1 .
წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, დავითის ძისა, აბრაამის ძისა.
2 .
აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3 .
იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
4 .
რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი.
5 .
სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.
6 .
იესემ შვა მეფე დავითი; მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.
7 .
სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
8 .
ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;
9 .
ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;
10 .
ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ყამონი; ყამონმა შვა იოშია;
11 .
იოშიამ შვა იეხონია და ძმანი მისნი ბაბილონში გადასახლების წინ.
12 .
ბაბილონში გადასახლების შემდეგ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი.
13 .
ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი;
14 .
აზორმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იახინი; იახინმა შვა ელიჰუდი.
15 .
ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი.
16 .
იაკობმა შვა იოსები, მარიამის ქმარი, ვისგანაც იშვა იესო, რომელიც ქრისტედ იწოდება.
17 .
ამრიგად, მთელი მოდგმა აბრაამიდან დავითამდე - თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე - თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე - თოთხმეტი თაობა.
18 .
იესო ქრისტეს შობა კი ამგვარად მოხდა: დედამისის, მარიამის იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე შეუღლდებოდნენ ისინი, აღმოჩნდა რომ ორსულად იყო სულიწმიდისგან.
19 .
იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ სურდა მისი სახალხოდ მხილება და გადაწყვიტა ფარულად გაეშვა იგი.
20 .
ამას ფიქრობდა და აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: "იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისგან არის.
21 .
გააჩენს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, ვინაიდან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან”.
22 .
ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს:
23 .
"აჰა, დაორსულდება ქალწული, გაუჩნდება ძე და უწოდებენ მას სახელად იმანუელს, რაც ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი!”
24 .
ძილისგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უბრძანა უფლის ანგელოზმა, და მიიღო თავისი ცოლი.
25 .
და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არ შვა ძე და უწოდა მას სახელად იესო.