სინდისის ქენჯნა მოუსვენრად გვამყოფებს


საკვანძო მუხლები:

დაბადება 4 : 23 ; იგავნი 5 : 22 ;
1.4.5. სინდისის ქენჯნა მოუსვენრად გვამყოფებს

დაბ. 4,[23]; იგავ. 5,22

ბიბლიის მუხლები

დაბადება 4
23. უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი ჩემდა სატკივრად, და ყმაწვილი - ჩემდა ჭირად. 

იგავნი 5
22. საკუთარი ავკაცობა დაიჭერს ბოროტეულს და თავისი ცოდვის საკვრელებით შეიბოჭება.

__თემაზე წერდნენ__

***
 ნუ გგონია, რომ რამე ცუდს ჩაიდენ და დაიმალები, რადგან სხვებს რომ დაემალო, შენს საკუთარ სინდისს ვერ დაემალები.
 __ისოკრატე__

*** 
დიდი ძალა აქვს სინდისს: უდანაშაულოს უსპობს ყოველგვარ შიშს, ხოლო დამნაშავეს წამდაუწუმ მის მიერ დამსახურებული ყველა სასჯელი ეხატება თვალწინ. 
__ციცერონი__

*** 
დავიბადე მეგვიპტეში... მშობლების სიცოცხლეშივე, თორმეტი წლისამ მივატოვე მშობლიური სახლი... მოვაკლდი ჩემს უმანკოებას და თავშეუკავებელს და განუძღომელ მრუშობას მივეცი... ხორციელი გულისთქმის დაცხრომა მეგონა ადამიანის უმაღლესი დანიშნულება ამქვეყნად... ერთხელ ხალხის დიდი სიმრავლე დავინახე... [ეკლესიაში მიდოდნენ სადღესასწაულოდ] მეც მომინდა მათთან ერთად... ის მიზიდავდა, რომ ბევრს ვნახავდი ისეთს, ვისთანაც გარყვნილებას მივეცემოდი... დავეხეტებოდი ქალაქის ფოლორცებში, რათა ცოდვის წარსაწყმედელ მახეში გამება ჭაბუკი სულები... მეც მომესურვა ყველასთან ერთად ეკლესიაში შევსულიყავი... მაგრამ უხილავმა ღვთის ძალამ შემაკავა, შიგნით აღარ შემიშვა... ვიგრძენი, რომ ეს ჩემი ცოდვები მაბრკოლებდნენ. 
__წმ.მარიამ მეგვიპტელი__

*** 
ყველამ თავისი ჭამა, ქურდმა ვერც თავისიო. 
__ქართული ხალხური__

***
 ცოდვა კაცს არ მოასვენებსო.
 __ქართული ხალხური__

***
 ვერცხლად ვინც სულს გაჰყიდის, სხვას რას იყიდის, რასაო. 
__ქართული ხალხური__

***
 ჩემს თავთან ვდაობ, როგორც ხელი, არ ვიცი, რა ვქნა,
მაწუხებს ჩემი საქციელი, არ ვიცი რა ვქნა,
ვთქვათ მაპატიე - სამარცხვინო, რაც ჩავიდინე,
ვით დავივიწყო მე ყოველი? არ ვიცი, რა ვქნა. 
__ომარ ხაიამი__

*** 
ადამიანს ისე არაფერი აწუხებს, როგორც უსუფთაო სინდისი.
__ერაზმ როტერდამელი__

*** 
უზენაესი სამსჯავრო სინდისის სამსჯავროა. __ჰიუგო__

*** 
რაც გინდა დიდი უბედურება შეგვამთხვიოს ბედმა, ყველას გავუძლებთ, თუ უბედურებას სინდისის ქენჯნა არ მოსდევს. __დარსონვალი__

***
 მე ჯერ არ მინახავს იმსთანა რბილი ქვეშაგები, რომელზედაც ტკბილად სძინებოდეს ავაზაკს კაცსა. __ჰერდერი__

***
 სინდისი სამსჯავროა, რომლის წინაშე ადამიანი ერთსა და იმავე დროს თავისი თავისთვის ბრალდებულიც არის, მოწმეც, მსაჯულიც და ჯალათიც.
 __ლა-ლუცერნი__

***
ვაშინგტონში, თეთრ სახლში ინახება არაჩვეულებრივი წერილების კოლექცია. მათ შორისაა წერილი, მიწერილი გოგონას მიერ პრეზიდენტ კლიველანდისადმი 1895 წლის სექტემბერში. აი მისი შინაარსი:
„პატივცემულო, ბატონო პრეზიდენტო, მე ვიმყოფები სინდისის ქენჯნისგან საშინელ მდგომარეობაში. ორი წლის წინ მე გამოვიყენე ორი საფოსტო მარკა, რომლებიც ადრეც იყო გამოყენებული წერილებზე. მე ვერ ვაცნობიერებდი ამ ბრალს აქამდე. ახლა კი ეს საქციელი მტანჯავს დღითა და ღამით. გთხოვთ მაპატიოთ. მე მაშინ ვიყავი 13 წლის. წერილს თან ვურთავ მარკების ღირებულების თანხას.“
პრეზიდენტმა უპასუხა: „გპატიობთ, იძინეთ მშვიდად.“
დიახ, პატიებაში სიხარულია, ხოლო ღვთის აღთქმაში - აღტაცება. 
__იაკობ ლევენი__

