ფსალმუნები თავი 49

1 . ფსალმუნი ასაფისა. ღმერთმა ღმერთთამან, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე.

2 . სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, გამობრწყინდა უფალი.

3 . მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი.

4 . გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე:

5 . შემომიკრიბეთ ჩემი წმიდანები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე.

6 . და წარმოთქვამენ ცანი მის სიმართლეს; რადგან ღმერთია მსაჯული იგი. სელა.

7 . ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ. მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი.

8 . მსხვერპლისათვის კი არ გისაყვედურებ; შენი შესაწირავები ყოველთვის ჩემს წინაშეა.

9 . არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც შენი ფარეხებიდან ვაცებს.

10 . რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში.

11 . ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან.

12 . თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.

13 . ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ?

14 . მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.

15 . და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.

16 . ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: „რას ქადაგებ კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა?

17 . შენ ხომ გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები.

18 . როცა ქურდს დაინახავ, მასთან გაიქცევი, და გარყვნილებთან გაქვს წილი.

19 . პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა თხზავს სიყალბეს.

20 . დაჯდები და შენს ძმაზე ლაპარაკობ და დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ.

21 . ეს ჩაიდინე შენ და მე გავჩუმდი; გეგონა, რომ მეც შენსავით ვარ; გამხილებ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ.

22 . ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებლებო, თორემ მოგსრავთ და ვერვინ გიშველით.

23 . მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას“.