ეზრა თავი 1

1 . სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის პირველ წელს, იერემიას პირით წარმოთქმული უფლის სიტყვის აღსასრულებლად აღძრა უფალმა

2 . "ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე: დედამიწის ყოველი სამეფო მე მომცა უფალმა, ცათა ღმერთმა და მან მიბრძანა, რომ სახლი ავუშენო მას იერუსალიმში, რომელიც იუდაშია.

3 . ვინ არის თქვენ შორის მისი ხალხიდან, დაე ღმერთი იყოს მასთან და ავიდეს იერუსალიმს, რომელიც იუდაშია, რათა ააშენოს სახლი უფლისა, ისრაელის ღმერთისა, იმ ღმერთისა, რომელიც იერუსალიმშია!

4 . დანარჩენებმა კი, ყველამ იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობენ, შეეწივნონ მას ვერცხლითა და ოქროთი, ქონებითა და პირუტყვით, სხვა შესაწირებთან ერთად, ღმერთის სახლისთვის, რომელიც იერუსალიმშია!”

5 . აღდგნენ იუდასა და ბენიამინის სახლთა მთავარნი, მღვდელნი და ლევიანნი, ყველა, ვისი სულიც აღძრა ღმერთმა, რათა იერუსალიმში ამოსულიყვნენ უფლის სახლის ასაშენებლად.

6 . ყველა მათი მეზობელი ეხმარებოდა მათ ვერცხლის ჭურჭლით, ოქროთი, ქონებით, პირუტყვითა და ძვირფასეულობით, გარდა იმისა, რაც ნებაყოფლობით შესწირეს.

7 . ხოლო მეფე კიროსმა ბრძანა გამოეტანათ უფლის სახლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა წამოიღო იერუსალიმიდან და თავისი ღმერთების სახლში დააწყო.

8 . გამოიტანა ჭურჭელი კიროსმა, სპარსეთის მეფემ, მითრიდატე ხაზინადარის ხელით და შეშბაცარს, იუდას მთავარს მიუთვალა.

9 . აი მათი რიცხვი: ოქროს ოცდაათი ლანგარი, ვერცხლის ათასი ლანგარი, ოცდაცხრა დანა,

10 . ოქროს ოცდაათი თასი, ვერცხლის ოთხას ათი ორპირი თასი და სხვა ჭურჭელი - ათასი.

11 . ოქროსა და ვერცხლის მთელი ჭურჭელი ხუთი ათას ოთხასი იყო. ეს ყოველივე შეშბაცარმა ამოიტანა ბაბილონის ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნებისას.