ფსალმუნები თავი 95

1 . უგალობეთ უფალს გალობა ახალი, უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!

2 . უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, იმახარობლეთ დღითიდღე ხსნა მისმიერი.

3 . მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები.

4 . რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის.

5 . რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა შეჰქმნა ცანი.

6 . მშვენება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა - მის ტაძარში.

7 . შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება.

8 . შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა, წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.

9 . თაყვანი ეცით უფალს მოწიწებით; ათრთოლდი მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ!

10 . უთხარით ხალხებს: უფალი მეფობს! ამიტომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა. ის განიკითხავს ხალხებს სისწორით.

11 . გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა, იხმაურებს ზღვა და სავსება მისი.

12 . გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა, მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი.

13 . უფლის წინაშე, რადგანაც მოვა, ქვეყნიერების განსასჯელად; განსჯის სამყაროს სიმართლით და ხალხებს - თვისი ჭეშმარიტებით.