რწმენა, ჩვეულებები, გადახრები და გონება


საკვანძო მუხლები:

1.6.13. რწმენა, ჩვეულებები, გადახრები და გონება

__თემაზე წერდნენ__
***
რწმენისა და გონების მიმართებაზე 4 შეხედულება არსებობს:
მხოლოდ გონება: ქრისტიანული რაციონალიზმი
მხოლოდ რწმენა: ქრისტიანული აგნოსტიციზმი
გონება და შემდეგ რწმენა: ლოგიკური ქრისტიანობა
რწმენა და შემდეგ გონება: ავტონომიური ქრისტიანობა
შეხედულება 1. ქრისტიანული რაციონალიზმი . ეს არის შეხედულება იმის შესახებ, რომ მხოლოდ გონებას შეუძლია გამოარკვიოს ქრისტიანული პოზიციის ვარგისიანობა. ამ შეხედულებაში ორი მთავარი პრობლემა იყო: (1) მისი გადამეტებული მნიშვნელობის მინიჭება ადამიანური ინტელექტის როლზე, ის გულისხმობს, რომ ადამიანი ფილოსოფოსი უნდა ყოფილიყო, რათა ქრისტიანი გამხდარიყო. (2) ასეთი შეხედულება არაადეკვატურ ანგარიშს უწევს რწმენის როლსა და სულიწმიდის მხილებას, რომლის შესახებაც ახალი აღთქმა გვასწავლის. ამ შეხედულებას იცავდა რაიმონდ ლული (1232-1315წ.წ.)
შეხედულება 2 . ქრისტიანული აგნოსტიციზმი . ეს შეხედულება მთლიანად უნდობლობას უცხადებს გონებას სულიერ განზომილებაში. რწმენა და გონება სხვადასხვა განზომილებას ეკუთვნის: გონება ბუნებრივი სამყაროსთვისაა, რწმენა კი სულიერი სამყაროსთვის. ამ მოსაზრებას წარმოადგენს ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი ბლეზ პასკალი (1623-62). აგრეთვე, მრავალი თანამედროვე ეგზისტენციალისტი მოაზროვნე, როგორიცაა კარლ ბარტი (1886-1968) და რუდოლფ ბულტმანი (1884-1976) იგივეზე მიგვანიშნებენ. ამ შეხედულების სერიოზული პრობლემა ისაა, რომ რწმენას რაციონალური არსის გარეშე გაურკვევლობამდე და ეჭვებამდე მივყავართ.
შეხედულება 3. ლოგიკური ქრისტიანობა . ეს შეხედულება ამტკიცებს, რომ ვინაიდან გონება საწყისი წერტილია და იგი გრძელი გზის გავლით ჭეშმარიტებამდე მიდის, უკანასკნელი ნაბიჯების გადადგმა რწმენით ხდება. ამის ცნობილი მაგალითი შუა საუკუნეების დიდი რომაელი კათოლიკე ფილოსოფოსთეოლოგი თომას აქინესია (1225-74). ეს შეხედულება 1 და 2 შეხედულების შუალედურია. აქ გონებას მატყუარად კი არ მიიჩნევენ, არამედ შეზღუდულად. ამ შეხედულებისთვის ნიშანდობლივი იმის რწმენაა, რომ განუახლებელ ადამიანურ გონებას შესწევს იმის უნარი, რომ თავად მოიფიქროს ღმერთისკენ მისასვლელი გზა. არსებობს რამდენიმე ძლიერი არგუმენტი ლოგიკური ქრისტიანობის სასარგებლოდ. მასში შედის ნდობა ქრისტიანული სისტემის რაციონალობისადმი და იმის გაცნობიერება, რომ ქრისტიანობაში არსებობს გარკვეული საიდუმლოებები, რომლებიც არ არის ბუნებრივი გაგების ობიექტი. თუმცა, ამ შეხედულებაში გარკვეული სისუსტეებიც არსებობს. ის გონებას აღამაღლებს, როგორც გამოცხადების განზომილებას. ზოგიერთმა, რომლებიც ამ შეხედულებას მისდევდნენ, ნახეს, რომ საერთოდ არ სჭირდებოდათ ბიბლია, ვინაიდან ღმერთის შეცნობა მხოლოდ ბუნებრივი გამოცხადების მეშვეობით არის შესაძლებელი. რაციონალიზმის მსგავსად, ეს შეხედულება ვერ ახერხებს რწმენის სათანადო ადგილზე დაყენებას.
