1 .
მოვედი ჩემს ბაღში, დაო, სატრფოვ ჩემო, მოვკრიფე მური სურნელებასთან ერთად, ვჭამე ფიჭა ჩემს თაფლთან ერთად, დავლიე ღვინო ჩემს რძესთან ერთად; ჭამეთ მოყვასნო, სვით და დათვერით, მიჯნურნო!
2 .
მძინავს, მაგრამ გული მღვიძარია; ხმაა! ჩემი მიჯნური აკაკუნებს: გამიღე, ჩემო სატრფოვ, ჩემო უმანკო მტრედო, რადგან ნამით ამევსო თავი, ღამის ცვრის წვეთებით - კულულები!
3 .
გახდილი მაქვს პერანგი, როგორღა შევიმოსო? დაბანილი მაქვს ფეხები, როგორღა დავისვარო?
4 .
ხელი შემოყო ჩემმა მიჯნურმა კარის ღრიჭოდან და შემეძრა შიგნეული!
5 .
ავდექი, რათა კარი გამეღო ჩემი მიჯნურისთვის. ხელებიდან მური მდიოდა და თითებიდან კლიტის სახელურს ეღვენთებოდა იგი.
6 .
გავუღე ჩემს მიჯნურს, მაგრამ გაბრუნებულა და წასულა იგი. გულამოვარდნილი ვეძახდი, ვეძებდი მას, მაგრამ ვერ ვპოულობდი, ვუხმობდი, მაგრამ არ მპასუხობდა!
7 .
მცველები, ქალაქის დარაჯები შემომხვდნენ, მცემეს და დამჭრეს; გალავნის მცველებმა მოსასხამი შემომაძარცვეს.
8 .
გაფიცებთ, იერუსალიმის ასულნო, თუ იპოვით ჩემს მიჯნურს, რას ეტყვით? უთხარით, რომ სიყვარულით ვარ სნეული.
9 .
რითი სჯობს შენი მიჯნური სხვათა მიჯნურთ, მშვენიერო ასულთა შორის? რითი სჯობს შენი მიჯნური სხვათა მიჯნურთ, ასე რომ გვაფიცებ?
10 .
სპეტაკია ჩემი მიჯნური, მწითური, მრავალთაგან გამორჩეული.
11 .
მისი თავი - ბაჯაღლოა, კულულები - დახვეული, ყორანივით შავი.
12 .
მისი თვალები წყლის ნაკადებთან მსხდომი მტრედებია, რძეში განბანილნი, კოხტად რომ სხედან ბუდეში.
13 .
მისი ღაწვები სურნელოვან მცენარეთა კვლებია, საამო სურნელის მფრქვეველნი; მისი ბაგეები შროშანებია - მურს აწვეთებენ.
14 .
მისი ხელები იაგუნდით მორთული თლილი ოქროა, მისი გულმკერდი საფირონით დაფარული სპილოს ძვლის ფარია.
15 .
მისი წვივები ბაჯაღლოს კვარცხლბეკზე აზიდული მარმარილოს სვეტებია, მისი გარეგნობა დიდებულია, როგორც ლიბანი და კედარნი მისი.
16 .
მისი ბაგეები სიტკბოებაა, ძლიერ საწადელი! აი, ესაა ჩემი მიჯნური, ჩემი საყვარელი, ასულნო იერუსალიმისა!