*** 
ბიჭუნას გაუტყდა ძვირფასი ვაზა. გადაყარა ნამტვრევები და იმედოვნებდა, რომ ვერავინ გაიგებდა ამ ამბავს. მაგრამ მშობლებმა მაშინვე შეამჩნიეს, რომ მას რაღაც სჭირდა. როცა მათ ჰკითხეს, თუ რატომ იყო ასე მოწყენილი, არაფერი უპასუხა. მხიარულება მან ვერ შესძლო. მოგვიანებით იგი ყვებოდა, რომ აღარ ლოცულობდა. ერთ დღესაც ვეღარ შეიკავა თავი, როდესაც დედამ აკოცა და მშვიდი ძილი უსურვა, იგი ატირდა. დედა მოეფერა და მან აღიარა, რის გამოც იყო ამდენ ხანს მოწყენილი. 
__იაკობ ლევენი__

*** 
იქ რა უნდა, რა ესაქმება ბედნიერებას, საცა ქენჯნაა და მხილებაა სინდისისა?! 
__ვაჟა-ფშაველა__

*** 
იმას სინდისი წმინდა აქვს. არასოდეს გამოუყენებია. 
__სტანისლავ ეჟი ლეცი__

*** 
მეტწილ ადამიანებს სულაც არ ადარდებთ ჩადენილი დანაშაული. ვერ უძლებენ მხოლოდ ისინი, ვისაც მცირეოდენი სინდისი მაინც გააჩნია და მხოლოდ გარემოებამ აიძულა ამორალური საქციელი ჩაედინა.
კლოდ იზერლი, რომელმაც ხიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდო, მძიმედ დაავადდა თავისი დანაშაულის შეგნებით. იგი იქცა დედამიწის ავადმყოფ სინდისად. სასჯელს მოითხოვს. 
__მ. ბუიანოვი__

*** 
სირცხვილი ხომ დიდი ქვა არი! ამ ქვამ დაუბეგვა გული! ამ წუთიდან ის ღვინჯუა აღარ იყო, რაც წინათ! მისი სულის დროშა ძირს დაეშვა! თითქოს ფრთებიც დააჭრესო, - აღარც წადიერება, აღარც რიხი, გახსოვთ, წეღან, რა დაკრიალოსნებით წარმოთქვამდა ჩამარგალიტებულ სიტყვებს! 
__გიორგი ლეონიძე__

*** 
მილიციას კი დაემალა, მაგრამ საკუთარ თავს როგორ გინდა დაემალო, უფრო სწორად - საკუთარ სინდისს?! სინდისს ხომ სულ დაატარებს კაცი, სულ ალყად არტყია ირგვლივ, როგორც ჯარი - ასაღებ ციხეს. არა, პირიქით, როგორც ასაღები ციხის კედლები - ციხის ერთადერთ დამცველს, რომელიც ამ ციხის კედლებში უნდა ჩაკვდეს, რადგან მხოლოდ ამ კედლებს შორისაა მისი ადგილი, სხვაგან არსად არ ეცხოვრება, მაგრამ იქამდე, ვიდრე ჩაკვდებოდეს, უნდა იბრძოლოს, თავი უნდა დაიცვას, ვიდრე ტყვია-წამალი გაუთავდება, კბილები დასცვივა, ფრჩხილები დაატყდება, ფურთხი გაუშრება. ადამიანი სინდისია. სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება, მაგრამ სინდისი რომ წაართვა და სხვა ყველაფერი დაუტოვო, ვეღარ იქნება ადამიანი. სიკვდილის შემდეგაც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდიეი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია. აქედან თავისთავად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუკი რამე ყოფილა, სინდისი ყოფილა უკვდავი, ოღონდ ისეთივე სუფთა, როგორიც თოვლი დევს უშბაზე; ისეთივე მშვიდი, როგორიც კვერცხია ბუდეში და ისეთივე მტკიცე, როგორი მტკიცეც ცვილის გრდემლია, მუყაოს ფარი და პანტის ზარბაზანი, რამდენადაც მათი სიმტკიცე უსაზღვრო რწმენისა და შეუვალი გულუბრყვილობის ნაზავია და სხვა არაფერი. 
__ოთარ ჭილაძე__

*** 
თავს საკუთარს (არც ეცადო), გაექცევი ვერსაით. __მუხრან მაჭავარიანი__

*** 
აბლაბუდა გაჰბმია სულის ღელეზე. ათრთოლებს ღვთიური სხივი ცხოველი, მუნჯი ტკივილიც სძრავს, მაგრამ ისე შესწებებია ცოდვის სიტკბოებით ხელები და ისეა გაკოჭილი, ვერაფერი უღონია. მისგან დაკმეული ავი სურნელიც გულზე ამოდ ებოლება. თუმცა მიხვედრით გაწამებული კი ხვნეშის და შიშნაჭამიცაა ზედ თვალებთან მოსული მტრის - უშველებელი ობობის ვეება ეშვისგან... მაინც მძინარე მდინარეა მისი სინდისი. 
__მირზა ბადიაური__

*** 
როცა კაცის გული შფოთვაშია სინდისის ქენჯნის გამო, გაურკვეველი არც არის მისთვის მისი მდგომარეობა, რადგან ღვთის სული მის სულს მიუთითებს რაც სჭირს. ხოლო ის, რაც გამოაშკარავებულია, გადაცემულია კაცის ნებისადმი, რათა მან გამოასწოროს მონანიებითა და შემდგომი სწორი ქმედებებით ისე, როგორც ესათნოება უფალს. 
__მირზა ბადიაური__

*** 
წმინდანნი და სინდისგარეცხილნი არიან ის გამონაკლისები, რომელნიც სინდისის ქენჯნას არ განიცდიან: პირველნი - თავიანთი სიწმინდის გამო და მეორენი - სინდისის უქონლობის გამო. 
__შოთა ორველაშვილი__