1 . უთხრა ახითოფელმა აბესალომს: "ნება დამრთე, რომ შევარჩიო თორმეტი ათასი კაცი, ავდგები და ამაღამვე დავედევნები დავითს.
2 . თავს დავესხმები, ვიდრე დაღლილი და მკლავმოდუნებულია; შიშის ზარს დავცემ, ხალხი გაეფანტება და მოვკლავ მარტო დარჩენილს.
3 . შენსკენ მოვაბრუნებ მთელ ხალხს, შენ ხომ ერთი კაცის სულს ეძებ, მთელი ხალხი კი მშვიდობით იქნება”.
4 . მოეწონათ ეს აზრი აბესალომს და ისრაელის უხუცესობას.
5 . თქვა აბესალომმა: "ხუშაი არქელსაც მოუხმეთ; მასაც მოვუსმინოთ, რას იტყვის”.
6 . მივიდა ხუშაი აბესალომთან და ჰკითხა აბესალომმა: "ასეთი რამ ილაპარაკა ახითოფელმა; ვიმოქმედოთ მისი სიტყვისამებრ? თუ არა და, შენ თქვი”.
7 . მიუგო ხუშაიმ აბესალომს: "ამჯერად არ ვარგა ახითოფელის რჩევა”.
8 . ისევ თქვა ხუშაიმ: "ხომ იცნობ მამაშენს და მის კაცებს, მამაცები არიან, გამწარებულნი, როგორც ძუ დათვი ველად, ბელები რომ მოსტაცეს. მებრძოლი კაცია მამაშენი და ხალხთან ერთად არ დარჩება ღამე.
9 . ახლა, ალბათ, რომელიმე მღვიმეში ან სადმე სხვა ადგილას იმალება. თუ ბრძოლის დასაწყისშივე დამარცხდნენ ჩვენები და ხმა გავარდა, მარცხდებაო აბესალომის ხალხი,
10 . მაშინ ყველაზე მამაცნიც კი, რომელთაც ლომის გული აქვთ, დაფრთხებიან, რადგან მთელმა ისრაელმა იცის, რა ძლიერი კაცია მამაშენი და რა მამაცი კაცებიც უდგანან გვერდში.
11 . ამიტომ გირჩევ შემოიკრიბო მთელი ისრაელი დანიდან ბეერ-შებაყამდე, ზღვის ქვიშასავით უთვალავი და თავად გახვიდე საბრძოლველად.
12 . დავეცეთ, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, თავს ისე დავეცემით, როგორც ცვარი ეცემა მიწას, კაციშვილს არ დავტოვებთ ცოცხალს მისი ხალხიდან.
13 . თუ ქალაქში გამაგრდება, მთელი ისრაელი თოკებს შემოახვევს ქალაქს და ისე ჩავათრევთ ხევში, რომ კენჭიც არ დარჩება იმ ადგილას”.
14 . თქვეს აბესალომმა და ისრაელის ყველა კაცმა: "ხუშაი არქელის რჩევა სჯობია ახითოფელის რჩევას”. უფალმა მოინდომა ახითოფელის უკეთესი რჩევა ჩაეშალა, რათა უბედურება დაეტეხა აბესალომის თავზე უფალს.
15 . უთხრა ხუშაიმ ცადოკ და აბიათარ მღვდლებს: "ასე და ასე ურჩია ახითოფელმა აბესალომს და ისრაელის უხუცესებს, მე კი ასე და ასე ვურჩიე.
16 . ახლა საჩქაროდ გააგზავნეთ კაცი და უთხარით დავითს: ამ ღამეს უდაბნოს ველებზე ნუ გაათევ-თქო, იჩქარე და გადადი მეორე მხარეს, თორემ დაიღუპება მეფეც და მასთან მყოფი მთელი ხალხიც”.
17 . ყენ-როგელის წყაროსთან იდგნენ იონათანი და ახიმაყაცი, როცა მივიდა მსახური ქალი და უთხრა, ეცნობებინათ მეფე დავითისთვის; რადგან არ შეეძლოთ ქალაქში შესვლა.
18 . დაინახა ისინი ერთმა ყმაწვილმა ბიჭმა და შეატყობინა აბესალომს. საჩქაროდ წავიდნენ ორივენი და მივიდნენ ბახურიმს, ერთი კაცის სახლში. იმ კაცს ჭა ჰქონდა ეზოში და შიგ ჩავიდნენ.
19 . ადგა ცოლი და გადასაფარებელი გადააფარა ჭას, ზედ ხორბალი გაფინა და კვალი წაშალა.
20 . მოვიდნენ აბესალომის მსახურები ამ ქალთან და უთხრეს: "სად არიან ახიმაყაცი და იონათანი?” მიუგო ქალმა: "წყალს გაღმა გავიდნენ”. ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს და დაბრუნდნენ იერუსალიმში.
21 . მათი წასვლის შემდეგ ამოვიდნენ ჭიდან, წავიდნენ და ყველაფერი უამბეს მეფე დავითს; თქვეს: "საჩქაროდ გადადით წყლის გაღმა, რადგან ასე და ასე ურჩია თქვენზე ახითოფელმა”.
22 . ადგა დავითი, ასევე მთელი ხალხი და განთიადამდე სათითაოდ გადავიდნენ იორდანეზე; არავინ დარჩა იორდანეს გაღმა გაუსვლელი.
23 . დაინახა ახითოფელმა, რომ არ მიიღეს მისი რჩევა, შეკაზმა სახედარი და წავიდა სახლში, თავის ქალაქში. ანდერძი დაუტოვა სახლეულს და თავი ჩამოიხრჩო. მოკვდა და დამარხეს მამისეულ სამარხში.
24 . მივიდა დავითი მახანაიმში, ხოლო აბესალომმა იორდანე გადალახა ისრაელის კაცებთან ერთად.
25 . იოაბის ნაცვლად ლაშქრის სარდლად ყამასა დაადგინა აბესალომმა. ყამასას მამა, ითრა იზრეყელელი, ის კაცი იყო, აბიგაილთან, ნახაშის ასულთან რომ შევიდა. აბიგაილი იოაბის დედის, ცერუიას და იყო.
26 . გილყადის ქვეყანაში დაიბანაკეს ისრაელმა და აბესალომმა.
27 . დავითი რომ მახანაიმში მივიდა, შობი ნახაშის ძემ ყამონიანთა რაბათიდან, მაქირ ყამიელის ძემ ლოდებარიდან და ბარზილაი გილყადელმა როგელიმიდან,
28 . მოიტანეს ქვეშაგებელი, ლანგრები, თიხის ჭურჭელი, ხორბალი, ქერი, ფქვილი, ცერცვი, ოსპი და მოხალული მარცვლეული,
29 . თაფლი, ერბო, ცხვარი და საქონლის ყველი; და მიართვეს დავითსა და მის ხალხს საჭმელად, რადგან ამბობდნენ: "მშიერ-მწყურვალი და დაქანცულნი იქნებიანო უდაბნოგამოვლილები”.
1 . უთხრეს იოაბს: "აჰა, ტირის მეფე, აბესალომს გლოვობს”.
2 . და გლოვად გადაექცა იმდღევანდელი გამარჯვება მთელ ხალხს, რადგან გაიგეს, რომ წუხდა მეფე თავის ძეზე.
3 . ჩუმად მოიპარებოდა იმ დღეს ქალაქში ხალხი, როგორც ბრძოლის ველიდან უკუქცეული და შერცხვენილი ხალხი მოიპარება ხოლმე.
4 . სახე დაიფარა მეფემ და ხმამაღლა მოსთქვამდა: "შვილო, აბესალომ! შვილო, აბესალომ! შვილო!”
