ფსალმუნები თავი 97

1 . ფსალმუნი. უგალობეთ უფალს ახალი გალობა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა.

2 . განაცხადა უფალმა ხსნა მისმიერი, ხალხთა თვალწინ გადაშალა მისი სიმართლე.

3 . გაუხსენა წყალობა და ჭეშმარიტება თვისი ისრაელის ხალხს; ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა.

4 . შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ.

5 . უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და საგალობლის ხმით.

6 . რქით და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ უფალს მეფის წინაშე.

7 . ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი.

8 . მდინარეებმა ტაში დაუკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ.

9 . უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად; განიკითხავს მსოფლიოს სიმართლით და ხალხებს სისწორით.