უძღები, გზააბნეული ძის დაბრუნება


საკვანძო მუხლები:

2მეფეთა 12 : 24 ; ფსალმუნები 83 : 10 ; ლუკა 15 : 11 ; ებრაელთა 12 : 16 ;
1.8.47. უძღები, გზააბნეული ძის დაბრუნება

უძღები ძის იგავის განმარტებისთვის

ლუკ.15,11-24

- უფალმა მიიღო მონანიების შენდეგ დავითი 2მფ.12,24 

- კარგია უფალთან ყოფნა ფს.83,10

- ღმერთმა არ მიიღო ესავი  ებრ.12.16.17

ბიბლიის მუხლები

2მეფეთა 12
24. ანუგეშა დავითმა ბერსაბე, თავისი ცოლი, შევიდა და დაწვა მასთან. შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად სოლომონი, რომელიც შეიყვარა უფალმა.

ფსალმუნი 83
11. რადგან ერთი დღე შენს ეზოებში ათასზე უმჯობესია. ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას

ლუკა 15
11. მერე თქვა: ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა;
12. უმცროსმა უთხრა მამას: მამა, მომეცი ჩემი წილი, რომელიც მერგება სამკვიდრებლიდან. და გაუყო მათ თავისი ქონება.
13. ცოტა ხანმა რომ განვლო, შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და იქ გაფლანგა მთელი თავისი ავლადიდება, ვინაიდან თავაშვებულად ცხოვრობდა.
14. როცა ყველაფერი შემოეხარჯა, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა იმ ქვეყანაში და ძალიან გაუჭირდა.
15. წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, მან კი მინდორში გაგზავნა ღორების მწყემსად.
16. ნატრობდა, ნეტავი ღორების საჭმელი რქით ამომავსებინა მუცელიო, მაგრამ ვინ აღირსებდა.
17. გონს რომ მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს თავზე საყრელადა აქვს პური და მე კი აქ შიმშილით ვკვდები.
18. ავდგები, მივალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე.
19. და აღარა ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას, მაგრამ მოჯამაგირედ მაინც დამიყენე.
20. ადგა და მამამისისაკენ გასწია. ჯერ კიდევ შორს იყო, რომ მამამ დაინახა და შეებრალა იგი; გამოიქცა, კისერზე შემოეჭდო და კოცნა დაუწყო.
21. შვილმა უთხრა: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე და აღარ ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას.
22. ხოლო მამამ თავის მონებს უთხრა: მოიტანეთ უკეთესი სამოსი და შემოსეთ იგი, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხთ ხამლები ჩააცვით.
23. მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით; ვჭამოთ და ვიმხიარულოთ.
24. რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და დაიწყეს მხიარულება.

ებრაელთა 12
16. რათა არ იყოს თქვენს შორის მემრუშე ან ღვთის გარეგანი, როგორც ესავი, ერთ შეჭამადზე რომ გაცვალა თავისი პირმშოობა.
17. რაკიღა იცით, რომ შემდეგ, როცა მოისურვა დაემკვიდრებინა კურთხევა, უარყოფილ იქნა და ვეღარაფერი გააწყო სინანულით, თუმცაღა ცრემლით ითხოვდა მიტევებას.

__თემაზე წერდნენ__

„უძღები“ ილია აბულაძის ლექსიკონში განიმარტება როგორც „ურცხვი, უწესო, ხარბი და გაუმაძღარი“. მის საწყის დადებით ფორმას („განძღება“) ასევე აქვს მნიშვნელობა „აღვსება“, რაც იმას ნიშნავს, რომ უძღები იგივე „აღუვსებელიცაა“.

იგავში უნდა აიხსნას მამის, მამისეული სახლისა და კუთვნილი წილი ქონების, ასევე ამ ქონების გაფლანგვა-შემოხარჯვის სახარებისეული ალეგორიები: მამა - ზეციერი მამაა, მამაღმერთი: მამისეული სახლი - ღვთიური, ზეციური სამყოფელია, ანგელოზთა და მართალთა სავანე; სამკვიდრებელი, რომელიც უმცროსმა ძემ მამისაგან მიიღო, არის ღვთისაგან ბოძებული სულიერი, ხორციელი და ბუნებითი ნიჭები: ჭკუა, გონება, სული, ხორცი და ა.შ.
მაშასადამე, უძღებ შვილს მამის სახლში ჰქონდა ყველაფერი, მან კი მაინც ინება მშობლიური სახლის მიტოვება, ანუ უარი თქვა ღვთის მორჩილებასა და ღვთიური ცხოვრების წესის (მცნებათა) აღსრულებაზე. უცხო ქვეყანაში წასვლით იგი განშორდა ღმერთს და თავაშვებული ცხოვრებით გაფლანგა ეს ქონება.