5 . მივიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: "სირცხვილში ჩააგდე დღეს ყველა შენი მსახური, რომელთაც გადაგირჩინეს ვაჟები, ასულები, ცოლები და ხარჭები.
6 . შენი მოძულენი შეგყვარებია და მოყვარულნი შეგძულებია; დღეს დაგვანახე, რომ არაფრად აგდებ არც მთავრებს და არც მსახურებს. ახლა ვხვდები, რომ გერჩია აბესალომი გყოლოდა ცოცხალი, ჩვენ კი ყველანი დავხოცილიყავით.
7 . ახლა ადექი და გადი, გული გაუმაგრე შენს მსახურთ, რადგან თუ არ გახვედი, უფალს გეფიცები, ერთი კაციც არ შეგრჩება ამაღამ. და ეს უარესი იქნება იმ უბედურებათაგან, რაც სიყმაწვილიდან დღემდე შეგმთხვევია”.
8 . ადგა მეფე და დაჯდა კარიბჭესთან. ამცნეს ხალხს: აჰა, კარიბჭესთან ზის მეფე. და მოდიოდა ხალხი მეფის წინაშე, ხოლო ისრაელი თავ-თავის კარვებში გაიქცა.
9 . ასე ამბობდა ხალხი ისრაელის ყოველ ტომში: "მეფემ გვიხსნა მტრების ხელიდან და ფილისტიმელთაგან გაგვათავისუფლა. ახლა კი, თავად გაიქცა ქვეყნიდან აბესალომის გამო.
10 . ხომ მოკვდა ბრძოლაში აბესალომი, რომელიც ვცხეთ ჩვენს მეფედ. ახლა რატომ არაფერს ამბობთ მეფის დასაბრუნებლად?”
11 . კაცი გაგზავნა მეფე დავითმა ცადოკ და აბიათარ მღვდლებთან და შეუთვალა: "ასე უთხარით იუდას უხუცესებს: რაღად აყოვნებთ მეფის დაბრუნებას მის სახლში, როცა უკვე მოაღწია მთელი ისრაელის სიტყვამ მეფემდე მის სახლში?
12 . ჩემი ძმები ხართ, ჩემი ძვალი და ხორცი, რატომღა აყოვნებთ მეფის დაბრუნებას თავის სახლში?
13 . ყამასას უთხარით: განა ჩემი ძვალი და ხორცი არა ხარ? ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ იოაბის ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი ჯარის სარდალი სამუდამოდ!”
14 . ერთი კაცივით გადაიბირა დავითმა მთელი იუდას გული და მათაც შეუთვალეს მეფეს: "დაბრუნდი შენს მსახურებთან ერთად”.
15 . დაბრუნდა მეფე და მიადგა იორდანეს, ხოლო იუდა მივიდა გილგალს, რომ მიჰგებებოდა მეფეს და იორდანეს გაღმიდან გადმოეყვანა იგი.
16 . შიმყა გერას ძემ, ბენიამინელმა, რომელიც ბახურიმიდან იყო, იჩქარა და იუდასთან ერთად ჩამოვიდა მეფე დავითის შესახვედრად.
17 . თან ათასი ბენიამინელი კაცი ახლდა. ჩამოვიდა ციბაც, საულის სახლის მსახური თავის თხუთმეტი შვილითა და ოცი მსახურით; იჩქარეს და მეფეზე წინ გადმოლახეს იორდანე.
18 . გაღმა გავიდა ბორანი, რომ მეფის სახლი გადმოეყვანა და კეთილად მომსახურებოდნენ. იორდანე რომ გადმოლახა მეფემ, დაემხო მის წინაშე შიმყა გერას ძე.
19 . უთხრა მეფეს: "დანაშაულად ნუ ჩამითვლის ჩემი ბატონი, ნუ გაიხსენებს, რომ დააშავა შენმა მსახურმა იმ დღეს, როცა იერუსალიმიდან გამოდიოდა მეფე-ბატონი, გულში წყენას ნუ ჩაიდებს მეფე.
