ჰუმანიზმს არ მიჰყავს ადამიანი ღმერთთან


საკვანძო მუხლები:

1.2.49. ჰუმანიზმს არ მიჰყავს ადამიანი ღმერთთან

ჰუმანიზმი — «ადამიანურობა» — ადამიანთა საზოგადოების მოწყობის სისტემაა, სადაც უმაღლეს ფასეულობას წარმოადგენს ადამიანის ცხოვრება, ყველა მატერიალური და არამატერიალური რესურსი მიმართულია იმისკენ, რომ ეს ცხოვრება იყოს მაქსიმალურად კომფორტული და უხიფათო.
რენესანსის კულტურული მიმართულება, რომელმაც შუა საუკუნეების მისტიკურად გაგებულ ადამიანის კულტს მიწიერი, ამქვეყნიური ადამიანის იდეალი დაუპირისპირა და მისთვის ზრუნვა საყოველთაო მიზნად გამოაცხადა. ფართო გაგებით — ისტორიულად ცვალებად შეხედულებათა სისტემა, რომელიც ძირითად ღირებულებად თვლის ადამიანის პიროვნებას, აღიარებს მის უფლებას ბედნიერებაზე, თავისუფლებაზე, თანასწორობასა და ყოველგვარი უნარის გამოვლენაზე. მისი აზრით, ადამიანის კეთილდღეობა სოციალური ინსტიტუტების ავკარგიანობის შეფასების საზომია, ხოლო თავისუფლების, თანასწორობის, სამართლიანობისა და კაცთმოყვარეობის პრინციპი — ადამიანთა შორის ურთიერთობის ნორმები.

***
ჰუმანიზმი XVIII საუკუნიდან, შეიძლება ითქვას, ოფიციალურად აღიარებული მსოფლმხედველობა გახდა. თავდაპირველად ის ქრისტიანობისადმი მტრულ პოზიციას არ ამჟღავნებდა, ცდილობდა დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ არანაირი ბრძოლა ქრისტეს წინააღმდეგ არ მიმდინარეობს. მაგრამ... ეს აშკარა სიცრუე იყო, რადგან ეკლესიასა და მის სწავლებასთან ფარული დაპირისპირებით ჰუმანიზმი ამხობდა ქრისტიანულ იდეალებს, მის ადგილას კი ადამიანის გონებრივ კულტს აბატონებდა.
__კონსტანტინე ჯინჭარაძე__

***
რუსეთის უდიდესი მწერალი და წინასწარმეტყველი, თ. დოსტოევსკი თვალნათლივ ხედავდა იმ კატასტროფის მოახლოებას, რომლისკენაც ჰუმანიზმის ცრუ იდეებში ჩაფლული რუსეთი მიემართებოდა. ის ხმამაღლა გაიძახოდა მომავალი რევოლუციისა და იმ კატასტროფის მოახლოების შესახებ, რომელიც თვითნება და ვნებებს აყოლილ ადამიანებს დაატყდება თავს.
დიდი მწერლის წინასწარმეტყველება აღსრულდა - რევოლუცია მოხდა. ბოლშევიკების ერთ-ერთი პირველი აქტი ეკლესიისა და სახელწმიფოს ერთმანეთისაგან გაყოფა გახდა. ამ აქტშიც მორიგი სიცრუე იფარებოდა. გამარჯვებული ჰუმანიზმი ამბობდა, რომ რწმენა და ეკლესია - ეს ადამიანის პირადი საქმეა. მას შეუძლია, თუ სურს, აღიაროს ქრისტე და ილოცოს მისდამი, მაგრამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც სახელმწიფო ითხოვს - უღმერთოდ.
თუ რევოლუციამდე ჰუმანიზმი ადამიანს ცოდვის ჩადენის შიშისაგან ათავისუფლებდა, რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა სიტყვა „ცოდვა" საერთოდ ამოიღეს ხმარებისაგან. მრავალი ცოდვა გმირობად და საამაყო საქმედ ითვლებოდა. მაგალითად, რევოლუციის მტრების მკვლელობა, ბურჟუაზიის ძარცვა, დასმენა, შეურაცხყოფა. ლოზუნგმა „ყოველივე დაშვებულია" გააბრუა სულიერ საფუძველს მოკლებული ადამიანი და მხეცად აქცია.
__ამერიკის ემიგრაციული ეკლესიის ეპისკოპოსი ანდრეი__

***
ჰუმანიზმი პერმანენტულ კონფლიქტშია ქრისტიანობასთან. ჰუმანისტებს ჰყავთ თავიანთი გმირები, მოღვაწეები და მოწამეები. ხშირად გვეჩვენება, რომ ჰუმანისტური სულისკვეთებით ნასაზრდოები ქველმოქმედება ქრისტიანულ ზნეობას შეესაბამება. მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული მსგავსებაა. უფრო ღრმა შრეებში თუ ჩავიხედავთ, არა მარტო სხვაობას დავინახავთ მათ შორის, არამედ ურთიერთდაპირისპირებასაც. ჰუმანისტი შესაძლოა ქრისტიანად თვლიდეს თავს, ის შეიძლება მონაზონიც კი იყოს და საეკლესიო ხარისხიც ჰქონდეს, შეიძლება გულწრფელადაც ემსახურებოდეს თავის იდეას და თავგანწირვით იქმოდეს სიკეთეს, მაგრამ ჰუმანიზმი მაინც ის რელიგიაა, რომელსაც ღმერთი არ სჭირდება.
__რაფაელ კარელინი დედა ტერეზას წინააღმდეგ__