გრაგნილიდან კოდექსამდე


საკვანძო მუხლები:

ლუკა 4 : 17 ;
1.1.29. გრაგნილიდან კოდექსამდე

როგორ იქცა ბიბლია წიგნად

საუკუნეების განმავლობაში ხალხი სხვადასხვა სახით ინახავდა ინფორმაციას. ძველად მწერლები წერდნენ ძეგლებზე, ქვის ფილებზე, ხის დაფებზე, პერგამენტსა და სხვა მასალაზე. პირველი საუკუნისთვის ახლო აღმოსავლეთში ინფორმაცია წერილობითი სახით გრაგნილებით გადაიცემოდა. შემდეგ გრაგნილი შეცვალა კოდექსმა, ინფორმაციის წერილობით შემონახვის ახალმა საშუალებამ. კოდექსის არსებობამ ბიბლიის გავრცელებასაც დიდად შეუწყო ხელი. რა იყო კოდექსი, და როგორ დაიწყეს მისი გამოყენება?
კოდექსი თანამედროვე წიგნის წინამორბედია. ის შედგებოდა გაკეცილი ფურცლებისგან, რომლებიც ერთმანეთზე იყო გადაკერებული და ყდაში ჩასმული. საწერად ფურცლის ორივე გვერდს იყენებდნენ. პირველი კოდექსები ბევრად ჩამოუვარდებოდა თანამედროვე წიგნებს, მაგრამ როგორც ნებისმიერი ახალი წამოწყება, ისინიც დაიხვეწა.
თავიდან კოდექსებს ხშირად გასანთლული ხის დაფებისგან აკეთებდნენ. ჰერკულანეუმში ნაპოვნია მავთულით აკინძული გასანთლული დაფები (ჰერკულანეუმი არის ქალაქი, რომელიც ახ. წ. 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად პომპეისთან ერთად განადგურდა). დროთა განმავლობაში მოუხერხებელი დაფები დრეკადმა მასალამ შეცვალა. ლათინურად ამ კოდექსებს, ანუ წიგნებს, მემბრანა ანუ პერგამენტი ეწოდებოდა, რადგან მისი ფურცლები, ჩვეულებრივ, ტყავისგან იყო დამზადებული.
დღემდე შემონახული რამდენიმე კოდექსი პაპირუსისგანაა გაკეთებული. ეგვიპტის ზოგ რეგიონში (სადაც მშრალი კლიმატია) შემონახული უძველესი ცნობილი ქრისტიანული კოდექსები პაპირუსისაა.
როგორც ჩანს, ქრისტიანები, სულ მცირე, ახ. წ. პირველი საუკუნის მიწურულამდე იყენებდნენ გრაგნილებს. პირველი საუკუნის მიწურულიდან მესამე საუკუნემდე კოდექსისა და გრაგნილის გამოყენების მომხრეებს შორის გაცხარებული დავა იყო. გრაგნილის გამოყენებას მიჩვეულ კონსერვატორებს არ სურდათ სიახლის მიღება. მოდი განვიხილოთ, როგორ კითხულობდნენ გრაგნილს. გრაგნილი, ჩვეულებრივ, პაპირუსის ან პერგამენტის ერთმანეთს მიწებებულ განსაზღვრული რაოდენობის ფურცლებს წარმოადგენდა, რომლებიც მილის მსგავსად იყო დახვეული. ტექსტი გრაგნილის შიდა მხარეს ეწერა და წასაკითხად გრაგნილის გაშლა იყო საჭირო. წაკითხვის შემდეგ გრაგნილს კვლავ ახვევდნენ (ლუკა 4,17—20). ერთი ლიტერატურული ნაშრომი ხშირად არა ერთ გრაგნილზე იწერებოდა, რაც კიდევ უფრო მოუხერხებელს ხდიდა მის გამოყენებას. თუმცა ქრისტიანებს კოდექსის სახით ბიბლია უკვე მეორე საუკუნიდან ჰქონდათ, ბევრი გრაგნილებს მას შემდეგაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდა. და მაინც, მეცნიერების აზრით, ქრისტიანებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს კოდექსის საყოველთაოდ დამკვიდრებაში.
კოდექსის უპირატესობა აშკარაა — ის ზომით შედარებით პატარა, გამოსაყენებლად მოსახერხებელი და სატარებლად ადვილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძველად ბევრი ხედავდა კოდექსის უპირატესობას, უმრავლესობა გრაგნილს მაინც ვერ ელეოდა. მაგრამ საუკუნეების შემდეგ სხვადასხვა ფაქტორის გამო თანდათანობით კოდექსმა თითქმის მთლიანად შეცვალა გრაგნილი.
გრაგნილთან შედარებით კოდექსი უფრო იაფი ჯდებოდა. შესაძლებელი იყო ორივე გვერდის გამოყენება და რამდენიმე წიგნის ერთ ტომად აკინძვა. ზოგი მკვლევარის აზრით, კოდექსში კონკრეტული ადგილების ადვილად პოვნის შესაძლებლობამ განაპირობა ის, რომ მორწმუნეები გრაგნილს კოდექსს ამჯობინებდნენ. ქრისტიანებისთვის კოდექსის გამოყენება საკმაოდ მოსახერხებელი იყო ქადაგების დროს, რადგან მუხლების მოძებნა გაცილებით ადვილად შეიძლებოდა. გარდა ამისა, კოდექსს ძირითადად ხის ყდა ჰქონდა, რის გამოც გრაგნილზე დიდხანს ძლებდა.
კოდექსები საკითხავადაც მოსახერხებელი იყო. მესამე საუკუნის მიწურულისთვის ქრისტიანები პერგამენტზე დაწერილ საკმაოდ პატარა ზომის სახარებებს იყენებდნენ. მას შემდეგ კოდექსების სახით მილიარდობით ეგზეპლარად გამოიცა მთლიანი ბიბლია და მისი გარკვეული წიგნები.

ბიბლიის მუხლები

ლუკა 4
17. მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი (გრაგნილი): გადაშალა წიგნი (გაშალა, განყო გრაგნილი свиток) და იპოვა ადგილი. სადაც ეწერა:
18. სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად,
19. ტყვეთათვის განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთილსასურველი წლის მქადაგებლად.
20. დახურა წიგნი (დაახვია, შეყო, свернул, согнул გრაგნილი свиток), მისცა მსახურს და დაჯდა. მთელი სინაგოგა მისჩერებოდა მას.

-------------------
სხვადასხვა თარგმანების მიხედვით ლუკას მე-4 თავის 17 და 20 მუხლები ასე გამოიყურება. სამომავლო გამოცემებში კარგი იქნება სიტყვა "გრაგნილი" გამოვიყენოთ "წიგნის" ნაცვლად, რადგან უფალმა გრაგნილი გაშალა და წაკითხვის შემდეგ დაახვია.