20 . რადგან იცის შენმა მსახურმა, რომ შევცოდე. აჰა, იოსების მთელი სახლიდან პირველი მოვედი დღეს, რომ მივგებებოდი მეფეს, ჩემს ბატონს”.
21 . თქვა აბიშაიმ, ცერუიას ძემ: "განა არ უნდა მოკვდეს შიმყა, იმის გამო, რომ დაწყევლა უფლის ცხებული?”
22 . უთხრა დავითმა: "რა საქმე მაქვს თქვენთან ცერუიას ძენო, რომ გამოსულხართ დღეს ჩემს წინააღმდეგ? განა დღეს ვინმე უნდა მოკვდეს ისრაელში, როცა გავიგე, რომ კვლავ ისრაელის მეფე ვარ?”
23 . უთხრა მეფემ შიმყას: "არ მოკვდები”. და შეჰფიცა მეფემ.
24 . მეფიბოშეთიც ჩამოვიდა, საულის ძე, მეფესთან მისაგებებლად. არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაში შეუსწორებია და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლიდან მისი მშვიდობით დაბრუნების დღემდე.
25 . როდესაც მივიდა მეფესთან შესახვედრად, ჰკითხა მეფემ: "ჩემთან ერთად რატომ არ წამოხვედი, მეფიბოშეთ?”
26 . უპასუხა: "მეფევ ბატონო! ჩემმა მსახურმა მომატყუა. ვუთხარი შენმა მორჩილმა, სახედარი შემიკაზმე-მეთქი, რათა შევმჯდარიყავი და გავყოლოდი მეფეს, რადგან კოჭლია შენი მორჩილი.
27 . ცილი დამწამა შენს მსახურს მეფე-ბატონთან, მაგრამ ღვთის ანგელოზივითაა მეფე-ბატონი. მიყავი, რაც გენებოს!
28 . განა სიკვდილის ღირსი არ იყო მეფე-ბატონის წინაშე მამაჩემის მთელი სახლი? შენ კი მაინც შენს თანამეინახეთა შორის დაისვი შენი მსახური, რა უფლება მაქვს, ვიწუწუნო მეფის წინაშე?”
29 . მიუგო მეფემ: "რატომღა ლაპარაკობ ამას? ხომ ვბრძანე, შენ და ციბამ გაიყავით-მეთქი მიწები”.
30 . უთხრა მეფიბოშეთმა მეფეს: "ყველაფერი წაიღოს, რაკი მშვიდობით დაბრუნდა მეფე-ბატონი თავის სახლში”.
31 . ბარზილაი გილყადელიც ჩამოვიდა როგელიმიდან და მეფესთან ერთად გადალახა იორდანე, რათა გაეცილებინა მეფე იორდანეს გაღმა.
32 . ძალზე მოხუცი იყო ბარზილაი, ოთხმოცი წლისა. ის არჩენდა მეფეს მახანაიმში ყოფნისას, რადგან დიდი შეძლების კაცი იყო.
33 . უთხრა მეფემ ბარზილაის: "გადმომყევი მეორე მხარეს და მე გარჩენ იერუსალიმში”.
34 . მიუგო ბარზილაიმ მეფეს: "რამდენი დღე დამრჩენია, რომ იერუსალიმში წავყვე მეფეს?
35 . ოთხმოცი წლისა ვარ. განაღა შემიძლია ავისა და კარგის გარჩევა? რა გემო უნდა გაუგოს შენმა მსახურმა სასმელ-საჭმელს? განა კიდევ შემიძლია მგალობელთა გალობის მოსმენა? რატომ დავუმატო ტვირთი მეფეს, ჩემს ბატონს?
36 . ცოტაზე კიდევ გაჰყვება მეფეს შენი მორჩილი იორდანეს გაღმა; ასეთი წყალობით რისთვის უნდა მაჯილდოვებდეს მეფე?
