1მეფეთა თავი 31

1 . დაეწივნენ ფილისტიმელნი საულს და მის ძეებს და განგმირეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქიშუაყი - საულის ძენი.

2 . სასტიკი ბრძოლა გაიმართა საულთან, ისრები დაჰკრეს მშვილდოსნებმა და მძიმედ დაიჭრა იგი.

3 . უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: "იშიშვლე მახვილი და გამიყარე, თორემ მოვლენ ეს წინადაუცვეთელნი, მომკლავენ და შეურაცხმყოფენ”, მაგრამ არ გაუგონა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო.

4 . დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, დაეგო ისიც მახვილს და მოკვდა მასთან ერთად.

5 . ერთად დაიხოცნენ საული, მისი სამი ძე, საჭურველთმტვირთველი და ყველა მისი კაცი იმ დღეს.

6 . დაინახეს ველს გაღმა და იორდანეს გაღმა მცხოვრებმა ისრაელიანებმა, რომ მოკვდნენ საული და მისი ძენი, მიატოვეს ქალაქები და გაიქცნენ; ფილისტიმელები კი მივიდნენ და ჩასახლდნენ იქ.

7 . მეორე დღეს, როცა მოკლულთა გასაძარცვად მივიდნენ ფილისტიმელნი, იპოვეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი სამი ძე.

8 . თავი მოჰკვეთეს საულს, საჭურველი ახსნეს და ფილისტიმელთა ქვეყანასა და მის შემოგარენში გააგზავნეს, რათა ხალხისთვის ეხარებინათ ეს ამბავი თავის საკერპეებში.

9 . საჭურველი ყაშთაროთის საკერპეში დადეს, ხოლო გვამი ბეთშანის გალავანზე მიაჭედეს.

10 . და გაიგეს გილყადის იაბეშის მცხოვრებლებმა, რაც გაუკეთეს ფილისტიმელებმა საულს;

11 . ადგა ყველა ვაჟკაცი, მთელი ღამე იარეს, ჩამოხსნეს საულისა და მისი ძეების გვამები ბეთ-შანის გალავნიდან, იაბეშში წაიღეს და დაწვეს.

12 . აიღეს მათი ძვლები და დაკრძალეს იაბეშის იალღუნის ქვეშ; და იმარხულეს შვიდი დღე.

13 . საულის სიკვდილის შემდეგ, დაბრუნდა ყამალეკზე გამარჯვებული დავითი და ციკლაგში დარჩა ორ დღეს.