2ნეშტთა თავი 8

1 . ოცი წელი აშენებდა სოლომონი უფლის სახლსა და თავის სასახლეს.

2 . ააშენა მან ხურამის მიერ მიცემული ქალაქები და ისრაელის ძენი დაამკვიდრა მათში.

3 . წავიდა სოლომონი ხამათ-ცობაში და გაამაგრა იგი.

4 . ააშენა უდაბნოში თადმორი და ყველა სამარაგო ქალაქი, რომელიც ხამათში ააშენა.

5 . ააშენა ზემო და ქვემო ბეთ-ხორონი, გამაგრებული ქალაქები, ზღუდეებით, კარიბჭეებითა და ურდულებით.

6 . ბაყალათი და სათადარიგო ქალაქები, რომელთაც სოლომონი ფლობდა; ყოველი საცხენოსნო და საეტლო ქალაქი და ყველაფერი, რისი აშენებაც სურდა იერუსალიმში, ლიბანსა და მთელ თავის სამფლობელოში.

7 . ხეთელთაგან, ამორელთაგან, ფერიზელთაგან, ხიველთაგან და იებუსელთაგან დარჩენილი ხალხი, რომლებიც ისრაელიანთაგანი არ იყვნენ,

8 . მათი ძენი, რომლებიც მათ შემდგომ ქვეყანაში დარჩნენ და რომლებიც არ დაუხოცავთ ისრაელის ძეთ, ბეგარაზე მომუშავეებად აქცია სოლომონმა დღემდე.

9 . ისრაელის ძეთაგან კი არავინ დაუყენებია სოლომონს მუშებად თავის საქმეზე, რადგან მეომრები იყვნენ ისინი, მცველთა, მეეტლეთა და მხედართა მეთაურები.

10 . ორას ორმოცდაათი კაცი ზედამხედველთა მთავრებად ედგა მეფე სოლომონს ხალხის გასაძღოლად.

11 . დავითის ქალაქიდან თავის აშენებულ სასახლეში გადაიყვანა ფარაონის ასული სოლომონმა, რადგან ამბობდა: "ნუ დამკვიდრდებაო ქალი, ისრაელის მეფის, დავითის სახლში, რადგან წმიდაა ადგილი, სადაც უფლის კიდობანი შევიდა”.

12 . მაშინ აღუვლინა სოლომონმა სრულადდასაწველნი უფალს, მის მიერ შესასვლელის წინ აშენებულ უფლის სამსხვერპლოზე.

13 . რათა ყოველდღიურად აღევლინათ საჭიროებისამებრ, მოსეს რჯულისამებრ, შაბათობით, ახალმთვარობაზე, დადგენილ დღესასწაულებზე სამჯერ წელიწადში, უფუარობის, შვიდეულისა და კარვობის დღესასწაულებზე.

14 . მამამისის, დავითის წესისამებრ დაადგინა მღვდელთა დასები თავიანთ მსახურებაში და ლევიანები თავ-თავის მოვალეობაზე, რათა ქება აღევლინათ და ემსახურათ მღვდლებთან ერთად ყოველდღიური მოვალეობის შესასრულებლად. ასევე კარიბჭის მცველნი, თავ-თავისი დასებით თითოეულ კართან, რადგან ასე ჰქონდა ნაბრძანები დავითს, ღვთის კაცს.

15 . არ გადაუხვევიათ იმ ბრძანებისთვის, რომელიც ეხებოდა მღვდლებს, ლევიანებს, სხვა საქმეებსა და საგანძურს.

16 . ასე წარმართა სოლომონმა ყოველი საქმე უფლის სახლის დაფუძნების დღიდან მის მთლიანად დასრულებამდე.

17 . მაშინ წავიდა სოლომონი ზღვისპირეთში, ყეციონ-გებერში და ელოთში, ედომის ქვეყანაში.

18 . და გაუგზავნა მას ხურამმა თავის მსახურთა ხელით ხომალდები და ზღვის მცოდნე მსახურები. მივიდნენ სოლომონის მსახურებთან ერთად ოფირს, წამოიღეს იქიდან ოთხასორმოცდაათი ტალანტი ოქრო და მიუტანეს მეფე სოლომონს.