ფსალმუნები თავი 137

1 . დავითისა. გადიდებ მთელი ჩემი გულით, ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ.

2 . თაყვანს ვცემ შენს წმიდა ტაძარს და ვადიდებ შენს სახელს შენი წყალობისა და შენი ჭეშმარიტების გამო, რადგან განადიდე შენს ყოველ სახელზე მეტად ნათქვამი შენი.

3 . რომელ დღესაც მოგიხმე, მიპასუხე, მხნეობად მიეც ჩემს სულს სიძლიერე.

4 . განგადიდებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქვეყნიერებისა, როცა მოისმენენ ნათქვამს შენი პირისა.

5 . და უგალობებენ უფლის გზასავალს, რადგან დიდია პატივი უფლისა.

6 . რადგან მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს.

7 . თუ გავივლი ჭირსა შიგან, შენ მაცოცხლებ; ჩემი მტრების ჯიბრზე გამომიწოდებ შენს ხელს და დამიხსნის მარჯვენა შენი.

8 . უფალი აღასრულებს ჩემს მაგიერ; უფალო, შენი წყალობა მარადიულია; არ მიატოვო ხელთა შენთა ნამოქმედარი.