4მეფეთა თავი 5

1 . ნაყამანი, არამის მეფის მხედართმთავარი, დიდად მიღებული და პატივდებული კაცი იყო თავისი ბატონის წინაშე, რადგან მისი მეშვეობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო, კარგი მებრძოლი, მაგრამ კეთროვანი.

2 . სათარეშოდ გავიდნენ არამელები და ისრაელის ქვეყნიდან პატარა გოგონა წაიყვანეს ტყვედ. ნაყამანის ცოლს ემსახურებოდა იგი.

3 . უთხრა თავის ქალბატონს: "ნეტავ წასულიყო ჩემი ბატონი და ენახა წინასწარმეტყველი, რომელიც სამარიაშია, ხომ განკურნავდა კეთრისგან”.

4 . მივიდა ნაყამანი და უამბო თავის ბატონს: "ასე და ასე თქვა ისრაელის ქვეყნიდან წამოყვანილმა გოგომ”.

5 . თქვა არამის მეფემ: "ახლავე გაემგზავრე, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან”. წავიდა და წაიღო ათი ტალანტი ვერცხლი, ექვსი ათასი შეკელი ოქრო და ათი ხელი ტანისამოსი.

6 . მიუტანა ისრაელის მეფეს წერილი, რომელშიც ეწერა: "ამ წერილთან ერთად, გიგზავნი ნაყამანს, ჩემს მსახურს, რომ განკურნო იგი კეთრისგან”.

7 . წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, შემოიხია სამოსელი და თქვა: "ღმერთი ხომ არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, ეს კაცი კეთრისგან განსაკურნებლად რომ გამომიგზავნა? იცოდეთ, შემოჩენილია და მიზეზს ეძებს!”

8 . გაიგო ელისემ, ღვთისკაცმა, სამოსელი შემოიხიაო ისრაელის მეფემ, კაცი გაუგზავნა და უთხრა: "რისთვის შემოიხიე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან ნაყამანი და გაიგოს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში”.

9 . მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან დადგა.

10 . მოციქული გაუგზავნა ელისემ და უთხრა: "წადი, შვიდგზის განიბანე იორდანეში, გაგიახლდება ხორცი და გასუფთავდები”.

11 . განრისხდა ნაყამანი, წავიდა, თან თქვა: "აჰა, ვიფიქრე, უსათუოდ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღმერთის სახელს ახსენებს, კეთრიან ადგილზე დამადებს ხელს და განმკურნავს-მეთქი.

12 . განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი, ისრაელის მთელ წყლებს არ სჯობია? განა იქ ვერ დავიბან და გავსუფთავდები?” გატრიალდა და წავიდა გაჯავრებული.

13 . მიეახლნენ მსახურები, ელაპარაკნენ და უთხრეს: "მამავ, დიდი და საძნელო საქმე რომ ეთქვა წინასწარმეტყველს, ხომ გააკეთებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება: განიბანე და გასუფთავდებიო”.

14 . ჩავიდა ღვთისკაცის სიტყვისამებრ, შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და გასუფთავდა.

15 . დაბრუნდა ნაყამანი ღვთისკაცთან მთელი თავისი ამალით; მივიდა, დადგა მის წინაშე და თქვა: "აჰა, ახლა ვიცი, რომ მთელ დედამიწაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი; ახლა გთხოვ, მიიღე საჩუქარი შენი მსახურისგან”.

16 . ელისემ უპასუხა: "ცოცხალია უფალი, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არაფერს ავიღებ”. აძალებდა აღებას, მაგრამ უარი უთხრა.

17 . თქვა ნაყამანმა: "თუ ასეა, გთხოვ, მისცენ შენს მსახურს იმდენი მიწა, რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებს, რომ ამიერიდან უფლის გარდა სხვა ღმერთებს არ შესწიროს სრულადდასაწველი მსხვერპლი შენმა მსახურმა.

18 . ეს ერთი რამე მაპატიოს უფალმა შენს მსახურს: როცა მივა მეფე, ჩემი ბატონი, რიმონის სახლში თაყვანსაცემად, ჩემს ხელს დაეყრდნობა და მეც მომიხდება თავის დახრა რიმონის სახლში; გევედრები, უფალმა აპატიოს ეს შენს მსახურს”.

19 . უთხრა ელისემ: "მშვიდობით წადი”. წავიდა და მცირე მანძილზე გასცდა მას.

20 . იფიქრა გეხაზმა, ელისეს, ღვთისკაცის მსახურმა: "აჰა, დაინდო ჩემმა ბატონმა არამელი ნაყამანი და საჩუქარი არ აიღო მისი ხელიდან. ცოცხალია უფალი, დავეწევი და მე გამოვართმევ რამეს”.

21 . დაედევნა გეხაზი ნაყამანს. დაინახა ნაყამანმა, რომ ვიღაც მისდევს, ეტლიდან ჩამოვიდა, წინ შეეგება და თქვა: "ხომ მშვიდობაა?”

22 . მიუგო: "ყველაფერი კარგად არის; ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: აჰა, ორი ყმაწვილი მოვიდა ეფრემის მთიდან, წინასწარმეტყველთა ძენი; გთხოვ, მომეცი მათთვის ერთი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანისამოსიო”.

23 . თქვა ნაყამანმა: "ორი ტალანტი ვერცხლი ინებე”. დაიყოლია და შეუხვია ორი ტალანტი ვერცხლი ორ ქისად და ორ ხელ ტანისამოსთან ერთად გაატანა წასაღებად ორ მსახურს.

24 . მაღლობთან რომ მივიდნენ, გამოართვა ეს ყველაფერი და სახლში გადამალა. უკან გაუშვა კაცები და ისინიც წავიდნენ.

25 . წავიდა გეხაზი, წარსდგა თავისი ბატონის წინაშე; უთხრა ელისემ: "საიდან მოდიხარ, გეხაზ?” უპასუხა: "არსად წასულა შენი მსახური”.

26 . თქვა ელისემ: "განა ჩემი გული არ მოგყვებოდა, როცა ის კაცი შენთან შესახვედრად ჩამოვიდა თავისი ეტლიდან? ახლა იმის დროა, რომ ფულსა და ტანისამოსს, ზეთისხილის ხეებს, ვენახებს, ცხვრებს, ხარებს, ყმებსა და მხევლებს იხვეჭდე?

27 . დაე, შენზე და შენს შთამომავლობაზე იყოს ნაყამანის კეთრი უკუნისამდე”. თოვლივით კეთროვანი წავიდა მისგან გეხაზი.