თავაშვებული ცხოვრება, რის გამოც უძღებმა შვილმა ქონება გაფლანგა და შემოეხარჯა, რაღა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ ღმერთს განშორებული ცოდვებში ჩავარდა, უწმინდურ ვნებებს დაემონა და სული წარიწყმიდა.
მიტროპოლიტი ფილარეტი ბრძანებს: „მწყემსო ღორები - ამ იგავში ნიშნავს, განუწყვეტლივ გამოკვებო ცხოველური ვნებანი, და ამავე დროს გრძნობდე მის დამამცირებლობას, უხეშობას და სისაზიზღრეს“.

„ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა“
მოუთმენლობითა და უმეცრებით მიღებული უგუნური გადაწყვეტილება, ღვთისაგან განშორება, საკუთარი ნება-სურვილით ცხოვრება და ცოდვებში ჩავარდნა მხოლოდ ბოროტ ნაყოფს გამოიღებს. ასე დაემართა უძღებ შვილს და უბედურებაც ამიტომ დაატყდა თავს. მიტროპოლიტი ფილარეტი შენიშნავს, რომ ცოდვა ცოდვილს მცირე ხნით ახარებს, მხოლოდ გრძნობად ნეტარებას აძლევს, სულ მალე მიეცემა ხოლმე იგი სულიერ შიმშილსა და გაჭირვებას. ცოდვისმიერი სიამოვნება წარმავალია, ხრწნადია, ღვთიურობით განათებული სული კი წარუვალია და იგი უხრწნელ ბედნიერებას ჰპირდება ადამიანს. ცოდვას ფიზიკური უბედურებანიც მოაქვს: სიღარიბე, ავადმყოფობა. ამას უფალი სასჯელად მოუვლენს კაცს, რათა გონების კარი გაუხსნას.

ეპისკოპოსი მიხეილისათვის უბედურება არა მარტო დასჯაა, არამედ ღვთიური მოწოდებაც, იმ მიზნით, რომ ცოდვილმა მოინანიოს, ყური მიუგდოს ზეციერი მამის გულმოწყალე ხმას, რომელიც სინანულისაკენ ახედებს თავის შვილს.

უძღებმა შვილმაც ისმინა მამისა და გონს მოეგო: „მოეგო რაჲ თავსა თჳსსა“ - ვკითხულობთ იგავში. რა უშლიდა აქამდე, გაეგონა ეს ხმა, შეეცნო საკუთარი უგუნურება, განესაჯა და განეკითხა მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მოკლედ, მთელი სიგრძე-სიგანით გაეცნობიერებინა ყოველივე? პასუხი ცოდვას დასტრიალებს, ცოდვასა და მის ნაყოფს. სწორედ ცოდვა უკრავს და უბნელებს ადამიანს გონებას და იგი ვეღარ აცნობიერებს, თუ რა არის ღვთის ნება. განსაცდელი, უბედურება კი აფხიზლებს ცოდვილს და იგი გონფრულ განსჯას იწყებს.

და აი, გამოფხიზლებული უძღები შვილი ნანობს და ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა. „მის სულიერ სამყაროში, უპირველეს ყოვლისა, სინანული დაიბადა, სწორვდ ის გრძნობა, რომელსაც წმიდა ეფრემ ასური ითხოვს თავის ვედრებაში: „მომანიჭე მე განცდაჲ თჳსთა ცოდვათა“, - შენიშნავს უწმიდესი და უნეტარესი ილია II. სხვაგან კი პატრიარქი სინანულის კიდევ ერთ ტკბილ ნაყოფზე გვიბრძანებს: „სინანული არა მარტო საკუთარი ცოდვების შეგნებას ნიშნავს, არამედ თვითშეგნების გარდაქმნასაც“.

ამას მიგვანიშნებს სინანულის გამომხატველი სიტყვები იგავში: „აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვრჰქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი“. ამ სიტყვებით მჟღავნდება უძღები შვილის გულწრფელობა, თავმდაბლობა, საკუთარი უღირსების შეგრძნება და აღიარება, ასევე ღრმა სიყვარული მამისეული სახლისადმი და მორჩილება მამისადმი. უძღები შვილის აღსარებაში „ცად მიმართ“ ზეციური სამყოფელია, „წინაშე შენსა“ კი ნიშნავს, რომ ჩვენ ვცოდავთ როგორც ღმერთის, ასევე მშობელი მამის, ვითარცა ზეციერი ღმერთის მიწიერი წარმომადგენლის წინაშეც.

უძღებ შვილს იმდენად ძლიერად უყვარს მამა, იმდენად დიდია მისი სურვილი მამისეულ სახლში დაბრუნებისა, რომ იგი თანახმაა, „ერთი მუშაკთაგანის“ ხვედრი გაიზიაროს, ოღონდ იქ იყოს, მამასთან ერთად! გონს მოგებული შვილის საფიქრალს ესადაგება შესანიშნავი ადგილი 83-ე ფსალმუნიდან: „შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროჲს ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომაჲ სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროჲს ვიდრეღა არა დამკჳდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა“ (83, 10).

საგანგებო ყურადღებას იქცევს მონანიე უძღები შვილის გულწრფელობა და მის მიერ სინანულის საქმით აღსრულება. გავიხსენოთ სამი მაგალითი ძველი აღთქმიდან: ესავის, მეფე საულისა და წმიდა მეფე დავითისა. ესავმა ერთი მათლაფა შეჭამანდის ფასად მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოობა და მამამისისაგან კურთხევის უფლება დაკარგა (როგორც უძღებმა შვილმა დაკარგა მამისეული სამკვიდრებელი). როცა იაკობმა მოხერხებით მართლაც მიიღო ეს კურთხევა, ატირებულმა ესავმა ცრემლებით გამოსთხოვა მამას კუთვნილი კურთხევა, რომელიც მან თავისივე ნებით უარყო. წმიდა პავლე მოციქული შენიშნავს, რომ ესავმა თავისი ბილწი ქმედებით მოიკლო ღვთის მადლი, ხორციელი გადარჩენის მიზნით ღვთივბოძებული წყალობა საჭმელში გაცვალა, კუჭი გაიძღო და შემდეგ, უკვე უარყოფილმა, ცრემლით ინდომა დაკარგულის დაბრუნება. მაგრამ მან, როგორც წმიდა მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: „სინანულის ადგილი არა პოვა“ (12, 16-17). დიახ, სინანულის მარცვალიც კი არ იპოვებოდა ესავის ცრემლში. ისააკმა, ესავისა და იაკობის მამამ, ღვთის ნიშნად მიიჩნია ყოველივე და დამორჩილდა მომხდარს (დაბადება თ.27).

მეფე საულის მაგალითს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი უხმობს. ასევე არ იყო გულწრფელი საული თავის სინანულში, როცა სამოელ წინასწარმეტყველის წინაშე აღიარებდა საკუთარ ცოდვას და ამბობდა, შევცოდეო. მან არ მიიღო ღვთისაგან შენდობა, ვინაიდან საული ინანიებდა არა ღვთის შიშითა და სიყვარულით, არამედ მხოლოდ იმის შიშით რომ პატივი არ მოჰკლებოდა წინასწარმეტყველისაგან და ერის წინაშე არ შერცხვენილიყო (1 მეფეთა თ. 15).

ამათგან განსხვავებით, დავითი უფლის მორჩილი და გულწრფელად მონანიე მეფე გახლდათ მიუხედავად საშინელი სასჯელისა (მას საყვარელი შვილი მოუკვდა), დავითს ღვთის მიმართ საყვედური არ დასცდენია. მძიმე ცოდვების წილ მიღებული ეს უბედურება მან ღვთის ნებად შერაცხა, უფლის სახლში ილოცა და, სასახლეში დაბრუნებულმა, ცოლიც დაამშვიდა. საზღაურად ღმერთმა დავითს ბრძენი სოლომონი მისცა შვილად (2 მეფეთა 12,24).

"უძღები შვილის“ იგავის მამა ღმერთია, „დაკარგული ცხვრის“ იგავის მწყემსი ქრისტეა, ხოლო „დაკარგული დრაქმის“ იგავის დედაკაცი ეკლესია გახლავთ სამივეს (მამას, მწყემსსა და დედაკაცს) დაკარგული (წარწყმედული) ჰყავს საძებარი.
მამობრივი ზრუნვა მაშინაც ცხადდება, როცა მწყემსი მხრებზე შეისვამს ცხვარს, და მაშინაც, როცა მონანიე შვილის შესაგებებლად სახლიდან გამორბის მამა. არც მწყემსი გაუწყრება ნაპოვნს და არც მამა - მობრუნებულ შვილს. ორივეს სიხარული ეუფლება, ორივე შეიწყალებს და ალერსიანად მიიღებს მას ფარასა თუ სახლში. მხრებზე შესმაც და ალერსიანი მიღებაც ღვთის შეწევნაა, ის მადლია, რომელიც ჩვენ, ცოდვილთ, სინანულის გასაძლიერებლად გვეძლევა.
ეს სამი იგავი - „დაკარგული ცხვრისა“, „დაკარგული დრაქმისა“ და „უძღები შვილისა“ - სიხარულის თანაზიარების თვალსაზრისითაც ერთიანდება. მწყემსი და დედაკაცი თავის მეგობრებსა და მოძმეებს ეძახიან, ხოლო მამა მონებს იხმობს, რათა ყველამ ერთად განიცადოს დაკარგულის, ცოდვილის პოვნით გამოწვეული სიხარული.
__ortodoxy. ge მასალების მიხედვით__

1.8.47. Возврашение блудного сына
2цар.12,24 Пс.83,10 Лук.15,11-24 Евр.12.16.17