37 . ნება მიეცი შენს მსახურს, რომ დაბრუნდეს თავის ქალაქში და თავისი დედ-მამის საფლავთან მოკვდეს. აჰა, შენი მორჩილი ქიმჰამი წამოგყვება მეფე-ბატონს. მოექეცი, როგორც გენებოს”.
38 . უპასუხა მეფემ: "ქიმჰამი გადმოვა ჩემთან ერთად მეორე მხარეს და ისე მოვექცევი, როგორც შენ გაგიხარდება. რასაც მთხოვ, ყველაფერს გავაკეთებ”.
39 . და გადავიდა მთელი ხალხი იორდანეს გაღმა, გადავიდა მეფეც. აკოცა მეფემ ბარზილაის, აკურთხა და ისიც დაბრუნდა თავის ადგილზე.
40 . გილგალისკენ გაემართა მეფე და თან წაჰყვა ქიმჰამიც. მთელი იუდა და ისრაელის ხალხის ნახევარიც აცილებდა მეფეს.
41 . აჰა, მთელი ისრაელი მოვიდა მეფესთან და უთხრა: "რატომ მოგიტაცეს ჩვენმა ძმებმა, იუდაელებმა, რომ მეფე, მისი სახლი და დავითის მთელი ხალხი იორდანეს მეორე მხარეს გადაეყვანათ?”
42 . უპასუხეს იუდას კაცებმა ისრაელის კაცებს: "იმიტომ, რომ ჩვენი ახლო ნათესავია მეფე. რატომ გაბრაზებთ ეს ამბავი? განა მეფის ხარჯზე გვიჭამია, ან განა მოუცია ჩვენთვის საჩუქრები?”
43 . მიუგეს ისრაელის კაცებმა იუდას კაცებს: "ათი წილი გვერგება მეფეში და დავითიც თქვენზე მეტად გვეკუთვნის. რად დაგვამცირეთ? განა პირველმა ჩვენ არა ვთქვით სიტყვა ჩვენი მეფის დასაბრუნებლად?” მაგრამ ისრაელზე უფრო მკაცრად ლაპარაკობდა იუდა.
1 . სამ წელიწადს, წლიდან-წლამდე შიმშილობა იყო დავითის დროს. დაეკითხა დავითი უფალს და უთხრა უფალმა: "საულისა და მისი სისხლიანი სახლის გამო ხდება ეს ამბავი, რადგან გაწყვიტა გაბაონელნი
2 . დაუძახა მეფემ გაბაონელებს და ელაპარაკა. გაბაონელნი ისრაელის ძენი კი არა, გადარჩენილ ამორელთა შთამომავალნი იყვნენ. შეჰფიცეს მათ ისრაელის ძეებმა, მაგრამ მაინც ცდილობდა მათ გაწყვეტას საული, ისრაელისა და იუდას ძეთა მიმართ მოშურნეობის გამო.
3 . ჰკითხა დავითმა გაბაონელებს: "რა გაგიკეთოთ, რომ ცოდვა გამოვისყიდო და აკურთხოთ უფლის სამკვიდრო?”
4 . მიუგეს გაბაონელებმა: "არც ვერცხლი გვინდა და არც ოქრო საულისა და მისი სახლისგან, არც იმას მოვითხოვთ, რომ ჩვენს გამო ვინმე მოკლან ისრაელში”. თქვა მეფემ: "რასაც იტყვით, აგისრულებთ”.
5 . უთხრეს მეფეს: "გვავიწროებდა ის კაცი და ჩვენს გადაშენებას ცდილობდა ისრაელის საზღვრებიდან,
6 . ამიტომ მოგვეცით შვიდი კაცი მის ნაშიერთაგან და ჩამოვკიდებთ მათ უფლის წინაშე უფლის რჩეულის, საულის გიბყაში. თქვა მეფემ: "მოგცემთ”.
7 . დაინდო მეფემ მეფიბოშეთი, ძე იონათანისა, საულის ძისა, უფლისადმი ფიცის გამო, რომელიც დავითსა და იონათან საულის ძეს შორის იყო დადებული.
8 . წამოიყვანა მეფემ აიას ასულის რიცფას ორი ვაჟი არმონი და მეფიბოშეთი, რომლებიც უშვა საულს და მიქალის, საულის ასულის ხუთი ვაჟი, რომლებიც ყადრიელ მეხოლათელი ბარზილაის ძეს უშვა.
9 . გადასცა გაბაონელებს და მათაც ჩამოკიდეს ისინი მთაზე უფლის წინაშე. ასე დაეცა შვიდივე ერთად. მკათათვის პირველ დღეებში, ქერის მკის დასაწყისში დახოცეს ისინი.
10 . აიღო რიცფამ, აიას ასულმა ჯვალო, კლდეზე დაიფინა და იყო იქ მკის დაწყებიდან, ვიდრე ციდან წყალმა არ იწვიმა მათზე; დღისით ცის ფრინველებს უგერიებდა გვამებს და ღამით ნადირს.
11 . შეატყობინეს დავითს რიცფას, საულის ხარჭის საქციელი.
12 . წავიდა დავითი და წამოიღო საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები გილყადის იაბეშის მკვიდრთაგან, რომელთაც ბეთ-შანის მოედნიდან მოიპარეს ისინი, სადაც ფილისტიმელებმა ჩამოკიდეს, როცა განგმირეს საული ფილისტიმელებმა გილბოაყში.
13 . წამოიღო იქიდან საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები და მოაგროვეს ჩამოკიდებულთა ძვლებიც.
14 . დამარხეს საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები ბენიამინის ქვეყანაში, ცელაყში, მამამისის კიშის სამარხში. ყველაფერი შეასრულეს, რაც ბრძანა მეფემ. ამის შემდეგ შეიწყალა ღმერთმა ქვეყანა.
15 . ისევ დაიწყო ომი ფილისტიმელებსა და ისრაელს შორის. წამოვიდა დავითი თავის მსახურებთან ერთად და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს. მოიქანცა დავითი.
16 . მაშინ იშბი-ბენობმა, ბუმბერაზის შთამომავალმა, რომელსაც წონით სამასშეკელიანი სპილენძის შუბი ეჭირა ხელში და წელზე ახალი მახვილი ეკიდა, განიზრახა მოეკლა დავითი.
17 . მაგრამ მიეშველა აბიშაი ცერუიას ძე, დაჰკრა ფილისტიმელს და მოკლა. მაშინ დააფიცეს დავითი მასთან მყოფმა კაცებმა და უთხრეს: "აღარ გამოხვიდე ჩვენთან ერთად საომრად, რომ არ ჩააქრო ისრაელის ლამპარი”.
18 . ამის შემდეგ კვლავ მოხდა შეტაკება ფილისტიმელებთან გობში. აქ სიბექაი ხუშათელმა განგმირა საფი, რომელიც ასევე ბუმბერაზის შთამომავალთაგანი იყო.
19 . კიდევ მოხდა ბრძოლა გობში ფილისტიმელებთან; იქ ელხანანმა, იაყრე-ორეგიმის ძემ, ბეთლემელმა განგმირა გითელი ბუმბერაზი, რომლის შუბის ტარი მქსოველთა ლილვისოდენა იყო.
20 . გითში კიდევ მოხდა ბრძოლა; იყო იქ ერთი უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელებსა და ფეხებზე ექვს-ექვსი თითი ება - სულ ოცდაოთხი. ისიც ბუმბერაზის ნაშიერი იყო.
21 . აბუჩად იგდებდა იგი ისრაელს, მაგრამ იონათან შიმყას ძემ, დავითის ძმისწულმა მოკლა იგი.
