომ წამოვიძახე: მკვდრეთით აღდგომის იმედისათვის განვიკითხები-მეთქი თქვენ წინაშე დღეს?”
22 .
რაკი კარგად იცნობდა ამ გზას, ფელიქსმა ვადა გადაუდო მათ და უთხრა: ათასისთავი ლისია რომ მოვა, მაშინ განვიხილავო თქვენს საქმეს.
23 .
ასისთავს უბრძანა, დაეცვა პავლე, მაგრამ ისე, რომ არ შეეწუხებინათ და არც მისი ახლობლებისთვის აეკრძალა ვინმეს მის საჭიროებებზე ზრუნვა.
24 .
რამდენიმე დღის შემდეგ ფელიქსი მოვიდა, თან თავისი იუდეველი მეუღლე დრუსილა ახლდა. მოუხმო პავლეს და ქრისტე იესოში რწმენის შესახებ გამოკითხა.
25 .
პავლემ სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ განკითხვაზე ილაპარაკა, ამიტომ ფელიქსი შეშინდა და უთხრა: "ახლა წადი და როცა მოვიცლი, დაგიძახებ”.
26 .
თანაც, იმედი ჰქონდა, რომ პავლე თავისუფლების სანაცვლოდ ფულს შესთავაზებდა. ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას.
27 .
ორი წელი რომ შეუსრულდა, ფელიქსს შემცვლელი მოუვიდა, პორციუს ფესტუსი; ფელიქსს იუდევლების მომადლიერება უნდოდა და პავლე პატიმრობაში დატოვა.