შეხედულება 4. ავტონომიური ქრისტიანობა . ეს შეხედულება ამტკიცებს, რომ რწმენა თავისთავად ყალიბდება, და უკვე ჩამოყალიბებული, შეიძლება შესაბამისობაში მოვიდეს გონებასთან. ეს ჩანს, როგორც ყველაზე მისაღები ევანგელური პოზიცია. ისტორიულად, ავგუსტინემ ასეთი შეხედულება მეოთხე საუკუნეში წამოაყენა. პასკალის მსგავსად მასაც სწამდა, რომ ქრისტიანობის ჭეშმარიტება მხოლოდ რწმენის გულში ყალიბდება. მაგრამ ავგუსტინეს შეხედულება არ ეთანხმება პასკალის შემდგომ მოსაზრებას, რომელიც ამბობდა, რომ რწმენის განცდის შემდეგ შესაძლებელი იყო ქრისტიანობის ჭეშმარიტების დადასტურება.
ავგუსტინეს სწამდა, რომ ორივე , გონება და რწმენა დიდ როლს ასრულებენ მას შემდეგ, როცა ადამიანი ქრისტესთან მოვა. ის ეთანხმებოდა ლულისა და აქინესის იდეას იმაზე, რომ ქრისტიანობაში არის რაციონალური შინაარსი, მაგრამ ის ეწინააღმდეგებოდა რწმენისა და გონების თანმიმდევრობას. ნაცვლად იმისა, რომ გონება რწმენის წინამორბედად დაენახა, ავგუსტინე რწმენას ხედავდა საწყის წერტილად, რომელსაც შემდეგ გონება მოსდევდა. იგივე პოზიციაზე დგას ა. ვ. ტოზენი, რომელიც ამტკიცებს:
“რასაც ღმერთი აცხადებს, მორწმუნე გული აღიარებს, და მას აღარ სჭირდება შემდგომი დამტკიცება. მართლაც, მტკიცებულების ძებნა ეჭვის აღიარებას ნიშნავს, ხოლო მტკიცებულების ქონა რწმენის ზებუნებრიობაზე მიუთითებს. . . ეს იყო აბრაამის დამოკიდებულება, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ძლიერად დარჩა რწმენაში და ღმერთს დიდება მიაგო. ეს იყო ანსელმის, “მეორე ავგუსტინეს” დამოკიდებულება, რომელიც ქრისტიანული ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნე იყო და რომელიც მიიჩნევდა, რომ რწმენა წინ უნდა უსწრებდეს გაგების ყოველგვარ მცდელობას. გაცხადებული ჭეშმარიტების ასახვას ბუნებრივად მოსდევს რწმენის გამოვლინება, მაგრამ პირველად რწმენა მსმენელ ყურში მოდის, და არა [მოაზროვნე] გონებაში. მორწმუნე ადამიანი არ აცნობიერებს სიტყვას და რწმენაში გააზრების პროცესით არ მოდის, არც ფილოსოფიასა და მეცნიერებაში ეძიებს თავისი რწმენის დადასტურებას. . . ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მეცნიერება უღირსად არის ჩათვლილი რელიგიის სფეროში? არავითარ შემთხვევაში. მეცნიერს გააჩნია არსებითად მნიშვნელოვანი დავალება, რომელიც უნდა შეასრულოს მისთვის განკუთვნილი სფეროს ფარგლებში. მისი ამოცანა ისაა, რომ მოგვცეს ტექსტის სიზუსტის გარანტია, მოგვაწოდოს რაც შეიძლება ზუსტი სიტყვა, რომელიც დიდად არ იქნება განსხვავებული ორიგინალისგან. ის შეიძლება წმინდა წერილების ვარიანტების ერთმანეთთან შედარებას აკეთებდეს, სანამ არ აღმოაჩენს ტექსტის ჭეშმარიტ მნიშვნელობას. მაგრამ სწორედ აქ მთავრდება მისი ძალაუფლება. მან არასდროს არ უნდა განსაჯოს ის, თუ რა წერია . მან არ უნდა გაბედოს ის, რომ სიტყვის მნიშვნელობა თავისი გონების მიღმა გამოიტანოს. მან არ უნდა გაბედოს, რომ დაგმოს ან სიტყვა ჩათვალოს აზრის მქონედ, ან უაზროდ, მეცნიერულად ან არამეცნიერულად. მას შემდეგ, როცა მნიშვნელობა გამოირკვევა, ეს მნიშვნელობა განსჯის მას; თავად ის კი ვერასოდეს ვერ განსჯის სიტყვა.