22 . ეს ოთხნი იყვნენ ბუმბერაზთა ნაშიერთაგან გითში; და ყველანი დავითისა და მისი მსახურების ხელით დაეცნენ.
1 . ესენი არიან ტყვეობიდან ამოსულნი, რომლებიც ბაბილონში გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ და ხელახლა დაბრუნდნენ იერუსალიმსა და იუდაში, თითოეული თავის ქალაქში;
2 . რომლებიც მოვიდნენ ზერუბაბელთან, იეშუასთან, ნეემიასთან, სერაიასთან, რეყლაიასთან, მორდექაისთან, ბელშანთან, მისფართან, ბიგვაისთან, რეხუმთან და ბაყანასთან ერთად. ეს იყო ისრაელის ხალხის მამაკაცთა რიცხვი:
3 . ფარყოშის ძენი - ორი ათას ას სამოცდათორმეტი,
4 . შეფატიას ძენი - სამას სამოცდათორმეტი,
5 . არახის ძენი - შვიდას სამოცდათხუთმეტი,
6 . ფათახ-მოაბის ძენი, იეშუასა და იოაბის ძენი - ორი ათას რვაას თორმეტი,
7 . ყელამის ძენი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი,
8 . ზათუს ძენი - ცხრაას ორმოცდახუთი,
9 . ზაქაის ძენი - შვიდას სამოცი,
10 . ბანის ძენი - ექვსას ორმოცდაორი,
11 . ბებაის ძენი - ექვსას ოცდასამი,
12 . ყაზგადის ძენი - ათას ორას ოცდაორი,
13 . ადონიკამის ძენი - ექვსას სამოცდაექვსი,
14 . ბიგვაიას ძენი - ორი ათას ორმოცდათექვსმეტი,
15 . ყადინის ძენი - ოთხას ორმოცდათოთხმეტი,
16 . ატერის ძენი ეზეკიას სახლეულიდან - ოთხმოცდათვრამეტი,
17 . ბეცაიას ძენი - სამას ოცდასამი,
18 . იორას ძენი - ასთორმეტი,
19 . ხაშუმის ძენი - ორას ოცდასამი,
20 . გიბარის ძენი - ოთხმოცდათხუთმეტი,
21 . ბეთლემის ძენი - ას ოცდასამი,
22 . ნეტოფას კაცები - ორმოცდათექვსმეტი,
23 . ყანათოთის კაცები - ას ოცდარვა,
24 . ყაზმავეთის ძენი - ორმოცდაორი,
25 . კირიათ-ყარიმის, ქეფირას და ბეროთის ძენი - შვიდას ორმოცდასამი,
26 . რამას და გაბაყის ძენი - ექვსას ოცდაერთი,
27 . მიქმასის კაცები - ას ოცდაორი,
28 . ბეთელისა და ჰაღაის კაცები - ორას ოცდასამი,
29 . ნებოს ძენი - ორმოცდათორმეტი,
30 . მაგბიშის ძენი - ას ორმოცდათექვსმეტი,
31 . ყელამის სხვა ძენი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი,
32 . ხარიმის ძენი - სამას ოცი,
33 . ლოდის, ხადიდის და ონოს ძენი - შვიდას ოცდახუთი,
34 . იერიხოს ძენი - სამას ორმოცდახუთი,
35 . სენაას ძენი - სამი ათას ექვსას ოცდაათი,
36 . მღვდლები: იედაყიას ძენი იეშუას სახლიდან - ცხრაას სამოცდაცამეტი,
37 . იმერის ძენი - ათას ორმოცდათორმეტი,
38 . ფაშხურის ძენი - ათას ორას ორმოცდაშვიდი,
39 . ხარიმის ძენი - ათას ჩვიდმეტი,
40 . ლევიანები: იეშუასა და კადმიელის ძენი ჰოდავეის ძეთაგან - სამოცდათოთხმეტი;
