ფსალმუნები თავი 105

1 . ადიდეთ უფალი. ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან მარადიულია წყალობა მისი.

2 . ვის ძალუძს გამოთქვას უფლის სიძლიერე, სასმენელ-ქმნას მისი ქება-დიდება?

3 . ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს.

4 . გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შეწევნით.

5 . რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ხალხის სიხარულით, დავიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად.

6 . შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ.

7 . ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და გაგიურჩდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე.

8 . მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი.

9 . და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში.

10 . და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან.

11 . წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა.

12 . და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება.

13 . აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას.

14 . და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას.

15 . და შეუსრულა თხოვნა მათი და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს.

16 . და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის აარონის მიმართ.

17 . გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა.

18 . და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს.

19 . გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს კერპებს.

20 . და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში.

21 . დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა მოქმედი ეგვიპტეში.

22 . საოცრებანი ხამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე.

23 . დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი.

24 . მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს ნათქვამი მისი.

25 . დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.

26 . მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში;

27 . და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი ქვეყნებში.

28 . დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდართა შესაწირავი.

29 . განარისხეს თავიანთი მოქმედებით და თავს დაატყდათ მომსრველი სენი.

30 . წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსრველი სენი.

31 . ჩაეთვალა მას მოწყალებად თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.

32 . გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო.

33 . რადგანაც სული გაუმწარეს და გამოთქვა თავისი ბაგეებით.

34 . არ მოსპეს ხალხები, უფალმა რომ უთხრა მათ.

35 . აირივნენ ხალხებში და შეისწავლეს მათი საქმეები.

36 . ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადიქცნენ მათთვის.

37 . შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი ეშმაკებს.

38 . დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.

39 . შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.

40 . მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.

41 . და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მოძულენი მათი.

42 . ავიწროებდნენ მათ მტრები და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით.

43 . მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვებით და მდაბლდებოდნენ ბრალით.

44 . იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი.

45 . გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.

46 . აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის წინაშე.

47 . გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე ხალხთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, ვიამაყოთ შენი ქება-დიდებით.

48 . კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: ამინ! ადიდეთ უფალი!