ფსალმუნები თავი 85

1 . ლოცვა დავითის. მომაპყარ, უფალო, ყური, მიპასუხე, რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე.

2 . დაიფარე სული ჩემი, რადგან ღვთისმოსავი ვარ; იხსენი მორჩილი შენი, შენ, ჩემო ღმერთო, შენ რომ გესავს.

3 . შემიწყალე, უფალო, რადგან შენ მოგიხმობ ყოველდღე.

4 . ახარე სული შენი მორჩილისა, რადგან, უფალო, შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი.

5 . რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.

6 . მოისმინე, უფალო, ლოცვა ჩემი და ყურად იღე ჩემი მუდარის ხმა.

7 . ჩემი გაჭირვების დღეს მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ.

8 . არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთებს შორის, უფალო, და არც მსგავსი საქმეთა შენთა.

9 . ყოველი ხალხი, შენს მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენს წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს.

10 . რადგან დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენა ხარ ღმერთი ერთადერთი.

11 . დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.

12 . გიწამებ, უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი გულით და განვადიდებ შენს სახელს უკუნისამდე.

13 . რადგან დიდია შენი წყალობა ჩემს მიმართ, და გადაარჩინე ჩემი სული ქვესკნელის ჯოჯოხეთისგან.

14 . ღმერთო! ბოროტმოქმედნი აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ და მტარვალთა კრებულმა მოინდომა ჩემი სული, და არ წარმოგიდგინეს თავიანთ წინაშე.

15 . ხოლო შენ, უფალო, ღმერთო შემბრალევ და ლმობიერო, მრავლის მომთმენო, დიდმოწყალე და ჭეშმარიტი ხარ.

16 . პირი ჰქენ ჩემსკენ და შემიწყალე, უბოძე შენი სიმაგრე შენს მორჩილს და იხსენი ძე შენი მხევლისა.

17 . მოიმოქმედე ჩემს მიმართ სასწაული სასიკეთო, და იხილონ ჩემმა მოძულეებმა და რცხვენოდეთ, რადგან შენ, უფალო, შემეწიე და ნუგეში მეცი.