ფსალმუნები თავი 148

1 . ადიდეთ უფალი. ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში.

2 . ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო, ადიდეთ იგი, ყოველნო ძალნო მისნო.

3 . ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო.

4 . ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და წყლებო, რომელნიც ცათა მაღლა ხართ.

5 . ადიდონ სახელი უფლისა, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ.

6 . და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე, კანონი მისცა და არავინ გადაუხვევს.

7 . ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ვეშაპნო და ყოველნო უფსკრულნო,

8 . ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და კვამლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო,

9 . მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხევ და ყოველნო კედარნო.

10 . მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალო და ფრინველო ფრთოსანო;

11 . მეფენო ქვეყნისა და ყოველნო ერნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყნისა.

12 . ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად,

13 . ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიდეა ქვეყნად და ცაში.

14 . და მოამაღლა ღირსება თავისი ხალხისა, დიდება ყოველი მისი წმიდანისა, ძეთა ისრაელისა, მასთან დაახლოებული ხალხისა. ადიდეთ უფალი!