1მეფეთა თავი 3

1 . ემსახურებოდა ყრმა სამუელი უფალს ყელისთან; უფლის სიტყვა იშვიათი იყო იმ დღეებში, ხილვები არ იყო ხშირი.

2 . ერთხელ თავის ადგილზე იწვა ყელი, დაბინდული ჰქონდა თვალები და ვეღარ ხედავდა.

3 . ღვთის ლამპარი ჯერ კიდევ არ ჩამქრალიყო და იწვა სამუელი უფლის ტაძარში, სადაც ღვთის კიდობანი იდგა.

4 . დაუძახა უფალმა სამუელს. უპასუხა: "აქა ვარ!”

5 . მიირბინა ყელისთან და უთხრა: "აჰა, აქა ვარ! რად მიხმობდი?” უპასუხა: "მე არ მომიხმიხარ, დაბრუნდი და დაწექი”. წავიდა და დაწვა.

6 . კვლავ დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა სამუელი, მივიდა ყელისთან და უთხრა: "აჰა, აქა ვარ! რად მიხმობდი?” უპასუხა: "მე არ მომიხმიხარ, შვილო, დაბრუნდი და დაწექი”.

7 . არ იცნობდა სამუელი იმ დროს უფალს და არც უფლის სიტყვა გამოსცხადებია.

8 . მესამედაც დაუძახა უფალმა სამუელს; ადგა, მივიდა ყელისთან და უთხრა: "აჰა, აქა ვარ! რად მიხმოდი?” და მიხვდა ყელი, რომ უფალი უხმობდა ყმაწვილს.

9 . უთხრა ყელიმ სამუელს: "წადი, დაწექი და თუ დაგიძახებს, უთხარი: ილაპარაკე, უფალო, გისმენს შენი მსახური”. წავიდა სამუელი და დაწვა თავის ადგილზე.

10 . მივიდა უფალი, დადგა და მოუხმო, როგორც მანამდე: "სამუელ! სამუელ!” და თქვა სამუელმა: "ილაპარაკე, უფალო, გისმენს შენი მსახური”.

11 . უთხრა უფალმა სამუელს: "აჰა, ისეთ რამეს მოვახდენ ისრაელში, რომ მის ყოველ გამგონეს, ორივე ყური გაუყრუვდეს.

12 . იმ დღეს ავუსრულებ ყელის ყველაფერს, რაც მისი სახლეულის წინააღმდეგ წარმოვთქვი, თავიდან ბოლომდე.

13 . ვინაიდან ნათქვამი მაქვს მისთვის, რომ სამუდამო მსჯავრს დავდებ მის სახლს უმართლობისთვის, რადგან იცოდა თავისი ძეების უკეთურება და არ ალაგმა.

14 . ამიტომაც დავუფიცე ყელის სახლეულს, რომ უკუნისამდე არ გამოისყიდება მისი სახლეულის ბრალი, არც მსხვერპლით და არც ძღვენით”.

15 . და იწვა სამუელი განთიადამდე; მერე კი გააღო უფლის ტაძრის კარი. ეშინოდა ყელისთვის თავისი ხილვის განდობა.

16 . მოუხმო ყელიმ სამუელს და უთხრა: "სამუელ, შვილო!” უპასუხა: "აქა ვარ!”

17 . ჰკითხა ყელიმ: "რაზე გელაპარაკა? გთხოვ, ნუ დამიმალავ, თორემ იგივეს დაგმართებს ღმერთი და უარესსაც, თუნდაც ერთი სიტყვაც რომ დამიმალო, იმ სიტყვათაგან, რასაც გელაპარაკა!”

18 . მაშინ უამბო მას სამუელმა ყოველი სიტყვა და არ დაუფარავს მისგან არაფერი. უთხრა ყელიმ: "უფალია იგი, იყოს მისი ნებისამებრ”.

19 . იზრდებოდა სამუელი და უფალი იყო მასთან; არ გაცუდებულა არც ერთი მისი სიტყვა;

20 . და გაიგო მთელმა ისრაელმა, დანიდან ბეერ-შებაყამდე, რომ სამუელი იქნა დადგენილი უფლის წინასწარმეტყველად.

21 . კვლავ ცხადდებოდა უფალი შილოში მას შემდეგ, რაც სამუელს მოევლინა თავისი სიტყვით.