ფსალმუნები თავი 93

1 . ღმერთო შურისგებისა, უფალო! ღმერთო შურისგებისა, გამოჩნდი.

2 . ამაღლდი, მსაჯულო ქვეყნიერებისა, მიუზღე საზღაური ამპარტავნებს.

3 . ვიდრემდე მოილხენენ, ბოროტნი, უფალო, ვიდრემდე მოილხენენ ბოროტნი?

4 . ვიდრემდე წარმოთქვამენ, ლაპარაკობენ, ტრაბახობენ, ყვებიან სიმრუდის მოქმედნი.

5 . შენს ხალხს, უფალო, ჩაგრავენ და შენს სამემკვიდროს ტანჯავენ.

6 . ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ღუპავენ.

7 . ამბობენ: ვერ იხილავს უფალი და ვერ გაიგებს ღმერთი იაკობისა.

8 . გონს მოდით, უგუნურნო ერისანო; უმეცარნო, როდის დაჭკვიანდებით?

9 . დამნერგავი ყურისა განა ვერ მოისმენს? თუ თვალის შემქმნელი ვერ დაინახავს?

10 . ხალხთა განმრიგე განა ვერ ამხილებს - ის, ვინც ასწავლის ადამიანს ჭკუას?

11 . უფალმა იცის ზრახვანი კაცისა, რადგან ამაოა ისინი.

12 . ნეტარია კაცი, რომელსაც დასჯი, უფალო, და შენს რჯულს ასწავლი.

13 . რათა დაასვენო ავი დღეებისგან, ვიდრე ბოროტს ორმო გაეთხრებოდეს.

14 . რადგან არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდრეოს არ მიატოვებს.

15 . რადგან სიმართლესთან დაბრუნდება სამართალი და მის შემდეგ ყველა გულმართალი.

16 . ვინ აღუდგება ჩემს გამო ბოროტებას? ვინ ამომიდგება სიმრუდის მოქმედთა წინააღმდეგ?

17 . უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემი შემწე, ლამის დასახლდა ჩემი სული მდუმარებაში.

18 . თუ ვთქვი: მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს.

19 . როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს.

20 . ნუთუ გაგიტოლდება ტახტი უკუღმართთა, უსამართლობას რომ სჩადიან შენი კანონის საწინააღმდეგოდ?

21 . გაილაშქრებენ წმიდანის სულზე და წმიდა სისხლს ბრალში გახვევენ.

22 . იყო უფალი ჩემი თავშესაფარი და ღმერთი ჩემი - ბურჯი ჩემი ციხე-სიმაგრისა.

23 . მიაგებს მათ თავიანთ უსამართლობას და თავიანთი სიავით მოსპობს მათ, მოსპობს მათ უფალი, ღმერთი ჩვენი.