***
რწმენა რომ წინ უნდა უსწრებდეს გონებას, ეს გონივრული პრინციპია, რადგან თუკი გონივრული არ არის, მაშასადამე არაგონივრულია; ეს კი სათნო არ უჩანს ღმერთს! ხოლო თუ გონივრულია, რომ იმ სიმაღლეთა მისაღწევად, რომელთა წვდომაც ჯერ კიდევ არ ძალგვიძს, რწმენა წინ უსწრებს გონებას, ცხადია, რომ იმ გონივრულ საბუთსაც, რომელიც ჩვენ გვარწმუნებს, წინ უსწრებს რწმენას.
__ ნეტარი ავგუსტინე __

***
რწმენა ძალაა, რომელიც ადამიანის გონებასა და ნებაშია დავანებული. გონება ზეციური ნათლით ნათდება და საკუთარ თავში შეიცავს იმას, რასაც უფალი უცხადებს მას. ასევე ნებაც ღვთისაგან მართულია იმ ჭეშმარიტის აღსასრულებლად, რასაც გონება უბრძანებს მას. როდესაც რწმენა უძლურია, გონებას არ ძალუძს, გაიგოს ღვთის საიდუმლოებები, ნებას კი, იმაზე უწინ, ვიდრე გონება გაიგებდეს, არ სურს მათი შეყვარება. ნეტარმა ავგუსტინემ ბრძანა, რომ ადამიანს შეუძლია, უყვარდეს უხილავი, მაგრამ არ ძალუძს, უყვარდეს ის, რაც არ იცის. ეს კარგად ჩანს ისეთ ადამიანებში, რომლებიც თავს ერთგულ ქრისტიანებად თვლიან, ოღონდ არა იმიტომ, რომ ქრისტეს სწავლების თანახმად ცხოვრობენ, არამედ ამ სარწმუნოების წარმომადგენლებად მხოლოდ იმიტომ მიიჩნევენ თავს, რომ ქრისტიანი მშობლები ჰყავთ. სარწმუნოების მიმდევარნი მხოლოდ იმიტომ არიან, რომ მოინათლნენ. სინამდვილეში კი ისინი ნაკლებად გრძნობენ ეკლესიის საიდუმლოებათა სიდიადეს, უფრო ცუდად იციან ჩვენი სარწმუნოების შინაარსი და ის, თუ რითი განსხვავდება იგი სხვა რელიგიებისაგან. ამ მდგომარეობაში მყოფნი ისინი მცირედ თუ განსხვავდებიან ურწმუნოთაგან.
__ წმ. ნიკოდიმოს ათონელი __

***
არსებობს რწმენის სამი წყარო: გონება, ჩვეულება და შთაგონება.
__ ბლეზ პასკალი __

***
გონება არ ასაბუთებს რწმენის საგანს, მაგრამ ის ხსნის დაბრკოლებას, ის ამზადებს გზას თავდაპირველად, ის ამტკიცებს, რომ მისი პრინციპების თანახმად, ღმერთის არსებობის უარმყოფელი არგუმენტების ტოლფასია და, ამრიგად, შეიძლება იწამო ისე, რომ გონებას არ დაუპირისპირდე.
გონების კარნახს რომ დავუმორჩილოთ გული, საამისოდ ჩვენ გვაქვს მძლავრი საშუალება: ჩვეულება. სწორედ ჩვეულება ქმნის ჩვენს სიყვარულს თუ სიძულვილს და ჩვეულებავე აქარწყლებს მათ. ის ბუნებრივ ზემოქმედებას ახდენს ჩვენს შინაგან მიდრეკილებებზე.
ასეთია ჩვეულების როლი, მაგრამ საკმარისი არც ისაა, მხოლოდ ერთი რამ ქმნის სრულყოფილ რწმენას: შთაგონება თუ მსჯელობას და ჩვეულებას რამე ფასი აქვს, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი გვაუწყებენ, გადმოგვცემენ და ცნობიერებისთვის საცნაურს ხდიან ღვთიური მადლის მოქმედებას. თვინიერი ქედმოდრეკის გზით ეზიარო შთაგონებას, რომელსაც ერთადერთს მოსდევს ჭეშმარიტი დამხსნელი ეფექტი. აი, ადამიანის უზენაესი ძალისხმევა რწმენის დამკვიდრების გზაზე.
__ ემილ ბუტრუ __

