1მეფეთა თავი 14

1 . უთხრა ერთ დღეს იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ ფილისტიმელთა საგუშაგოსთან, იქითა მხარეს რომ არის”. მამამისისთვის კი არაფერი უთქვამს.

2 . საული გიბყას ბოლოში იმყოფებოდა ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას; თან ექვსასამდე კაცი ახლდა.

3 . იქ იყო ახიაც, ახიტუბის ძე, იქაბოდის ძისა, ფინხასის ძისა, ყელის ძისა, შილოში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. და არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი.

4 . იმ ვიწრო გადასასვლელებში, საიდანაც იონათანს ფილისტიმელთა საყარაულოებთან გადასვლა უნდოდა, ერთ მხარეზეც ციცაბო კლდე იყო და მეორეზეც. ერთს ბოცეკს ეძახდნენ, მეორეს კი - სენეს.

5 . ერთი ციცაბო ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული მიქმაშისკენ, მეორე კი - სამხრეთიდან, გიბყას პირდაპირ.

6 . უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ მაგ წინადაუცვეთელთა საგუშაგოსთან; ეგების გვიშველოს უფალმა, რადგან არ არის უფლისთვის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი”.

7 . უთხრა საჭურველთმტვირთველმა: "გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს; აჰა, შენთან ვარ ისე, როგორც შენი გული ინებებს”.

8 . თქვა იონათანმა: "აჰა, გადავალთ მაგ ხალხთან და დავენახებით.

9 . თუ გვეტყვიან: დაიცადეთ, ვიდრე თქვენთან მოვიდოდეთო, გავჩერდეთ, სადაც ვიდგებით და ნუ ავალთ მათთან;

10 . მაგრამ თუ გვეტყვიან, ჩვენთან ამოდითო, ავიდეთ, რადგან ჩვენს ხელთ ჩაუგდია უფალს ისინი. ეს ნიშანი იქნება ჩვენთვის”.

11 . დაენახნენ ფილისტიმელთა გუშაგებს და თქვეს ფილისტიმელებმა: "აჰა, ებრაელები ძვრებიან სოროებიდან, სადაც იმალებოდნენ”.

12 . გამოელაპარაკნენ გუშაგები იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: "ამოდით ჩვენთან და რაღაცას გეტყვით”. უთხრა იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს: "მომყევი, რადგან უფალმა ხელში ჩაუგდო ისინი ისრაელს”.

13 . ფორთხვა-ფორთხვით ავიდა იონათანი ზევით და უკან საჭურველთმტვირთველი მიჰყვა. ეცემოდნენ ფილისტიმელნი იონათანის წინაშე, საჭურველთმტვირთველი კი მათ უკან მყოფებს მუსრავდა.

14 . პირველი შეტაკებისას ოცამდე კაცი გაჟლიტეს იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ნახევარ ქცევა მიწაზე.

15 . შიშმა აიტანა ბანაკი, ველი და მთელი ხალხი; დამცველი რაზმი და გუშაგებიც შეძრწუნდნენ; მიწა იძრა და ღვთის ძრწოლამ მოიცვა ყველა.

16 . ბენიამინის გიბყადან დაინახეს საულის გუშაგებმა, აჰა, იფანტება ჯარი, ერთმანეთს აწყდება და გარბის. შეატყობინეს საულსაც, რომელიც მაღლობზე იჯდა და თვითონაც ადევნებდა თვალყურს მათ დარბევას.

17 . უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს: "მოიძიეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენგან”. აღრიცხეს და აჰა, არც იონათანია და არც მისი საჭურველთმტვირთველი.

18 . უთხრა საულმა ახიას: "მოიტანე ღვთის კიდობანი!” - რადგან იმ დღეს თან ჰქონდათ ღვთის კიდობანი ისრაელიანებს.

19 . ვიდრე საული მღვდელს ელაპარაკებოდა, კიდევ უფრო იმატა არეულობამ ფილისტიმელთა ბანაკში. მაშინ უთხრა საულმა მღვდელს: "დაუშვი ხელი”.

20 . ამხედრდა საული და მასთან მყოფი მთელი ხალხი, მიიჭრნენ ბრძოლის ველზე და აჰა, ერთმანეთს დარევიან ფილისტიმელნი, კაცს თავისი მოყვასის წინააღმდეგ აღუმართავს მახვილი და არის ძალზე დიდი არეულობა.

21 . ის ებრაელები, ადრე ფილისტიმელებთან ერთად რომ იყვნენ და ყველგან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, მობრუნდნენ და საულთან და იონათანთან მყოფ ისრაელიანებს შეუერთდნენ.

22 . ასევე ეფრემის მთაში დამალულმა ყველა ისრაელიანმაც გაიგო, რომ გაიქცნენ ფილისტიმელნი და ისინიც დაედევნენ ბრძოლით.

23 . იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი; ბეთ-ავენს მისწვდა ბრძოლა.

24 . გაწამდა იმ დღეს ისრაელი, რადგან ამ სიტყვებით დააფიცა საულმა ხალხი: "წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, სანამ ბოლომდე არ ვიძიებ შურს მტრებზე!” პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის ხალხს.

25 . ტყეში შევიდა მთელი ხალხი და თაფლი იდო მიწაზე.

26 . ტყეში შესვლისას მომდინარე თაფლი დაინახეს, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცის ეშინოდა ხალხს.

27 . არ იცოდა იონათანმა, რომ ხალხი დააფიცა მამამისმა. გაიწოდა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო წვერი თაფლით სავსე ფიჭაში, პირში ჩაიდო და გაუნათდა თვალები.