41 . მგალობელნი: ასაფის ძენი - ას ოცდარვა;
42 . კარისმცველთა ძენი: შალუმის, ატერის, ტალმონის, ყაკუბის, ხატიტას და შობაისა - სულ ას ოცდაცხრამეტი;
43 . ნეთინელთა ძენი: ციხას, ხაშუფას, ტაბაყოთის,
44 . კეროსის, სიაყას, ფადონის,
45 . ლებანას, ხაგაბას, ყაკუბის,
46 . ხაგაბის, შამლაის, ხანანის,
47 . გიდელის, გახარის, რეაიას,
48 . რეცინის, ნეკოდას, გაზამის,
49 . ყუზას, ფასეახის, ბესაის,
50 . ასნას, მეყუნიმის, ნეფუსიმის,
51 . ბაკბუკის, ხაკუფას, ხარხურის,
52 . ბაცლუთის, მეხიდას, ხარშას,
53 . ბარკოსის, სისერას, თამახის,
54 . ნეციახის და ხატიფას ძენი;
55 . სოლომონის მსახურთა ძენი: სოტაის, სოფერეთის, ფერუდას,
56 . იაყლას, დარკონის, გიდელის,
57 . შეფატიას, ხატილის, ფოქერეთ-ცებაიმის და ამის ძენი;
58 . სულ ტაძრის მსახურნი და სოლომონის მსახურთა შვილები - სამას ოთხმოცდათორმეტი.
59 . ესენი გამოვიდნენ თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბიდან, ადანიდან და იმერიდან, მაგრამ ვერ შეძლეს თავიანთი მამისსახლებისა და წარმომავლობის გარკვევა, ისრაელისა თუ იყვნენ:
60 . დელაიას, ტობიას და ნეკოდას ძენი - სულ ექვსას ორმოცდათორმეტი.
61 . მღვდლების შვილები, ხაბაიას, კოცის, ბარზილაის ძენი, რომელთაც გილყადელი ბარზილაის ასულთაგანი შეირთეს ცოლად და მათივე სახელი ეწოდათ.
62 . ესენი ეძებდნენ თავიანთი საგვარტომოს ნუსხას და ვერ იპოვეს, და ამის გამო მღვდლობის უფლება არ მისცეს.
63 . და უთხრა მათ განმგებელმა, რომ არ ეჭამათ წმიდათა წმიდიდან, ვიდრე არ დადგებოდა მღვდელი ურიმითა და თუმიმით.
64 . მთელი კრებული ერთად შეადგენდა ორმოცდაორი ათას სამას სამოც კაცს
65 . გარდა მათი მსახურებისა და მხევლებისა; ესენი იყვნენ შვიდი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი; და მათთან - ორასი მგალობელი კაცი და მგალობელი ქალი.
66 . მათი ცხენები - შვიდას ოცდათექვსმეტი, ჯორები - ორას ორმოცდახუთი,
67 . მათი აქლემები - ოთხას ოცდათხუთმეტი, სახედრები - ექვსი ათას შვიდას ოცი.
68 . როდესაც მოვიდნენ საგვარეუ-ლოს თავკაცები უფლის სახლში, რომელიც იერუსალიმშია, ნებაყოფლობით შესწირეს ღვთის სახლს, რათა აღდგენილიყო იგი თავის საძირკველზე,
69 . შეძლებისამებრ სამუშაო საქმიანობისთვის საგანძურს შემატეს: სამოცდაერთი ათასი დრაქმა ოქრო, ხუთი ათასი მინა ვერცხლი და ასი ხელი სამღვდელო შესამოსელი.
70 . და დასახლდნენ: მღვდლები, ლევიანები, მგალობლები, კარისმცველნი, ტაძრის მსახურნი და ხალხის ნაწილი იერუსალიმის ახლოს თავ-თავიანთ ქალაქებში და მთელი ისრაელი თავ-თავის ქალაქში.