***
ადამიანს აქვს სამი უნარი: გული, ანუ ნება, გონება, გრძნობები. თუ ეს სამი უნარი ამჟამად ერთმანეთს უპირისპირდება, ეს იმიტომ, რომ მათი დასაბამიერი თანაფარდობა დარღვეულია.
გული თავის დასაბამიერ მიდრეკილებებს რომ მისდევს, მიილტვის, „მე“-სკენ, როგორც თავისი უზენაესი მიზნისკენ. ეს ტენდენცია არის ცოდვითდაცემის შედეგი, რომლის გამოც „მე“-ს უპირატესობა ენიჭება ღმერთის წინაშე, მაგრამ ღვთიური მადლით განწმენდილი და განახლებული გული განუდგება თავის კერპს და ისწრაფვის ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ და თვითონ ქედმოდრეკილი, ის მბრძანებლობს და წრფელი გზით წარმართავს ადამიანის ყველა უნარს.
გრძნობები, რომლებსაც ჩვენ ღვთიურ ფენომენთა მსაჯულად ვსახავთ, და რომელთა შუქზეც ვცდილობთ გადავჭრათ ჩვენ ბედისწერის პრობლემა, სინამდვილეში, მხოლოდ ღმერთის მიერ შექმნილ მატერიალურ სამყაროს მიემართებიან. ისინი აღიქვამენ ფიზიკურ ფაქტებს ისევე როგორც გრძნობებისგან გაკიდეგანებული გული აღიქვამს მორალურ ჭეშმარიტებებსა და პირველადს პრინციპებს. თავიანთ დომენში ისინი სანდო მოწმეები არიან, რადგან მხოლოდ მათ ეკუთვნით კომპეტენცია და ავტორიტეტი.
ჩვენი გონება ამ ამ ორ ინტუიტურ ძალმოსილებას შორის ორი ბატონის მსახურის როლს ასრულებს. მხოლოდ ფილოსოფოსების შეცდომით აიხსნება ის, რომ გონებას საკუთარ პრინციპებს და თვითმკმარ ძალმოსილებას მიაწერენ. ყველა პრინციპი, რომელიც ამ ცრუ ბრძენთა წარმოსახვას გონებიდან გამოჰყავს, სინამდვილეში, ჩვენი გრძნობებისა თუ ჩვენი გულისგან იღებს დასაბამს. გონებას საკუთარი პრინციპები არ გააჩნია. მისი კანონიერი ფუნქციაა შეერწყას ან გრძნობებს, როცა საქმე ჩვეულებრივი სამყაროს შეცნობას ეხება, ანდა - ნებაზე ღვთიური მადლის ზემოქმედებას, როცა საქმე ღვთიურ ფენომენთა შეცნობაზე მიდგება ხოლმე. ბუნებისმცოდნეობასა და რელიგიას შორის ადგილი არ უნდა დაეთმოს ფილოსოფიას: ეს ეგრეთწოდებული მეცნიერება სხვა არა არის რა, თუ არა ადამიანური სიამაყის ზღვრული ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს თავი გაუტოლოს ღმერთს.
__ ემილ ბუტრუ __

***
ნებისმიერ ცივილიზაციაში ნებისმიერი ჩვეულება, მატერიალური ობიექტი, იდეა და რწმენა ასრულებს სასიცოცხლო ფუნქციას, წყვეტს გარკვეულ ამოცანას და არის კულტურის, როგორც მთელის, აუცილებელი ნაწილი.
__ ბრონისლავ მალინოვსკი __

***
მე უფრო ადამიანთა მიერ უარყოფილ, მაგრამ ღმერთისგან მოწონებულ მეთოდებს ავირჩევ, ვიდრე ადამიანთა მიერ მოწონებულ, მაგრამ უშედეგო მეთოდებს.
__ რ. ბონკე __