28 . მიუგო ერთმა კაცმა ხალხიდან და უთხრა: "ასეთი ფიცით დააფიცა მამაშენმა ხალხი: წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური ჭამოსო დღეს; ქანცი გაუწყდა ხალხს”.

29 . თქვა იონათანმა: "გააწამა მამაჩემმა ქვეყანა; შემომხედეთ და ნახეთ, როგორ გამინათდა თვალები, ცოტაოდენი თაფლი რომ ვიგემე.

30 . რამდენად უკეთესი იქნებოდა, ხალხს მტრისთვის წართმეული ნადავლიდან რომ ეჭამა, უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მუსვრა?!”

31 . და მოსრეს იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე, და დაიქანცა ხალხი.

32 . ეკვეთა ხალხი ნადავლს, წამოასხა ცხვარ-ძროხა, ხბორები და დაკლა ისინი მიწაზე. სისხლიანი ჭამა ხალხმა.

33 . შეატყობინეს საულს, უთხრეს: "აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს”. თქვა საულმა: "ვერაგობა ჩაგიდენიათ, მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი”.

34 . თქვა საულმა: "გაიფანტენით ხალხში და უთხარით: მომიყვანოს თითოეულმა თავისი ხარი და თითოეულმა თავისი ცხვარი. აქ დაკლან და ჭამონ. ნუ სცოდავთ უფალს და ნუ ჭამთ სისხლიანად”. მიიყვანა თითოეულმა თავისი ხარი იმ ღამეს და კლავდა იქ.

35 . სამსხვერპლო აუგო საულმა უფალს; ეს იყო პირველი სამსხვერპლო, რომელიც საულმა აუგო უფალს.

36 . თქვა საულმა: "ჩავიდეთ ფილისტიმელებთან ამ ღამით, დავარბიოთ და განთიადამდე ვძარცვოთ, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩეს”. უპასუხეს: "როგორც შენს გულს ნებავს, ისე მოიქეცი”. მღვდელმა კი მიუგო: "ჯერ უფალს დავეკითხოთ”.

37 . რჩევა ითხოვა საულმა უფლისგან: "ჩავიდე ფილისტიმელებთან? ჩაუგდებ მათ ისრაელს ხელში?” არ უპასუხა იმ დღეს უფალმა.

38 . თქვა საულმა: "ახლოს მოდექით, ხალხის თავკაცებო, და გამოარკვიეთ, რა ცოდვა იქნა დღეს ჩადენილი.

39 . ცოცხალია უფალი, რომელიც იხსნის ისრაელს. ჩემი ძე, იონათანიც რომ იყოს დამნაშავე, უნდა მოკვდეს!” კაცი არ აღმოჩნდა ხალხში, რომ პასუხი გაეცა მისთვის.

40 . უთხრა საულმა მთელ ისრაელს: "თქვენ ერთ მხარეს იყავით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი, მეორე მხარეს ვიქნებით”. უთხრა ხალხმა საულს: "როგორც გენებოს, ისე მოიქეცი”.

41 . უთხრა საულმა უფალს: "ღმერთო ისრაელისა, გამოაცხადე სიმართლე!” დააკავა წილისყრამ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებულ იქნა.

42 . თქვა საულმა: "წილი ყარეთ ჩემსა და ჩემს ძეს, იონათანს შორის!” და დაკავდა იონათანი.

43 . უთხრა საულმა იონათანს: "მითხარი, რა ჩაიდინე?” უთხრა მას იონათანმა: "ჩემი კვერთხის წვერიდან, ხელში რომ მეჭირა, მცირეოდენი თაფლი ვიგემე. მზად ვარ, რომ მოვკვდე”.

44 . თქვა საულმა: "ასე და მეტიც დამმართოს ღმერთმა, თუ მართლა არ მოკვდე, იონათან!”

45 . უთხრა ხალხმა საულს: "ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი ხსნა მოუტანა ისრაელს? არ მოხდება ეს საქმე! ცოცხალია უფალი, ერთი ღერი თმაც კი არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღმერთის დახმარებით მოქმედებდა იგი დღეს”. ასე დაიხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი.

46 . აღარ დადევნებია საული ფილისტიმელებს და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ ისინი.

47 . განამტკიცა თავისი მეფობა საულმა ისრაელზე და ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს: მოაბელებს, ყამონელებს, ედომელებს, ციბას მეფეებს, ფილისტიმელებს და რომელ მხარესაც არ უნდა წასულიყო, ყველგან იმარჯვებდა.

48 . შეკრიბა ლაშქარი, შემუსრა ყამალეკი და მძარცველებისგან იხსნა ისრაელი.

49 . საულის ძენი იყვნენ - იონათანი, იშვი და მალქიშუაყი; მის ორ ასულთაგან კი პირმშოს მერაბი ერქვა, უმცროსს - მიქალი;

50 . საულის ცოლი იყო ახინოყამი, ახიმაყაცის ასული. მისი მხედართმთავარი იყო - აბნერი, ძე ნერისა, საულის ბიძისა.

51 . კიში, საულის მამა და ნერი, აბნერის მამა აბიელის ძენი იყვნენ.

52 . გააფთრებული ბრძოლები იმართებოდა ფილისტიმელებთან საულის მთელი მეფობის განმავლობაში; დაინახავდა თუ არა საული ძლიერსა და მამაც ვაჟკაცს, თავისთან მიჰყავდა იგი.