ფსალმუნები თავი 75

1 . გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე.ფსალმუნი ასაფისა. გალობა. ცნობილია იუდაში ღმერთი, ისრაელში დიდია მისი სახელი.

2 . და იყო იერუსალიმში. მისი კარავი და მისი სადგომი - სიონში.

3 . იქ დაიმსხვრა მშვილდ-ისრები, ფარი და ხმალი, და ომი. სელა.

4 . ბრწყინვალე და ძლიერი ხარ სანადირო მთებზე მეტად.

5 . გაცოფდნენ გულმაგრები, ჩათვლიმეს, დაეძინათ და ვერც ერთმა მოლაშქრემ ვეღარ ჰპოვა ხელები თვისი.

6 . შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ეტლსაც და ცხენსაც.

7 . შენ საშიში ხარ და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს?

8 . ციდან მოგვასმინე სამართალი; დედამიწა შეშინდა და მიწყნარდა;

9 . როცა აღდგა სამართლისათვის ღმერთი ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის გადასარჩენად. სელა.

10 . რაკი ადამიანის რისხვა იქცევა შენდა აღიარებად, ნაშთს რისხვისას მოთოკავ.

11 . აღუთქვით და გადაუხადეთ უფალ ღმერთს; ყველამ - მის ირგვლივ მყოფმა, საჩუქარი მიუძღვნას საშიშს.

12 . ის დაამდაბლებს მბრძანებელთა სულს, შიშის ზარს დასცემს ამქვეყნიურ მეფეებს.