ფსალმუნები თავი 13

1 . ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი“. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინ არის კეთილის მქნელი.

2 . უფალმა ზეციდან გადმოხედა ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს.

3 . ყველამ უარყო, ერთაანად საძულველნი გახდნენ; არ არის მქნელი კეთილისა, ერთიც არ არის.

4 . ნუთუ ვერ შეუგნიათ უკანონოების ჩამდენთ, ჩემი ხალხის მჭამელთ, პურს რომ სჭამენ და ღმერთს არ უხმობენ?

5 . იქ შეკრთნენ შიშით, რადგან ღმერთი მართალთა თაობაშია.

6 . თქვენ დასცინეთ რჩევას საწყლისას, რაკი ღმერთია მისი მფარველი.

7 . ვინ მისცემს სიონიდან ისრაელს ხსნას? ოდეს შემოაქცევს ღმერთი თავის ხალხის ტყვეობას, მოილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი.