ფსალმუნები თავი 144

1 . ხოტბა დავითისა. აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო, მეფეო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.

2 . ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.

3 . დიდია უფალი და ქებულია ფრიად და მისი სიდიადე მიუწვდომელია.

4 . თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ.

5 . შენს დიდმშვენიერებაზე, დიდებაზე, ბრწყინვალებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ.

6 . შენთა საშიშროებათა სიძლიერეს იტყვიან, ხოლო მე შენს სიდიადეზე ვილაპარაკებ.

7 . ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ და შენს სიმართლეს უმღერებენ.

8 . გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.

9 . კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე.

10 . გადიდებს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი და შენი წმიდანები გადიდებენ შენ.

11 . შენი მეფობის დიდებას იტყვიან და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ.

12 . რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე, და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა.

13 . შენი მეფობა მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა თაობებში.

14 . უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა.

15 . ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.

16 . აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს.

17 . მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში.

18 . ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით.

19 . მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ.

20 . იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს.

21 . ხოტბას უფლისას ილაპარაკებს პირი ჩემი და აქებს ყოველი ხორციელი მის წმიდა სახელს უკუნითი უკუნისამდე.