პირველი ნაცნობობა ბიბლიასთან


საკვანძო მუხლები:

1.1.20. პირველი ნაცნობობა ბიბლიასთან

__თემაზე წერდნენ__
***
ბიბლია ოჯახში ყველას გვაქვს.

მაგრამ, უნდა შევთანხმდეთ და გამოვტყდეთ, რომ ის არის წიგნი, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ვკითხულობთ.

„მე ვცადე წაკითხვა, დავიწყე, მაგრამ ვერაფერი გავიგე და თავი დავანებე... ალბათ არ ვარ იმდენად წმინდა რომ მის სიღრმეებს ჩავწვდე. ღმერთი წმინდაა, მე კი უწმინდური და ამიტომაც გამოვიდა ასე...“ - მითხრა ერთხელ ჩემმა მეგობარმა.

პარადოქსების ქვეყანა ვართ.

ბიბლიას როგორც ღმერთის სიტყვას, ძალიან ბევრი ადამიანი აღიარებს. მას მოწიწება და გაფრთხილება არ აკლია. ეს ძალიან კარგია.

მაგრამ,

ამაზე უკეთესი იქნებოდა რომ იგი წაკითხულ და გააზრებულ იქნას.

კი, ბიბლია სულაც არაა „მარტივი წიგნი“, რადგან იგი არ დაწერილა როგორც რაიმე ჩვეულებრივი რომანი დინამიური შინაარსით, სადაც როგორც ხშირად ხდება ხოლმე მთავარი გმირი დადებითი ქცევების მატარებელია, ხოლო მისი მოწინააღმდეგე კი უარყოფითის. სცენარი ადვილად მისახვედრია, ფინალი კი მოსალოდნელი, რადგან მთავარ გმირებს ვერ იმეტებენ ხოლმე გასაწირად.

***
დიდი ხნის წინ ბებიამ მაჩუქა დიდი ზომის ბიბლია. მახსოვს, პირველად რომ მოვკიდე მას ხელი, ჟრუანტელმა დამიარა. ვიფიქრე რომ რაღაც არაამქვეყნიურთან მქონდა შეხება. გაფაციცებით გადავფურცლე სხვადასხვა გვერდი, და თან მახსენდებოდა ბებიის ნათქვამი, რომ ამ წიგნის ბოლო წერილი იოანეს გამოცხადება იყო, სადაც ეწერა ის, რაც ამ სამყაროს ელოდა მომავალში...

ადამიანებს ხომ გვახასიათებს მომავლის ცოდნისადმი მიდრეკილება. ხოდა პირველად სწორედ ამ წერილის ბოლო თავების კითხვა დავიწყე...

სხაპასხუპით გადავიკითხე 21 და 22 თავი. დიდი კი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ახალი ცის და დედამიწის იდეამ მომხიბლა. საოცარი ჰარმონია, რაც იქ იყო აღწერილი, გახდა ჩემი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა: მე ეს წიგნი უნდა წავიკითხო!

დავიწყე დაბადების წიგნით, მაგრამ როგორც ჩემი მეგობარი ამბობდა, ვეღარ გავაგრძელე... ზუსტად იგივე მოსაზრებების გამო.

დავწუხრდი. მართლა მსურდა მისი წაკითხვა, მაგრამ ვერ შევძელი... და გადამეწურა მისი ოდესმე წაკითხვის იმედიც.

დიდი დრო არ გასულა და 1990-ში ფილმი გადაიღეს. „მოჩვენება“, დემი მურით და პატრიკ სუეიზით მთავარ როლებში.

ამ ფილმმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე. მან გამიცოცხლა არაამქვეყნიური სამყაროს რეალობა და მეტად მაფიქრებინა, რომ ეს ცხოვრება არ მთავრდებოდა გარდაცვალებით. პირიქით, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა ნამდვილი, მარადიული სიცოცხლე...

მხოლოდ წლების შემდეგ შევძელი ამეხდინა დიდი სურვილი და წამეკითხა ბიბლია.