ფსალმუნები თავი 135

1 . ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

2 . ადიდეთ ღმერთი ღმერთებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

3 . ადიდეთ უფალი უფალთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

4 . მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

5 . ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

6 . დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

7 . შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

8 . მზისა - სამართავად დღისით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

9 . მთვარის და ვარსკვლავებისა - ღამით სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

10 . რომელმაც განგმირა ეგვიპტე - პირმშოებითურთ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

11 . და გამოიყვანა ისრაელი მათი შუაგულიდან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

12 . ხელით ძლიერით და მკლავით შემართულით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

13 . რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ნაჭერ-ნაჭერ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

14 . და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

15 . და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

16 . რომელმაც წაიყვანა ხალხი თვისი უდაბნოში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

17 . რომელმაც განგმირა მეფენი დიდნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

18 . და დახოცა მეფენი ძლიერნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

19 . სიხონი, მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი;

20 . ოგი, მეფე ბაშანისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

21 . და მისცა მათი ქვეყნები სამკვიდრებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

22 . სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მორჩილს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

23 . რომელმაც ჩვენი დამცირების ჟამს გაგვიხსენა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

24 . და გვიხსნა ჩვენი მტრებისაგან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

25 . რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

26 . ადიდეთ ცათა ღმერთი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.