ფსალმუნები თავი 70

1 . შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს.

2 . შენი სიმართლით მიხსენი და გადამარჩინე, ყური მომაპყარ და მიშველე.

3 . იყავი ჩემთვის კლდოვანი თავშესაფარი, რომ მოვდიოდე შენთან მარადჟამს; გაეცი ბრძანება ჩემს საშველად, რადგან ჩემი ბურჯი და ჩემი სიმაგრე ხარ.

4 . ღმერთო ჩემო, მიხსენი ბოროტის ხელისაგან, უკანონობის მოქმედისა და მმარცველის ხელისაგან.

5 . რადგან შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი სასო ყრმობიდანვე.

6 . შენზე ვიყავი დაყრდნობილი მუცლიდანვე, შენ გამომიყვანე დედის წელიდან; შენ გეკუთვნის ჩემი ხოტბა მუდამ.

7 . საოცრებასავით ვიყავი მრავალთათვის; და შენ ხარ ჩემი ძალოვანი თავშესაფარი.

8 . ივსება ჩემი პირი შენი ქებით და შენმიერი ბრწყინვალებით ყოველდღიურად.

9 . ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ.

10 . რადგან მოილაპარაკეს ჩემმა მტრებმა ჩემზე და ერთად მოითათბირეს ჩემი სულის წინააღმდეგ ჩასაფრებულებმა.

11 . და ამბობენ: ღმერთმა მიატოვა იგი; დაედევნეთ და შეიპყარით, რაკი არა ჰყავს მხსნელი.

12 . ღმერთო, ნუ დამშორდები; ღმერთო ჩემო, ჩემს შესაწევნად გამოეშურე.

13 . დაე, შერცხვნენ და მოისპონ ჩემი სულის მტრები; სირცხვილმა და გაწბილებამ დაბუროს ჩემთვის სიავის მაძიებლები.

14 . ხოლო მე ვესავდე და ვამრავლებდე ყოველნაირად შენს ქებას;

15 . ბაგენი ჩემი ილაპარაკებენ შენს სიმართლეზე, ყოველდღეა შველა შენმიერი, რადგან არ ვიცი მათი რიცხვი.

16 . შევალ უფალი ღმერთის ძლიერებით, გავიხსენებ შენს სიმართლეს, მხოლოდ შენსას.

17 . ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღესაც ვუბნობ შენს საოცრებაზე.

18 . ასევე მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე, ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს ძალას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს სიძლიერეს.

19 . ხოლო შენი სიმართლე, ღმერთო, ზეცამდეა, რომ ჰქმენ საქმენი დიდნი; ღმერთო, ვინ არის შენი ბადალი?

20 . შენ მაჩვენე მრავალი და მძიმე გაჭირვება; კვლავ გამაცოცხლე და დედამიწის უფსკრულიდან ამომიყვანე კვლავ.

21 . შენ გაამრავლე დიდება ჩემი და მობრუნდი ჩემს სანუგეშებლად.

22 . მეც მადლობას გადაგიხდი ებნის საკრავით, ვადიდებ შენს ჭეშმარიტებას, ღმერთო; გიგალობებ ქნარით, წმიდაო ისრაელისა.

23 . იხარებენ ჩემი ბაგენი, როს გიგალობებ შენ, და ჩემი სულიც, შენ რომ დაიხსენი.

24 . ჩემი ენაც ყოველდღე წარმოსთქვამს შენს სიმართლეს, რადგან შერცხვნენ და დამცირდნენ ჩემი ავის მაძიებელნი.