1მეფეთა თავი 9

1 . იყო კაცი ბენიამინის ტომში, სახელად კიში, აბიელის ძე, ცერორის, ბეხორათის, ბენიამინელი აფიას შთამომავალი - პატივდებული და მამაცი კაცი.

2 . ჰყავდა ძე, სახელად საული, ახალგაზრდა და მშვენიერი კაცი; ისრაელის ძეთაგან მასზე უკეთესი არვინ იყო: ერთი თავით მაღალი იყო ხალხზე.

3 . ერთხელ ხრდალი ვირები დაეკარგა კიშს, საულის მამას და უთხრა საულს, თავის ძეს: "გაიყოლე ერთი მსახურთაგანი და წადი ვირების მოსაძებნად”.

4 . გადაიარა ეფრემის მთა, მოიარა შალიშას მიწა, მაგრამ ვერ იპოვეს; გაიარეს შაყალიმის ქვეყანა და ვერც იქ მიაგნეს; მოიარეს ბენიამინის მიწა და ვერ იპოვეს.

5 . მივიდნენ ცუფის მხარეში და უთხრა საულმა მსახურ ბიჭს, თან რომ ახლდა: "მოდი დავბრუნდეთ, რადგან დაივიწყებდა მამაჩემი ვირებს და ჩვენზე უფრო იდარდებს”.

6 . მიუგო მსახურმა: "აჰა, ღვთის კაცია ამ ქალაქში. პატივდებული კაცია: რასაც იტყვის, ყოველივე სრულდება. მოდი, მივიდეთ მასთან, იქნებ გვითხრას, რა გზას დავადგეთ”.

7 . უთხრა საულმა თავის მსახურს: "კარგი, წავიდეთ, მაგრამ რა მივართვათ იმ კაცს? პური გამოგველია ხურჯინში და არც სხვა საჩუქარი გვაქვს, რომ ღვთის კაცს მივუტანოთ; გვაქვს რამე?”

8 . ისევ მიუგო მსახურმა: "აჰა, მეოთხედი შეკელი ვერცხლი მაქვს ხელთ, მივცემ ღვთის კაცს და გვაუწყებს ჩვენს გზას”.

9 . ძველად ისრაელში, როცა კაცი ღმერთთან კითხვით მიდიოდა, ასე ამბობდა: "მოდი, წავიდეთ მხილველთან”, რადგან ახლანდელ წინასწარმეტყველს მაშინ მხილველს უწოდებდნენ.

10 . უთხრა საულმა თავის მსახურს: "კეთილი, წავიდეთ”. და წავიდნენ იმ ქალაქისკენ, სადაც ეგულებოდათ ღვთის კაცი.

11 . ქალაქის აღმართს რომ შეუყვნენ, წყლის ამოსახაპად გამოსული ყმაწვილქალები შემოხვდათ. ჰკითხეს: "არის აქ სადმე მხილველი?”

12 . მიუგეს ყმაწვილქალებმა: "აქვეა ახლოში, ოღონდ იჩქარეთ, დღეს ამოვიდა ქალაქში, რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს ხალხს მაღლობზე.

13 . და როგორც კი შეხვალთ ქალაქში, მაშინვე მოიკითხეთ იგი, სანამ მაღლობზე არ ასულა საჭმელად; მის მისვლამდე არ შეჭამს ხალხი, რადგან მან უნდა აკურთხოს მსხვერპლი და მერე შეუდგებიან ჭამას წვეულნი. აჰა, ადით მაღლობზე და იპოვით”.

14 . ავიდნენ ქალაქში; კარიბჭეში რომ შედიოდნენ, აჰა, მაღლობისკენ მიმავალი სამუელი წამოვიდა მათ შესაგებებლად.

15 . ერთი დღით ადრე გაუმხილა უფალმა სამუელს საულის მოსვლა და უთხრა:

16 . "ხვალ ამ დროს მოგივლენ კაცს ბენიამინის მიწიდან და სცხე იგი ჩემი ხალხის, ისრაელის მთავრად; ის დაიხსნის ჩემს ერს ფილისტიმელთა ხელიდან, რადგან მოვხედე ჩემს ხალხს, როცა ჩემამდე მოაღწია მისმა ღაღადმა”.

17 . დაინახა სამუელმა საული და უფალმაც დაუმოწმა: "აი, ის კაცი, რომელზეც გითხარი; ის იმეფებს ჩემს ხალხზე”.

18 . ჭიშკართან მიუახლოვდა საული სამუელს და უთხრა: "მითხარი, სად არის მხილველის სახლი?”

19 . მიუგო სამუელმა საულს და უთხრა: "მე ვარ მხილველი; წამიძეხი მაღლობზე. დღეს ჩემთან ერთად შეჭამთ, ხვალ განთიადისას კი გაგიშვებ და ყველაფერს გაგიცხადებ, რაც გულში გაქვს.

20 . ვირებზე კი, რომლებიც სამი დღეა, რაც დაკარგე, ნუ ინაღვლებ, რადგან უკვე ნაპოვნია ისინი. ვის ეკუთვნის ისრაელის მთელი საუნჯე, თუ არა შენ და მამაშენის მთელ სახლს?”

21 . მიუგო საულმა: "არა, მე ბენიამინელი ვარ, ისრაელის ყველაზე მცირერიცხოვანი ტომიდან; ჩემი საგვარეულო კი უმცირესია ბენიამინის საგვარეულოთა შორის. რისთვის მეუბნები ამას?”

22 . წაიყვანა სამუელმა საული და მისი მსახური. შეიყვანა დარბაზში და დასვა ოცდაათი წვეულის სათავეში.

23 . უთხრა სამუელმა მზარეულს: "მომეცი ის ხორცის ნაჭერი, რომელიც მოგეცი და რომელზეც გითხარი, გადაინახე-მეთქი”.

24 . აიღო მზარეულმა ბეჭი და წინ დაუდო საულს. თქვა სამუელმა: "აი, რაც მორჩა, დაიდე წინ და ჭამე, რადგან იმ დროიდან გინახავდი, რაც ხალხი მოვიპატიჟე”. და იმ დღეს სამუელთან პურობდა საული.

25 . როცა მაღლობიდან ქალაქში ჩამოვიდნენ, ერდოზე ელაპარაკა საულს სამუელი.

26 . ადრიანად ადგნენ მეორე დღეს. განთიადისას ამ სიტყვებით იხმო სამუელმა საული ერდოზე: "ადექი, გაგაცილებ”. ადგა საული და ორივენი გარეთ გავიდნენ, ის და სამუელი.

27 . ქალაქის ბოლოს რომ მიუახლოვდნენ, უთხრა სამუელმა საულს: "უბრძანე შენს მსახურს, წინ წავიდეს, შენ კი შეჩერდი, ღვთის სიტყვა უნდა გამოგიცხადო”. და წინ გაუშვეს მსახური.