ფსალმუნები თავი 143

1 . დავითისა. კურთხეული არს უფალი, ბურჯი ჩემი, რომელმაც ასწავლა ჩემს ხელებს ბრძოლა, ჩემს თითებს - ომი.

2 . მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ და მასზე ვარ დანდობილი, ის ჩემს ხალხს გახდის მორჩილად ჩემდა.

3 . უფალო, რა არის კაცი, რომ იცნო ის, ძე ადამისა, რომ მიიჩნიო ის?

4 . ადამიანი ჰგავს ამაოებას, მისი დღეები - ვითარცა ჩრდილი გარდასული.

5 . უფალო, მოდრიკე ცანი შენნი და გადმოდი, შეეხე მთებს, რომ აკვამლდნენ.

6 . გამოაელვე ელვანი და გაფანტე ისინი, გამოუშვი ისარნი შენნი და თავზარი დაეცი მათ.

7 . გამოიწოდე შენი ხელი მაღლიდან; მიხსენი და გადამარჩინე მრავალ წყალთაგან, უცხო ტომთა ხელიდან.

8 . რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.

9 . ღმერთო, ახალ გალობას გიგალობებ შენ, ათსიმიან ჩანგზე გიგალობებ შენ.

10 . რომელიც უბოძებს ხსნას მეფეებს, იხსნის დავითს - თავის მორჩილს ბოროტი მახვილისაგან.

11 . მიხსენი და გადამარჩინე უცხოელთა ხელიდან, რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.

12 . რომ ჩვენი ვაჟები ნერგებივით იზრდებოდნენ მათს სიჭაბუკეში; ჩვენი ასულნი, ვითარცა ოსტატურად თლილი სვეტები სასახლისა.

13 . ჩვენი ბეღლები სავსე იყოს ნაირნაირი მოსავლით. ცხვარნი ჩვენნი ათასობდნენ, ათიათასობდნენ ჩვენს საძოვრებზე.

14 . ჩვენი ხარები დატვირთულნი იყვნენ. არც ზარალი და არც დანაკლისი, არც გოდება ჩვენს ქუჩებში.

15 . ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც ასეა. ნეტარ არს ხალხი, რომელსაც ჰყავს უფალი, თავისი ღმერთი.