1 .
გაუწყებთ თქვენ ძმებო, სახარებას, რომელიც მე გიქადაგეთ, რომელიც მიიღეთ და რომელზეც დგახართ.
2 .
რომლითაც ხსნას ღებულობთ, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გიქადაგეთ, თუ არა - ფუჭად გირწმუნიათ.
3 .
რადგან, პირველ რიგში, გადმოგეცით ის, რაც თვითონ მივიღე, რომ ქრისტე წერილების თანახმად მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის,
4 .
დაიკრძალა და, წერილებისავე თანახმად, აღდგა მესამე დღეს.
5 .
გამოეცხადა კეფას და შემდეგ - თორმეტს;
6 .
მერე ერთდროულად გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას, რომელთა უმრავლესობა დღემდეა ცოცხალი, ზოგმა კი განისვენა;
7 .
შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე - ყველა მოციქულს;
8 .
ყველაზე ბოლოს მეც გამომეცხადა, როგორც უდღეურს.
9 .
ვინაიდან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღმერთის ეკლესიას.
10 .
მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაცა ვარ; და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტი ვიშრომე; თუმცა არა მე, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც ჩემთანაა.
11 .
და აი, მე ვარ თუ ისინი, ასე ვქადაგებთ და თქვენც ასე ირწმუნეთ.
12 .
ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღსდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არისო მკვდრეთით აღდგომა?
13 .
თუ არ არის მკვდრეთით აღდგომა, ქრისტეც არ აღმდგარა.
14 .
ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგება ფუჭი ყოფილა და ფუჭი ყოფილა თქვენი რწმენაც.
15 .
ღმერთის ცრუმოწმენიც გამოვდექით, რადგან ვამოწმებდით, რომ ღმერთმა აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია და მაშასადამე, არც მკვდრები აღდგებიან;
16 .
რადგან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, ქრისტეც არ აღმდგარა.
17 .
ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, თქვენი რწმენა ფუჭი ყოფილა და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ.
18 .
მაშინ ისინიც დაღუპულან, რომლებმაც ქრისტეში განისვენეს.
19 .
და თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავები ვყოფილვართ.
20 .
მაგრამ მკვდრეთით აღსდგა ქრისტე, განსვენებულთაგან პირველნაყოფი.
21 .
რადგან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომა.
22 .
რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.
23 .
თითოეული თავისი წესით: თავდაპირველად პირმშო - ქრისტე, ხოლო შემდეგ - ქრისტესნი, მისი მოსვლისას.
24 .
მერე დადგება აღსასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას - მას შემდეგ, როცა გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას.
25 .
ვინაიდან მან უნდა იმეფოს, სანამ ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის ყველა მტერს.
26 .
ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია.
27 .
იმიტომ, რომ ყოველივე მის ფეხქვეშ დაამხო და დაუმორჩილა. ხოლო როცა ვამბობ, ყოველივე მას დაუმორჩილა-მეთქი, ცხადია, იმის გარდა, ვინც მას დაუმორჩილა ყოველივე.
28 .
და როცა ყოველივეს დაუმორჩილებს მას, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში.
29 .
თორემ რას აკეთებენ მკვდართათვის მონათლულნი? თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რაღატომ ინათლებიან მკვდართათვის?
30 .
და ჩვენც ყოველჟამს რატომ ვართ საფრთხეში?
31 .
ვამოწმებ იმ სიქადულით, რომელიც მაქვს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში, რომ ყოველდღე ვკვდები ძმებო.
32 .
თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!
33 .
ნუ მოტყუვდებით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვეულებებს.
34 .
ფხიზელი გონება იქონიეთ, როგორც გმართებთ კიდეც და ნუ სცოდავთ, რადგან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს.
35 .
მაგრამ იკითხავს ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენ?
36 .
უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა.
37 .
და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც აღმოცენდება, არამედ შიშველ მარცვალს - სულერთია ხორბლისა იქნება თუ რომელიმე სხვა.
38 .
ხოლო ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორც ნებავს; თითოეულ თესლს - თავის სხეულს.
39 .
ყოველი სხეული ერთნაირი როდია, არამედ ადამიანის სხეული სხვანაირია, ცხოველის სხეული - სხვანაირი, ფრინველის სხეული - სხვანაირი, თევზისა - სხვანაირი.
40 .
არის ციური სხეული და არის მიწიერი სხეული; ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა - სხვა.
41 .
სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისგან დიდებით.
42 .
ასევეა მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელობით.
43 .
ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით; ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებით;
44 .
ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მშვინვიერი სხეული და არის სულიერი სხეული.
45 .
ასეც წერია: პირველი კაცი, ადამი გახდა ცოცხალ მშვინვად, ხოლო უკანასკნელი ადამი - მაცოცხლებელ სულად.
46 .
მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მშვინვიერი, შემდეგ - სულიერი.
47 .
პირველი კაცი მიწის მტვრისგანაა; ხოლო მეორე კაცი - ზეცისგან.
48 .
და როგორიცაა მტვრისგან შექმნილი, ასეთივენი არიან მიწიერნი; და როგორიცაა ზეციერი, ასეთივენი არიან ზეციერნი.
49 .
და როგორც მტვრისგან შექმნილის ხატებას ვატარებდით, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატებასაც.
50 .
ამას კი გეტყვით, ძმებო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღმერთის სამეფოს დამკვიდრება, ხრწნილება ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას.
51 .
აი, საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით;
52 .
ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას; ახმიანდება საყვირი და უხრწნელად აღდგებიან მკვდრები, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
53 .
ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს.
54 .
ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი - უკვდავებით, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: "სიკვდილი შთაინთქა გამარჯვებით”.
55 .
სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?
56 .
სიკვდილის ნესტარია ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია.
57 .
მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს გამარჯვებას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
58 .
ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში.